ვალერი გელაშვილის შურისძიება

ვალერი გელაშვილის შურისძიება

რამდენიმე დღის წინ ქუთაისის „ახლადაშენებულ“ და დაუმთავრებელ პარლამენტის შენობაში დიდი ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. საქართველოს ჯერჯერობით მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ოცნება ასრულდა და იმერეთის დედაქალაქმა ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომებს უმასპინძლა.

ამ ღონისძიებას ქვეყნის პირველი პირიც ესწრებოდა. მიშამ ოცნება კი აისრულა, მაგრამ ანგარიშში მოტყუვდა და ამ შენობის სხდომათა დარბაზში უმრავლესობა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს ეჭირათ.

რასაკვირველია პარლამენტის პირველ სამუშაო დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სასაცილო გახლდათ ამ პიროვნებების ხილვა, რომლებმაც ოპოზიციური უმცირესობის იარლიყი მიიკრეს და სულ სხვანაირად ალაპარაკდნენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა და არ გამიკვირდება რამდენიმე წელიწადში ეს პარტია ისტორიის კუთვნილება რომ გახდეს. საქართველოს გუშინდელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა საკუთარი თავისა თავად იკითხონ, დღეს კი ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე დადგა.

დაუწერელი წესია რომ ახალ მთავრობას მუშაობისა და თავის გამოჩენის დრო უნდა მიეცეს. დღევანდელ წერილში პოლიტიკაზე კვლავ არ ვისაუბრებ, მაგრამ ამ სფეროს წარმომადგენლებს კი შევეხები და ქართველი პოლიტიკოსების მორიგ სახალისო მოგონებებს წარმოგიდგენთ.

თინა ხიდაშელი: „ერთმა მეგობარმა, ვინაობას არ ვიტყვი, ფაქსის აპარატი იყიდა და საკმაოდ ძვირი გადაიხადა. ახლა, ჩვენც ვიყიდეთ ოფისისთვის ფაქსის აპარატები 200 დოლარის ფარგლებში, ხოლო იმას 800 დოლარამდე მიუცია.

- ასეთი რა აპარატია? - დაგვაინტერესა.

- სუპერ - აპარატია, ფანტასტიკა!

- გვაჩვენე, თუ ღმერთი გწამს, - გადავირიეთ.

მივედით, ვნახეთ, ხან აქედან ვათვალიერებთ, ხან იქიდან, ჩვეულებრივის შთაბეჭდილებას სტოვებს.

- რა შეუძლია? - ვეკითხებით.

- ყველაფერი! - სახე უბრწყინავს ბედნიერებისგან. - ამისთანა ერთი ცალი შემოსულა საქართველოში და ისიც მე ვიყიდე.

- მაინც რა? - ჩავაცივდით.

- რა და თარგმნა.

- ეგ როგორ? - პირი დავაღეთ.

- გამყიდველმა მითხრა, თურმე ქართულ ტექსტს რომ გაუშვებ, ღილაკით ენას შეარჩევ, რომელიც გინდა, ფაქსი გადათარგმნის, კორექტურასაც გააკეთებს და ისე გაგზავნის.

აგვიტყდა სიცილი, ვეღარ ვჩერდებით. თავადაც დარწმუნდა რომ მოატყუეს. სიმწრისგან კედლებზე დადიოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ვკითხე:

- რა ქენი, მოძებნე მთარგმნელი ფაქსის გამყიდველი?

- ვერა, ასე მითხრეს, მომღერალი ფოტოაპარატის გაყიდვის შემდეგ აღარ გამოჩენილაო.“

ვალერი გელაშვილი: „ჩემი პოლიტიკაში მოხვედრა ყოფილი უშიშროების მინისტრის - ვახტანგ ქუთათელაძის „დამსახურებაა“. პოლიტიკოსობაც იმიტომ მომინდა, რომ მისნაირი ჩინოვნიკებისთვის საკადრისი პასუხი გამეცა.

საქართველოში ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტე. პირველი, რაც გავაკეთე, სამეგობროსთან ერთად სურამში ეკლესია ავაგე. მაშინ ერთმა ხუმრობით მითხრა:

- ვალერი, ერთ წელიწადში არჩევნებია და იქნებ კენჭი გეყარა.

- რა პრობლემაა? - დამიჯდა ჭკუაში.

სხვები მიხვდნენ, სერიოზულად რომ დავინტერესდი და გამაფრთხილეს:

- თუ არჩევნებში მონაწილეობას მართლა აპირებ, ჯერ ხმამაღლა ნუ იტყვი, საქართველო ლიტვა არ გეგონოს.

