ბიზნესი ახალი პრემიერისგან ლარის გამყარებას მოელის

ბიზნესი ახალი პრემიერისგან ლარის გამყარებას მოელის

ბიზნესს ამჯერად უკვე ახალი პრემიერის ეიმედება. კომპანიები იმდენად რთულ ვითარებაში არიან, რომ მალე თანამშრომლების გათავისუფლებას და ხელფასების მასობრივ შემცირებას დაიწყებენ. ამიტომ მათი მოთხვონა ლარის გამყარებაა და მთავრობის ახალი ხელმძღვანელისგან სწორედ ამას მოელიან.

ბიზნესმენი თემურ ჭყონია გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აფასებს. მისი აზრით, რამდენადაც ახალი პრემიერი ეკონომიკაში კარგად ერკვევა, ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხსაც მოაგვარებს.

„ის ეკონომიკურ თემებში არაჩვეულებრივად ერკვევა და სწორ ინფორმაციას მოგვცემს, რომ თუ ეკონომიკაში არაფერი იცვლება, ლარის კურსზე პასუხი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა გასცეს“, - აცხადებს ჭყონია.

მისი აზრით, მთავრობის ახალი ეკონომიკური გუნდის პირველი გამოწვევა სწორედ ლარის კურსია.

„ვფიქრობ, ამას გახარია კარგად მოახერხებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ლარის კურსზე სწორი პასუხი გააცემინოს. როდესაც მთავრობის ახალი ეკონომიკური გუნდი იქმნება ერთი უპირატესობა აქვს. ის ახალი ენერგიით აგვარებს იმ ყველაზე მტკივნეულ პრობლემებს, რაც პირველ რიგში დგას, ხოლო ასეთი დღეს ლარის კურსია“, - ამბობს ჭყონია.

თუკი ეროვნულ ვალუტას არაფერი ეშველა, სამომავლოდ ბიზნეს სექტორში პრობლემები გარდაუვალია. გაძვირებას რომ თავი დავანებოთ, საქმე უკვე თანამშრომლების შემცირებას ეხება. შექმნილი პრობლემებიდან გამომიდნარე, თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირება რომ გარდაუვალი იქნება, ადასტურებს კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი თამაზ დაუშვილი.

„ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება განსაკუთრებით დრამატეულად აისახა ბიზნესზე. ბევრმა კომპანიამ - დაწყებული ფარმაცევტული ბაზრიდან, დასრულებული სასურსათე მაღაზიებით - კურსის რყევის გამო მასობრივად გაზარდა პროდუქციაზე ფასი. შესაბამისად, ეს აწვება ისევ და ისევ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და საბოლოო ჯამში, „ბუმერანგივით“ უბრუნდება უკან ბიზნესს.

მოსახლეობა ვეღარ ახერხებს გაზრდილი ფასების შესაბამისად პროდუქციის შეძენას, კომპანიებს კი შემოსავლები უმცირდებათ. შედეგად იკლებს რეინვესტირებისთვის საჭირო თავისუფალი რესურსებიც, რის გარეშეც შუძელებელია ბიზნესის და ზოგადად ეკონომიკის განვითარება. თუ, მომავალშიც გაგრძელდა ლარის დევალვაცია, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს გაყიდვების შემცირების ტენდენციას, რამაც საბლოო ჯამში შესაძლებელია მიგვიყვანოს სახელფასო ფონდის ან თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაციამდე, რადგან ხარჯი უნდა იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე შემოსავალი. ვიმედოვნებ, საქმე აქამდე არ მივა“, - ამბობს „კომერსანტთან“ დაუშვილი.

ხელფასების კლებაზე უფრო მძიმე მოლოდინი აქვს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელ, ივა ჭრონიას. იგი „ოქროს სიის“ გაუქმებისა და ლარის დევალვაციის შემდეგ, მცირე და საშუალო ბიზნესის დახურვის საფრთხეს რეალურად ხედავს.

„სამწუხაროდ, ასეთია რეალობა. „ოქროს სიის“ გაუქმებამ მსხვილ კომპანიებზე მეტად, მცირე და საშუალო ბიზნესს დაარტყა. ისინიც საშეღავათო პირობებით იხდიდნენ გადასახადს. ამას ლარის კურსის მუდმივი რყევა ემატება და უკვე ისეთი მდგომარეობაა, დიდებს უჭირთ და საშუალო და მცირეები კი ბაზრიდან ნელ-ნელა ქრებიან. ეს არის რეგულაციების შედეგი, რომელსაც არავითარი დადებითი ეფექტი არ მოჰყოლია.

ლარი ამ მდგომაროებაშია და ახლა კიდევ ევრო-5 სტანდარტის დიზელზე გადასვლა იგეგმება 2020 წლიდან, რაც საწვავის ფასს კიდევ უფრო გაზრდის, რაც კატასტროფული იქნება ამ ვითარებაში. მოსახლეობას არ აქვს ის მსყიდველუნარიანობა, რომ ამას გაუძლოს, ამიტომ თანამშრომლების გაშვება, ან ხელფასის მკვეთრი შემცირება, ვფიქრობ გარდაუვალი იქნება“, - აცხადებს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

სოციალისტი ივა ჭრონიამ რაც თქვა არის სიცრუე!
5 წლის უკან