„ჯერჯერობით მსოფლიოში ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ დაიჭირა კურსი რეზერვების დახარჯვით, უმრავლესობა გაკოტრდა“

„ჯერჯერობით მსოფლიოში ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ დაიჭირა კურსი რეზერვების დახარჯვით, უმრავლესობა გაკოტრდა“

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.94 ნიშნულს უტოლდება. თუმცა, არასტაბილური მოცემულობიდან გამომდინარე, არსებული მონაცემი ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. საქართველოში, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ალბათ, ძალზე რთულია ლარის კურსზე აქტუალური საკითხის გაშუქება. სწორედ ამიტომ ინტერვიუს მთავარი თემა სწორედ ლარის გაუფასურებაა. ამ თემასთან დაკავშირებულ კითხვებს კი ეკონომიკის ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი პასუხობს.

ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვალებადობიდან გამომდინარე, ეს პროცესი მთავრობის წევრებმა სხვადასხვანაირად შეაფასეს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ, ლარსთინეიჯერიუწოდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კი ის ყოველთვის მოსალოდნელ შოკად მიიჩნია. თქვენ როგორ შეაფასებთ მათ ამგვარ დამოკიდებულებას?

- ნებისმიერი მთავრობა, ნებისმიერ ქვეყანაში იტყვის, რომ არაფერი ხდება. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაფერია, ზოგი ოპოზიციას გადააბრალებს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაში, რომელშიც გასაკვირი არაფერია. ამ თემასთან დაკავშირებით სახუმარო ექსკლუზივი მინდა გითხრათ - მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, პრეზიდენტის სასახლეში, ერთ-ერთ შეხვედრაზე ბატონმა ღარიბაშვილმა რომან გოცირიძეს ღიმილიანი სახით უთხრა, თქვენ პირადად გააუფასურეთ ლარიო. შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა დემოკრატიული ქვეყნისთვის და ამაში ვერაფერს ვხედავ უცნაურს. ამაზე უცნაურად შეიძლება შევაფასოთ ტრამპის ქმედებები თუ მის სოციალურ ქსელებს გადავავლებთ თვალყურს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის თავისუფალი ქვეყნისთვის დამახასიათებელი რიტორიკა და არაფერი სხვა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესინაციონალურ მოძრაობას“ და მის ხრიკებს გადააბრალა. რამდენად შესაძლებელია ამგვარი მოსაზრება სიმართლეს შეესაბამებოდეს?

- ის, რომ ზოგჯერ კონკრეტული საკითხის გარშემო, გარკვეულწილად, ხდება აჟოატაჟის გაძლიერება, ეს ცხადია, რადგან თითოეულ პოლიტიკურ ძალას აქვს თავისი დღის წესრიგი და ეს ძალზედ ჩვეულებრივი მოვლენაა. ვიცე-პრემიერიც იტყვის, რომ ეს ფუნდამენტური პრობლემის ბრალი კი არაა, არამედ ოპოზიციური ძალა ართულებს ვითარებას. თავის მხრივ, ნაციონალები რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, ისინიც იმავე შინაარსის განცხადებას გააკეთებდნენ და პასუხისმგებლობას ოპიზიციას დააკისრებდნენ. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიდის პინგ-პონგამდე, როცა ერთმანეთს ესვრიან ფრაზებს. თუმცა, მთელი რიგი გადაბრალებების მიუხედავად, საბოლოო ჯამში, ლარის კურსს მაინც განსაზღვრავს ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა. ხელოვნურად მთავრობის ან ეროვნული ბანკის ჩარევა, კიდევ უფრო დიდი კატასტროფის წინაშე დაგვაყენებს.

პირველ აგვისტოს, ეროვნულმა ბანკმა ლარის დასტაბილურების მიზნით გაყიდა 40 მილიონი დოლარი, შეიძლება თუ არა ეს ინიციატივა ხელოვნურ ჩარევად განვიხილოთ და რამდენად ამართლებთ ამგვარ ქმედებას?

