გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ირანის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა არ გაიმართება. ამის შესახებ ირანულ მედიაზე დაყრდნობით Reuters-ი იტყობინება.
კერძოდ, გამოცემა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის აბას მუსავის კომენტარს ავრცელებს, რომელმაც ნიუ-იორკში პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობა გამორიცხა.
„ასეთი ღონისძიება ჩვენს დღის წესრიგში არ არის. ეს შეხვედრა არ გაიმართება“, - განაცხადა მან.
ინფორმაცია დონალდ ტრამპის და ჰასან როუჰანის შესაძლო შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაავრცელა. პრეზიდენტები გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრებიან, რომელიც ნიუ-იორკში 24-30 სექტემბერს გაიმართება.
ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვაშინგტონი ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და თეირანს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ.
14 სექტემბერს საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე აფეთებების შემდეგ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა. ვაშინგტონმა თავდასხმაში თეირანი დაადანაშაულა, ირანმა კი ომისთვის მზადყოფნა გამოთქვა.