ირმა ჭკადუა: „თუკი აღმოჩნდება, რომ ომეხ აფრასიძეს ცალ ხელზე თითი მოაჭრეს,   მაშინ რას იტყვის გია ბარამიძე?!“

ირმა ჭკადუა: „თუკი აღმოჩნდება, რომ ომეხ აფრასიძეს ცალ ხელზე თითი მოაჭრეს, მაშინ რას იტყვის გია ბარამიძე?!“

აფრასიძეების ოჯახის ტრაგედია კრიმინალებთან დაუნდობელი ბრძოლის მოტივით განხორციელდა. სინამდვილეში კი ამ სპეცოპერაციის მიზეზი ლევან კალაძის გატაცებისა და მოკვლის საქმეში აფრასიძეების დადანაშაულება იყო. ამიტომაც არ სურდათ, ცოცხლად გადარჩენილიყო ომეხ აფრასიძე, რომელიც სიმართლეს იტყოდა. For.ge-ს ადვოკატი ირმა ჭკადუა ესაუბრება.  

თქვენ აცხადებთ, რომ 2009 წლის 2 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრორედისონისგახსნისას, პრაქტიკულად, აღიარებითი ჩვენება მისცა, სადაც აღიარა, რომ აფრასიძეების ოჯახის დაბომბვისა და ამოჟლეტის განკარგულება პირადად გასცა.

- მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სადამსჯელო სპეცოპერაცია 2004 წელს ჩატარდა, ამ რამდენიმე დღის წინ გია ბარამიძემ თავის გამოსვლაში ე.წ. სპეცოპერაციას უკვე თვითონაც ომი უწოდა. ეს მართლაც ასეა. რეალურად, სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებს, ერთ ოჯახს ომი გამოუცხადა. მეორე მხარეზე კი ამ ომში მონაწილეობდა ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების ოჯახი.

სამაგიეროდ, სახელმწიფოს მხრიდან მეტად შთამბეჭდავი, 1200 კაციანი შემადგენლობა იყო გამოყვანილი.

- დიახ, 1200 კაცი, 12 ვერტმფრენით, ყუმბართმტყორცნებით, ტყვიამფრქვევით, ყველანაირი შეიარაღებით, რაც კი შეიძლება არსებობდეს ომის მიმდინარეობისას. ამის შესახებ ოფიციალური მონაცემებიც არსებობს, რომ ტამიშის ომში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას იღებდა 800 ადამიანი. მოგეხსენებათ, ტამიშის ომის დროს ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები ხორციელდებოდა. თუმცა იქაც კი სახელმწიფომ მხოლოდ 800 ადამიანი გაუშვა.

რით ხსნით, რომ აფრასიძეებზე შეტევა ასე მასობრივად მოხდა? რეალურად, ეს სვანეთის დაშინების მცდელობა იყო?

- რასაკვირველია, ეს იყო ვარდების რევოლუციის შემდგომ ერთ-ერთი პირველი სადამსჯელო ღონისძიება, რითაც სრულიად საქართველოს ე.წ. ნაციონალურმა ხელისუფლებამ, რომელიც შემდგომ ცხრა წლის განმავლობაში მართავდა ჩვენს ქვეყანას, მესიჯი გაუგზავნა მოსახლეობას, თუ როგორ გაუსწორდებოდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ წინააღმდეგ წავიდოდნენ. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის, რომ მაშინდელი ახალი ხელისუფლების მიმართ ამ ოჯახს არანაირი პრეტენზია არ ჰქონია და არანაირი დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი. უფრო მეტიც,  2001 წელს ამ ოჯახის მიმართ განხორციელდა ერთჯერადი აქტი, რომელიც მათ შემორიგებას მოიაზრებდა.

