რუსეთის თითქმის ყველა რეგიონში სახელისუფლებო კანდიდატებმა გაიმარჯვეს

რუსეთის თითქმის ყველა რეგიონში სახელისუფლებო კანდიდატებმა გაიმარჯვეს

რუსეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში თითქმის ყველა რეგიონში სახელისუფლებო კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იუწყება. ამომრჩეველთა აქტივობამ 41.2% შეადგინა.

16-ვე რეგიონში, სადაც მოსახლეობა გუბერნატორს ირჩევდა, გამარჯვება „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატებმა მოიპოვეს.

რაც შეეხება მოსკოვის სათათბიროს, აქ 45-დან 20 ადგილი ოპოზიციის კანდიდატებს ერგოთ. პარლამენტში ვერ მოხვდა „ერთიანი რუსეთის“ ლიდერი მოსკოვში ანდრეი მეტელსკი. ხაბაროვსკის მხარის საკრებულოში კი „ერთიანმა რუსეთმა“ და კომუნისტურმა პარტიამ 2-2 ადგილი მიიღეს, 32 მანდატი კი ვლადიმერ ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას ერგო.

სახალინის ოლქში ხმათა 57% მმართველი პარტიის კანდიდატმა ვალერი ლიმარენკომ მიიღო, იმიერბაიკალეთში კრემლის კანდიდატ ალექსანდრ ოსიპოვს ხმათა 89,65% ერგო. ნოვოსიბირსკის მერის არჩევნებში კომუნისტური პარტიის კანდიდატმა ანატოლი ლოკოტმა გაიმარჯვა.

დარღვევების გამო 4 ოლქის 8 საარჩევნო უბნის შედეგები გაბათილდა.

„არჩევნები“ ჩატარდა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში, რაც გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაგმო.

მოსკოვის სათათბიროში 7,2 მილიონი ამომრჩევლის ინტერესებს 45 დეპუტატი წარმოადგენს და (კანონის თანახმად) განკარგავს რუსეთის ფედერაციის ყველა სხვა სუბიექტზე დიდ ბიუჯეტს (2019 წელს 2,74 ტრილიონი რუბლი). 2000-იანი წლების დასაწყისიდან დუმას ფორმალურად მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ აკონტროლებს. წინასაარჩევნო კამპანია დიდი საპროტესტო გამოსვლების და მასობრივი დაკავებების ფონზე წარიმართა. ანალიტიკოსების თქმით, ხელისუფლებამ მოსკოვის არჩევნები თავად გარდაქმნა ქაოსად და ამის დასტურად მათი ოთხი ნაბიჯი მოჰყავთ.