ქართული პენ კლუბის ბოლო 7 თვის ისტორია ჩემი თვალსაწიერიდან

ქართული პენ კლუბის ბოლო 7 თვის ისტორია ჩემი თვალსაწიერიდან

ამა წლის აპრილში საერთაშორისო პენ კლუბმა მომიწვია საკუთარ საერთაშორისო ფესტივალზე ლონდონში, რომელსაც Free the Word (გაათავისუფლე სიტყვა) ჰქვია. ამ ფესტივალზე ნობელის პრემიის რამოდენიმე ლაურეატის გარდა ისეთი ცნობილი მწერლები იყვნენ მოწვეულნი, როგორებიც არიან ნავალ ალ საადავი, რიჩარდ ფორდი, ჩინუა აჩებე, დერეკ უოლკოტი და სხვები. მე სამი გამოსვლა მქონდა და ამ გამოსვლებიდან არც ერთი საქართველოს არ უკავშირდებოდა. ეს იყო ლიტერატურული კითხვები და დიალოგები თანამედროვე დისკურსის პრობლემებზე. 

ამ ფესტივალზე აგრეთვე იმყოფებოდნენ საერთაშორისო პენ კლუბის პრეზიდენტი ჯონ როლსტონ სოული და მისი საერთაშორისო მდივანი იუჯინ შულგინი. სწორედ ამ დროს ჩემთან მოვიდა იუჯინ შულგინი, რომელმაც მთხოვა რომ დამეკავშირებინა ქართული პენ კლუბის თავმჯდომარე დავით მაღრაძესთან და დავხმარებოდი მას საქართველოში ჩასვლაში. ჩვენ მაშინვე დაველაპარაკეთ ტელეფონით დათო მაღრაძეს და გადავწყვიტეთ, რომ ივლისის დასაწყისში ჩავიდოდით საქართველოში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლა იუჯინ შულგინის თხოვნით მოხდა და მეც აბსოლუტურად საკუთარი ხარჯებით გადავწყვიტე გადამედგა ეს ნაბიჯი და დავხმარებოდი ქართულ პენ კლუბს საერთაშორისო კოლეგებთან ურთიერთობების გამყარებაში.

მართლაც, ივლისის დასაწყისში იუჯინ შულგინთან ერთად საქართველოში დავბრუნდი და დაიწყო პენ კლუბის რეორგანიზაციის პროცესი, რომელშიაც თავიდანვე დავით მაღრაძეც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. დათო მაღრაძემ მაშინვე შესთავაზა საერთაშორისო ორგანიზაციას დაკავებული პოზიციიდან გადადგომა და საკუთარი ადგილის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლისთვის დათმობა, რაზეც მიიღო თხოვნა, რომ ერთი წლით მაინც დარჩენილიყო. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო ერთი წლის განმავლობაში დარჩენა და ამ გარდამავალი პერიოდის დროს ამ ორგანიზაციის გაძღოლა, თუმცა პირველ ეტაპებზე საკმაოდ ბევრი იმუშავა ჩვენთან ერთად, რომ დროებითი გარდამავალი დირექტორთა საბჭო შეერჩია, რომელიც მოემზადებოდა მომავალ წელს საქართველოში ჩასატარებელ საერთაშორისო თავისუფალი სიტყვის ფესტივალს და აგრეთვე მოემზადებინა პენ კლუბის ახალი დირექტორთა საბჭოს არჩევნები. 