ამ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა მაშინდელი შს მინისტრის მოადგილე, ბატონი თამაზ ალანია, ასევე, სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ბატონი ჯამბურია (თიკა ჯამბურიას მამა), და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი. იმის გამო, რომ იმ დანაშაულიდან დიდი დრო იყო გასული, რა დანაშაულსაც ამ ოჯახის ორ წევრს (ევგენი და ომეხ აფრასიძეებს) ედავებოდნენ, მათ მიმართ შემორიგების აქტი განხორციელდა და მათ მიმართ ყველანაირი დევნა შეწყდა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ოჯახში ნამდვილად ცხოვრობდა ომეხ აფრასიძე, კრიმინალური წარსულის ადამიანი, და მას გარკვეული შეხება ჰქონდა პოლიციელებთან, რაც ორ შემთხვევაში ფატალურად დასრულდა. ვგულისხმობ იმას, რომ პოლიციელებთან შეტაკებისას მის მიერ გასროლილი იარაღიდან ფეხის არეში (ერთი დაიჭრა ბარძაყში, მეორეც - ფეხის არეში) დაიჭრა ორი პოლიციელი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არცერთი მათგანი სასიკვდილო ცეცხლსასროლი ჭრილობა არ ყოფილა და ფეხის არეში იყო მიყენებული. თუმცა მათი გარდაცვალება სწორედ იმიტომ მოხდა, რომ  სამართალდამცავებმა სათანადო  მკურნალობა არ აღმოუჩინეს, არ გადაიყვანეს საავადმყოფოს პირობებში და, როგორც სისხლის სამართლის მასალებით ირკვევა, მათი სიკვდილის მიზეზი სისხლისგან დაცალა.

რატომ ჰქონდა პოლიციელებთან დაპირისპირება ომეხ აფრასიძეს?

- მას წარსულში ჰქონდა გარკვეული დაპირისპირება პოლიციელებთან, რასაც არ უარვყოფთ და ვამბობთ, რომ ამ ოჯახში ნამდვილად ცხოვრობდა ასეთი ადამიანი.

გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, თითქოსდა, აფრასიძეების ოჯახს რაიმე სახით შეხება ჰქონოდა ლევან კალაძის გატაცებასთან. რეალურად იყვნენ თუ არა აფრასიძეები ჩართულნი ამ საქმეში? როგორც ცნობილია, ფულის გადაცემა სწორედ მათი სახელის გამოყენებით მოხდა.

- შესაძლებელია, ადამიანთა რომელიმე ჯგუფმა მათი სახელი გამოიყენა. როცა ომეხის მამა ევგენი აფრასიძე დააკავეს, სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა მაშინდელი მინისტრის მოადგილე შოთა ჯაფარიძე. ეს ადამიანი დღესაც ცოცხალია, ის გენერალია და მან ამ ოჯახის ისტორია თავიდან ბოლომდე იცის. თვითონ ბატონი შოთა უშუალოდ იყო ჩართული ამ მოლაპარაკებებში, რადგან ომეხს ძალიან სერიოზული რეაქცია ჰქონდა ამ ბრალდებასთან დაკავშირებით. ის მზად იყო, ჩაბარებოდა სამართალდამცავებს. ამას დაგიდასტურებენ ბატონი შოთა ჯაფარიძე და, ასევე, ბატონი საგინაძე, რომელიც ახლა ზუსტად ამ საქმეზეა დაკავებული. ისიც შს სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გახლდათ. პრაქტიკულად, კონკრეტული დღის შესახებ უნდა შეთანხმებულიყვნენ, თუ რა დღეს მოხდებოდა ომეხ აფრასიძის ჩამოსვლა. ამ ინფორმაციამ გაჟონა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს სურდა, გაეხსნა ლევან კალაძის მკვლელობის ამბავი, მეორე მხრივ, მათ უნდოდათ, ამ მკვლელობასთან დაკავშირებული და რეალურად თითქოსდა შემსრულებლები, გამტაცებლები და მკვლელები აფრასიძეები ყოფილიყვნენ; მესამე, მათ არ სურდათ, ცოცხლად გადარჩენილიყო ომეხ აფრასიძე, რომელთანაც ვინმეს თუ კითხვები გაუჩნდებოდა (თუნდაც ადვოკატებს, ან სასამართლოს) და ეს კითხვები დაისმებოდა, მას აუცილებლად ექნებოდა რეაქცია და აუცილებლად დაამტკიცებდა, რომ არანაირი შეხება კალაძეების ტრაგედიასთან არ ჰქონდა.

