ექვსწლიანი განშორების შემდეგ ემზარ კვიციანის ოჯახი წუხელ საქართველო-მინსკის რეისით სამშობლოში დაბრუნდა. კვიციანის მეუღლე, თეთნულდ ანსიანი, იმედს გამოთქვამს, ახალი ხელისუფლება მათ საქმეს ობიექტურად გამოიძიებს და გამოძიების შემდეგ ემზარ კვიციანიც დაბრუნდება საქართველოში. ამასთან, იგი პირადად უცხადებს მადლობას ბიძინა ივანიშვილს, რადგან მის ოჯახს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.
როგორც ცნობილია, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში სპეციალური რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი ვარდების რევოლუციის პერიოდში გადადგა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. დაახლოებით ორას თანამოაზრესთან ერთად კვიციანი კოდორის ხეობას აფარებდა თავს. 2006 წლის ივლისში განხორციელებული ოპერაციის შედეგად საქართველოს სპეციალური დანიშნულების სამხედრო რაზმმა მისი მომხრეების უმრავლესობის განიარაღება შეძლო, თუმცა თავად კვიციანმა რამდენიმე ახლო პირთან ერთად გაქცევა მოახერხა.
ამის შემდეგ ქართველმა სამართალდამცავებმა კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციის მიწოდებისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესეს და მასზე 2006 წელს უკანონო ფორმირებების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებით სისიხლის სამართლის საქმე აღძრეს.
იმის გამო, რომ ემზარ კვიციანი ვერ მოიხელთეს, 2006 წლის 26 ივლისს კოდორის ცნობილი მოვლენების დროს ნორა კვიციანი დააპატიმრეს. იმთავითვე ცხადი იყო, რომ იგი საკუთარი ძმის- ემზარ კვიციანის გამო იყო აყვანილი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ამბოხებულად გამოაცხადა.
დღეს კი ნორა კვიციანის შვილი, მაია არღვლიანი აცხადებს, რომ ნორა კვიციანს იმედი აქვს, „ქართული ოცნება“ პოლიტპატიმრებისთვის მოიცლის.
"ჩათვალეთ, რომ დედაჩემი დღეს თავისუფალია, რადგან ქართველი ერი მძევლობისგან და დიქტატორული რეჟიმისაგან გათავისუფლდა. სწორედ ამისთვის ლოცულობდა ის“, - აცხადებს მაია არღვლიანი.
მისივე თქმით, რუსთავის №5-ე ქალთა დაწესებულებაში ნორა კვიციანს პატიმრობის ვადა იანვარში ეწურება, თუმცა მისთვის მთავარია, სიმართლემ იზეიმოს. ამასთან, არღვლიანი აცხადებს, რომ ნორა კვიციანი პოლიტიკურად გააქტიურებას არ გეგმავს.
ისიც ცნობილია, რომ ნორა კვიციანის გვარი შეწყალების კომისიის სიაში მოხვდა, მაგრამ დაიბლოკა. უფრო მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, ნორა კვიციანის შეწყალების საკითხი საპატრიარქომ დასვა და კომისიამ მისი გვარი, დანარჩენებთან ერთად, საახალწლოდ პრეზიდენტს გაუგზავნა. თუმცა მისი შეწყალების საკითხი პრეზიდენტმა თავად დაბლოკა.
ის ფაქტი, რომ ნორა კვიციანს ახლო ურთიერთობა აქვს საპატრიარქოსთან, სიახლე არ არის. იგი მორწმუნეა და საპატრიარქოდან მნახველები მასთან ხშირად შედიან. პატრიარქმა კი მას საჩუქრები რამდენჯერმე შეუგზავნა, მათ შორის - საკუთარი პალტო, ყელსახვევი და საეკლესიო ნივთები. გარდა ამისა, პატრიარქმა იგი საპყრობილეში რამდენჯერმე მოინახულა. ეს ამბავი თითქმის გაუხმაურებელი იყო. ამბობდნენ, რომ მაშინ ნორა კვიციანმა პატრიარქს საპატიმროში შესვლა სთხოვა.
For.ge ნორა კვიციანის ადვოკატს, პაატა ბუჩუკურს ესაუბრა. მისი თქმით, ისინი სარჩელის შეტანას არა პროკურატურაში, არამედ სასამართლოში აპირებენ და იმედი აქვთ, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტპატიმრებისთვისაც მოიცლის.
„ნორა კვიციანი ჯანმრთელად არის, თავს კარგად გრძნობს, სრული სასჯელის მოხდამდე სულ რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი. საქმე სტრასბურგშია გაგზავნილი და მის განხილვას ველოდებით. თუ სამართლიანი სასამართლო განიხილავს ნორა კვიციანის საქმეს, იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოშივე ერთმნიშვნელოვნად დიამეტრალურად განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს გადაწყვეტილება სულ სხვა იქნება იმასთან შედარებით, რომელიც ძველი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული, რადგან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაასამართლეს იგი“, - გვითხრა პაატა ბუჩუკურმა.
