რუსთავის № მე-16 დაწესებულების პატიმრები ციხის დირექტორის გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი მტკიცებით, ლევან აბურჯანიამ მათ განუცხადა, რომ ახალაია მონაგონი იქნებოდა და იგი პატიმრებს დენით წამების მეთოდებით ემუქრებოდა.
თავად აბურჯანია ამას ცილისწამებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ რუსთავის № მე-16 დაწესებულებაში ე.წ. მაყურებლები ქურდული მმართველობის დამყარებას ცდილობენ. უფრო მეტიც, იგი ირწმუნება, რომ საერთოდ არ უსაუბრია პატიმრებთან და, მით უმეტეს, მუქარის ტონით.
სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ლევან აბურჯანიას სამსახურიდან გათავისუფლებას არ აპირებს. მისი თქმით, დაწესებულებაში მოთავსებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები სიტუაციის დაძაბვით იმუქრებიან, თუკი მათ თავისუფლება არ ექნებათ. ამიტომაც ციხის დირექტორის წასვლა მოითხოვეს, თუმცა მათ პირველ წინადადებას იგი არ დათანხმდა. სუბარის თქმით, ასეთი მოთხოვნა გათვალისწინებული არ იქნება, მაგრამ, თუ რომელიმე თანამშრომელი კანონს ან ვინმეს უფლებებს დაარღვევს, პირველი, ვინც მის მიმართ მკაცრ ღონისძიებებს გაატარებს, იგი თავადვე იქნება.
„არ უნდა ავყვეთ იმ თამაშს, რომელიც კრიმინალურმა სამყარომ შეიძლება შემოგვთავაზოს. არ დავუშვებთ, რომ ციხეებს ე.წ. ავტორიტეტები და კრიმინალები მართავდნენ და ვინმემ ადმინისტრაციის ჩანაცვლება სცადოს. რუსთავის მე-16 დაწესებულებაში ეს იყო გამოწვეული ე.წ. ავტორიტეტების მიერ, რომელთაც ძველი ხელისუფლება ვითომ ებრძოდა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა და აქვე დაამატა, რომ იგი, როგორც მინისტრი, არ შეხვდება მას, ვინც მაინცდამაინც თვალს ამოიკერავს ან ლურსმნით დაიჭედებს თავს. უფრო მეტიც, იგი ვერ წაახალისებს მსგავს ქმედებებს. ამასთან, სუბარმა ზუსტად იცის, თუ რას მოჰყვა არეულობა, თუმცა ამ ეტაპზე ყველაფერს ვერ გაახმაურებს.
ციხის არეულობასთან დაკავშირებით For.ge უფლებადამცველებს ესაუბრა.
ჟურნალისტი და უფლებადამცველი ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ ციხის უფროსი ხისტი ხასიათით ნამდვილად გამოირჩევა. ეს მისი სტილია. 2006-2007 წლებში იგი იყო ლოტკინის პოლიციის უფროსი, პირადად ჰყავს დაჭერილი ბევრი პატიმარი, რომელიც პირველ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. ამდენად, მან ვერ განსაზღვრა, როდესაც სამუშაოდ მიდიხარ სასჯელაღსრულებით სისტემაში, პოლიციური სტილი არ უნდა გადმოგყვეს.
ამდენად, უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ ძალიან კორექტულები უნდა ვიყოთ კადრებთან მიმართებით და კარგად უნდა გამოვიძიოთ მათი წარსული, რაც მით უფრო აუცილებელია, რომ პატიმრებს ნერვული სისტემა დაზიანებული აქვთ.
„ცხადია, პატიმრები ამდენი წლის განმავლობაში წნეხის ქვეშ იყვნენ და მძიმე მდგომარეობა გადაიტანეს. ამდენად, როდესაც ხედავენ ადამიანს, რომელიც მათ ჩადებულ იარაღს ან ჩადებულ წამალს ახსენებს, რაშიც ყველაზე მეტ ბრალს სდებენ დღევანდელი ციხის უფროსს, ცხადია, დაიწყება ასეთი პროცესები“.
ლალი მოროშკინას ინფორმაციით, ეს პროცესი გადამდებია და, სავარაუდოდ, ტუბზონაში, ბათუმის ციხეში და სასჯელაღსრულებით სხვა დაწესებულებებში არეულობა დაიწყება. ამიტომ ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ძალზე ფრთხილად უნდა მოეპყროს სამინისტრო კადრების დანიშვნას, რადგან თითოეული პატიმარი ჩვენი თანამოქალაქეა.
უფრო მეტიც, ჟურნალისტის აზრით, მათთან კორექტულად უნდა იქცეოდეს ნებისმიერი თანამდებობის პირი, მით უმეტეს, - ციხის დირექტორი. მანვე გაიხსენა ის ფაქტი, რომ მონიტორინგის პერიოდში იგი ყველა ციხეში ნახულობდა პატიმრებს და ეს ერთადერთი დაწესებულება იყო, საიდანაც პრობლემა საერთოდ არ გამოდიოდა, რადგან პატიმრებს პრობლემა არ ჰქონიათ. ამდენად, სულ რაღაც ერთ დღეში სიტუაციის დაძაბვას ლალი მოროშკინა პირადად ციხის დირექტორისგან წამოსულ მუქარას უკავშირებს.
მანვე აღნიშნა, რომ დღესაც ძალიან მძიმე ვითარებაში დატოვა პატიმრების მშობლები, რომლებიც აბსოლუტურ გაურკვევლობაში არიან, რადგან ზუსტად ამ შეხლა-შემოხლის გამო კარცერშია მოთავსებული ორი პატიმარი. რამდენიმე მათგანი შიმშილობდა და ვითარება ფეთქებადსაშიში იყო.