აქ ფულის გადაცემაზე იყო საუბარი, რომელიც ვიღაცამ აიღო ვითომდა აფრასიძეების სახელით.

- დიახ, აქ თანხაზე იყო საუბარი. გარდა ამისა, შსს-ს მესვეურებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ, აფრასიძეებს ამ საქმესთან შეხება არ ჰქონიათ, მაგრამ მათ სურდათ, პრეზიდენტის წინაშე თავი გამოეჩინათ და გახსნილად გამოეცხადებინათ ასეთი რეზონანსული საქმე. ასევე, უნდოდათ, რომ ეს საქმე აფრასიძეებს დაბრალებოდათ და ამ საქმის მოწმე ცოცხლად არ გადარჩენილიყო. ამდენად, ეს მიზანმიმართულად დადგმული სპექტალი გახლდათ. უფრო მეტიც, ეს იყო დანაშაული. ამიტომაც იყო, რომ ზარზეიმით, ერთი-მეორის მიყოლებით ბატონი ადეიშვილი და მერაბიშვილი ნიშნავდნენ პრესკონფერენციებს და ამბობდნენ, რომ მათ მიერ ამოღებული იყო გვამები, ნაპოვნი იყო კალაძისა და გოგინაშვილის გვამები, რაც სამარცხვინო ფაქტი იყო.

სინამდვილეში, ეს ისტორიული სამარხიდან ამოღებული გვამები იყო.

- რა თქმა უნდა. როდესაც მე-19 საუკუნის სამარხები გათხარეს და თბილისში ჩამოიტანეს, ექსპერტიზის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ 30-ზე მეტი ადამიანის გვამის ფრაგმენტი იყო აღნიშნულ გვამებს შორის. ამიტომ ისინი დადგნენ დილემის წინაშე და ყველაზე ცუდი, რაც გააკეთეს და რაც მათ სახეს ნიღაბს ხდის, ის იყო, რომ ეს გვამები ჩაყარეს ერთ დიდ ტომარაში, ჩაიტანეს და სოფელ ეცერში, სადაც რაღაც მოსაცდელივით იყო და იქ დაყარეს. ისიც არ იკადრეს, მიესვენებინათ და ისევ იქ დაესაფლავებინათ.

ესენი აფრასიძეების წინაპრების ნეშტები იყო?

- არა მარტო. იქ იყო აბსოლუტურად სხვა საგვარეულოს მე-18 საუკუნის ნეშტები. ამჟამად ის გვარი საერთოდ გადაშენებულია და აღარ არსებობს. ასე რომ, რამდენიმე გვარის საგვარეულო საფლავი იყო.

ამჯერად გია ბარამიძე აცხადებს, რომ იგი გამოძიებას აფრასიძეების საქმის ძიებაში  დაეხმარება.

- ამდენი ხნის განმავლობაში ბარამიძეს სურვილი არ ჰქონია, პასუხი გაეცა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მომსწრე ვარ, როდესაც ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე მუშაობდა საგამოძიებო ფილმის გასაკეთებლად, ჩვენ რამდენიმე მცდელობა გვქონდა. ეს იყო კომახიძის დიდი სურვილი, ფილმი არ ყოფილიყო ცალმხრივი და იქ მეორე მხარეც დაფიქსირებულიყო. მას ჩამოწერილი ჰქონდა კითხვები, რამდენჯერმე მივიდა კანცელარიაში. ჰქონდა ორი შეხვედრა, თავიდან, თითქოსდა, იყო თანხმობა, შემდეგ კი, როდესაც კითხვები გაიცვალა და ბარამიძის წარმომადგენელმა ნახა, თუ რა შეკითხვები შეიძლებოდა, დასმულიყო, მათ უარი განაცხადეს. ამდენად, ეს არის კიდევ ერთ-ერთი ტყუილი, რომელიც ახლა გამჟღავნდა - აქამდე ბარამიძე საერთოდ უარყოფდა და აცხადებდა, რომ მას თურმე შესაძლებლობა არ მისცეს, ამ ფილმში მონაწილეობა მიეღო და პოზიცია დაეფიქსირებინა. არადა, ამის ცოცხალი მოწმეები არსებობენ. მათ შორის, ვახტანგ კომახიძე, ადვოკატები, ბოლოს და ბოლოს, არსებობს ბარამიძის წარმომადგენელი, რომელთანაც კომახიძეს შეხვედრა ჰქონდა. 