იუჯინ შულგინისა და ჩვენი შეთანხმებით ამ აღმასრულებელ საბჭოში შევიდნენ მწერლები: ნაირა გელაშვილი, დათო ტურაშვილი, გიორგი კეკელიძე, დათო ქართველიშვილი, რატი ამაღლობელი. გამომცემლები: შორენა შავერდაშვილი და ქეთი კიღურაძე და წიგნის მაღაზიათა ქსელის “ლიტერატურული კაფის” მმართველი ნინო ჟვანია. დათო მაღრაძის გადადგომის შემდეგ 2010 წლის აგვისტოში დირექტორთა საბჭოს თხოვნით მისი ადგილი მე დავიკავე და მოვაწყვეთ არაფორმალური, დროებითი პრეზიდენტის არჩევნები, სადაც ხმათა უმრავლესობით დავით ქართველიშვილმა გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა რომ თავიდანვე საბჭოს 9 წევრიდან 5-ს მისთვის ხმა არ მიუცია (ხმები უბრალოდ 3 კანდიდატს შორის დაიქსაქსა) მას ყველამთანამშრომლობის სურვილი და ნდობა გამოუცხადა და ახალმა ქართულმა პენ კლუბმა მუშაობა დაიწყო.

შედგა საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი რომელსაც ქეთი კიღურაძე ჩაუდგა სათავეში. გიორგი კეკელიძისა და მისი კოლეგების მეშვეობით მომზადდა რამოდენიმე საინტერესო პუბლიცისტური პროექტი. დაიწყო მუშაობა ბატონი გივი მარგველაშვილის ნობელის პრემიაზე წამოსაყენებლად, რომელსაც ჩვენ ჩავუდექით სათავეში. ახალგაზრდა პოეტებმა – ალექს ჩიღვინაძემ და პაატა შამუგიამ შემოიტანეს ძალიან საინტერესო ინტერაქტიული პოეზიის პროექტი. მოკლედ, აგვისტოს თვეში ბევრი რამ მოხდა.

ამავე დროს, ივლისის ბოლოს განახლებულმა ქართულმა პენ კლუბმა სიტყვის თავისუფლების დაცვის საქმეში პირველი განაცხადი გააკეთა. დაიწერა წერილი “კავკასიური სახლის” დასაცავად, რომელსაც მაშინაც ემუქრებოდა მთავრობის მიერ შენობიდან გასახლება. ამ წერილის შინაარსზე ყველა შეთანხმდა შეხვედრაზე და ამის მერე ეს წერილი გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნდა. მე ვფიქრობ, რომ ეს ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ნაბიჯი იყო, რადგანაც ამ წერილს შემდგომში შემოუერთდა მსოფლიოს რამოდენიმე გამოჩენილი მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე და კავკასიური სახლის დაცვა დროებით მაინც მოხერხდა.

თუმცა, ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ პენ კლუბის ახალმა თავმჯდამარემ, დავით ქართველიშვილმა აშკარა უკმაყოფილება გამხატა პოსტ-ფაქტუმ. მან თქვა, რომ ასეთი წერილები ამ ორგანიზაციის მარგინალიზაციას შეუწყობდა ხელს და საჭირო იყო ტელევიზიის სამთავრობო არხებთან ურთიერთობის გაბმაც. თავისთავად, ამ ურთიერთობის წინააღმდეგი არავინ ყოფილა, თუმცა ცხადია, რომ “კავკასიური სახლის” დაცვას “რუსთავი 2”, “იმედი” და საზოგადოებრივი ტელევიზია არ ითავებდნენ. და ბევრი ჩვენთაგანის გაკვირვება იმანაც გამოიწვია, თუ რატომ უნდა გაურბოდეს სიმართლის მთქმელი მწერალი ნამდვილად საპატიო მარგინალურ სტატუსს, მაშინ როდესაც ვაჟა ფშაველაც, თომას მანიც, ფრანც კაფკაც და მსოფლიო მწერლობის ბევრი გამოჩენილი მოღვაწეც მათი ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედაც რომ მარგინზე იყვნენ და ასე ქმნიდნენ გენიალურ ნაწარმოებებს. დღესაც ცნობილია რომ კარგი ლიტერატურული ნაწარმოები პოპ-კულტურის და მასიური “შოუ-ბიზნესის” ნაწილს უმრავლეს ცივილიზებულ ქვეყნებში არ წარმოადგენს. მაგრამ, მაშინ ჩავთვალეთ, რომ ეს უცნაური ლტოლვა ბატონ ქართველიშვილისა ერთი პატარა სისუსტე იყო და სხვა არაფერი და მუშაობაც შემართებით გავაგრძელეთ.