- სწორედაც რომ, ეს არის ხელოვნური ჩარევა, რომელიც არ არის გამართლებული. ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ამბობს, მათ შორის ოპოზიციიდანაც და მთავრობის მხრიდანაც, რომ დროა ეროვნული ბანკი ჩაერიოს ლარის დასტაბილურებაში. თუ ხელოვნურ ჩარევაზე ვლაპარაკობთ, აქ არის სტაბილურობის მიღწევის რამდენიმე მეთოდი: პირველი არის რეზერვების დახარჯვა, რომელსაც აქვს მყისიერი ეფექტი. როცა ეროვნული ბანკი გაყიდის რაღაც დოლარის მასას, ის ხელოვნურად გაზრდის დოლარის მიწოდებას ბაზარზე და შეამცირებს დოლარის კურსს და შესაბამისად, გაზრდის ლარის კურსს. მეორე - მეთოდი არის რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა, რომელიც შედარებით გრძელვადიან ეფექტს იძლევა. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით ეროვნულ ბანკს შეუძლია ეკონომიკაში ლარის მიწოდება შეამციროს, რაც საბოლოოდ, გულისხმობს ნაკლებ ლარს და იმავე რაოდენობით დოლარს. ლოგიკურია, ამგვარმა ქმედებამ ლარის გამყარება უნდა გამოიწვიოს. თუმცა, ნებისმიერ მოვლენას აქვს თავისი უკუჩვენება. მაშინ, როდესაც ეკონომიკას ნაკლები ლარი მიეწოდება, ამით ეროვნული ბანკი ეკონომიკის განვითარებას აფერხებს. ჯერჯერობით, საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ რეზერვების ხარჯვის ხერხს მიმართა, თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ მათ რეფინანსირების განაკვეთი გაზარდონ, ინფლაციის რისკებიდან გამომდინარე. სიმართლე გითხრათ, ეროვნული ბანკის პირველადი ფუნქცია ლარის კურსის კონტროლი ნამდვილად არ არის, მათ ევალებათ ინფლაციის კონტროლი. ამ ორი ხელოვნური ჩარევიდან უპირატესობას მეორეს ვანიჭებ, რადგან ის უფრო გრძელვადიან მიზნებს ემსახურება.

ფაქტი ერთია, ჯერჯერობით მსოფლიოში ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ დაიჭირა კურსი რეზერვების დახარჯვით, უმრავლესობა გაკოტრდა. ბაზრის საწინააღმდეგოდ სვლა ყოველთვის კრახით მთავრდება. სამკარისია, გავიხსენოთ სოროსის მიერ გაუფასურებული ბრიტანული ფუნტი, მალაიზიური ვალუტა, როდესაც, სწორედაც რომ, ბაზრის წინააღმდეგ მიდიოდნენ. რეზერვები შეიძლება ერთი დღე ან ორი დღე გაყიდო, რათა მკვეთრი მატება აირიდო თავიდან, მაგრამ უსასრულოდ ამგვარი ქმედება გაუმართლებელია. საბოლოოდ შეიძლება უარესი შედეგი მივიღოთ - აღარ გვქონდეს რეზერვები და 2.9 კურსიც სანატრელი გაგვიხდეს.

მე, პირადად დიდ პრობლემას ვერ ვხედავ სუსტ ლარში თუ ის ინფლაციას არ იწვევს. მეორე მხარეც არსებობს, ვინც მოგებულია ასეთი სიტუაციით - ვისაც დოლარში აქვს შემოსავალი და ექსპორტზეა ორიენტირებული, ეს პროცესი მისაღებია. ყოველთვის არსებობს სიტუაციიდან გამომდინარე ორი მხარე, სადაც ერთი იგებს, ხოლო მეორე აგებს.

გარდა ეკონომიკური მოვლენისა ლარის კურსს მთელი რიგი ფსიქოლოგიური მოვლენები ახლავს თან. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია საზოგადოების განწყობა მოცემული საკითხისადმი?