განვაცხადე თუ არა საჯაროდ - პარლამენტარობას ვაპირებ - მეთქი, დიდი ზეწოლა წამოვიდა ზემოდან! ჩემი ფინანსური განადგურება გადაწყვიტეს, მაგრამ ვინ დარჩა მოგებული, კარგად გამოჩნდა. ვახტანგ ქუთათელაძემ პირდაპირ სისხლი გამიშრო. ლიტვის უშიშროების მინისტრი ყოფილი მასწავლებელია. ესეც ხომ უშიშროების მინისტრია და ერთ-ერთ ინტერვიუში განვაცხადე:

- ქუთათელაძე საიდანაც მოვიდა, ისევ იქ წავა და სკოლის მასწავლებლობას დაუბრუნდება.

ორ დღეში დამიკავშირდა და მისაყვედურა:

- ამხელა ტყუილი რამ გათქმევინა, მე არასოდეს ვყოფილვარ სკოლის მასწავლებელი.

- აუჰ, ეს როგორ შემეშალა, - დავდარდიანდი, - არ ინერვიულო, ხვალვე მივცემ სხვა ინტერვიუს და შეცდომას გამოვასწორებ.

- მართლა? - დაუტკბა ხმა, - მაინც რას იტყვი?

- რას და - ქუთათელაძე ისევ იქ წავა, საიდანაც მოვიდა, რადგან დაცვიდან მოვიდა, წავა და ერთ-ერთ რესტორნის კართან დადგება - მეთქი.

ყურმილი გაუვარდა ხელიდან!...“

მამუკა არეშიძე: „ეს ამბავი ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთ ოჯახში ვიყავი სტუმრად. მიწვეულებს შორის იყო ერთ-ერთი ცნობილი მინისტრის მთელი ნათესაობა. იმ მინისტრის ვინაობას ვერ გეტყვით. მოკლედ, მიდის ოჯახში სამზადისი, სუფრას აწყობენ. მასპინძელმა ტელევიზორი ჩართო და სწორედ ეს მინისტრი გამოდის სიტყვით. ყველა ვუყურებთ, უცებ, გვერდით ოთახის კარი გაიღო და 80 წლის იმერელი ქალი გამოჩნდა. მოგვესალმა, მერე ტელევიზორს შეხედა და გამწარებული ავიშვიშდა:

- ოხ, ეს გაფუჭებული, ეს გათახსირებული, ბანდიტი, ყაჩაღი, ქურდი!...

 

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ამ მინისტრის ნათესაობა გამწვანდა სირცხვილისგან, ხმას ვერ იღებენ. შვილიშვილი მაშინვე ბებიასთან გაჩნდა და გადაუჩურჩულა:

- ბებო, ჩუმად, სირცხვილია.

ამაზე ბებო მთლად გადაირია.

- რეიზაა სირცხვილი? მე კი არა, ამ გათახსირებულს უნდა რცხვენოდეს, გადაჭამა მთელი ქვეყანა და კიდო ხმის ამოღებას ბედავს!

- ბებო, - პირი ყურთან მიუტანა გაფითრებულმა შვილიშვილმა, - მაგ მინისტრის ნათესავები გვყავს სტუმრად.

- ტიტუ! - შეიცხადა ბებიამ, პატარა ჩაფიქრდა და ამბობს, - რა ვთქვი ახლა ასეთი, პატიოსანი კაცია, რაც ქვეყნიდან გეიტანა, ორი იმდენი შემეიტანა...

მინისტრის ნათესავები სუფრაზე ბოლომდე აღარ დარჩენილან...“

პეტრე მამრაძე: „ბრეჟნევის დროს იყო პერიოდი, როცა საბჭოთა კავშირიდან ყველა გარბოდა, ვისაც შანსი ჰქონდა. გარბოდნენ მოცეკვავეები, მსახიობები, მეცნიერები, ანუ ვინც გააღწია, უკან აღარ ჩამოდიოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მფრინავი, ლეიტენანტი ბელიანკოც კი გაიქცა თავის თვითმფრინავიანად იაპონიაში. აი, ამ ფონზე საბჭოთა კოსმონავტები იყვნენ კოსმოსში და სადაცაა დაბრუნდებოდნენ. შევედი ინსტიტუტში სერიოზული სახით და ვამბობ:

- გაიგეთ, რა მოხდა?

- არა, არაფერი ვიცით, გვითხარი, - შემომეხვივნენ.

- დილით „ამერიკის ხმამ“ გადმოსცა, რომ ჩვენი კოსმონავტები შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დამსხდარან და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ.

მართალია, მე ვიხუმრე, მაგრამ დიდი ამბავი ატყდა!

ნახევარი საათის შემდეგ მაღლივ კორპუსში მივედი, სადაც გამომთვლელ მანქანაზე ვმუშაობდი. ვხედავ, ხალხი აქეთ - იქით დარბის, მუშაობა აღარავის ახსოვს.

- რა ამბავია? - ვეკითხები თანამშრომელს.

გაკვირვებულმა შემომხედა:

- მთელმა ქვეყანამ იცის და შენ არ იცი? ჩვენი კოსმონავტები ამერიკაში დამსხდარან!

არ მეგონა, თუ ჭორი ასე მალე ვრცელდებოდა თბილისში. ჩემი ავტორობა გასაგები მიზეზის გამო არ გამიმხელია.“