მაშინ რატომ აცხადებს ბარამიძე თანამშრომლობისთვის მზადყოფნას? იმიტომ ხომ არა, რომ ისედაც იცის, ამ საქმის ხელახალი გადახედვა მოხდება და ცდილობს, თავადაც შეჰყვეს ამ პროცესს?

- რა თქმა უნდა, შეჰყვა ამ ყველაფერს.

სხვათა შორის, მან აღნიშნა, თითქოს, იგი სპეცოპერაციის შემდგომ ჩაფრინდა სვანეთში.

- ამით ის უკვე ცდილობს, გარკვეული პერიპეტიები გამოკვეთოს, თუ, სავარაუდოდ, რა ჩვენებას მისცემს გამოძიებას, როდესაც იგი დაიკითხება; მაგრამ ამ საქმეზე უკვე 400 ადამიანია დაკითხული ბატონი კომახიძის ფილმის მიმდინარეობისას. გარდა ამისა, ჩვენი ანუ ადვოკატების მიერ დაახლოებით ამდენივე ადამიანია გამოკითხული. ბატონი მინდია უგრეხელიძის თავმჯდომარეობით აღნიშნული საქმე სახალხო სასამართლომაც განიხილა და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ამ ორი ადამიანის გამართლების თაობაზე.

ამდენად, რეალურად არსებობენ მოწმეები, რომლებიც ხელს ადებენ ამ ადამიანებს, არა მარტო ბარამიძეს, ასევე, ადეიშვილს და მერაბიშვილს, რომლებიც ამ სპეცოპერაციის დროს, ასევე, იქ ბრძანდებოდნენ. ის აგრესიული ტონი, რომელიც ბარამიძეს ამ საქმესთან მიმართებით აქვს და მეტად ღელავს, როცა ამ საკითხზე საუბრობს, დასაწყისშიც შეიმჩნეოდა, როგორც კი აღნიშნული სპეცოპერაცია ჩატარდა.

ადვოკატებს მაშინვე გვქონდა პრეტენზიები, როცა ეს ადამიანები ჯერ დაიჭირეს, შემდეგ დახვრიტეს. თუ მათ ომეხ აფრასიძის ცოცხლად გადარჩენა უნდოდათ, მაშინ ხელბორკილდადებული რატომ გამოიყვანეს სახლიდან, ჩაიყვანეს ორღობეში და, ასევე,  ბორკილებდადებული მეზობლის ეზოში რატომ დახვრიტეს?! რეალურად, მათ არ უნდოდათ, ეს ადამიანი თბილისში ჩამოეყვანათ, მის მიმართ კითხვები დასმულიყო და მას სიმართლე ეთქვა. ანუ ეს იყო მიზანმიმართული მკვლელობა, წინასწარ დაგეგმილი. ახლა მე ვერ ვიტყვი, უშუალოდ რომელმა სპეცნაზელმა განახორციელა ეს დანაშაული, მაგრამ ამ ადამიანს ბეჭედი რომ ვერ მოხსნეს, მას თითი მოაჭრეს. სხვათა შორის, ამაზე პასუხი გასცა ბარამიძემ, ლეგენდებს ყვებიანო. ლეგენდებს არავინ ყვება. მათივე წყალობით, ამ საქმეზე ომეხ აფრასიძეს არ ჩატარებია ექსპერტიზა. მართალია, ოჯახმა მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ მათ დაურეკეს და კატეგორიულად გააფრთხილეს, ექსპერტიზაზე უარი ეთქვათ.