ამის შემდეგ ბატონმა ქართველიშვილმა მაინც მონახა გზა სამთავრობო-მეინსტრიმული ტელევიზიებისაკენ და გააშვებინა სამწუხაროდ დეზინფორმაციული სიუჟეტი “რუსთავი 2”-ზე, სადაც ახალი დირექტორთა საბჭოს შესახებ არაფერი იყო ნათქვამი და ამავე დროს პენ კლუბის წინა თავმჯდომარეებს – ჭაბუა ამირეჯიბსა და დავით მაღრაძეს სრულიად უსაფუძვლოდ ბრალს სდებდა ორგანიზაციის “ზედმეტ პოლიტიზაციაში“. 

პენ კლუბი უფლებადაცვითი ორგანიზაცია და მისი მოღვაწეობის “პოლიტიზაცია” აბსურდულ გამონათქვამთა რიგებს მიეკუთვნება. მაგრამ დირექტორთა საბჭომ აქაც გადაწყვიტა რომ ეპატიებინა ქართველიშვილისათვის ეს დეზინფორმაცია და არაეთიკური საქციელი (სრულიად არაკოლეგიალურია ორგანიზაციის ახლანდელი თავმჯდომარის მიერ მისი წინამორბედების ასე მოხსენიება - ეს უკვე უბრალო კრიტიკა არ არის - ანგარიშსწორების ელემენტები ახლავს თან). ამაზე შიდა დისკუსიაში მან შენიშვნები კი მიიღო მაგრამ დირექტორთა საბჭომ მაინც ჩათვალა რომ ქართველიშვილი დროთა განმავლობაში გაიზრდებოდა და აღარ გაიმეორებდა ასეთ საქციელს.

ამას მოყვა 14 აგვისტოს ცნობილი მოვლენები, როდესაც ორმა ახალაგაზრდა პოეტმა, შოთა გაგარინმა და ალექს ჩიღვინაძემ შაკო ბაკურაძის ლექსზე და ზურაბ რთველიაშვილის იდეაზე დაყრდნობით გადაწყვიტა ჯორჯ ბუშის ქუჩისათვის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევა. მათ მეც მთხოვეს, რომ მონაწილეობა მიმეღო ამ ეპატაჟურ პოეტურ აქციაში და მე იქ გახლდით როგორ კერძო პირი და პოეტი და არავითარ შემთხვევაში – როგორც პენ კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრი. ხაზს ვუსვამ, რომ ამ აქციას პენ კლუბთან საერთო არაფერი ჰქონდა. ეს იყო სამი პოეტის პოლიფონიური ლექსების კითხვა თავისი ვიზუალური გრაფიტის ელემენტებით.  

მოგეხსენებათ, ამ აქციას ჩვენი დაპატიმრება მოჰყვა და ომბუდსმენის მოხსენებას თუ დავუჯერებთ – ფიზიკური შეურაცხყოფაც. ჩვენი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ქართული პენ კლუბი შეიკრიბა და ახალგაზრდა მწერლებთან სოლიდარობის წერილი დაწერა. მე ამ წერილის დაწერაში, ბუნებრივია, არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია, რადგანაც ნაწილობრივ იქ ჩემი ღირსების შელახვაზეც იყო ლაპარაკი. ქართველიშვილი ამ წერილის დაწერის წინააღმდეგიც იყო, მაგრამ აქაც უმრავლესობის აზრმა გადაძლია.

