ბოლო დროს სახალხო დამცველის კანდიდატის დიმიტრი ლორთქიფანიძის ჰომოფობიასა და ქსენოფობიაში დადანაშაულების საკითხი არასამთავრობოების მხრიდან გააქტიურდა. თუმცა დიმიტრი ლორთქიფანიძე For.ge-სთან აცხადებს, რომ იგი ყველას უფლებებს იცავდა და დაიცავს, ოღონდ მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა არ უნდა ხდებოდეს, განსაკუთრებით, საბავშვო დაწესებულებებსა და სკოლებთან.
თამარ გურჩიანისა და თქვენი საუბარი დებატებში გადაიზარდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თქვენს ჰომოფობიურობაზე რატომ ამახვილებს ყურადღებას?
- მე არ ვარ მომხრე, სახალხო დამცველის დანიშვნის პროცედურა კონფრონტაციულ გარემოში მიმდინარეობდეს. ეს ჩემთვის თვითმიზანი არ არის და ამის აუცილებლობაც არ არსებობს, რადგან სახალხო დამცველის პოსტი აპოლიტიკურია. ამიტომ, რაც შეიძლება, ცივილური მეთოდით უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება. ასე რომ, მაქსიმალურად ვცდილობ, არ შევიდე ამ კონფრონტაციაში, მაგრამ აშკარაა, გამოწვევა ხდება და ქალბატონი გურჩიანისა და მის უკან მდგომი არასამთავროების სტრატეგია გახლავთ ის, რომ თითიდან გამოწოვილი თემებით მოახდინონ პროვოცირება. მათ უნდათ, საზოგადოებას ჩემი თავი ქსენოფობად და ჰომოფობად წარმოუჩინონ, თითქოს ქვეყანაში სხვა პრობლემები არ არსებობდეს, რომლის გამოწვევის წინაშეც დგას საზოგადოება და, რომელთა მოგვარების საკითხშიც მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში გარკვეული, თუნდაც მცირედი წვლილი მეც შემიტანია. მომავალშიც ამ მიმართულებით მუშაობას ვაპირებ.
საზოგადოების ნაწილი ეჭვობს, რომ თქვენს წინააღმდეგ ეს სკანდალი გამიზნულად ააგორეს.
- რა თქმა უნდა, მათ უნდათ, ჰომოფობად წარმომაჩინონ, იმავე ნინია კაკაბაძეს, ნინო დანელიას, შორენა შავერდაშვილს, თამარ ჩუგოშვილს, თამარ გურჩიანს. ეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სხვადასხვა დროსა და ვითარებაში ჩემი საქმიანი რეპუტაციის დისკრედიტაციას ახდენდნენ ამ თემებზე აპელირებით, თითქოს მე გახლავართ ჰომოსექსუალების მტერი და არანაირად არ ვაპირებ არამცთუ მათ უფლებებზე ზრუნვას, არამედ მათი მტერი ვარ და, თუ მომეცემა შესაძლებლობა, მათ გავუსწორდები კიდეც. დაახლოებით ასეთი იმიჯის შექმნას ცდილობენ ჩემს წინააღმდეგ. ამას კამპანიური ხასიათი აქვს და არა მხოლოდ დღეს ან გუშინ დაიწყო ეს კამპანია, არამედ მთელი სამი წლის განმავლობაში. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი გახლდით. როგორც ჩანს, ბევრი თვლიდა, რომ წამგებიანი იქნებოდა, თავისი ფრაქციიდან წარმომადგენელი შემოეყვანა ამ კომიტეტში, რადგან ადამიანის უფლებები ტოტალურად ირღვეოდა. ამ ოთხი წლის განმავლობაში არ დარჩენილა სფერო-დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი, პატიმრების მდგომარეობა, უნარშეზღუდულები, უსინათლოები, ლოგოპედიური სკოლის დახურვის თემა,- არაერთი კონფერენციის მომხსენებელი ვყოფილვარ. თუ უნდათ, ეს ყველაფერი დავიწყებას მისცენ და ჰომოფობიაზე გადადიოდეს აქცენტები, მათ ეს არ გამოუვათ. ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი გულისხმობს იმას, რომ ადამიანის უფლება, განურჩევლად მისი სქესისა თუ რელიგიური აღმსარებლობის, აბსოლუტურად თანაბრად დასაცავია. იქნება ეს ლგბტ (სექსუალური უმცირესობა) საზოგადოების წარმომადგენელი, თუ კონსერვატიული საზოგადოების, რადგან საქართველოს კონსიტიტუციის მე-14 მუხლი ამას ჩვენგან იმპერატიულად მოითხოვს და ჩვენ ამას ვეთანხმებით. პიროვნების თავისუფალი განვითარება ხელშეუვალი უფლებაა, პირადი ცხოვრების ხელყოფა, ასევე, ხელშეუვალია. