ირანში ავსტრალიის ორი მოქალაქე ჯოლი კინგი და მარკ ფირკინი დააკავეს. ჯოლი კინგი, რომელსაც ასევე აქვს ბრიტანეთის პასპორტი და ფირკინი აზიასა და შუა აღმოსავლეთში მათი მოგზაურობის შესახებ ბლოგს წერდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, წყვილი 10 კვირის წინ თეირანთან ახლოს დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ცნობა მხოლოდ ახლა გავრცელდა. აქვე ცნობილი გახდა, რომ ირანში კიდევ ერთი ბრიტანელ-ავსტრალიელი წარმოშობის ქალია დაკავებული.
ავსტრალიის ხელისუფლების განცხადებით, ისინი სამივე დაკავებულის ოჯახის წევრებს ეხმარებიან. როგორც BBC წერს, ეს ამბავი ირანსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა. ბოლო წლებში ირანში არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ბრიტანელ-ირანელი ნაზანინ ზაგარი-რატკლიფი.
ბრიტანეთსა და ირანს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა ბოლო თვეების განმავლობაში, რაც სპარსეთის ყურეში ირანის ნავთობმზიდის დაკავებას უკავშირდება.