ლევან ჩიტაძე: „სააკაშვილი დღეს მილიარდერია“

ლევან ჩიტაძე: „სააკაშვილი დღეს მილიარდერია“

„მე ვიცი და მჯერა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ დაუშვებს ელიტური კორუფციის სათავეში მდგომი ბიზნეს კარტელის წარმომადგენლების იმ გემში გადასხდომას, რომელმაც ქვეყანა სამართლიანობის გზაზე უნდა დააყენოს“, - ამბობს მოძრაობა „არა“-ს ლიდერი, ლევან ჩიტაძე, რომელმაც დღეს for-ge-ს პრეს-კლუბში სააკაშვილთან დაახლოებული პირების მიერ ბიზნესმენებისთვის წილების წართმევასა და სხვადასხვა უკანონო გარიგებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში ძმებ შარანგიებზე ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა და სულ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „მაესტროც“ იუწყებოდა, რომ ისინი ტაქსოპარკს ფლობენ. ლევან ჩიტაძე აცხადებს, რომ არჩევნებამდე ძალიან ბევრი რამ ძმებ შარანგიების საქმიანობასთან დაკავშირებით ბურუსით იყო მოცული, არჩევნების შემდეგ კი ზღვა ინფორმაცია წამოვიდა, რამაც მათი ქმედებების შესახებ ბევრ რამეს ახადა ფარდა და სულ სხვა სურათი გამოიკვეთა, ვიდრე აქამდე იყო. ლევან ჩიტაძის თქმით, მან შარანგიების საქმიანობასთან დაკავშირებით მიიღო ბევრი ინფორმაცია, რომლის გამოქვეყნებაც არ ჰქონდა დაგეგმილი და აპირებდა, ეს ინფორმაცია პირდაპირ სამართალდამცავი უწყებებისთვის გადაეცა, მაგრამ მისთვის ცნობილი გახდა, რომ შარანგიები ამჟამად არაბეთში იმყოფებიან, ჩამოუარეს თავიანთ ოფშორულ კომპანიებს და იმ თანხების გადამალვას ცდილობენ, რაც წლების განმავლობაში უკანონო საქმიანობით აქვთ მოპოვებული.

„ჩემთვის ბიზნეს კარტელის შვიდი წევრი არის ცნობილი, რომელთაგან დღეს ხუთს დავასახელებ, რომლებიც პირადად სააკაშვილის დაქვემდებარებაში არიან და წლების განმავლობაში საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით ექსკლუზიურ უფლებებს ფლობდნენ. ამაში იგულისხმება ის, რომ თუკი ვინმეს სახელმწიფომ რაიმე ბიზნეს-წილი წაართვა, სხვაზე გადააფორმებინა, ან თუკი ვინმეს წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რის შემდეგაც ამ ადამიანს ქონება წაართვეს, რეალურად აბსოლუტურად ყველა საქმე ამ დაჯგუფებაზე გადის. ამ დაჯგუფების სათავეში დგას რეზო შარანგია, იგივე „დოდიკა“, რომელიც ოფიციალურად არსად ჩანს, არც საჯარო რეესტრში, არც რომელიმე ფირმაში, იგი მხოლოდ ოფშორულ კომპანიებში ჩანს, რომლებიც სწორედ იმისთვის იქმნება, რომ მათი რეალური მფლობელი არ გამოჩნდეს“, - აღნიშნავს ლევან ჩიტაძე.

მისი თქმით, რეზო შარანგიას დაქვემდებარებაში მყოფ დაჯგუფებაში არიან ხვიჩა მაქაცარია, ბუთა ელიავა, გია ყარამანიშვილი და ლევან ყარამანიშვილი. ყარამანიშვილები სააკაშვილის უახლოესი მეგობრები არიან, მათ ერთმანეთი უკრაინაში სწავლის პერიოდში გაიცნეს და სწორედ ყარამანიშვილების მიერ მოხდა შარანგიების სააკაშვილთან დაკავშირება. ჩიტაძის თქმით, ეს კავშირები ვარდების რევოლუციამდე შეიკრა და საბოლოოდ ამგვარ დაჯგუფებად ჩამოყალიბდა.