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, მშობელს გააჩნია უფლება, თავისი მრწამსისა და შეხედულებისამებრ, აღზარდოს თავისი შვილი და ვინმეს არ აქვს უფლება, თავს მოახვიოს კაპრიზები. ერთია, ადამიანის უფლებების უპირობო დაცვა და მეორეა, ინტერესთა ჯგუფების ინტერესთა გამიჯვნა საზოგადოებრივი ინტერესისგან. ეს ორი სხვადასხვა კატეგორიაა. როდესაც ინტერესს ვეხები ხოლმე, თუნდაც იმავე ლგბტ აქტივისებს, ეს, შესაძლოა, ლახავდეს ფართო საზოგადოების ინტერესს. როდესაც იმავე საჯარო სკოლების წინ ეწყობა ისეთი ღონისძებები, რომელიც თავისი არსით აბსოლუტურად უხამსია, უზნეობის მაინსტალირებელია და არასწრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენას ახდენს, ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ინტერესი უპირატესია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იმავე ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელს, რომელსაც აქცია აქვს დაგეგმილი, თავისი უფლებები არ გააჩნია. ეს უფლებები აუცილებლად დასაცავია. როდესაც იმავე ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები რუსთაველზე სრულიად გაუგებარ ვითარებაში დააკავეს, მე ჩავთვალე, რომ ეს პოლიციის მიერ განხორციელებული პროვოკაცია იყო, რომელიც ამ კონტფრონტაციის გაღრმავებას ისახავდა მიზნად, რადგან არავითარი საფუძველი იმ ადამიანების დაჭერის, დაკავების და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის არ ყოფილა.
თქვენ ახსენეთ ბავშვების უფლებების დაცვა და მოიყვანეთ ელტონ ჯონის შვილის მაგალითი.
- დღეს მსოფლიოში საზოგადოებებს შორის წინააღმდეგობით აღსავსე დისკუსია მიმდინარეობს, დასაშვები უნდა იყოს თუ არა ერთსქესიანთა ქორწინება. რამდენიმე დღის წინ იმავე საფრანგეთში აღნიშნულმა პრობლემამ იჩინა თავი, როდესაც უამრავი პარიზელი გამოვიდა ქუჩაში და ითხოვნდნენ, დაცული ყოფილიყო იმ ბავშვთა უფლებები, რომლებიც გაშვილების შედეგად ერთსქესიანთა ქორწინების შემდეგ სამოქალაქო ქორწინების ტყვეობაში აღმოჩნდენ. ამ ბავშვებს არავინ ეკითხება, დაირღვევა თუ არა მათი უფლებები, როდესაც ისინი გააცნობიერებენ, რა ვითარებაში მოუწიათ აღზრდა. მე ვთვლი, ესეც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი და რომ გაიზრდება, ხომ იკითხავს ეს ბავშვი, რატომ მყავს ერთსქესიანი ორი მშობელი?! ვინ დაიცავს იმ ბავშვის უფლებას, თუკი ეს ბავშვი თავად ჩათვლის, რომ თავის დროზე მას არ ჰკითხეს ამის შესახებ აზრი; ბუნებრივია, მას ვერ ჰკითხავდნენ აზრს იმასთან დაკავშირებით, უნდა გაშვილებულიყო თუ არა ერთსქესიანთა ოჯახში?! ამიტომ ასეთი ბავშვის უფლებები უხეშად დაირღვა და ფუნდამენტალურად შეილახა.
რა კონტექსტით მოიტანეთ ცნობილი ფსიქიატრის პოლ კამერონის მაგალითი, რომელიც ერთსქესიანებს შორის პრობლემას ხედავდა და ჰომოსექსუალობაში სხვების ჩათრევის სტრატეგიას გმობდა.
- ჩემს ციტატად გასაღებული ციტატა, სინამდვილეში, პროფესორ პოლ კამერონს ეკუთვნის, რომელიც მან 80-იან წლებში წარმოთქვა და, რომელიც ეხებოდა ჰომოსექსუალების მხრიდან ძირგამომთხრელ საქმიანობას ოჯახისა და სახელმწიფოს მიმართ. ეს ადამიანი თვლის, რომ რეპროდუქციულობის დარღვევის გამო საფრთხე ექმნება ოჯახს, რომელიც სახელმწიფოს ქვაკუთხედია. შესაბამისად, ეს სახელმწიფოს დასუსტებაა და ამის გამო სახელმწიფოს ინტერესები დარტყმის ქვეშაა; სწორედ ამან გამოიწვია სრულიად გაუგებარი აჟიოტაჟი ჩემს წინააღმდეგ, თითქოს მე რაღაც ფრაზებით დისკრიმინიციულ გარემოში ჩავაყენე ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები. ზუსტად ერთ-ერთი პრესის წარმომადგენელმა აიტაცა ეს ციტატა და ჩემს მიერ წარმოთქმულად გაასაღა.
