ემზარ კვიციანის ოჯახი საქართველოში დაბრუნდა. ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში კვიციანის საქმე თავიდან იქნება გამოძიებული და სამშობლოში დაბრუნებას თავად ემზარ კვიციანიც შეძლებს. კვიციანების საქმესთან დაკავშირებით კომენტარი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა. მისი თქმით, ემზარ კვიციანის დის, ნორა კვიციანის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი სარჩელი მორიგებით უნდა დასრულდეს. რაც შეეხება თავად ემზარ კვიციანის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, მინისტრის თქმით, მისი შესწავლა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი კვიციანი სამშობლოში დაბრუნდება და ექნება მზაობა, პასუხი გასცეს ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებას ლეგიტიმურად გააჩნია.
„ნორა კვიცანმა წინა ხელისუფლების უსამართლო სასამართლოს და მთელი რიგი უსამართლობების წყალობით ძმის მიერ ჩადენილი შეცდომების შედეგი საკუთარ თავზე იწვნია. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ უნდა დაისაჯოს რეალური დამნაშავე და არა ის, ვინც გგონია, რომ დამნაშავეა. სასჯელი კი, ადეკვატური უნდა იყოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
აღსანიშნავია, რომ ქართულ მედიაში ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ისიც იმედს გამოთქვამს, რომ მალე შეძლებს საქართველოში დაბრუნებას. გარდა ამისა, საქართველოში დაბრუნების სურვილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილმა წევრმა და მოძრაობა „კოკოითი ფანდარასტის“ დამფუძნებელმა, ვლადიმერ სანაკოევმაც გამოთქვა. შეგახსენებთ, ვლადიმერ სანაკოევმა „კოკოითი ფანდარასტი“ 2008 წელს დააფუძნა და ერთ-ერთი აქტიური აქტივისტიც იყო. შემდეგ იგი 2010 წელს რუსეთში გაიქცა და საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოში ყოფნის პერიოდში რუსული სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდა.
შევარდნაძის ყოფილი მაღალჩინოსნების ქვეყანაში დაბრუნებაზე წინასაარჩევნო პერიოდში მუდმივად აპელირებდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის წარმომადგენლებიც ამბობდნენ, რომ ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საქართველოში კანონიერი ქურდები და ყოფილი ხელისუფლების კორუმპირებული ჩინოვნიკები დაბრუნდებოდნენ, ქვეყანას კვლავ სათავეში მოექცეოდნენ და მის ძარცვას დაიწყებდნენ და ა.შ.
ამასთანავე, უკანასკნელ პერიოდში ძალიან გახშირდა დევნილების მიერ სხვადასხვა შენობებში შეჭრის ფაქტები, რამაც ახალ ხელისუფლებას გაუჩინა განცდა, რომ ამ შევარდნებს ორგანიზებული ფორმა აქვს. მართლაც, რამდენიმე შემთხვევაში დადასტურდა, რომ დევნილები, რომლებმაც გარკვეული შენობა დაიკავეს, უკვე ფლობენ საცხოვრებელ ფართებს და კიდევ ახალი საცხოვრებლის მიღებაც სურთ. ცხადია, ვის წისქვილზეც უნდა ასხამდეს წყალს დევნილების თემის წამოწევა, რადგან მათი პრობლემის აქტუალიზაციით და შევარდნაძის ხელისუფლების კორუმპირებული ჩინოვნიკების ქვეყანაში დაბრუნებით ხდება ახალი ხელისუფლების დისკრედიტაცია და საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ ივანიშვილის გუნდი გარკვეულ გამოწვევებს ვერ უმკლავდება.
მართლაც დაბრუნდებიან თუ არა ასეთი ადამიანები საქართველოში და მოუწევთ თუ არა მათ პასუხისგება იმ დანაშაულებზე რაც ჩადენილი აქვთ ქვეყნის წინაშე, ასევე როგორ აპირებს ახალ გამოწვევებზე პასუხის გაცემას ახალი ხელისუფლება, ამ თემაზე for.ge-ს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე ესაუბრება.
