საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავარ პროკურორს ვაზაგაშვილის, ხუბულოვისა და ფუთურიძის საქმის ხელახალი გამოძიების ჩატარების მოთხოვნით მიმართავს. შეგახსენებთ, 2006 წლის 2 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად BMW მარკის ავტომობილში ჩაცხრილულ იქნენ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მითითებული პირები საყაჩაღოდ მიდიოდნენ და სპეცოპერაციაში მონაწილე შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი ავტომანქანიდან პოლიციის მიმართულებით სროლა განხორციელდა.
საქმეზე თავიდანვე გაჩნდა ბევრი კითხვა, რაც შსს-ს ოფიციალური ინფორმაციასთან დაკავშირებით ეჭვებს ბადებდა. საიას ადვოკატები გარდაცვლილ ზურაბ ვაზაგაშვილის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავდნენ. მართალია, გამოძიება დაიწყო, თუმცა, იურისტების შეფასებით, გამოძიება წარიმართა არაობიექტურად და მიკერძოებულად, რის შედეგადაც საქმის წარმოება შეწყდა პოლიციელთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით.
ამჟამად დაცვის მხარე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა.
„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, დაცხრილულ ავტომობილში მსხდომ პირთაგან გადარჩა მხოლოდ ბონდო (ბუბა) ფუთურიძე, რომელთანაც მოგვიანებით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. დღემდე ცნობილი იყო, რომ ფუთურიძემ აღიარა წარდგენილი ბრალდება. სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდებოდა, რომ მათ სპეცრაზმის წარმომადგენლებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც მოხდა პოლიციელთა მხრიდან ცეცხლის გახსნა. 2012 წლის 26 ოქტომბერს ბონდო ფუთურიძემ საიას ადვოკატს, გაგი მოსიაშვილს, ახსნა-განმარტება მისცა, რითაც მან უარყო სასამართლოში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ სასამართლოში დაფიქსირებული ჩვენება ზეწოლის შედეგს წარმოადგენდა. ფუთურიძემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ ის და მისი მეგობრები არც საყაჩაღოდ მიდიოდნენ და არც იარაღი ჰქონიათ“, - ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.
კიდევ რა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბარი და რა გახდება საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარების საფუძველი, ამასთან დაკავშირებით for.ge-ს საია-ს იურისტი გაგი მოსიაშვილი ესაუბრება.
გაგი მოსიაშვილი: „დაცვის მხარემ გამოკითხა ამ სპეც-ოპერაციის შედეგად გადარჩენილი, ბუბა, იგივე ბონდო ფუთურიძე, შედგა გამოკითხვის ოქმი, სადაც დაფიქსირებულია, რომ ფუთურიძემ სასამართლოზე მის მიერ მიცემული ჩვენება უარყო. ამ ჩვენების მიცემა კი იმით ახსნა, რომ მასზე იყო როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ზეწოლა. მას უთხრეს, რომ თუ საპროცესოზე არ დათანხმდებოდა, ათეულობით წლების ციხეში გატარება მოუწევდა. სწორედ ამიტომ მისცა მან სასამართლოს აღიარებითი ჩვენება.
დღეს ფუთურიძე აცხადებს, რომ არც ის და არც მანქანაში მასთან ერთად მსხდომი მისი მეგობრები შეიარაღებულები არ ყოფილან და შესაბამისად, მათი მხრიდან პოლიციელების მიმართულებით ცეცხლიც არ გახსნილა. ფუთურიძის ჩვენების თანახმად, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მათი მანქანა ბოძს შეეჯახა, ზურა ვაზაგაშვილი ცოცხალი იყო, ამის შემდეგ გაჩერებულ მანქანაზე მოხდა პოლიციელების მხრიდან შეტევა, რის შედეგადაც მოხდა ხუბულოვისა და ვაზაგაშვილის ლიკვიდირება. თავად ფუთურიძეს 15 ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა მიღებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის რაღაცნაირად გადარჩა. დღეს ფუთურიძე მზად არის გამოძიებას მისცეს ჩვენება და სიმართლის დადგენაში დაეხმაროს.
რამდენადაც ცნობილია, საქმეში კიდევ სხვა მტკიცებულებებიც იყო გაყალბებული.
- დიახ, ჩვენს მიერ გამოკითხული იქნა ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც ასევე მზად არის ობიექტური გამოძიების მწარმოებელ ორგანოსთან ითანამშრომლოს. ეს ადამიანი აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რომლის მიმართაც ოფიციალური ინფორმაციით, ვაზაგაშვილის მანქანიდან ცეცხლი გახსნეს და დააზიანეს, სინამდვილეში, მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში თავად პოლიციელებმა დააზიანეს. ჩვენს მიერ გამოკითხული ადამიანი არის თვითმხილველი იმისა, თუ როგორ ხდებოდა ექსპერტების დახმარებით, ასე ვთქვათ, იმ ტრაექტორიაზე დაჯენა, როგორც შეიძლებოდა ამ მანქანისთვის ვაზაგაშვილის მანქანიდან გასროლით მიეყენებინათ დაზიანება. ამ ადამიანის განცხადებით, ამას ლაზერის მეშვეობით აკეთებდნენ.