ამიტომ დღის წესრიგში დღესაც დგება, რომ აუცილებლად ჩატარდება ექსგუმაცია და გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდება. თუკი აღმოჩნდება, რომ მას ერთ ხელზე თითი არ აქვს,  ძალიან მაინტერესებს, მაშინ რას იტყვის ბარამიძე?! ეს ნამდვილად არ იქნება დაგვიანებული, საამისო ფრაგმენტები უნდა იყოს. გარდა ამისა, ბარამიძეს შევახსენებ, რომ თავიდანვე, როდესაც ადვოკატებმა პრეტენზია გამოვთქვით, მას ჰქონდა ვრცელი საგაზეთო სტატია და პირდაპირ ამბობდა, აფრასიძეების ადვოკატებს კბილებში მოხვდებათო. ანუ ის იმ წუთიდან გვემუქრებოდა. ეგონათ, მუდმივად იქნებოდნენ ხელისუფლებაში.

კუბდარის თემასაც შევეხოთ, რის გამოც ბარამიძეს „კუბდარა“ შეარქვეს.

- ესეც არ არის ადვოკატების ან ვახტანგ კომახიძის ფანტაზიის ნაყოფი. ერთ-ერთმა რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც ჩვენ ამ ფაქტების გამოძიებისას ვხვდებოდით,  სრულიად შემთხვევით გაიხსენა, რომ მას შემდეგ, რაც ციდან ტყვიების წვიმა დასრულდა, სამალავებიდან გამოსულან. ცეცხლის წაკიდების შემდეგ ისინი მისულან სახლთან, რათა ევგენის გვამი როგორღაც გამოეტანათ იქიდან. თუმცა სოფლის მოსახლეობას ამის უფლება ბარამიძემ არ მისცა. იგი ხელებს ითბობდა იმ ცეცხლში, რომელშიც ევგენის გვამი იწვოდა. თოვლი იყო და იქაურები იხსენებენ, მას რა ეცვა და ხელებს როგორ უსვამდა ერთმანეთს. ამის შემდეგ მას უთქვამს, თქვენ კარგი კუბდარი და სულგუნი იცით და მოიტანეთო. სხვათა შორის, ამის გამო ქალებს სერიოზული რეაქცია ჰქონდათ. ერთ-ერთმა ქალბატონმა დაწყევლა კიდეც.

არ მიუტანეს კუბდარი და ამის შემდეგ კონსერვები ამოატანინა?

- დიახ, მან გაგზავნა მისივე თანამშრომლები, სპეცრაზმის წევრები და მიიტანეს კონსერვები, იქვე შეჭამეს. დაახლოებით ორ-სამ მეტრში იყო ომეხ აფრასიძის გვამი, რომელსაც „ადიალა“ ჰქონდა გადაფარებული და მეორე „ადიალა“ გოჩა აფრასიძის გვამს ჰქონდა გადაფარებული. მათ ეგონათ, რომ გოჩა გარდაცვლილი იყო და მასაც „ადიალა“ გადააფარეს. თუმცა შემთხვევით ნახა ექიმმა, რომ მას მაჯა უცემდა და გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამის შემდეგ როგორ შეიძლება, ბარამიძეს მორალური უფლება ჰქონდეს, გამოვიდეს და რაიმე სახის თავის მართლებას მოჰყვეს?! აქ არა მარტო პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, არამედ პირდაპირ დღის წესრიგში დგას მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი - ბარამიძის, სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის გარეშე ამ ყველაფერს ვინმე გაბედავდა?!

სხვათა შორის, თვითონ ბატონმა სააკაშვილმა გაგვიადვილა საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი გვქონდა და ვფიქრობდით, რომ ასეც უნდა ყოფილიყო და სააკაშვილის ბრძანების გარეშე ასეთი დონის ომს ვერ გამოაცხადებდნენ ეს ადამიანები, „რედისონის“ გახსნისას სრულიად სხვა თემებთან დაკავშირებით ახსენა აფრასიძეები. არადა, საუბარი იყო სულ სხვა საკითხზე, მაგრამ სწორედ ეს არის დამნაშავის ფსიქოლოგია, როდესაც დანაშაული არ აძლევს მოსვენებას, ან მიდიან დანაშაულის ადგილზე, ან მასზე საუბრობენ.

