რუსთავის თეატრის მსახიობები ქვემო ქართლის გუბერნატორს, დავით კირკიტაძესა და თეატრის მმართველს მსახიობების პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლაშა ნოზაძემ 11 მსახიობი უკანონოდ დაითხოვა სამსახურიდან, რის გამოც, ორი მათგანი ნერვიულობის და მიღებული სტრესის შედეგად გარდაიცვალა. რუსთავის თეატრის მსახიობების ინტერესებს „უფლებადამცველთა გაერთიანება“ იცავს, რომლის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მჟავანაძე განცხადებით მიმართავს მთავარ პროკურატურას და თეატრის ხელმძღვანელობის ფინანსური საქმიანობის შესწავლას ითხოვს, რადგან მასა და თეატრის მსახიობებს ეჭვი აქვთ, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტიდან თეატრის დასაფინანსებლად მიმართული თანხები არამიზნობრივად იყო გახარჯული.
ნიკოლოზ მჟავანაძე: „ეს თერთმეტი მსახიობი 2011-2012 წლებში დაითხოვეს თეატრიდან და მათი განთავისუფლების მიზეზი მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები იყო. ამასთანავე, ეს ადამიანები თავისი საქმის პროფესიონალები არიან. მოგეხსენებათ, რუსთავის თეატრის ხელმძღვანელად დაინიშნა მომღერალი ლაშა ნოზაძე, რომელსაც აღნიშნულ თანამდებობაზე პროტექცია გაუწიეს ნიაზ დიასამიძემ და ზუმბამ (ზაზა კორინთელმა). მათი თხოვნა, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილა დავით კირკიტაძემ, რადგან მას თეატრში არ აწყობდა ის გუნდი, რომელიც იქ მუშაობდა. ამიტომ, თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლა გოჩა კაპანაძე, რომელსაც ეს თერთმეტი მსახიობიც მიაყოლეს. აღსანიშნავია, რომ ორმა მათგანმა ამ უკანონო განთავისუფლების შედეგად მიღებულ სტრესს ვერ გაუძლო და ნევრიულობის შედეგად გარდაიცვალა.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ ადამიანებისთვის არავის განუმარტავს, რატომ უშვებდნენ სამსახურიდან. მათმა უმეტესობამ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც ხელფასის ასაღებად ბანკომატთან მივიდა. ესენი არიან უაღრესად პატივსაცემი და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანები, გალინა კიკნაძე, ვერიკო შოშიაშვილი, ეთერ ბასილაშვილი, ლამარა ხაჭაპურიძე, ზაალ გამყრელიძე, ჯემალ მაზიაშვილი, რომელიც ამ თეატრის დამფუძნებელია. ეს ხალხი ისე გაუშვეს, რომ მათი გათავისუფლების არავითარი მოტივი არ დასახელებულა.
დღეს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ჩვენ მივმართავთ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას და ვითხოვთ, დაინტერესდნენ ამ საკითხით და ამ ადამიანებს ღირსება აღუდგინონ, რადგან ამ ხალხმა მოიტანა აქამდე ეს თეატრი. არ შეიძლება თეატრის მომღერლებისა და კალათბურთელებისთვის ჩაბარება. საქმე იმაშია, რომ ნოზაძის შემდეგ თეატრის ხელმძღვანელად კალათბურთელი გეგი ლიპარტელიანი დაინიშნა, ლაშა ნოზაძე კი ამჟამად მისი მოადგილეა. ნიზა დიასამიძე და ზუმბა კი ხელისუფლების ფინანსური გაძლიერების პარალელურად ისეთ საქმეებში აფათურებდნენ ხელებს, რაც მათი საქმე არ იყო. ვინ ეკითხება ამ ადამიანებს, ვინ უნდა დაინიშნოს რუსთავის თეატრის მმართველად? თავად ნოზაძე და ლიპარტელიანი აცხადებდნენ, რომ დიასამიძისა და ზუმბას პროტექციით მოხვდნენ თეატრში.