ვახტანგ ხმალაძე: „ამ ყველაფერს პასუხი უნდა გასცენ სამართალდამცავმა ორგანოებმა. მათ უნდა შეისწავლონ თითოეული ასეთი ადამიანის საქმე, თუ იყო საკმარისი საფუძვლები, სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდება, ხოლო თუ არ იყო - სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება. მე ზუსტად არ მახსოვს (ეს დასაზუსტებელია) ამ ადამიანების მიმართ შედგა თუ არა სასამართლო და დაუსწრებლად თუ აქვთ მსჯავრი დადებული. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, მაშინ როგორც კი ასეთი პირი საქართველოს იურისდიქციაში მყოფ ტერიტორიაზე აღმოჩნდება, იგი მაშინვე უნდა იქნეს დაკავებული, მის მიმართ დამდგარი განაჩენი უნდა იქნეს აღსრულებული და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გადაისინჯოს ესა თუ ის კონკრეტული საქმე.
თუ მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული და ჯერ განაჩენი არ დამდგარა, მაშინ პროკურატურას შეუძლია ან გააგრძელოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შესაბამისად, თავისუფლების შეზღუდვის ესა თუ ის ღონისძიება გამოიყენოს (დაპატიმრება, გირაო და ა.შ.), ან შეუძლია სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტოს, ეს უკვე სახელმწიფოზეა დამოკიდებული.
სანაკოევს რაც შეეხება, მანდ სხვაგვარად იყო საქმე, რადგან მე მგონი სააკაშვილმა (თუ სააკაშვილმა არა, ყოველ შემთხვევაში ძალიან მაღალი რანგის თანადებობის პირმა) თქვა, ჩვენ მზად ვართ, სანაკოევთან ახლაც გავაგრძელოთ თანამშრომლობაო. ზოგადად, მე არ ვიცი ამ ადამიანებთან დაკავშირებით საქმის წარმოება რა ეტაპზე იყო. ვიცი, რომ კვიციანსა და მამალაძეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული იყო, მაგრამ ამ საქმეების შემდგომი ბედი არ ვიცი, ანუ მივიდა თუ არა ეს საქმეები სასამართლომდე. ასევე არ ვიცი სანაკოევზე დაწყებულია თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა, თუმცა სააკაშვილის ასეთი განცხადება იყო. ამიტომ, ეს ყველაფერი სანახავია, ისე ვერაფერს ვიტყვი. ნებისმიერი ასეთი საკითხი, ვისაც გინდა შეეხებოდეს, სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ მუდმივად აცხადებდნენ, რომ ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქვეყანაში დაბრუნდებოდნენ მუმიები და კიდევ ბევრი სხვა ეპითეტი იყო გამოყენებული. საუბარი იყო სწორედ შევარდნაძის დროინდელ ჩინოვნიკებზე
- არა მხოლოდ, თქვენ მუმიები ახსენეთ და მაშინ ეს ეხებოდა არა მხოლოდ მათ, ვინც სადმე არის წასული, არამედ იმათაც, ვინც საქართველოშია და ვის მიმართაც არანაირი სისხლისსამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს. დიახ, ისინი ამას ამბობდნენ, მაგრამ ახლა შეხედონ რა მოხდება და ამის მიხედვით იმსჯელონ. თუ ადამიანი არ იყო კრიმინალი, თუ ადამიანის მიმართ დაწყებული იყო სისხლისსამართლებრივი დევნა (ჩვენ ხომ არაერთი შემთხვევა ვიცით, როდესაც დევნა უსამართლოდ და უკანონოდ იყო დაწყებული, თუმცა რა თქმა უნდა, ვიღაცეების მიმართ დევნა კანონიერადაც იყო დაწყებული), ამიტომ, ეს ყველაფერი უნდა იქნას შეწავლილი და სამართალსა და კანონზე დაყრდნობით უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული. სადაც დევნა იყო უსაფუძვლო, ის უნდა შეწყდეს, ხოლო თუ საფუძვლიანი იყო, უნდა გაგრძელდეს. სადაც დევნის კანონიერი საფუძველია, საქმე არ შეწყდება. ამის გარანტიას მე ვიძლევი. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ უსამართლოდ ვის მიმართაც იყო დევნა განხორციელებული, იქ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სამართლიანობა აღდგეს.
რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 150-მდე საქმეზე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მიერ (მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების) ნათქვამია, რომ ამ ადამიანთა დევნის საფუძველი იყო პოლიტიკური მოტივი. ამით იმის თქმა მინდა, რომ არსებობენ ის ადამიანები, ვის მიმართაც, მათი საქმეების შესწავლის საფუძველზე, ნათქვამია, რომ ისინი უკანონოდ იქნენ დაპატიმრებულები და გასამართლებულები. ეს საქმეებიც უნდა იქნას შესწავლილი და უნდა მივიღოთ კანონიერი გადაწყვეტილებები. უსამართლოდ არავინ უნდა დაისაჯოს.
ბატონო ვახტანგ, ძალიან აქტუალური თემაა დევნილების სხვადასხვა შენობებში შეჭრა, რასთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი ორგანიზებულ ხასიათს ატარებს. ამგვარი აზრი საზოგადოებაშიც მუსირებს. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კი განაცხადა, რომ სხვადასხვა შენობებში უკანონოდ შეჭრილ დევნილებს ამ ფართების დატოვება მოუწევთ. როგორ აპირებს ხელისუფლება ამ პრობლემის, ასე ვთქვთ, უმტკივნეულოდ მოგვარებას?
- უმტკივნეულოდ ნამდვილად ვერ მოხდება, რადგან უკვე ოცი წელია დევნილები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. ლამის ოცი წელია ხელისუფლებას მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არაფერი გაუკეთებია. ცალკეულ შემთხვევებში, რაღაც ნაწილი კი დაკმაყოფილდა, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან დიდია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისი უფლებებიც დარღვეულია, თუმცა მათი უფლებების აღდგენა არ შეიძლება სხვების უფლებების დარღვევის ხარჯზე მოხდეს. თქვენ საკუთრებაში რომ ვინმე შეიჭრას, ვინც მძიმე მდგომარეობაშია, ეს ხომ მას არ ამართლებს? რადგან ის მძიმე მდგომარეობაშია, ხომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ მოდი მან თქვენი საკუთრების უფლება შელახოს? სახელმწიფომ თქვენი უფლებებიც უნდა დაიცვას. ამიტომ აქ ყველაფერი სამართლიანად უნდა გადაწყდეს და ჩვენ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დევნილთა პრობლემა მოვაგვაროთ. რა თქმა უნდა, ერთბაშად ეს ვერ გაკეთდება. ახლა რაც ხდება, ანუ სხვადასხვა ადგილებში შეჭრა, ამასთან დაკავშირებით მეც მაქვს ეჭვი, რომ ეს ორგანიზებულად კეთდება.
მედიისა თუ საზოგადოების მხრიდან რამდენიმე დევნილი იმაშიც იყო მხილებული, რომ მათ აქვთ საცხოვრებელი, მაგრამ ისინი მაინც იჭრებიან სხვადასხვა ფართში.
- დიახ, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის, მანდ სხვადასხვაგვარი შემთხვევები იყო. მათი ნაწილი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ არის მეორე ნაწილი (რამდენია მე ნამდვილად არ ვიცი), რომელმაც სახელმწიფოსგან კომპენსაცია მიიღო, ჰქონდა ბინები, შემდეგ ეს ბინები გაყიდეს და ახლა ისევ სახელმწიფოს მხრიდან ითხოვენ კომპენსაციას იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რაც მათ თავის დროზე მიადგათ. იმას, ვისაც სახელმწიფოსგან ერთხელ უკვე მიღებული აქვს კომპენსაცია, ცხადია მეორედ მას არ ეკუთვნის, მაგრამ ზოგიერთები სარგებლობენ იმით, რომ მართლაც ვისაც ეკუთვნის, იმათთან ერთიანდებიან და ცდილობენ მიიღონ ის, რაც არ ეკუთვნით. რასაკვირველია, ასეთი ადამიანების მიმართ დამოკიდებულება სხვაგვარი უნდა იყოს, მაგრამ ის, ვისაც ეკუთვნოდა, დღესაც ეკუთვნის და დღემდე სახელმწიფოს მასზე არ უზრუნია, დღეს ხელისუფლებამ სწორედ ასეთ ადამიანებზე უნდა იზრუნოს.