სააკაშვილმა საკმაოდ ხანგრძლივად ისაუბრა ამ თემაზე და აღიარებითი ჩვენება მისცა სრულიად საქართველოს. აღნიშნული კადრები, ასევე, გავგზავნეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. „აფრასიძეები საქართველოს წინააღმდეგ“ უკვე მიღებულია წარმოებაში და ველოდებით გადაწყვეტილებას. არცთუ სახარბიელო სიტუაცია იქნება, მაგრამ საკმაოდ მკაცრ რეკომენდაციებს ველით, ვინაიდან პრეცენდენტულ სამართალშიც კი ჩვენ გაგვიჭირდა და თითქმის ვერ ვნახეთ მსგავსი ტიპის მძიმე დანაშაული, რომელიც შეიძლებოდა, სასამართლოს განეხილა. პრაქტიკულად, ოჯახი დაბომბეს, დაარბიეს, მოკლეს, დაიჭირეს. ამ სპეცოპერაციას, ასევე, შმაგი აფრასიძის მეუღლის ფსიქიკური პრობლემა დაერთო და ის დღესაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფება. ოთხი პატარა მცირეწლოვანი ბავშვი და 70 წლის ქალბატონი დოდო აფრასიძე უბინაოდ, უსახსროდ დარჩნენ და ამ ქვეყანაში არ გამოჩნდა არცერთი ადამიანი, ვისაც შეიძლებოდა, ერთი პური მიეწოდებინა. არავინ დაინტერესებულა, ეს ბავშვები სად ცხოვრობენ, სად სწავლობენ, რითი იკვებებიან.

ადგილობრივი სვანები არ დაეხმარნენ?

- ადგილობრივი სვანები და ნათესავები დაეხმარნენ იმაში, რომ ეს ოჯახი თვეობით ნათესავებთან სხვადასხვა ადგილას ცხოვრობს. მათ არ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი სახლი და, პრაქტიკულად, ბავშვები მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან. ბავშვებს იმხელა სტრესი აქვთ მიღებული, ისინი ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავდნენ. ყველაზე უარესი, როდესაც ქალბატონი დოდო, შმაგი და მათი დედა ცდილობდნენ,  ბავშვები დაემალათ და მიეფარებინათ მათთვის „ადიალები“, საბნები და ქვაბებიც კი, იმისთვის, რომ ტყვიები აესხლიტათ. ქალბატონი დოდო იხსენებს, ბოლოს   სპეცრაზმის თანამშრომლები სახლში შევარდნენ და, როცა ავმოძრავდით,  ლოგინების ქვემოდან გამოძრომა დავიწყეთ, მათ გვითხრეს, როგორ, თქვენ კიდევ ცოცხლები ხართო?! არ ეგონათ, რომ იქ ვინმე ცოცხალი გადარჩებოდა.

2009 წელს, როდესაც პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება გააკეთა, მაშინვე მივმართეთ იმდროინდელ მთავარ პროკურორს. ეს არის საკმაოდ მოცულობითი განცხადება. დაახლოებით, საბრალდებო დასკვნასაც კი ჰგავს, რადგან ჩვენ მუხლობრივად ვამბობთ, რომელმა ადამიანმა რა დანაშაული ჩაიდინა და უფრო მეტი აქცენტი პრეზიდენტის მიმართ გვქონდა, რადგან სწორედ მის განცხადებას მოჰყვა ეს ყველაფერი. მათ მიერ ჩამოყალიბებული მართლმსაჯულების პირობებში სასამართლო, რომელსაც სხვაგვარად მონსტრი ერქვა, საქართველოში, უბრალოდ, არ არსებობდა. თუმცა მათივე სასამართლოს პირობებშიც რომ გასამართდნენ ეს ადამიანები, მათ მიერვე შემოღებული შეკრებითობის პრინციპით, ას წელზე მეტი ეკუთვნით იმ დანაშაულისთვის, რაც ამ ერთი კონკრეტული ოჯახის წინაშე აქვთ ჩადენილი. გარდა ამისა, მაშინდელი განცხადებით ჩვენ ვითხოვდით ამ ადამიანებზე სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. დღემდე პასუხი არ მიგვიღია. როგორც კი ბატონი კბილაშვილი დამტკიცდება, გამზადებული გვაქვს განცხადება, მას მივმართავთ და გამოძიების განახლებას მოვითხოვთ.