ჩვენ საჩივარი შევიტანეთ მთავარ პროკურატურაში და ნოზაძისა და ლიპარტელიანის მმართველობის პერიოდში თატრის ფინანსური საქმიანობის შესწავლას ვითხოვთ. მოგეხსენებათ, რუსთავის თეატრი მუნიციპალიტეტიდან ფინანსდებოდა, მაგრამ ერთადერთი სპექტაკლი დაიდგა, „გველისმჭამელი“ და ისიც ჩაუვარდათ, არავინ მივიდა ამ სპექტაკლის სანახავად. სხვა არაფერი დადგმულა და რეალურად მინუციპალიტეტიდან თეატრისთვის გამოყოფილი თანხები ნოზაძისა და ლიპარტელიანის ჯიბეებში მიდიოდა, თეატრს კი არაფერი ხმარდებოდა. ამდენად, საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, თანხების მითვისება-გაფლანგვასთან. ამიტომაც მივმართავთ პროკურატურას, რომ გამოძიებული იქნას, რაში დაიხარჯა ეს თანხები. რაც შეეხება თეატრიდან დათხოვნილ მსახიობებს, ვითხოვთ, რომ ისინი აღადგინონ სამსახურში. დღეს რუსთავი პრაქტიკულად თეატრის გარეშე არის დარჩენილი, რადგან იქ სპექტაკლები არ იდგმება და არის ბუტაფორია ამ მუსიკოსებისა და კალათბურთელების ხარჯზე.
თქვენ აცხადებთ, რომ ნოზაძე და ლიპარტელიანი ნიაზ დიასამიძისა და ზუმბას პროტექციით დაინიშნენ და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ნიშნით იყვნენ ეს ადამიანები შერჩეულები?
- ლაშა ნოზაძე არის მუსიკოსი და არის დიასამიძისა და ზუმბას მეგობარი და მათ ამ ადამიანს სამსახური უშოვეს, თუმცა გაუგებარია, მუსიკოსი მაინცდამაინც თეატრში რატომ უნდა დაესაქმებინათ. მისი დანიშვნის შემდეგ რუსთავის თეატრი საკონცერტო დარბაზად გადაიქცა, რადგან სპექტაკლების ნაცვლად იქ ძირითადად კონცერტები იმართებოდა. ამდენად, მათ პრაქტიკულად მოკლეს რუსთავის თეატრი და ეს მსახიობებიც გაანადგურეს. ეს ხალხი რაღაც 300 ლარზე მუშაობდა და მათ ეს საარსებო წყაროც მოუსპეს. ხელისუფლებამ ეს ხალხი ჩარეცხა და ამის ერთ-ერთი მიზეზი მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებიც იყო.
ამდენად, თქვენ ამბობთ, რომ მსახიობების განთავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა?
- მხოლოდ პოლიტიკური მოტივი არ იყო, ეს უბრალოდ ერთ-ერთი ფაქტორი იყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ნოზაძემ, რომელიც თეატრის სპეციალისტი არ არის, თატრში მისნაირი არაკვალიფიციური კადრები მიიყვანა. როდესაც ადამიანს სხვებთან ურთიერთობა უჭირს, ის ცდილობს, გარშემო მისნაირი ადამიანები იყოლიოს. ამ ყველაფერს კი მსახიობების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, ისინი თეატრის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული არასწორ გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგებოდნენ. ამ ყველაფერში დავით კირკიტაძეც ჩართული იყო. ეს ადამიანები მასთან მივიდნენ, მან კი განუცხადა, რომ თეატრის ხელმძღვანელად გოჩა კაპანაძე არ სჭირდებოდა, რის შემდეგაც კაპანაძე გაანთავისუფლეს.
მოგეხსენებათ, სააკაშვილის ხელისუფლებას გამოცდილი და კვალიფიციური კადრები არსად სჭირდებოდა და ამიტომ ასეთ ადამიანებს სამსახურებიდან ათავისუფლებდნენ. მხოლოდ რუსთავის თეატრში არ მომხდარა ასე.
თქვენ ამბობთ, რომ ნოზაძესა და ლიპარტელიანს ნიაზ დიასამიძემ და ზუმბაბ გაუწიეს რეკომენდაცია. რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ მათ ამაში?
- საერთოდ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რა ხდებოდა ამ თეატრში ფინანსური კუთხით. გამოსაკვლევია, გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებმა თეატრის ხელმძღვანელებად თავიანთი მეგობრები დაანიშნინეს, კიდევ რაიმე სხვა ინტერესიც ხომ არ ჰქონდათ, მაგალითად ფინანსური. რეალურად თეატრის მოღვაწეები ამბობენ, რომ რუსთავის თეატრში გარკვეული ფინანსური დარღვევები იყო. როდესაც თეატრი ფინანსდებოდა და მაინც იქ არაფერი კეთდებოდა, ბუნებრივია, რომ უნდა გაირკვეს, მაშინ რაში იხარჯებოდა ეს თანხები. ამ ადამიანებმა რუსთავის თეატრი საკუთარი კონცერტებისა და სხვადასხვა შეხვედრების ასპარეზად აქციეს.