აეროპორტებში მგზავრთა მკვეთრი კლებაა, სამინისტრო ყველაფერს 20 ივნისს აბრალებს

აეროპორტებში მგზავრთა მკვეთრი კლებაა, სამინისტრო ყველაფერს 20 ივნისს აბრალებს

20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები და რუსული ავიაემბრაგო საქართველოს ავიაბაზარზეც აისახა. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამურად 10%-პროცენტიანი კლება აღინიშნება. მართალია ჯერ სრული მონაცემები ცნობილ არ არის, მაგრამ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მკვეთრი შემცირების შესახებ პირველადი ინფორმაცია უკვე დაადასტურა.

აკაკი საღირაშვილმა 2019 წლის ივლისში საქართველოს აეროპორტების მიერ გადაყვანილი მგზავრთნაკადის სტატისტიკის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც ირკვევა, მოსალოდნელი მატების ნაცვლად, სახეზეა მკვეთრი კლება.

„20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები საქართველოს ავიაბაზარზეც აისახა. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამურად 10%-პროცენტიანი კლება აღინიშნება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამ დროს სწორედ ივლის-აგვისტოში სრულიად საპირისპირო კლების ნაცვლად, სრულიად საპირისპირო სურათი უნდა გვქონოდა. ყველა გათვლით, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადის გაზრდა 9-10 პროცენტით იყო გათვლილი.

ამ პროგნოზს ამყარებდა წლის დასაწყისიდან მიღებული ყოველთვიური მონაცემები. პირველი ორი კვარტალის მონაცემებით, საქართველოში ავიამიმოსვლა და მგზავრების გადაადგილება განუხრელად იზრდებოდა.

„2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით (იანვარი-ივნისი) საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში 2 487 575 მგზავრს მოემსახურა, რაც 18%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელს 2 103 126 მგზავრი).

„ივლისში მგზავრთანაკადის ჯამურ მაჩვენებელს ამ ორ აეროპორტში უნდა მიეღწია 590 ათასისთვის, რის ნაცვლადაც მივიღეთ მხოლოდ 485 ათასი მგზავრი. მხოლოდ ივლისში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს 105 000 მგზავრი დააკლდა.

სამწუხაროდ, ნაცვლად ზრდის ამ დინამიკის შენარჩუნებისა, გვაქვს სერიოზული კლება ივლისის თვიდან. შესაბამისად, 2019 წლის 7 თვეში ჯამში ნაცვლად 18%-იანი ზრდის შენარჩუნებისა, ზრდის მაჩვენებელი დაეცა 12 პროცენტამდე და ეს ტრენდი დაღმავალია“, - განაცხადა საღირაშვილმა.

თუმცა ეს მხოლოდ სავარაუდო მონაცემებისა და რეალური შედეგის შედარებიდან წარმოებული სტატისტიკაა. რეალური სურათი კი უფრო დამაფიქრებელია. საქმე ისაა, რომ აეროპორტების მიერ გადაყვანილი მგზავრების, ისევე როგორც სხვა მრავალი სტატისტიკური მონაცემის ერთმანეთთან შედარებისთვის, გამოიყენება მეთოდი - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარება. ამ კუთხით კი ვითარება უფრო არასახარბიელოა.

2018 წლის ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 429 088 მგზავრს მოემსახურა, რაც 16%-ით მეტი იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავე პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 111 325 მგზავრს მოემსახურა, რაც 11%-ით მეტი იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. ჯამურად, ამ ორივე აეროპორტით 540 413-მა მგზავრმა ისარგებლა.

შესაბამისად, 2019 წლის ივლისში გადაყვანილი 485 000 მგზავრი წინა წელთან შედარებით 55 413-ით, ანუ 10%-ით ნაკლები იყო. წლევანდელი მონაცემები ვერ უტოლდება არათუ საპროგნოზო მაჩვენებელს, არამედ საკმაოდ ჩამორჩება შარშანდელ შედეგსაც კი.