თუმცა პოლ კამერონი გულისხმობდა ჯარში ჰომოსექსუალების არდაშვებას?
- ერთი მხრივ, ალბათ, იგი ოჯახის თვალსაზრისით გულისხმობდა; მეორე მხრივ კი , თავად აშშ-ის არმიაში 2010 წლამდე გაბატონებული იყო ასეთი პრინციპი -არ ჰკითხო და არ ილაპარაკო (Don’t Ask, don’t Tell), რაც გულისხმობდა იმას, რომ ჯარში ჰომოსექსუალთა არსებობის საკითხი ტაბუირებული იყო. ითვლებოდა, რომ, თუკი ამას ტაბუ აეხსნებოდა, ამას ჯარში ჰომოსექსუალთა ხმამაღალი აღიარება და ლეგალიზირება მოჰყვებოდა. ეს კი გამოიწვევდა ჯარის დემორალიზაციას. ჯარის დემორალიზაცია რომ მოხდებოდა, ეს იყო სწორედ სამეცნიერო განათლების შედეგი და არა ვინმეს კონკრეტული ახირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, აშშ-ის ისეთი დიდი ინსტიტუცია, როგორიცაა შეიარაღებული ძალები, 2010 წლამდეც მშვენივრად მივიდოდა ამ საკითხის დადებით გადაწყვეტამდე. უბრალოდ, 2010 წელს ეს იყო ბატონი ობამას პოლიტიკური ნება, რომელმაც თავისი დადგენილებით ამ თემას საბოლოოდ ტაბუ ახსნა.
რაც შეხება მცირე ერების პრობლემის ჭრილში ჰომოსექსუალიზმის თემის დანახვას?
- ეს სწორედ პოლ კამერონის სიტყვებია, რომ ჰომოსექსუალების საქმიანობა ძირგამომთხრელია, ვინაიდან ისინი ცდილობენ, ამ საქმიანობაში ჩაითრიონ ახალი და ახალი ძალები. ეს არის ღალატი ოჯახის, სახელმწიფოსი და ღმერთის. ვიღაც შეიძლება სრულად იზიარებდეს ამ თეზას, ვიღაცა ამ თეზას ნაწილობრივ იზიარებდეს, ვიღაცა კი საერთოდ არ იზიარებდეს. თუმცა, როდესაც ასეთი დიდი მეცნიერი პოლ კამერონი აყალიბებს საკუთარ თეზას და იწყება პოლემიკა ამ საკითხის გარშემო, ეს ვიღაცამ დისკრიმინაციის გამოვლინებად არ უნდა მიიჩნიოს, რომ თითქოს მავანმა გადაწყვიტა ვინმეს დევნა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. ერთია, რომ ადამიანს გააჩნია საკუთარი უფლებები, რა ორიენტაციისაც უნდა იყოს იგი. ეს უფლება სხვა ადამიანის უფლებისაგან არაფრით განსხვავდება და ერთიც და მეორეც დასაცავია. რაც შეეხება ინტერესთა სფეროს, ყოველთვის უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რა ინტერესს ემსახურება ამა თუ იმ სოციოლოგიური ჯგუფის მოთხოვნები. თუკი ამ ვიწრო წრის ინტერესი საზოგადოებრივ ინტერესს ეწინააღმდეგება, ეს უნდა გახდეს დისკუსიის საგანი და გადაწყვეტილებას ერთიანად საზოგადოება უნდა იღებდეს.
პატიმრთა ოჯახის წევრები, რომლებმაც თქვენი კანდიდატურის გამო ხელმოწერები შეაგროვეს, აცხადებენ, რომ „ენჯეოშნიკებს“ არაფერი გაუკეთებიათ ადამიანების უფლებების დასაცავად. თქვენ კი გემადლიერებიან იმის გამო, რომ გლდანის ციხის ღობეზე გადახვედით და დაიცავით პატიმრების უფლებები. ამ დროს კი, პატიმრების ოჯახი წევრები აცხადებენ, რომ „ენჯეოშნიკები“ წელიწადის უმეტეს დროს საზღვარგარეთ ვოიაჟებში ატარებენ და შეხება არ აქვთ უბრალო ადამიანებთან.
