“შენობებში შეჭრის უკან საბოტაჟით დაინტერესებული ძალები დგანან“

“შენობებში შეჭრის უკან საბოტაჟით დაინტერესებული ძალები დგანან“

საზოგადოებრივი მოძრაობა “სოლიდარობას“ წარმომადგენელი დავით ცირუმუა, for.ge-სთან საუბრისას გამოთქვამს საფუძვლიან ეჭვს იმის თაობაზე, რომ სხვადასხვა შენობებში დევნილებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების შეჭრა იმ ძალის მიერაა ორგანიზებული, ვისთვისაც არეულობა და ქაოსი ხელსაყრელია.

ამ საკითხთან დაკავშირებით “სოლიდარობა“ for.ge-ს პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. “სოლიდარობას“ წარმომადგენელი დავით ცირამუა ამბობს, რომ შეჭრის ფაქტები გამართლებული დაახლოებით ერთი წლის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს, თუ ახალი ხელისუფლება დევნილებისადმი და სოციალურად დაუცველებისადმი გულგრილობას გამოიჩენს.

დავით ცირამუა: დევნილები და სოციალურად დაუცველები ღია კარს ამტვრევენ, ასე არ შეიძლება, ხელისუფლება ერთი დღის შეცვლილია.

ხელისუფლება ერთი წლის შეცვლილი, რომ იყოს, შენობებში შეჭრის ფაქტი თქვენთვის მისაღები იქნებოდა?

- დიახ, შენობებში შეჭრაც მისაღები იქნებოდა და შიმშილობის დაწყებაც, მაგრამ ამას მაშინ, რომ აკეთებ, როცა ხალხი კაბინეტებში შესულიც კი არ არის და მინისტრები თანამშრომლებს არ იცნობენ, ამას რაღაც სხვა საფუძველი აქვს.

რას გულისხმობთ?

- ვვარაუდობ, რომ ვიღაც გვერდიდან შეიძლება მოქმედებდეს, რომელიც მათ აქეზებს. აბა სხვანაირად როგორ გავიგოთ?! აქამდე სახელმწიფოს, როგორც დევნილების, ისე სოციალურად დაუცველებთან მიმართებაში არასწორი მიდგომა ჰქონდა. ამან მათი უფლებების დეფორმაცია მოახდინა, რაც დღეს ზემოთ ზამბარასავით ამოვიდა - ამ ადამიანებმა თავიანთი უფლებებისთვის უნდა იბრძოლონ, ადამიანი თავის თავისკენ უნდა შემობრუნდეს, ესაა მთავარი მომენტი. ეს თქვა ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ვერავინ გაიგო, მათ შორის, ვერც ჟურნალისტებმა, ვერც პოლიტოლოგებმა და ვერც პოლიტიკოსებმა.

იმ კაცმა თქვა მთავარი - ხელისუფლებაში უმთავრესი მიზნით მოვდივარ, რათა ხელი შევუწყო სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკული მასის ჩამოყალიბებას, რაც არის სამართლებრივი ქვეყნის და შეუქცევადობის ბაზა. ეს ურთულესი პროცესია, ამას ოცი წელი დასჭირდება, მაგრამ წელიწადნახევარში, ორ წელიწადში შევეცდები მოვახერხო ის, რომ ის მასა შევქმნა და ბაზად დავდოო.

თქვენი ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა შენობებში შევიდნენ, ნამდვილად დევნილები არიან, თუ არა?

- ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მე არ ვარ იმ ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც ეს საკითხი უნდა გამოიძიოს. ტელეგადაცემებიდან შევიტყვე, რომ ეს ადამიანები დევნილები არიან. თუ ისინი ნამდვილად დევნილები არიან, მე მათ მივმართავ - თავი დავანებოთ ღია კარის მტვრევას! 

თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცნენ - სატელევიზიო ინტერვიუებში აცხადებენ, რომ თავშესაფარი არ აქვთ?!

