ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გორში კვლავ გააქტიურდა მსჯელობა სტალინის ძეგლის პირვანდელ ან მუზეუმის ადგილას დაბრუნების თაობაზე. თუმცა პრობლემა ისაა, რომ მონუმენტი უკვალოდაა გამქრალი. ამბობენ, ძეგლი კერძო კოლექციონერის ხელში მოხვდა და მან დიდი ბელადის მონუმენტისთვის 17 ათასი დოლარი გაიღო.
ამ ინფორმაციის გადამოწმებას For.ge კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შეეცადა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, ვისთვის მიემართათ. მართალია, ისინი საკითხის გარკვევას შეგვპირდნენ, მაგრამ საბოლოოდ გვითხრეს, რომ ძველი კადრები სამინისტროში აღარ არიან და პასუხს ვერ გაგვცემდნენ.
რაც შეეხება ახალ მინისტრს, გურამ ოდიშარიას, იგი არ გამორიცხავს, გორში სტალინის ძეგლი კვლავაც აღიმართოს, ოღონდ მანამდე საკითხის შესწავლა და იმ მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინება მოხდება, ვინც აღნიშნულ მოთხოვნას იზიარებს. ამის შემდეგ კი საკითხს ადგილობრივი თვითმმართველობა გადაწყვეტს.
უკვე ცნობილია, რომ გორელების ერთმა ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. თუ ადგილობრივი საკრებულო მათ თხოვნას გაითვალისწინებს, მონუმენტი მუზეუმის მიმდებარე სკვერში დაიდგმება. თუმცა გორელების მეორე ნაწილი ძეგლის დაბრუნებას ქალაქის ცენტრში მოითხოვს. როგორც ცნობილია, მონუმენტი გორის ცენტრალური მოედნიდან 2010 წლის 25 ივნისს მოიპარეს, ეს ყველაფერი ღამით ხდებოდა. იმ დროს გორელების ნაწილმა პროტესტიც გამოთქვეს და ძეგლის დაბრუნება მოსთხოვეს ხელისუფლებას. მაშინ სტალინის შთამომავალი იაკობ ჯუღაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ სტალინის თემასთან დაკავშირებით სიტყვის თქმის ეშინოდა ლადო ვარძელაშვილს, გორის გამგებელს კი საკუთარი ხალხი ისე აფრთხობდა, გარეთ გასვლას ერიდებოდა და სტალინის შესახებ ლაპარაკისგან თავს იკავებდა.
გორში სტალინის ძეგლის დაბრუნების თაობაზე For.ge სტალინის შვილთაშვილს მხატვარ იაკობ ჯუღაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, მთავარია, გორს არა სტალინის ძეგლი, არამედ სტალინის საქმეები, სტალინის ხედვა და ფილოსოფია დაუბრუნდეს. ეს კი არასდროს დაბრუნდება, სანამ საქართველოში ძალაუფლება ხალხს არ ექნება.
„არ მაქვს არანაირი ინფორმაცია ძეგლის გატანის შესახებ, მაგრამ, თუკი ძეგლს დააბრუნებენ, მე მხოლოდ მივესალმები. თუმცა, როგორც გითხარით, ეს ახლა მთავარი არ არის. მთავარი არის ანტისტალინური ტყუილების გაქარწყლება. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ხალხს გაუჩნდეს იარაღი, ანუ ცოდნა სტალინის შესახებ. ძეგლი თუ შეუწყობს ამას ხელს, კი ბატონო, მაგრამ ეს არ არის მთავარი“, - გვითხრა იაკობ ჯუღაშვილმა.
შეკითხვაზე, აპირებს თუ არა სარჩელის შეტანას, რადგან, ფაქტობრივად, ყოფილი ხელისუფლების დავალებით, ძეგლი ქურდულად ღამით მოიპარეს, იაკობ ჯუღაშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ მას არ უფიქრია.
„ზოგადად მივესალები მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას საკრებულოს მიმართ. მაგრამ მთავარი სხვა რამეა, ეს არ არის თვითმიზანი, ამან ხელი უნდა შეუწყოს უფრო დიდ საქმეს“, - აღნიშნა სტალინის შვილთაშვილმა.
ამასთან, მან წინასწარ არ იცის, როგორი იქნება ახალი ხელისუფლების ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა გვთხოვა, გავცნობოდით ჟურნალ „კისლოროდში“ 2011 წელს დაბეჭდილ მის სტატიას - „ვინ ხარ, შენ, ბიძინა ივანიშვილო“, სადაც იგი მომავალი ახალი ხელისუფლების შესახებ მოსაზრებას გამოთქვამს და ყველა კითხვას პასუხობს. პუბლიკაციაში იაკობ ჯუღაშვილის მიერ სააკაშვილის შესახებ აღნიშნულია, რომ იგი უკვე ცხრა წელია, პრეზიდენტობიდან წასვლას არ აპირებს, თუმცა მთავარია, ამ ყველაფერს შევხედოთ იმ ადამიანების თვალთახედვით, ვინც თავად შექმნა საქართველოს სახელმწიფო. ესენი კი თავად ქართველი ხალხია.
ამდენად, იაკობ ჯუღაშვილის თქმით, სწორედ ხალხი უნდა იყოს საქართველოს მეპატრონე, ხოლო პრეზიდენტი და პარლამენტი - მათი მსახური.
სააკაშვილის რეჟიმის პირობებში კი საქართველოში პირიქით ხდება და ქართველი ხალხის „მსახურები“ ამ ხალხის ხარჯზე იკვებებიან, მათ ხალხი არაფრად მიაჩნიათ. სწორედ ასეთ პირობებში ჩნდება ბიძინა ივანიშვილი და აცხადებს, რომ საქართველოში ისეთი დემოკრატიის შექმნას აპირებს, რაც ევროპელებსაც შეშურდებათ. თუმცა ივანიშვილი და „მისი აპარატი“ როგორ აპირებს საქართველოში ხალხის ხელისუფლების დამყარებას, ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. ამიტომ, იაკობ ჯუღაშვილს მკითხველის გასაგონად რუსეთის ფედერაციის 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან უკანონოდ გამოთიშული, აწ გარდაცვლილი კანდიდატის ოლეგ შენინის სიტყვები მოყავს:
„პირველი, რასაც პრეზიდენტად გახდომის შემდეგ გავაკეთებ, ის იქნება, რომ მივიღებ კანონს სახალხო სასამართლოს შესახებ პირადად ჩემთვის, ჩემივე მმართველობის შედეგების გამოსაკვლევად. ამ კანონის საფუძველზე, ჩემი გადარჩევის შემთხვევაში, თითოეული ამომრჩეველი გამომიტანს საკუთარ ვერდიქტს და, თუკი ისინი მე უვარგის ხელმძღვანელად ჩამთვლიან, მაშინ ციხეში ჩავჯდები იმ ვადით, რა ვადითაც ხელისუფლებაში ვიმყოფებოდი. თუმცა მე თანახმა ვიქნებოდი, ნელ-ნელა დავმწვარიყავი, ვიდრე ასეთი სამარცხვინო ვერდიქტი მიმეღო ამომრჩევლებისგან და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხალხი კმაყოფილი დარჩეს“...