- ეს არის ის თემა, რომელზეც სადისკუსიო კლუბებში მუდმივად უნდა ეწყობოდეს მსჯელობა. თავად ბატონმა ტუღუშმა ბრძანა ერთხელ, რომ სახალხო დამცველი ღობეებზე არ უნდა ხტებოდესო. რა თქმა უნდა, იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები სრულიად დაცულია, იქ ღობეზე გადაძრომა არავის მოუწევს და, თუ ადამიანი გადაძვრება, მართლაც გასაკვირი იქნება; მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც ასეულობით ადამიანი ნაწამებია და მათი გარდაცვალების მიზეზი წამების კვალია, ვფიქრობ, არამცთუ გადაძრომა, შტურმზე წასვლაც კი არ იქნებოდა საკმარისი ამ ლეგიტიმური ინტერესის აღსადგენად. ამიტომ, როგორც არასდროს, დღეს საქართველოს სჭირდება ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც არა მკვდრადშობილად ისაუბრებს და მუდმივ მივლინებებში იქნება სადღაც ბრიუსელში, პარიზსა თუ აშშ-ში კონკრეტული ანგარიშების წარსადგენად, არამედ უდიდეს დროს გაატარებს საკუთარი ხალხის გვერდით. არა წლიურ ანგარიშებზე იმუშავებს საანგარიშო წლის ბოლოს, არამედ ყოველი კვირის განმავლობაში, ყოველ ორშაბათს წარდგება განვლილი კვირის ანგარიშით და მუდმივი რეკომენდაციის რეჟიმში იქნება ჩართული სამივე სახელისუფლო შტოსთან. მუდმივად შეახსენებს ხელისუფლებას გაწეული რეკომენდაციის შესრულების ვალდებულებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეკომენდაციების შეუსრულებლობის დროს, საზოგადოებას აცნობებს.
ახალგაზრდა იურისტებს ვახტანგ მაისაიას საქმის ხელოვნურ დაყოვნებაში დასდეთ ბრალი.
- რაკი ვახტანგ მაისაიას საკითხი ახსენეთ, მისი წამების ფაქტი მე დავაფიქსირე პარლამენტში ერთ-ერთი გამოსვლისას. მას შემდეგ, რაც ბატონი ვახტანგ მაისაიას ადვოკატი, ქალბატონი ნათია კორკოტაძე დამიკავშირდა და მითხრა ამის შესახებ, ჩემი გამოსვლა საბოლოოდ აისახა აშშ-ის 2010 წლის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. მთელი ციტატაა იქ დართული. არაერთხელ მქონია შესაძლებლობა, პირადად მომენახულებინა ვახტანგ მაისაია, მქონოდა კონტაქტი მისი ოჯახის წევრებთან, მის მეუღლესთან, რომელიც გამოთქვამდა პრეტენზიას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ აღმოჩნდა, სტრასბურგის საჩივარი ჭიანურდებოდა, რომელსაც საია უძღვებოდა. ამიტომაც ამ ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე მომიწია, შემეხსენებინა უშუალოდ თამარ ჩუგოშვილისთვის, რომ იგი სრულად გაიზიარებდა პასუხისმგებლობას, თუკი ვახტანგ მაისაიას საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მისამართით დროულად არ წავიდოდა ადრესატისკენ. სხვათა შორის, საბოლოოდ სწორედ ამან განაპირობა, რომ საჩივარი გაიგზავნა ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე. ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს თვითონ საია-მ. ქალბატონ გურჩიანს ეს ფაქტი იმიტომ შევახსენე, რომ მან კონკრეტულად მომთხოვა, დამესახელებინა სამართალწარმოების პროცესში უფლების დარღვევის მაგალითი. ზუსტად ეს იყო ვახტანგ მაისაიას თემა. დარწმუნებული ვარ, ამ თემაზე კონკრეტულად ბატონი ვახტანგი ისაუბრებს.
ბევრი ფიქრობს, რომ ჰომოფობიაში თქვენი დადანაშაულება დასავლეთის თვალში თქვენი დისკრედიტაციისთვის არის გათვლილი.