„ამ შვიდკაციანი დაჯგუფებიდან ორი ადამიანი, რომელსაც დღეს არ ვასახელებ, საქართველოში არ მოღვაწეობს. ისინი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მოღვაწეობენ და როგორც ირკვევა, ის კომპანიები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილი იყო, როგორც რუსული კომპანიები, სინამდვილეში ამ კლანის მმართველობის ქვეშ არიან. იგივე „ბილაინი“, რომლის უდიდეს წილსაც სწორედ ეს ადამიანები ფლობენ, ასევე „სოკარი“, რომლის 45%-იანი წილი სწორედ ამ ხალხს ეკუთვნის. ამასთანავე, ტელეკომპანიები „რუსთავი2“ და „მზე“ ასევე ამ დაჯგუფების ხელშია. მერაბიშვილი რომ გამოდიოდა და ყარამანაშვილზე საუბრობდა, გვარიც კი ვერ წარმოთქვა სწორად, არადა ისინი დიდი ხნის მეგობრები არიან და ეს შეცდომაც სპეციალურად დაუშვეს, თითქოს მათ არ იციან, ვინ არიან ყარამანიშვილები“, - ამბობს ლევან ჩიტაძე.

იგი ასახელებს რამდენიმე მსხვილ კომპანიას, რომელშიც ეს დაჯგუფება ფლობს წილებს და აკონტროლებს მათ. ესენია „სოკარი“, „კავკასუს ონლაინი“, „ბილაინი“, „ახალი ქსელები“, „თბილისის მიკროავტობუსი“, „თბილისის ტაქსოპარკი“ და ტელეკომპანიები „რუსთავი2“ და „მზე“. ამასთანავე, ჩიტაძე ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია კიდევ ბევრ კომპანიასთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე საუბარს მოგვიანებით აპირებს. მოძრაობა „არა“-ს ლიდერი მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, არ დაუშვას რომ ამ ბიზნეს კარტელის წევრები აღმოჩნდნენ იმ გემში, რომელმაც ქვეყანა სამართლიანობის გზაზე უნდა დააყენოს. აქვე იგი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით შარანგიები და მათთან დაკავშირებული პირები ცდილობენ, საერთო ენა გამონახონ ახალ ხელისუფლებასთან და სანამ რაიმე საკანონმდებლო ცვლილებები იქნება გატარებული, ეს ადამიანები თავიანთ წილებს გადააფორმებენ ისეთ პიროვნებებზე, რომელთა ვინაობა საზოგადოებისთვის არაფრის მეტყველი იქნება, თავად კი ერთი შეხედვით პატიოსან და კეთილსინდისიერ ბიზნესმენებად წარმოჩინდებიან, რომლებსაც თითქოს არანაირი დანაშაული აქვთ ჩადენილი.

„რაც შეეხება საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირებს, მათ შორის ყოფილ მაღალჩინოსნებს, როგორიც არის მაგალითად კეზერაშვილი, არც ერთი მათგანი ყარამანიშვილების, შარანგიების, ელიავას და მაქაცარიას გარეშე ბიზნესს არ აკეთებდა. ეს შვიდკაციანი დაჯგუფება პირადად სააკაშვილს ექვემდებარებოდა და ყველგან, სადაც რომელიმე მაღალჩინოსანს ჰქონდა ბიზნესი, სწორედ ამ ადამიანებს ჰაონდათ გავლენა“, - აცხადებს ლევან ჩიტაძე.

მისი თქმით, დღეს, როდესაც საუბარია ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნაზე და სტრატეგიული ობიექტების გასხვისების გადახედვაზე, აქ კონკრეტული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. კერძოდ, ჩიტაძის თქმით, თუკი არ მოხდება კანონის მიღება, რომლითაც აიკრძალება, ან შეიზღუდება ოფშორული კომპანიების მიერ სტრატეგიული ობიექტების შესყიდვა, ქვეყანა მივა იგივე მონოპოლიებამდე, როგორებიც დღეს არსებობს. ლევან ჩიტაძე საუბრობს სქემაზე, რომლითაც ოფშორული კომპანიები საქართველოში მოქმედებენ. კერძოდ, ოფშორში იქმნება რამდენიმე სხვადასხვა კომპანია და არ ჩანს, მათ უკან რამდენიმე პიროვნება დგას, თუ ერთი. ეს კომპანიები შემოდიან საქართველოში, მათ მიერ ნაყიდ კომპანიებში სხვადასხვა დირექტორებს ნიშნავენ (რომლებიც ამ კომპანიების მფლობელები არ არიან) და აწარმოებენ მონოპოლიურ ბიზნესს.

