ესპანეთში ბოლო ოთხ წელიწადში არჩევნები უკვე მეოთხედ გაიმართება. ქვეყნის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლი პედრო სანჩესის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები 10 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სანჩესის განცხადებით, მან ვერ შეძლო პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება, რათა მთავრობა ჩამოეყალიბებინა.
ბოლო არჩევნებში ესპანეთში აპრილში გაიმართა, მაშინ არჩევნებში სანჩესის სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ხმები არ ჰყოფნიდათ. მთავრობის ფორმირების საკითხზე მემარცხენე პარტია Podemos-თან მოლაპარაკებები ივლისში ჩაიშალა. მოლაპარაკებების ჩაშლის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ Podemos-ის ლიდერ პაბლო იგლესიასი მთავრობაში ადგილების გადანაწილებას საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე ითხოვდა, სადაც სოციალისტებს 123 დეპუტატი, Podemos-ს კი 42 დეპუტატი ჰყავს.
23 ივლისს, კენჭისყრის პირველ რაუნდში პრემიერის პოსტზე ასარჩევად სანჩესს დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობის, 350-დეპუტატიდან სულ მცირე 176-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა მის კანდიდატურას მხარი 124-მა დეპუტატმა დაუჭირა, 170 წინააღმდეგი წავიდა, 52-მა თავი შეიკავა, კიდევ 4 დეპუტატი სხდომას სხვადასხვა მიზეზის გამო არ ესწრებოდა. ამის შემდეგ დღეს გამართულ კენჭისყრაზე სანჩესისთვის დეპუტატთა უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერაც კი იქნებოდა საკმარისი, თუმცა მის კანდიდატურას 124 მომხრე და 155 წინააღმდეგი ჰყავდა, კიდევ 67-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.
როგორც პირველ ტურში, სანჩესს კვლავ მხარი არ დაუჭირა მემარცხენე პარტია Podemos-მა, რომელიც სოციალისტების მთავარ პოტენციურ მოკავშირედ ითვლება და მათთან ერთად კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება სურს. კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე Podemos-ის ლიდერმა პაბლო იგლესიასმა განაცხადა, რომ მისი პარტია მთავრობაში „დეკორატიული როლის“ შესრულებით არ დაკმაყოფილდება. Podemos-თან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მას პრემიერობა სურს, „თუმცა არა ნებისმიერ ფასად“.
ახლა საპარლამენტო პარტიებს მოლაპარაკებების საწარმოებლად ორი თვე ჰქონდათ, თუმცა ვერ შეთანხმდნენ. მეფე ფილიპე IV-მ პარტიების ლიდერებთან ორი დღის განმავლობაში მართავდა კონსულტაციებს, თუმცა კონსენსუსი ვერ შედგა, შედეგად კი ნოემბერში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.