2010 წლის 10 სექტემბერს საერთაშორისო პენმა და ამერიკულმა პენ კლუბმა გაგარინი-ჩიღვინაძის საქმეზე წერილები გამოუგზავნეს საქართველოს ხელისუფლებას, სადაც თხოვდნენ, რომ შეეწყვიტათ პოეტების დევნა და გამოძიება დაეწყოთ მათი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე, რომლებიც ომბუდსმენის ოფისმაც კი დააფიქსირა.  

როგორც ეტყობა ბატონ ქართველიშვილს ამ დროს კიდევ უფრო შეეშინდა მარგინზე დარჩენის (მიუხედავად იმისა ,რომ საქართველოში არსებული თითქმის ყველა პრემია მიღებული აქვს) და საერთაშორისო პენის აღმასრულებელ მდივანს კონფიდენციალური წერილი მიწერა მეორე დღესვე, ანუ 11 სექტემბერს. გთავაზობთ ამ წერილის თარგმანს:

11 სექტემბერი, 2010 წელი
ძვირფასო იუჯინ,  
ეს ჩემი პრივატული (კერძო) წერილია შენდამი და მინდა გთხოვო რჩევა. შენ იცი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ და იცი, რომ საქართველოს მთავრობა მთლიანად აკონტროლებს მედიას. აგრეთვე, არის პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ლიტერატურული პროცესები არ მიმდინარეობს: მე ვგულისხმობ თარგმანის პრობლემებს.

მე ვცდილობ, რომ რეორგანიზაციის პროცესში ეს საკითხები მოვაგვარო, მაგრამ ვაწყდები მნიშვნელოვან პრობლემას, კონკრეტულად – მოქმედების ფორმებს. ჩემი თვალსაზრისით, ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა ვიყოთ დიპლომატიურებიც და პრინციპულებიც ულტრა-რადიკალიზმის გარეშე: რადგანაც ეს ულტრა-რადიკალიზმი შეაფეხებს ქართული პენის მუშაობას და ეს ორგანიზაცია გადაიქცევა მარგინალურ და გარიყულ ორგანიზაციად, რომელიც არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში სრულ იზოლაციაში ჩაგვაგდებს და ჩვენ ვეღარ შევასრულებთ ჩვენს მისიას.  

მე მომეწონა საერთაშორისო პენ კლუბის განცხადება ჩვენს წევრებთან დაკავშირებით და მხარს ვუჭერ ზუსტად ასეთ სტილს და განწყობას, მაგრამ უნდა გითხრათ რომ პენ-კლუბში სხვა აზრიც არის, რომელიც ჩემთვის რადიკალურია.  
 
მეთანხმები თუ არა ჩემს პოზიციაში და ფიქრობ თუ არა, რომ ამ პოლიტიკურ სიტუაციაში მხოლოდ პრინციპული და დიპლომატიური პოზიციაა სწორი და არა პროტესტი და რადიკალიზმი? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი რჩევა და აზრი. გამაგებინეთ ჩემი მოსაზრება და პოზიცია თქვენთვის მისაღებია თუ არა?  
პატივისცემით, დავით ქართველიშვილი

შეგახსენებთ, რომ ეს კონფიდენციალური წერილი მაშინ დაიწერა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ, გიგა ბოკერიას ცოლის თამადობით, გააფთრებული ბრძოლა გამოგვიცხადა და ლამისაა მსოფლიოს ყველაზე საშიშ ტერორისტებად გამოგვაცხადა. პარალელურად, თურმე, ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობი იყო, რომ ქართული პენ კლუბის თავმჯდომარეც იგივეს სწერდა საერთაშორისო ორგანიზაციას.

საბედნიეროდ, საერთაშორისო პენი ენკავედეს ტიპის ორგანიზაცია არ არის და იუჯინ შულგინმა ამ წერილზე პასუხი ყველას გამოგვიგზავნა, საიდანაც გავიგეთ, რომ თურმე ბატონ თავმჯდომარეს დაუჩივლია. ამის მერე, და დირექტორთა საბჭოს წევრების დაჟინებული მოთხოვნით, ბატონმა დავითმა ამ წერილის ძვირფასი ელექტრო-ორიგინალი ჩვენც გადმოგვიგზავნა 3 დღის შემდეგ, 14 სექტემბერს.

