გაეროს ბოლო მონაცემების მიხედვით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების მდგომარეობას ასახავს, BusinessInsider-ის ექსპერტებმა თბილისი 28 ყველაზე სწრაფად „მომაკვდავი“ ქალაქების რიგებში შეიყვანეს.
გაეროს მონაცემები ეყრდნობა არა მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებს, არამედ ქალაქების ცხოვრების მატერიალურ ასპექტებსაც.
არსებული მონაცემების მიხედვით, „ანტირეიტინგში“, თბილისი 28 ქალაქს შორის მე-15 ადგილზეა. პირველ ადგილზე კი დნეპროპეტროვსკი აღმოჩნდა. ამ მონაცემების თანახმად, თბილისის მოსახლეობა 2025 წლისთვის 7,03%-ით შემცირდება.
ასევე, „ანტირეიტინგში“ მოხვდნენ: ბუქარესტი, პრაღა, ერევანი, რომი, ჰავანა, თუმცა აღნიშნული ქალაქები რეიტინგში საქართველოზე ქვევით იმყოფებიან და მათ „კვდომის“ ნაკლები პროცენტი აქვთ.
მომაკვდავი ქალაქების სიაში თბილისის მოხვედრის შესახებ For.ge ეკონიმიკის ექსპერტებს ესაუბრა.
ექსპერტი იოსებ არჩვაძე გაეროს აღნიშნულ მონაცემებს არადამაჯერებლად მიიჩნევს. მას ახსენდება მარკ ტვენის ცნობილი ნათქვამი, „ინფორმაცია ჩემი გარდაცვალების შესახებ რამდენადმე გაზვიადებულად მეჩვენება“.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, თბილისს, როგორც ურბანული, ისე ეკონომიკური კუთხით, სერიოზული პრობლემები გააჩნია, რადგან ქვეყანაში მოსახლეობის დაბერების პროცესი მიმდინარეობს, ბოლო 20 წლის განმავლობაში მოსახლეობის საშუალო ასაკი ექვსი წლით გაიზარდა, თუმცა თბილისი მაინც როგორც ქვეყნის ცენტრი, როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და ემოციური ცენტრის მუხტის მქონე ქალაქი, დღემდე იზიდავს რეგიონების მოსახლეობას. ამ მხრივ მისი სასიცოცხლო რიტმი და ტემპი გამორჩეულია.
„იმის საფრთხე, რომ თბილისს მოკვდავობა ემუქრება, ძალიან ჰიპერბოლური დატვირთვისაა და რეალობას არ ასახავს. აქ მეორე პრობლემაა, თუ რამდენად უპასუხებს თბილისი და, ზოგადად, საქართველო იმ გამოწვევებს, რასაც ჰქვია მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება და ახალგაზრდა თაობის გადინება ქვეყნიდან. ამასთან, ცნობილ პოეტს რომ დავესესხოთ, ყველანი ვამჩნევთ, რომ „სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული“. ამიტომ საინტერესოა, რამდენად არის ჩვენი დემოგრაფიული რესურსი იმისკენ მიდრეკილი, რომ გენოფონდის მეშვეობით ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. ეს პრობლემა ნამდვილად დგას“.
ექსპერტის აზრით, ისტორიული თვალსაზრისით, ამაზე უარესიც გადაუტანია თბილისს, მაგრამ პრობლემები დაუძლევია. ამდენად, კატასტრფული და ფატალური შედეგის დადგომა მოსალოდნელი არ არის. თუმცა ასეთი ოპტიმისტური დასკვნა მაინც არ გვაძლევს საშუალებას, გულ-ხელი დავიკრიფოთ.
იოსებ არჩვაძეს სხვა შემთხვევაც ახსენდება, როცა 90-იანი წლების დასაწყისში გაეროში დაშვებული ერთი მექანიკური შეცდომის გამო არასწორად მიიჩნეოდა, რომ საქართველოს ნებისმიერ აფრიკულ ქვეყანაზე უფრო მაღალი, 80%-იანი წილი ჰქონდა სოფლის მეურნეობის მთლიან შიდა პროდუქტზე. ეს შეცდომა წლიდან წლამდე მეორდებოდა და ქართულ მხარეს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, კაზუსის გამოსასწორებლად.
რაც შეეხება თბილისის მოსახლეობის რიცხვის შემცირებას 2025 წლისთვის, სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ, თუკი ქვეყნის რეგიონებს მიეცემათ დამატებითი ეკონომიკური მიმზიდველობა (საგადასახადო რეჟიმის ან ეკოლოგიური კუთხით - სუფთა ჰაერი და სხვ.), ტენდენცია იქითკენაა მიმართული, რომ მოსახლეობა ქალაქის ცენტრიდან ქალაქგარეთ გავიდეს და იქ დასახლდეს. თუმცა ეკონომიკური ექსპერტი აქვე დასძენს, რომ ჩვენთან ასეთი გარდატეხა ჯერ არ მომხდარა და დღემდე ვაკეში ცხოვრება უკეთესად ითვლება, ვიდრე ქალაქგარეთ.
„ჰავანას თავი რომ დავანებოთ, ბუქარესტი, რომი, პრაღა, ერევანი აღმოსავლეთ ევროპის ის ქალაქებია, საიდანაც მასობრივი მიგრაცია ხორციელდება შედარებით განვითარებულ ქვეყნებში. თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველომ მიგრაციის პიკური დატვირთვა, რაც მას 90-იანი წლების შუა ხანებში ჰქონდა, უკვე დაძლია და ახლა უკუმოქცევის პროცესიც იწყება. ბევრი ჩვენი თანამემამულე სამშობლოში დაბრუნებას აპირებს“.