ლევან ჩიტაძე აცხადებს, რომ „სოკარ ენერჯი ჯორჯიაში“ შარნაგიები და ყარამანიშვილები 50%-იან წილს ფლობენ ორი ოფშორული კომპანიის მეშვეობით, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში არის რეგისტრირებული. მათ ეკუთვნით კიდევ ერთი ოფშორული კომპანია, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზე არის რეგისტრირებული, „ფულტონ ინვესმენტ ჰოლდინგი“, რომლის მეშვეობითაც ისინი საქართველოში აწარმოებენ ბიზნესს და მისი სახელით სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირებს წაართვეს ბიზნესწილები. ჩიტაძის თქმით, შპს „მობიტელის“ (ანუ „ბილაინის“) 51% ასევე ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანიას ეკუთვნის, 17% და კიდევ 32%-იც ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების საკუთრებაა. ამდენად, „ბილაინის“ ყველა წილი რეგისტრირებულია არა რუსეთში, ან უკრაინაში (როგორც აქამდე იყო ნცობილი), არამედ ოფშორში. აქვე ჩიტაძე აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „ბილაინის“ 51% შარანგიებს და მათ დაჯგუფებას ეკუთვნის, დანარჩენი წილების მესაკუთრეთა ვინაობა კი მისთვისაც უცნობია. „ახალი ქსელების“ 45.7% ოფშორული კომპანიის კუთვნილებაა, მაგრამ ჩიტაძე ირწმუნება, რომ ეს წილიც შარანგიებსა და ყარამანიშვილებს ეკუთვნით.

„ეს არის ფული, რომელიც მიდიოდა სააკაშვილთან და საბოლოო ჯამში ეს კარტელი მოგებას უგულავასა და სხვა მაღანჩინოსნებს შორის ანაწილებდა. აქამდე ჩვენ გვეგონა, რომ თითქოს შარანგიები უგულავას განშტოება არიან, ან ცალკე კეზერაშვილი რაღაცას აკეთებს, ან რომელიმე სხვა მაღანჩინოსანი, სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა. შარანგიები, ყარამანიშვილები და დანარჩენები, ვინც ჩამოვთვალე არის ერთი დაჯგუფება, რომელიც შემდეგ ამ „სიკეთეს“ სხვადასხვა ადამიანებზე ანაწილებდა (იგივე უგულავაზე, კეზერაშვილზე და ა.შ.) იმისთვის, რომ რეჟიმი ყოფილიყო შენარჩუნებული. ამ თანხებით უკანონო გზებით ფინანსდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია“, - აღნიშნავს ჩიტაშვილი.

იგი ასახელებს სფეროებს, სადაც ეს დაჯგუფება ექსკლუზიურ უფლებებს ფლობს, კერძოდ, გაზნავთობპროდუქტები, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, კვების მრეწველობა, სამშენებლო ბიზნესი, სპორტი, მიწების განკარგვა, მედია, ფარმაცევტიკა, აზარტული თამაშები, სასტუმროები, საბანკო სექტორი და ქვეყნის რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი, რომელთა შესახებაც „არა“-ს ლიდერი აპირებს ცალკე ისაუბროს. მისი თქმით, ამჟამად შარანგიები და მის მიერ დასახელებული სხვა პირები ცდილობენ მათ მიერ წლების განმავლობაში ნაშოვნი თანხები ოფშორულ ზონებში გადაქაჩონ და აქ საუბარია მილიარდებზე. ლევან ჩიტაძე აცხადებს, რომ ვინაიდან მთელს ამ კარტელს პირადად სააკაშვილი აკონტროლებდა, დღეს ის მილიარდერია და ასევე მილიარდერები არიან მის მიერ ჩამოთვლილი დანარჩენი ადამიანებიც.

ლევან ჩიტაძის თქმით, ამ ყველაფრის გამოძიებას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება, რათა კარგად იქნეს დადგენილი ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც ამ გარიგებებში მონაწილეობდა და გამოკვლეული იყოს იმ თანხების ოდენობაც, რამ ამ გარიგებების მეშვეობით რამდენიმე ადამიანმა დააგროვა.