ცხადია, ამ წერილმა დიდი ზიანი მიაყენა განახლებულ ქართულ პენ კლუბს. როდესაც თავმჯდომარე, საქართველოს ავტორიტარული ხელისუფლებისა არ იყოს, წერს რომ ორგანიზაციაში ულტრა–რადიკალები ჰყავს (და ამ ტერმინით დღევანდელ პოლიტიკურ ტერმინილოგიაში მხოლოდ ძალადობის მქადაგებლებს მოიხესნიებენ), საერთაშორისო პენის წევრებიც დააფიქრა. რაც მთავარია, ამ წერილში ქართველიშვილმა არ დააკონკრეტა, ვინ არიან ეს ავადსახსენებელი ულტრა-რადიკალები და ამით ეჭვი გაავრცელა დირექტორთა საბჭოს დანარჩენ 8 წევრზე. 

ამ წერილში ბევრი სიცრუეა. ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ დირექტორთა საბჭოს არც ერთ წევრს საერთაშორისო პენის წერილზე უკმაყოფილება არ გმოუთქვამს და, რაც ამაზე უფრო მნიშვნელოვანია, ბორდის არც ერთი წევრი არ გახლავთ ულტრა-რადიკალი და ძალადობის მომხრე. ამის თქმა ნაირა გელაშვილზე, რატი ამაღლობელზე, ნინო ჟვანიაზე, შორენა შავერდაშვილზე, გიორგი კეკელიძეზე, ქეთი კიღურაძეზე, დათო ტურაშვილზე არის სრულიად აბსურდული გამონაგონი. ცხადია, ალბათ, ქართველიშვილს არ მოწონს ჩვენი პოლიფონიური პოეზია, მაგრამ ამაში ულტრა-რადიკალური არაფერია. საკმარისია, იგი გაეცნოს მსოფლიოს და, კერძოდ, ამერიკის ბევრი გამოჩენილი პოეტის ლექსებსა თუ ქმედებებს. ზოგი მათგანი ამერიკას პირდაპირ უხამსი სიტყვებით აგინებს, ზოგიც დროშას წვავს და ამის მერე სახელმწიფო პრემიებს იღებენ. გაგარინისა და ჩიღვინაძის მრავალხმოვანმა პრეფორმანსმა კი არათუ მარგინალური სტატუსი მოიპოვა ახლახანს სტამბულში გამართულმა კონფერენციამ დისკურსის თავისუფლების საკითხებზე, რომელშიაც ნოამ ჩომსკი და რიჩარდ ფალკიც მონაწილეობდნენ. ეს მსოფლიო ლიტერატურულ დისკურსში ახალ სიტყვად აღიარა და ფეხზე წამოდგომით დაუკრა ტაში აქციის ავტორებს. 

მაგრამ, ეს უკვე სხვა თემაა და მთავარ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ბატონ ქართველიშვილს ამ შემთხვევაში ცოდნის ნაკლებობის გარდა პიროვნული სიძულვილის ელემენტიც გამოკრთის, როდესაც ამ პოეტურ კითხვას “ულტრა-რადიკალურს” უწოდებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაგარინ-ჩიღვინაძის აქციას ქართულ პენ კლუბთან საერთო არაფერი ჰქონია, გარდა იმისა, რომ იქ მეც ვმონაწილეობდი და არც ერთ პენ კლუბი მსოფლიოში არ ზღუდავს საკუთარი წევრების შემოქმედების თავისუფლებას. ბატონ დავით ქართველივილს იმდენად ეშინია მარგინალურობის, რომ თავისი ამ წერილით განახლებული პენ კლუბი მართლაც მარგინალურად აქცია.