მისივე განმარტებით, ნორა კვიციანის ვადაზე ადრე გათავისუფლება შეიძლება მოხდეს საქმის გადახედვის გარეშეც, რის შემდეგაც შესაძლოა, ახლადგამოვლენილი გარემოებით კვლავაც მიემართოს სააპელაციო სასამართლოს საქმის გადახედვის თაობაზე.
„მოგეხსენებათ, ახლადგამოვლენილი გარემოება ახალ მტკიცებულებებს ითვალისწინებს. არ ვიცი, ასეთი მტკიცებულებები იქნება თუ არა, მაგრამ, მე ვფიქრობ, სავარაუდოდ - იქნება, რადგან უამრავი მოწმე ზეწოლის ქვეშ იქნა დაკითხული მაშინ, როცა ნორა კვიციანს უკანონო შეირაღებული ფორმირების შექმნას აბრალებდნენ. ეს აშკარად ჩანდა სასამართლო პროცესებზე. ფაქტობრივად, დაკითხვა ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობდა, რამდენიმე მოწმეც დააპატიმრეს მაშინ იმის გამო, რომ მათ არ დაადასტურეს ის ჩვენება, რომელიც თითქოსდა მათ მისცეს გამოძიების პროცესში“, - აღნიშნა ადვოკატმა.
მანვე ვერ დაგვიდასტურა, თავის დროზე მიმართა თუ არა პატრიარქმა კომისიას ნორა კვიციანის შეწყალების თაობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ საპატიმროში პატრიარქმა ნორა კვიციანი რამდენჯერმე მოინახულა. პაატა ბუჩუკური აცხადებს, რომ ნორა კვიციანი საკმაოდ ამაყი ქალბატონია და უთქვამს, მე შესაწყალებელი არაფერი მჭირსო. იგი არა მარტო თავად მიიჩნევს თავს პოლიტპატიმრად, არამედ შეყვანილია პოლიტპატიმართა სიაში. პოლიტპატიმრის სტატუსი კი ერთგვარი დასტურია, რომ მის მიმართ მართლმსაჯულება კანონიერად არ განხორციელდა. როგორც წესი, ეს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნის საფუძველზე ხდება.
„სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, ვერ გეტყვით, პოლიტპატიმრის სტატუსი რას მისცემს კონკრეტულად ქალბატონ ნორას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს ერთგვარი შეფასებაა. ერთია, როდესაც ადამიანი თავად აცხადებს, რომ მის მიმართ უკანონო განაჩენი იქნა გამოტანილი; მეორეა, როცა ადვოკატი ამავეს ადასტურებს და სულ სხვაა, დამოუკიდებელი ექსპერტები როცა პოლიტპატიმრად აღიარებენ“.
რამდენადაც ადვოკატისთვისაა ცნობილი, ნორა კვიციანის მიმართ ფიზიკური ზეწოლა ციხეში არ ხორციელდებოდა. ამ ეტაპზე პაატა ბუჩუკური ვერ გვიკონკრეტებს, უშუალოდ რომელი მაღალჩინოსნის დანაშული გამოიკვეთება ამ საქმეზე. მისი თქმით, ეს ცალკე გამოძიების საკითხია და მისი მხრიდან სწორი არ იქნება წინასწარი შეფასება. თუმცა, ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი აზრით, სწორედ საკუთარი ძმის გამო დააპატიმრეს ნორა კვიციანი; დაპატიმრების სხვა ლოგიკური საფუძველი არ არსებობდა და არც არსებობს.
ცნობისთვის, დაკავებამდე ნორა კვიციანი კოდორის ხეობის სოფელ აჟარის გამგებელი იყო. ნორა კვიციანის მიმართ, საქმე ერთდროულად რამდენიმე მუხლით აღიძრა. კერძოდ, მას უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში, იარაღის უკანონო შენახვასა და მისი გამგებლობის დროს სახელმწიფო ქონების - 75 ათასი ლარის მითვისებაში ედებოდა ბრალი. მოგვიანებით ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას თავისუფლების 6 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა. საქმემ საქართველოში სამივე სასამართლო ინსტანცია გაიარა.
თავად ნორა კვიციანი წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებს. მსჯავრდებულის აზრით, ის იმისთვის ისჯება, რომ ხეობა შეინარჩუნა. მისი საქმე 2007 წელს სტრასბურგში გაიგზავნა. ამ დროისთვის მას ნომერი უკვე აქვს მინიჭებული, განხილვა კი ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა.