დიზელის სტანდარტის ცვლილებით ბაზარზე ბევრი რამ შეიცვლება

დიზელის სტანდარტის ცვლილებით ბაზარზე ბევრი რამ შეიცვლება

წლის ბოლომდე ქვეყანაში დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტი უნდა ამოქმედდეს. ევრო-5-ზე გადასვლის შემთხვევაში აზერბაიჯანიდან დიზელი საერთოდ ვეღარ შემოვა, რადგან ეს ქვეყანა ჯერჯერობით მხოლოდ ევრო-4-ის ტიპის პროდუქტს აწარმოებს და მინიმუმ 2021 წლამდე ახალ მოთხოვნას ვერ შეასრულებს. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში იაფი დიზელის საწვავი გაქრება და ნავთობპროდუქტების სტრატეგიულ ბაზარს მეზობელი ქვეყანა დიდწილად გამოაკლდება.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვითარება არასახარბიელოა. ამიტომ საჭიროა რეგულაციის გადავადება, ანდა ევრო-5-ის სტანდარტის ამოქმედების პარალელურად ქვეყანაში ევრო-4-ის სტანდარტის 1 წლით შენარჩუნება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელ ვანო მთვრალაშვილის შეფასებით, ეკოლოგიური ეფექტის გასაუმჯობესებლად საჭიროა, რომ საწვავის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად განახლდეს საავტომობილო პარკიც, რაც, სამწუხაროდ, სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

„საწვავის ხარისხის მხრივ შედეგი აშკარაა. კერძოდ, ბენზინის საწვავზე უკვე მოქმედებს ევრო-5-ის სტანდარტი, დიზელის საწვავის სტანდარტი კი 2018 წლის 1 იანვრიდან გაუმჯობესდა და ევრო-4-ის შესაბამისი გახდა. 2020 წლის 1-ლი იანვრიდან იგი კიდევ უფრო გაუმჯობესდება და გახდება ევრო-5-ის შესაბამისი. თუმცა ამ პროცესის პარალელურად უნდა განახლდეს საავტომობილო პარკიც, რაშიც პრობლემა ჯერ კიდევ გვაქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წელს რეგისტრირებული იყო 1 321 569 ავტოსატრანსპორტო საშუალება. ავტოპარკის 45,5% 20 წელზე ძველი სატრანსპორტო საშუალებაა, 3,9% 4-6 წლისაა, 1,9% კი - 4 წლამდე. მათ შორის დიზელის საწვავზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მთლიანი ავტოპარკის 30%-ს შეადგენს.

კიდევ უფრო რთული ვითარებაა იმ კუთხით, რომ ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს სატრანსპორტო საშუალებებზე ეკოლოგიური სტანდარტი, საქართველოში შეუზღუდავად შემოდის დაბალი ეკოლოგიური კლასის სატრანსპორტო საშუალებები. უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში სატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიური სტანდარტი ასწრებდა კიდეც საწვავის ხარისხის სტანდარტს,“ - აღნიშნა მთვრალაშვილმა.

2020 წლიდან თუ ამოქმედდება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტი, ერთადერთი ქვეყანა ყველა იმპორტიორი ქვეყნიდან, საიდანაც დიზელის საწვავი ვეღარ შემოვა, იქნება აზერბაიჯანის რესპუბლიკა. ამ დროს აზერბაიჯანი არის საქართველოს საიმედო სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ევრო-5-ის სტანდარტის ამოქმედების პარალელურად ქვეყანაში ევრო-4-ის სტანდარტი 1 წლით შენარჩუნდეს.

იურისტი ლევან ალაფიშვილიც ფიქრობს, რომ არაერთი შიდა და გარე ფაქტორია, რომელთა გაუთვალისწინებლობა ბიზნესის ინტერესს დააზარალებს და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაზეც იმოქმედებს.

„ჯერ კიდევ საფუძვლიანად არ არის გაცხადებული, რა შედეგს ისახავს რეგულაცია. ეკოლოგიაზე მოახდინეს აპელირება, ხოლო ეკოლოგიური გაუმჯობესება მხოლოდ საწვავის სტანდარტის შეცვლით არ მიიღწევა. 20 წელზე მეტი ხნოვანების ავტოპარკს საქართველოში დაახლოებით 90% უჭირავს. მანქანების უმეტესობა გაუმართავია, ამიტომ საწვავის ხარისხთან დაკავშირებით ხისტი მიდგომა ვერ მოიტანს შედეგს, რადგან ამან შეიძლება სოციალური ფონი კიდევ უფრო დაამძიმოს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის განვითარებული და მოქალაქეებს მთავრობა ალტერნატივას, ფაქტობრივად, ვერ სთავაზობს. ვინმე თუ ფიქრობს, რომ ადამიანებმა ფეხით უნდა იარონ, ეს არ არის 21-ე საუკუნის მიდგომა. რეალურად, ბიზნესთან და მოსახლეობასთან კომუნიკაციით შესაძლებელია, უკეთესი შედეგი სწორედ 1 წლის შემდეგ დადგეს, ვიდრე - დღეს“, - აღნიშნა ალაფიშვილმა და დასძინა, რომ მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა თუკი საქართველოს რომელიმე ქვეყანასთან აკავშირებს, აშშ-ის შემდეგ პირველი სწორედ აზერბაიჯანია და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ბზარი არ უნდა გაჩნდეს.