-რა თქმა უნდა, კამპანიურ ხასიათს ატარებს ჰომოფობის იარლიყის მიკერება იმისთვის, რომ ერთგვარად არასასურველ პირად და უფლებადამცველად იქნეს წარმოდგენილი ჩემი კანდიდატურა, რათა ძირშივე მოხდეს ამ კანდიდატურაზე უარის თქმა, თავიდანვე არ მიეცეს გასაქანი ამ კანდიდატურის განხილვას. ამით სურთ ერთგვარი სტიგმატიზირება იმ პოლიტიკური სტრუქტურული ქვედანაყოფის, რომელსაც კანონით აქვს მინიჭებული სახალხო დამცველის არჩევა. მაგრამ ძალიან კარგად ვხედავ, რომ ნიუტონის მესამე კანონი კლასიკურად არის მორგებული ამ კონკრეტულ შემთხვევას, როცა F უდრის მინუს F-ს. რაც უფრო გააფთრებული და ისტერიული ხასიათისაა არასამთავრობო ორგანიზაციათა პირდაპირი თავდასხმა ჩემზე, მით უფრო ადექვატურია საზოგადოების გამოძახილი. შემთხვევითი არ არის, რომ, თუ გუშინ იყო 60 ათასი ხელმოწერა, დღეს უკვე 70 ათასამდე ხელმოწერაა მთლიანად შესული „ქართული ოცნების“ ოფისში. უფლებადაცვითი საქმიანობა არ არის თეორიული საქმიანობა, არამედ ეს არის ყოველდღიური პრაქტიკული რუტინა და კონკრეტული უფლებადაცვითი ორგანიზაციები (ყველას შესახებ არ მაქვს საუბარი), თავად უნდა აბარებდნენ ანგარიშს საზოგადოებას კონკრეტული საანგარიშო მოხსენებებიდან. კარგი იქნება, თუ ეს ორგანიზაციები გარკვეულ რეჟიმში მოახდენენ იმის დეკლარირებას, თუ რა გააკეთეს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
თქვენ შეეხეთ მაწანწალა ძაღლების თემას და აღნიშნეთ, მადლიერების გრძნობა ცხოველსაც კი აქვსო. ამასთან, ნინია კაკაბაძის საქმე გაიხსენეთ, თუმცა არ დაგიკონკრეტებიათ.
-ნამდვილად არ მსურს, პერსონიფიცირება მოვახდინო იმ პირის, რომლის უფლების დაცვასაც ემსახურებოდა ჩემი კონკრეტული მოქმედებები 2009 წელს, რაც თუნდაც სიმბოლურად, ფორმალურად მაინც სამადლობელის ღირსი უნდა ყოფილიყო ქალბატონი ნინია კაკაბაძისგან, ვინაიდან ეს პირი მასთან უშუალოდ იყო დაკავშირებული. არც მქონდა ასეთი მოლოდინი, რადგან ნინია კაკაბაძეს არც ვიცნობდი, მაგრამ მისი მხრიდან ასეთი უხეში და არაკორექტული თავდასხმა, როდესაც მან განაცხადა, რომ თურმე მთელი საზოგადოების სირცხვილი იქნება ჩემი ამ პოსტზე წარდგენა, რადგან თურმე მე ვარ ჰომოფობი, ყოველგვარ საზღვარს სცდებოდა მადლიერების კონტექსტში. მე უკვე აღარც მადლიერებას ვითხოვდი მისგან, მაგრამ მეორე მხრივ, გულისტკივილით მინდოდა აღმენიშნა, რომ მადლიერების გრძნობა, თუკი ადამიანი ხარ, ელემენტარულია, რომელიც შენს ადამიანურ ღირსებას უნდა ამკობდეს.
თქვენ დააარსეთ უპატრონო ძაღლების ასოციაცია „არგუსი“, რაც ბევრისთვის სიახლე იყო.
-ჯერ კიდევ 2004 წლიდან გახლავართ უპატრონო ძაღლთა დაცვის ასოციაცია „არგუსის“ დამფუძნებელი, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ რუსუდან ხუნწარია, საკმაოდ ცნობილი ადამიანი, მუსიკოსი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, რომელმაც ძალიან ქველი და სათნო საქმიანობა წამოიწყო იმ ანტიჰუმანური კამპანიის ფონზე, რასაც ქალაქის მერია წლების განმავლობაში ეწეოდა. ვგულისხმობ ძაღლების მოკვდინებას ბარბაროსული მეთოდებით. მეც სახლში შემოკედლებული ძაღლის პატრონი გახლავართ. ჩემი ძაღლი არ გახლავთ ჯიშიანი. იგი უკვე შვიდი წელია, შემოგვეკედლა. აქედან გამომდინარე, მაწანწალა ძაღლებისა და ცხოველთა დაცვის ასოციაციის შექმნის იდეით როცა გამოვიდა რუსუდანი, მას ამ საქმიანობაში ენთუზიაზმით შევუერთდი.