დაახლოებით სამი საათის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდას, რომელიც შემდეგ დააკავეს. ეს ინფორმაცია for.ge-ს ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ მოაწოდა, რომელიც ამ ფაქტის თვითმხილველია.
მან მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის სახელზე განცხადება რამდენიმე წუთის წინ შეიტანა. ნოზაძის განმარტებით, ზემოხსენებული ფაქტის შემდეგ გაიფიცნენ მანდატურის სამსახურის გარკვეული თანამშრომლები - ისინი მენეჯერის მხრიდან მათდამი ზეწოლის ფაქტებს აპროტესტებენ.
ადვოკატ მამუკა ნოზაძის თქმით, საქალაქო სასამართლოში ინცინდენტი 12.55 წუთზე მოხდა - დაახლოებით 20-21 წლის ახალგაზრდას შენობის პირველ სართულზე, N7 და N9 დარბაზებს შორის თავს დაესხა დაახლოებით 15 მანდატური და სასტიკი ფორმებით გაუსწორდა. მამუკა ნოზაძე ამბობს რომ მას თავდამსხმელების ამოცნობა ადვილად შეუძლია.
სანამ მამუკა ნოზაძე მთავარი პროკურორის სახელზე განცხადებას შეიტანდა, მანამდე იქვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მამია ფხაკაძეს განცხადებით მიმართა და მოუწოდა ახალგაზრდა ბიჭის წინააღმდეგ მორიგი უკანონობა არ დაეშვა.
ნოზაძე ამბობს, რომ თავდამსხმელი მანდატურები ფხაკაძეს დაქვემდებარებული “ზონდერბრიგადის“ წევრები არიან და მათ, როგორც საჯარო მოხელეებს არ გააჩნიათ თმენის ვალდებულება, რაც წესით და კანონით უნდა გააჩნდეთ.
მამუკა ნოზაძე ამბობს, რომ 20-21 წლის ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა არ იცის. მან მხოლოდ იმის გაგება შეძლო, რომ ეს ახალგაზრდა სასამართლოში პრაქტიკას გადიოდა.