მართალია, აქამდე ლალი მოროშკინა აცხადებდა, რომ ციხეში არეულ სიტუაციებთან დაკავშირებით იგი მართვადი კადრების სიმპტომატიკას ხედავდა, მაგრამ ამ კონკრეტულ ვითარებასთან მიმართებით იგი ამას ვერ იტყვის, რადგან პატიმრებს შორის დიდი ნაწილი საკმაოდ ინტელექტუალურია, რომლებიც ამ სისტემაში შემთხვევით მოხვდნენ.
„ისინი წინა ხელისუფლების მსხვერპლნი არიან და ასე ხელაღებით საუბარი, რომ თითქოს ისინი კრიმინალები არიან, არ შეიძლება. სოზარ სუბარსაც შევხვდი და ისიც ფიქრობს, რომ გარკვეულ შემთხვევაში, კადრები შეიძლება, გადაიხედოს. მისი პოზიციაც მესმის, ძალიან რთულია, კადრის ცვლილების პრეცენდენტი დაუშვა, რადგან შეიძლება, ამას მოჰყვეს სხვა დანარჩენი, მაგრამ ხისტი კადრის შეყვანა თავიდანვე შეცდომა იყო და თავიდანვე ამ ადამიანის ბიოგრაფია უნდა დადგენილიყო. ადამიანის ბიოგრაფიაში არის დაპატიმრების დროს გარდაცვლილი ადამიანის დაფიქსირება, ამის შესახებ მშობლებიც ადასტურებენ და გვარებიც მიმითითეს. ერთი ადამიანი კი მერვე რესპუბლიკურ საავადმყოფოში პრაქტიკულად სიკვდილის პირას არის მიყვანილი“, - აცხადებს ლალი მოროშკინა.
ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი იხსენებს, რომ მას ცოტა ხნის წინ თავად პატიმრებმა დაურეკეს რუსთავის მე-16 დაწესებულებიდან. საეჭვო ის იყო, რომ ყველა მათგანი, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე ტექსტს ამბობდა.
„მათ გულწრფელობაში არ შემაქვს ეჭვი, მაგრამ ცოტათი მაინც დავეჭვდი, ხომ შეიძლებოდა, ეს ხელოვნურად გავრცელებული ხმები ყოფილიყო, თითქოს რამდენიმე დღის წინ დანიშნული ციხის დირექტორი ამბობდა, რომ მე იგივე ბაჩო ახალია ვარ და რასაც ის აკეთებდა, ზუსტად ის უნდა გავაკეთოო. „ცოცხებს გარდა, ყველაფერი გამომიყენებია, ელექტროშოკით მიწამებია ხალხი“, - ეს ისეთი ტექსტებია, რომელსაც ნორმალური ადამიანი არ იტყვის, ასე რომც ფიქრობდეს. თანაც, პატიმრები ერთსა და იმავე ტექსტს ამბობდნენ. ამიტომ დავეჭვდი და პირდაპირ სათითაოდ ვეკითხებოდი, ეს ტექსტი შენ უშუალოდ მოისმინე? - არაო, მიპასუხეს. ამიტომ მეც ჩავთვალე, რომ ეს შეგნებულად გავრცელებული ხმები იყო“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბარში.
მანვე აღნიშნული ინფორმაცია სუბართან გადაამოწმა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ გარკვეულმა ჯგუფმა მართლაც მოინდომა ციხის მართვა არა ადმინისტრაციის, არამედ ავტორიტეტების საშულებით, რაც დაუშვებელი იყო და ამიტომაც ხუთი კაცი კარცერში ჩასვეს. სწორედ ამან გამოიწვია დაძაბულობისა და არეულობის პროვოცირება ციხეში.
„პატიმრები, რომლებიც, სიმბოლურად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად უჰაეროდ, უჟანგბადოდ იყვნენ, ახლა ზედმეტ ჟანგბადს დაეწაფნენ, არაადამიანური, სასტიკი რეჟიმიდან ურეჟიმობაში, ქაოსის ტიპის მდგომარეობაში გადავიდნენ, როცა არავინ მართავდა ციხეს. გარკვეული რეჟიმი ციხეში უნდა იყოს, ციხე არ არის არც საბავშვო ბაღი და არც კურორტი, არც თავისუფალი სივრცე, სადაც არ იქნება შეზღუდვები. ამდენად, იქ, რა თქმა უნდა, გონივრული შეზღუდვები უნდა არსებობდეს“, - აღნიშნა ადვოკატმა.
ამასთან, გელა ნიკოლაიშვილი ჰუმანური და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული დასჯის წესების არსებობაზეც ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, ასეთია კარცერი, პაემნის აკრძალვა, სხვა ციხეში გადაყვანა, სატელეფონო საუბრის აკრძალვა, რაღაცის შეწყვეტა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, - პატიმრებზე ფიზიკური ზემოქმედება.
მანვე დაგვიდასტურა, რომ ციხეში არეულობის მოწყობის მცდელობა, რა თქმა უნდა, ყოფილი ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა წყალს და არც მათი მხრიდან დაკვეთა გამორიცხა. მით უმეტეს მაშინ, როცა სააკაშვილის ყოფილ მთავრობას სპეციალური გეგმა აქვს ჩამოყალიბებული და არც მალავენ, რომ სულ ექვსიოდე თვით იქნებიან ოპოზიციაში, შემდეგ კი ისევ შემობრუნდებიან, რადგან ახალი ხელისუფალნი ვერ მართავენ სიტუაციას.
„ქაოსი აუცილებლად იქნება. ბუნებრივია, მათი ასეთი მცდელობა ძირშივე უნდა იყოს აღკვეთილი კანონიერი მეთოდებით და არა გადაცთომით“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.