ამასთან, თქვენ გოჩა და შმაგი აფრასიძეების გათავისუფლებას ითხოვთ?

- რასაკვირველია, გათავისუფლების სხვადასხვა მოტივი არსებობს. ისინი დაკავების წუთიდანვე უკანონო პატიმრები არიან. როცა ადამიანს აკავებენ, მას 48 საათის განმავლობაში უნდა წაუყენონ ბრალი. გოჩა აფრასიძე კი ოთხი თვის განმავლობაში ისე ჰყავდათ დაკავებული, მას ბრალი არ ჰქონდა წაყენებული და არ იცოდა, რის გამო იყო დაკავებული. ეს კი უკანონო პატიმრობიდან მისი გათავისუფლების უპირობო საფუძველია. პენიტენციალურ სისტემაში მას იმდენად ცუდად ეპყრობოდნენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

თვალის ტკივილს გულისხმობთ?

- ცალ თვალში სრულიად დაკარგული აქვს მხედველობა, ხოლო მეორე თვალში-მინუს რვა მხედველობა აქვს. იგი სიმაღლით 1,95-ია და მისი წონა 60 კილოა. ამდენად, თქვენ თვითონ განსაჯეთ ფიზიკურად რა მდგომარეობაშია. ჯოხის გარეშე გადაადგილებას ვერ ახერხებს. რაც შეეხება შმაგი აფრასიძეს, მასაც უმძიმესი დაავადება აქვს, ამ დაავადების შესახებ საუბარი არ მსურს. ჩვენ მივაღწიეთ, რომ შარშან იგი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დადგინდა, რომ სასწრაფოდ საოპერაციო იყო, მაგრამ იქ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ აშკარად მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, რის გამოც ჩვენ უარი ვთქვით და მანაც უარი განაცხადა ციხის პირობებში ოპერაციის ჩატარებაზე. სამოქალაქო ტიპის დაწესებულებაში იგი არ გადაიყვანეს და დღემდე იმყოფება იმ რეჟიმში, როცა მას სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობის ჩატარება და ოპერაცია.

რაც შეეხება მოსამართლეებისა და პროკურორების მიერ ჩადენილ დანაშაულს, რეალურად აფრასიძეების მიმართ სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა. მართლმსაჯულების განხორციელების შესაძლებლობა მათ მოუსპეს და ეტაპები გამოტოვეს პროცესზე. სპეცოპერაციის დროს მათ წინააღმდეგობის გაწევასა და სპეცრაზმელთა მიმართ მკვლელობის მცდელობას ედავებოდნენ. თუმცა ეს სპეცრაზმელებიც კი არ მოიყვანეს პროცესზე, რომ მათი იდენტიფიცირება არ მომხდარიყო, რადგან საქმეში არ მოიძებნება არცერთი დასკვნა, რის საფუძველზეც რომელიმე ადამიანი დაიჭრა, გარდა აფრასიძეებისა. ამიტომ ისინი არ დაიკითხნენ. განაჩენის უპირობო გაუქმების საფუძველია ისიც, რომ გოჩა და შმაგი აფრასიძეებს საბოლოო სიტყვის თქმის უფლება არ მიეცათ. ასეთ პირობებში გამოიტანა ბატონმა კეკენაძემ განაჩენი, შემდგომ უზენაესმა სასამართლომ საერთოდ დაუშვებლად ცნო საჩივარი და თქვა, რომ თურმე სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის ეს საქმე საინტერესო და მნიშვნელოვანი არ ყოფილა. ამის შემდეგ კი საქმე გავგზავნეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.