აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რესპუბლიკური პარტიიდან კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა. ის სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი მარკ სენფორდია, რომელიც ტრამპს შიდაპარტიულ პრაიმერიზში დაუპირისპირდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მარკ სენფორდი რესპუბლიკური პარტიიდან უკვე მესამე საპრეზიდენტო კანდიდატი და ტრამპის კონკურენტია. 59 წლის სტენფორდის თქმით, მისი კამპანიის მთავარი მესიჯი იქნება სახელმწიფოს ვალისა და ხარჯების შემცირება.
აპრილში რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის სურვილი მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა ბილ ველდმა გამოთქვა, აგვისტოში კი კანდიდატურა წამოაყენა ყოფილმა კანონმდებელმა ჯო უოლშმა.
დონალდ ტრამპმა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება და ფულის შეგროვება 2017 წელს, პრეზიდენტის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისთანავე დაიწყო.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.