ამას მოჰყვა ტოკიოს წერილის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მთავრობის მიერ. აქ ახალი თავმჯდომარის როლი ნაკლებია. მან საკუთარ თავზე აიღო გარკვეული პასუხისმგებლობა, რადგანაც ის წერილი პირადად მისი დაწერილი იყო, თუმცა პოზიციები მაგრად ვერ დაიცვა, ისე როგორც ამ ორგანიზაციას შეეფერებოდა.

და ბოლოს, ქართველიშვილის მმართველობის პერიოდში პენ კლუბის დირექტორთა საბჭო გადაიქცა საარჩევნო პოლიგონად. ქართველიშვილმა გადაწყვიტა, ყველა შესაძლო ხერხით რაც შეიძლება მეტი საკუთარი მომხრის შემოყვანა, რომ ვინიცობაა მომავალ გენერალურ ასამბლეას რატი ამაღლობელი, ნაირა გელაშვილი ან ვინმე სხვა არ აერჩია. როდესაც მე და ნაირა გელაშვილმა ამ წლის ოქტომბერში დირექტორთა საბჭოს გაძლიერების მიზნით ამ საბჭოში ორი ცნობილი მწერლის და თავისუფალი სიტყვის დამცველის – ზურაბ რთველიაშვილის და კოტე ჯანდიერის შეყვანა შევთავაზეთ, ბატონი თავმდჯომარე საერთოდ შეურაცხადი გახდა და საკუთარი კოლეგების და მეგობრების (ზურაბ რთველიაშვილი, ჩემი არ იყოს, მისი მეგობარიცაა) შეყვანის კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა და ახალი არჩევნები გამოაცხადა 15 დეკემბერს. ამ წინადადებას ბორდის ყველა წევრი დათანხმდა რადგანაც ამ გაუთავებელ ინტრიგებში მუშაობას არანაირი აზრი არ აქვს.

15 დეკემბერს ქართულმა პენ კლუბმა უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე. და იმედია ეს ახალი თავმჯდომარე დირექტორთა საბჭოს თვითონვე დააკომპლექტებს. მე, პირადად, ნაირა გელაშვილთან და შორენა შავერდაშვილთან ერთად რატი ამაღლობელის კანდიდატურას დავუჭირე მხარი. ვფიქრობ, ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი სიტყვის თავისუფლების დაცვის ამ ორგანიზაციისათვის. თუმცა, იქნებიან ალბათ სხვა კანდიდატებიც.

მე თვითონ აღარ ვაპირებ, რომ კენჭი ვიყარო 15 დეკემბრის დირექტორთა საბჭოს არჩევნებზე, რადგანაც ვთვლი, რომ ჩემი იქ ყოფნა ნამდვილად გაურთულებს მდგომარეობას ახალ ბორდს. საქართველოს ხელისუფლებას დღეს ჩემზე და ჩემს მეგობრებზე ნამდვილი დევნა აქვს გამოცხადებული. 14 აგვისტოს მერე უკვე რამოდენიმე სასამართლო პროცესი გამართეს, სადაც სულ უფრო და უფრო დიდ ჯარიმებს გვადებენ. ჩემს გვერდზე დგომისათვის ადამიანებს სამსახურიდან ითხოვენ. მე ქართულ პენ კლუბს ყველა კარგ და კონსტრუქციულ საქმეში ისედაც ამოვუდგები გვერდში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამ ორგანიზაციას ის ხალხი წაუძღვება, რომელთაც ნამდვილად იციან, რა არის თავისუფალი სიტყვა და მისი დაცვა. მხედველობაში მყავს რატი ამაღლობელი, ნაირა გელაშვილი და კიდევ ბევრი მეტად ღირსეული მწერალი თუ ჟურნალისტი, რომელნიც საქართველოს დღეს ნამდვილად არ აკლია.