ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფხენიანში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სამხრეთკორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც Reuters-ი წერს, ფხენიანში მიწვევის შესახებ კიმ ჩენ ინის მიერ ტრამპისთვის აგვისტოში გაგზავნილ წერილში წერია.
ტრამპისთვის მიწერილ მეორე წერილში, კიმ ჩენ ინს ორ ქვეყანას შორის დენუკლეარიზაციის შესახებ მოლაპარაკებების განახლება სურს.
აგვისტოსა და სექტემბერში კიმ ჩენ ინმა რამდენჯერმე გამოსცადა სარაკეტო კომპლექსები.
2019 წლის 30 ივნისს დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ. თუმცა, ტრამპმა სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა. შეხვედრის ინიაციატორი თეთრი სახლი იყო. ეს ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მესამე შეხვედრა იყო.
ოფიციალური ფხენიანი მაშინ აცხადებდა, რომ ვაშინგტონი მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და ბირთვულ განიარაღებაზე ჩრდილოეთ კორეისგან პირობების ცალმხრივად შესრულებას მოითხოვს.
ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხში მიმდინარე წლის თებერვალში შევიდა. ჰანოიში გამართული შეხვედრა 27 თებერვალს ვადაზე ადრე დასრულდა. მხარეებმა მაშინ განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების მოხსნის თაობასა და ბირთვულ განიარაღებაზე აზრთა რადიკალური სხვადასხვაობაა.