- სახელმწიფო და ხელისუფლება მოწოდებულია, რომ ამ ადამიანთა საყოფაცხოვრებო პრობლემები უნდა მოგვარდეს. სხვა გზა არ არსებობს - ადამიანს სჭირდება ჭერი, სახლი და ვალდებული ხარ დააკმაყოფილო. აქამდე საამისო თანხა და ფინანსები მობილიზებული იყო, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, მაგრამ არარაციონალიზმმა, ამ საკითხისადმი არასწორმა მიდგომამ დატოვა ის დეფორმაციები, რაც დღეს სახეზეა. 

უსახლკაროდ, ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანები აბსოლუტურად მართლები არიან, მაგრამ უდროოდ აკეთებენ ამას. ვფიქრობ რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე დევნილი დღეს შენობაში ერთადერთი მიზეზის გამო არ შეიჭრება - მან იცის რომ ხელისუფლება ახალი მოსულია, შინაგან საქმეებში ჯერ გარკვეული არ არის, ამას დრო სჭირდება და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან გულგრილობას თუ დაინახავს, მაშინ შევარდეს, დაიწყოს აქციები.

თქვენ დევნილი ხართ?

- დიახ, სოხუმელი ვარ. ჩვენი ქვეყანა შემობრუნდა, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა“ თეთრზე შავის თქმას და ჩვენთვის თვალში ნაცრის შეყრას აგრძელებს - ამბობენ კურსი არ შეცვლილაო. რეალურად კურსიც შეცვლილია და ფუნდამენტიც, ქვეყანა 180 გრადუსით შემობრუნდა. ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ.

თქვენი აზრით, ვინ შეიძლება იდგეს შენობებში შეჭრის უკან, თუ ეს პროცესი სპონტანური არ არის?

- პირდაპირ ვერავისკენ მივუთითებ, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს - შენობებში შეჭრის უკან რაღაც ძალები მოქმედებენ. დევნილებმა შიმშილობა ხომ გამოაცხადეს?! ისინი ორ დღეზე მეტხანს ვერ იშიმშილებენ, რადგან ფსიქოლოგიურად მზად არ არიან.

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარილს შაქარი დააწერა, ევროპული ინტეგრაციისა და ნატოსკენ სავალის გზის დისკრედიტაცია მოახდინა და ივანიშვილი ნამდვილად დაადგა დასავლეთთან ინტეგრაციისა და ნატო-სკენ მიმავალ გზას.

რომ გადაუხვიოს?

- ვერ გადაუხვევს, ერთადერთი და ძალიან მარტივი მიზეზის გამო - სიკეთეზე, რომ არ იდგეს, ვერ გაიგებდა იმას, რაც თქვა. ივანიშვილი სიკეთეზე დგას და ამიტომ გაიგო. სააკაშვილმა მამარდაშვილი, პლატონი და სოკრატე 100 წელი, რომ იკითხოს, ამას ვერ გაიგებს და რატომ იცით?! პლატონს აქვს ნათქვამი - შემეცნების უნარი შეიძლება შემეცნებულ იქნას მხოლოდამხოლოდ სიკეთის წყალობით. თუ სიკეთეზე არ დგახარ, ვერ გაიგებ. სააკაშვილი სიკეთეზე არ იდგა, მას არ ჰქონდა რეფლექსიის, საკუთარი თავისთვის გვერდიდან შეხედვის უნარი და აი, ეს მივიღეთ შედეგად.

ახლა ეს გზა დიამეტრალურად შეცვლილია, მაგრამ ვიმეორებ, მინისტრები ჯერ კაბინეტებშიც არ არიან შესულები, თანამშრომლებს არ იცნობენ და ამგვარ ვითარებაში ხდება შენობებში შეჭრა. თუ მაგარი იყავი, მაშინ გაგებედა ეს, როდესაც ყოფილი ხელისუფლება რეპრესიებს ახორციელებდა. ამიტომ მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს პროცესი მართულია და არა სპონტანური.

“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ?..

- “ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს პირდაპირ ვერ დავადებ, მაგრამ აშკარაა, რომ შენობებში შეჭრის უკან საბოტაჟით დაინტერესებული ძალები დგანან.