ეს არის ინფორმაცია, რომელიც დღეს არსებობს, თუმცა ეს ინფორმაცია რომც არ არსებულიყო, თავიდანვე ცხადი იყო, რომ გამოძიება გაყალბებული მტკიცებულებების გამოყენებით ცდილობდა საქმის შეწყვეტას და შეწყვიტა კიდეც. კერძოდ, როდესაც ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი მანქანა ბოძს შეეჯახა, მისი უკანა საქარე მინა იყო მთელი. ეს კარგად ჩანს ქართულ მედია-საშუალებებით გავრცელებულ კადრებში, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან გადაიცა. მოგვიანებით, გამოძიების ეტაპზე აღმოჩნდა, რომ ამ მანქანის უკანა საქარე მინა დაზიანებული იყო და გამოძიების ვერსიით, სწორედ ამ დაზიანებული მინიდან გახსნეს ცეცხლი ბიჭებმა პოლიციის მიმართულებით. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ შემთხვევაში მოხდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, რადგან შემთხვევის ადგილიდან მედია-საშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ვაზაგაშვილის მანქანის უკანა საქარე მინდა მთელია, შემდეგ კი გამოძიებაში უცებ ჩნდება დაზიანებული უკანა საქარე მინა და თითქოს სწორედ იქიდან განხორციელდა გასროლა. რა თქმა უნდა, ჩვენს ამ პოზიციას გამოძიების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
ამჟამად ახლად მოპოვებულ მტკიცებულებებთან ერთად ჩვენ წარმოვადგინეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გახდა თავის დროზე საქმის შეწყვეტის საფუძველი. ოფიციალურად გამოძიების შეწყვეტის საფუძველი გახდა ორი გარემოება. პირველი იყო ის, რომ თითქოს, სპეც-რაზმის თანამშრომლებმა მას შემდეგ შეწყვიტეს სროლა, რაც ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი მანქანა ბოძს შეეჯახა, ხოლო მეორე იყო ის, რომ თითქოს პოლიციის თანამშრომლებმა სროლა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც ვაზაგაშვილის მანქანიდან პოლიციელების მისამართით დაიწყო სროლა. თუმცა ორივე ეს ვერსია თავიდანვე დაუსაბუთებელი იყო, რადგან როგორც აღვნიშნე, ისინი ვაზაგაშვილის მანქანის უკანა საქარე მინის მთლიანობამ გაყიდა.
ყველაფერ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მესიჯი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის მიმართ გახლავთ ის, რომ მოხდეს ამ საქმის ობიექტური გამოძიება. იმ ფონზე, როდესაც საქმეს იძიებს იგივე უწყება, რომელმაც კორტებთან სპეც-ოპერაცია ჩაატარა, რა თქმა უნდა, სუბიექტურობის ხარისხი ძალიან მაღალია. დამოუკიდებელი და მიუკერძოებული გამოძიების ჩატარების პოლიტიკური ნება არ არსებობდა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქმეზე ჩატარებულმა ალტერნატიულმა ექსპერტიზამ ცალსახად დაასკვნა, რომ ვაზაგაშვილის მანქანიდან გასროლა არ მომხდარა. მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა ამგვარი დასკვნა დადო (მაშინ ბატონი სოზარ სუბარი იყო სახალხო დამცველი) ამასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურასაც მივმართეთ, ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმაც მიმართა, მაგრამ ყველა ეს განცხადება უგულებელყოფილი იყო. ყველაფერი ეს გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ამ საქმის გაუხსნელობა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
მე იმედს ვიტოვებ, რომ სამართლიანი და ობიექტური გარემო, რაც საზოგადოების მხრიდან ახალი ხელისუფლების მიმართ არსებული მოთხოვნაა, სიმართლის დადგენის აუცილებელ წინაპირობას შექმნის. ბოლოს და ბოლოს, საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი კითხვაზე, რა მოხდა 2006 წლის 2 მაისს კორტებთან და რატომ მოხდა ამ ახალგაზრდების მანქანაში ჩაცხრილვა.
თქვენ ახსენეთ პოლიციელი, რომელიც დაცვის მხარემ გამოკითხა და რომელიც მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს. ეს ადამიანი თავად მონაწილეობდა კორტებთან ჩატარებულ სპეც-ოპერაციაში, თუ იგი უშუალოდ იმის თვითმხილველია, რომ შსს-ს ეზოში პოლიციელის კუთვნილ მანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა თავად პოლიციელებმა მოახდინეს?
- არა, ეს ადამიანი კორტების სპეც-ოპერაციაში არ მონაწილეობდა. იგი იყო იმის თვითმხილველი, რაც სამინისტროს ეზოში ხდებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლის კუთვნილს BMW-ს მარკის ავტომანქანას წინა საქარე მინაზე ჰქონდა დაზიანება, რომელიც თითქოსდა ვაზაგაშვილის მანქანიდან გასროლის შედეგად მოხდა და რის საპასუხოდაც პოლიციელებმა გახსნეს ცეცხლი.
ხაზს ვუსვამ, ეს ადამიანი მზად არის გამოძიებას მომხდართან დაკავშირებით მისცეს ჩვენება.
თქვენ მთავარ პროკურატურას ხელახალი გამოძიების ჩატარების მოთხოვნით მიმართავთ?
- დიახ, ჩვენ უკვე მივმართეთ მთავარ პროკურორს და იუსტიციის მინისტრს და ჩვენი მოთხოვნა არის აღნიშნული საქმის ობიექტური გამოძიება.