ამის მიუხედავად, ექსპერტი ერთ სერიოზულ პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას: ეს თბილისისა და მთლიანად საქართველოს მოსახლეობის სოციალური დიფერენცირება-პოლარიზაციაა, რაც შემოსავლებისა და დაგროვილი ქონების მიხედვით სხვადასხვანაირია. თუმცა აღნიშნულის გამოსწორება სამუშაო ადგილების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის შემდეგ შეიძლება. ასე რომ, ბევრ გაჭირვებულ ადამიანს, რომელიც ცალი თვალით ბუნკერისკენ იყურება, შემოსავლის მყარი ფინანსური წყარო გაუჩნდება.
მისივე თქმით, სოფლად უმუშევრობის დონე ოთხჯერ დაბალია, ვიდრე ქალაქად და შემოსავლების დონე ქალაქში უფრო მაღალია. როგორც წესი, ერთი დასაქმებული დაახლოებით სამჯერ მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ერთი თვითდასაქმებული. ამიტომ, თუ ამ სტატისტიკას ფულად ფორმაში გადავიყვანთ, დავინახავთ, რომ სოფლად მცხოვრებთა მატერიალური მდგომარეობა შედარებით უარესია. თუმცა ის სოციალური დიფერენციაცია, რაც ქალაქშია, სოფლად ნაკლებად იგრძნობა.
ეკონიმიკის ექსპერტი ლადო ვარდოსანიძე აცხადებს, რომ გაეროს აღნიშნული მონაცემები აბსურდული და არაკორექტულია. მისი თქმით, მართალია, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური სიდუხჭირე იგრძნობა და ამ მხრივ ჩვენ ეკონომიკური უბედურების ზონაში ვიმყოფებით, მაგრამ თბილისი ეკონომიკურად გაცილებით წინ არის, ვიდრე რეგიონები.
„გაეროს მონაცემებს არ ვეთანხმები. სხვა ამბავია, რომ ჩვენ დღემდე არ გვაქვს შემოღებული ურბანული განვითარების ინდიკატორები. ეს გაეროს სპეციალიზირებული ორგანიზაციაა და მათი შეფასებები ყოველთვის პროფესიული და ადექვატურია. ჩვენდა სამწუხაროდ, დღემდე არ ვართ ჩართულნი ამ ინდიკატორების სისტემაში. არადა, სწორედ ამ მაჩვენებლისა და დინამიკის მიხედვით ფასდება ქალაქი, მისი წინსვლა თუ უკან დახევა. საერთოდ, ხელისუფლება ყოველთვის გვეუბნება, რომ წინ მივდივართო, ოპოზიცია კი ყოველთვის ამბობს, რომ უკან მივდივართ. ამიტომ, ერთადერთ ობიექტურ სურათს იძლევა ურბანული ინდიკატორების შემოღება“, - აცხადებს ლადო ვარდოსანიძე.
მისივე თქმით, მოსახლეობის უკიდურესად ღარიბი ფენა გვყავს და ეს სიღარიბე აღმოსაფხვრელია. თუმცა სიღარიბე ყველა ქვეყანაშია და ასეთ სურათს ყველგან ნახავთ, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებშიც. ასევე, უსახლკაროების რაოდენობა მარტო ჩვენი პრობლემა არ არის.
„ეს შევარდნები და ფართების დაკავება საბჭოეთში გამორიცხული იყო. თუმცა ასეთი შევარდნები დასავლეთშიც ხდება და მასთან ბრძოლის ხერხები არსებობს, მათ შორის, სოციალური საცხოვრისის სექტორის განვითარება, რაც ჩვენთან ჩამორჩება. პოლარიზაცია ჩვენი ტრაგედიაა. როდესაც ხალხი ბუნკერებში იქექება, მაშინ არც თავისუფლება მინდა, არც დამოუკიდებლობა. საღამოს კი თბილისის რესტორნების ზონაში მართლაც ფუფუნებაა. ამიტომ, ჩვენში კორუფცია ელიტური იყო, ასევე, საქართველოში ეკონომიკური სოლიდარობა დაბალ დონეზეა, ქველმოქმედების შესახებ კანონი ათწლეულების განმავლობაში არ იყო მიღებული და ახლა აპირებენ მიღებას. თუმცა, ამის მიუხედავად, თბილისს სიკვდილი არ უწერია“, - აღნიშნა ლადო ვარდოსანიძემ.
მანვე დამაჯერებლად არ მიიჩნია მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2025 წლისთვის თბილისის მოსახლეობა 7, 03 %-ით შემცირდება. მისი თქმით, დიდი დეპრესიისა და ჩავარდნის შემდეგ თბილისის მოსახლეობა მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში არსებობს ე.წ. კლებადი ქალაქები, თბილისი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება, ეს კი ჩვენი მიგრაციის ხასიათით აიხსნება, რადგან საქართველოში ცენტრისკენული მიგრაციაა. თუმცა, ექსპერტი მტკივნეულად აღიქვამს სოფლების დაცარიელებას.
„ტრაგედია სწორედ ეს არის. საერთოდ, განსახლების სისტემა ზიარი ჭურჭლის პრინციპზეა აგებული. რაც ხდება სოფლად, იმ წუთშივე ექოსავით აისახება ქალაქებზე. ამდენად, ჩვენ მისახედი გვაქვს რეგიონები და სოფლები“, - აცხადებს ლადო ვარდოსანიძე.