თხილის მოსავალი გაორმაგდა, ხოლო ფასი - გასამმაგდა

თხილის მოსავალი გაორმაგდა, ხოლო ფასი - გასამმაგდა

როგორც იქნა, თხილის მოსავალი საგრძნობლად გამოკეთდა და ფასმაც ერთბაშად მოიმატა. ფერმერები კმაყოფილებას არ მალავენ, ხოლო მთავრობა უკვე მისაღებ შემოსავალს ითვლის. ფაროსანასთან და სოკოვან დაავადებასთან ბრძოლამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, წლევანდელი თხილის მოსავალი შარშანდელ მაჩვენებელს მინიმუმ 2-ჯერ აღემატება.

„სწორი ღონისძიებების განხორციელების შედეგად, წელს რა ამოცანაც გვქონდა, ის შევასრულეთ. მივიღებთ 40 ათასი ტონა თხილის მოსავალს. წინა წელს გვქონდა 17 ათასი ტონა, ფასიც იყო 1-1.5 ლარი, წელს უკვე ფასი 5 ლარია, ხარისხიც, შესაბამისად, მნიშვნელოვნად განსხვავებულია.

ორი პრობლემა გვქონდა, ფაროსანა და ასევე სოკოვანი დაავადებები. ყველა კერძო ნაკვეთებში სახელმწიფოს არ აქვს საშუალება, რომ შევიდეს და ჩაატაროს წამლობა, ამდენად მოსახლეობის მიერ გადადმულმა ნაბიჯებმა პროცესი სწორად წარმართა. ასოციაციაში 10 ათასი ფერმერის გაწევრიანებას ველოდით და 28 ათასი გაწევრიანდა.

60 აგრონომი გადაუმზადა სახელმწიფომ ასოციაციას, რომლებიც თვეში ორჯერ უფასოდ მიდიან მოსახლეობასთან და უწევენ კონსულტაციას. ამან გამოიღო შედეგი. მოსახლეობის აქტიურობა თხილის მოსავლის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი იყო“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში მოწერელიამ.

პრემიერ-მინისტრიც ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, წელს აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. შედეგად კი თხილის მოსავლიანობა გაზარდა და ფასიც მაღლა დაიძრა.

„ბოლო 3 წლის განმავლობაში აზიურმა ფაროსანამ ძალიან დაგვაზარალა. ჩვენი ფერმერები ვერ იღებენ შემოსავალს, ზარალი აღემატებოდა რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს. ეს იყო ძალიან მტკივნეული გამოწვევა. წელს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემა არის მოგვარებული.

მოსავალი წელს არის ძალიან კარგი და 2020 წელს გვექნება კიდევ უფრო კარგი მოსავალი. ფასი არის სამჯერ მეტი, ვიდრე იყო შარშან, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობა შეძლებს დაახლოებით 120 მილიონ დოლარამდე შემოსავლის მიღებას თხილის რეალიზაციის შედეგად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც ვარაუდობენ, რომ თხილის მოცულობა 30-40 ათასი ტონის ფარგლებში იქნება, რაც შარშანდელთან შედარებით მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელია. ფაროსანასგან მიღებული ზიანი კი უმნიშვნელოა, რასაც ფერმერებიც ადასტურებენ.

ვანელი გლეხი ჯემალ რამიშვილი კმაყოფილია იმით, რომ თხილის მოსავალმა გაამართლა. რაც შეეხება ფასს, ხარისხის შენარჩუნების შემთხვევაში, შეიძლება, 5 ლარს თავისუფლად გადააჭარბოს.

„როგორც სახელმწიფოს, ასევე ფერმერების მხრიდან ზომები დროულად იყო მიღებული. ზედმეტი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ყველაფერი გაკეთდა. ახლა სეზონის ბოლო ეტაპზე ვართ, არა მგონია, რამე დაბრკოლება შეიქმნას. თხილის ნახევარი უკვე დაბინავებულია და ყიდვა-გაყიდვის პროცესი გააქტიურებულია. 3 წელი ზედიზედ ზარალიანი იყო და ამან ხალხის სოციალურ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედა. ამჯერად კი თხილის ხარისხის შენარჩუნების შემთხვევაში, ფასი 5 ლარს გადააჭარბებს. შარშან ამ დროს 3 ლარადაც ვერ ვყიდდით. როგორიც 5-6 წლის წინ იყო, იმის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ დროა, იაფი თხილის პერიოდი დასრულდეს და ხალხმა მოსავლიდან სარგებელი მიიღოს“, - განაცხადა ფერმერმა.

არაგველი641 სად არიან დედააფეთქებული ნაცბოზბანდელი მიმომხილველები? ახლა რატომ არაფერს არ წერენ?
5 წლის უკან