- ცხოვრება სწორედ მაშინ იძენს ინტერესს, როცა რაიმე ცვლილება ხდება. ცხადია, ყველასთვის მისაღები სიტუაცია არ არსებობს და გამონაკლისი არც დღევანდელი ვითარებაა. უოლ სტრიტზე სწორედ ამ პროცესში ურთიერთდაპირისპირებული მხარის აღმნიშვნელი ძეგლი დგას. ერთი მხრივ, გვაქვს ხარის ძეგლი, რომელიც ყოველთვის საფონდო ინდექსის აწევაზე მუშაობს, ხოლო მეორე მხრივ - დათვის ძეგლი, რომელიც ამის საპირისპიროდ, დაწევაზე მუშაობს. სავსებით ლოგიკურია, რომ ნებისმიერი მოვლენის დროს, ერთი მხარე მოგებული რჩება და მეორე წაგებული. ის ვინც ხელფასს ლარში იღებს და სესხი დოლარში აქვს, ცხადია წაგებულია, მაგრამ მეორე მხარესაც შევხედოთ. ის ვინც პენსიონერია და შვილი საზღვარგარეთიდან ფულს დოლარში უგზავნის, მისთვის სავსებით მიმზიდველია არსებული ვითარება. სწორედ, აქედან გამომდინარე, ცალსახად იმის თქმა, რომ ეს სიტუაცია ყველასთვის წამგებიანია, არ შეიძლება. ერთი ნაკლი ისაა, რომ მოსახლეობაში ეკონომიკური ცოდნა ძალიან დაბალია, ხოლო მეორე საკითხია ის, რომ პოსტსაბჭოთა ფსიქოლოგიიდან ვერ გამოვედით.

უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ქართველი ადამიანის მენტალიტეტი, რომელიც მუდამ სხვაზე გადაბრალებაზეა ორიენტირებული, არსად შემხვედრია. მთელი ცხოვრება რისკები და მისი შედეგების გათვლაა, ამიტომ თუ ვინმემ სასურველი შედეგი ვერ მიიღო, თავდაპირველად პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს და არა მთავრობას გადააბრალოს.

იმოქმედა თუ არა ლარის გაუფასურებაზე 20 ივნისს მომხდარმა მოვლენამ?

- ცხადია. როცა ქვეყანაში არასტაბილურობის განცდა იქმნება, ბიზნესმენს პირველი, რაც ტვინში ერთვება არის ის, რომ ლარი აუცილებლად გაუფასურდება. პოლიტიკური მოვლენები ნებისმიერ მომენტში მოქმედებს ლარის კურსზე. ჩვენნაირი მასშტაბის ქვეყნისთვის 20 ივნისის ღამე საკმაოდ დიდი მოვლენაა. ახლო აღმოსავლეთში რაიმე კონფლიქტი რომ მოხდეს, ის მაშინვე მოახდენს გავლენას ლარის კურსზე. წარსულს რომ გადავხედოთ, სუფსაში არსებული პატარა ვაგონის გადატრიალებაც კი უმნიშვნელოვანესი იყო ტრეიდერებისთვის, რადგან ისინი ყოველ დეტალს ითვლიან და შესაბამისად, ანგარიშობენ რამდენია მიწოდება და რამდენი მოხმარება. ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენა თუ განცხადება უდიდეს როლს თამაშობს ლარის კურსის დასტაბილურებაში და ნამდვილად არაა გასაკვირი, რომ საქართველოში მიმდინარე 20 ივნისის მოვლენამაც დიდი გავლენა იქონია, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მასშტაბის მქონდე ქვეყნისთვის ეს საკმაოდ სერიოზული ამბავი იყო. რა თქმა უნდა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ქვეყანაში რაღაც ცუდი ხდება და ამიტომ, ყველამ დოლარის მომარაგება დაიწყო. შედეგმაც არ დააყოვნა. ერთ-ერთ მიზეზად ლარის გაუფასურებისა ნამდვილად შეიძლება არსებული მოვლენა განვიხილოთ.

ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ტურისტების ნაკადის სიმცირე დაასახელა, თუმცა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ტურისტების რაოდენობა 2018 წლის ივლისთან შედარებით, 2019 წლის ივლისში 1%-ით არის მომატებული. თქვენ რამდენად დიდ როლს ანიჭებთ ლარის გაუფასურებაში ტურიზმის სექტორს?

- წინა პასუხიდან გამომდინარე გაგცემთ პასუხს. ერთი მხრივ, 20 ივნისის მოვლენამ გააჩინა ის მოლოდინი, რომ ტურისტების ნაკადი შემცირდებოდა და ყველამ დოლარის მომარაგება დაიწყო. მეორე მხრივ, ჩემი აზრით, ქვრივიშვილი ზედმეტად გააკრიტიკეს, უფრო სწორად, შეცდომით გაიგეს მისი განცხადება. საზოგადოებისგან ნამდვილად არ მიკვირს, რადგან ბევრმა ეკონომისტმა ვერ გაიგო ქვრივიშვილის განცხადება. მან თქვა, რომ შემცირდა ტურისტების შემოდინების ზრდის ტემპი და არა ტურისტების რაოდენობა. ლოგიკურია, ზრდის ტემპის შემცირების მიუხედავად რაღაც ეფექტი მაინც რჩება. ის ვინც ელოდა 1 000 000 ტურისტს, მიიღო 700 000 ტურისტი და სწორედ ეს არის დანაკარგი. თუმცა, ისიც არასწორია, რომ ამბობენ, რუსების გარდა სხვებზე უნდა გავაკეთოთ ტურისტული ორიენტაციაო. ორიენტაცია რომც გქონდეს, ეგ მალე ვერ მოხერხდება. ვისაც ახლა აქვს კრედიტი გასასტუმრებელი, მისთვის ეს განცხადება არ არის შვების მომგვრელი, რადგან ტურისტების ჩანაცვლება რთული მომენტია. გარდა ამისა, ტურისტსაც თავისი ინტერესი აქვს. ის, ვინც მიდის სვანეთში, ნამდვილად არ წავა კახეთში. რუსებისთვის მთავარ ინტერესს სწორედ ჭაჭა, ვენახი და ღვინო წარმოადგენს და სწორედ, ამიტომ მიდის კახეთში. კახეთში პორტუგალიელი და ფრანგი ტურისტი არ ჩავა, რადგან ღვინო მათ თავისიც აქვთ, ვენახებიც და მათი გული მხოლოდ აქ შხარასკენ და უშგულისკენ მიიწევს.

დღევანდელი მთავრობის პირობებში, მაშინ, როდესაც ლარის კურსი თავის ანტირეკორდს ხსნის, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რისი წყალობით შეინარჩუნა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა 1.65 კურსი. თქვენი აზრით, რა ფაქტორებმა შეუწყო ხელინაციონალურ მოძრაობას“?

- ბევრი ფაქტორი შეიძლება გამოვყოთ. პირველი - ომის შემდგომი პერიოდი იყო და ოთხ მილიარდ ნახევარი ჰქონდა გამოყოფილი ქვეყანას. სავალუტო შემოდინებები მოდიოდა და ლარის კურსზე პოზიტიურად მოქმედებდა. მანდაც ხელოვნური დაჭერა მოხდა, შიდა რეზერვებს ხარჯავდნენ, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც რეზერვების გამოყენება აღარ ხდებოდა, კურსი მაშინვე 1.7 გახდა. მხოლოდ ორი თვე მოხერხდა ლარის სტაბილურობის შენარჩუნება და საბოლოოდ ბაზრის წინააღმდეგ წასვლამ მოიყვანა ამხელა კურსი. მე მაინც ჩემს პოზიციაზე ვარ და ვამბობ, რომ სუსტი ლარი სჯობს.

ამ პროცესების პარალელურად, შეიძლება თუ არა რკინიგზელთა გაფიცვაში ოპოზიციური გუნდის ძალისხმევა დავინახოთ?

- როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა ძალას, იქნება ის ოპოზიცია თუ სამთავრობო, საკუთარი დღის წესრიგი გააჩნია, რომელიც ითვალისწინებს საჭირო მომენტში კონკრეტული სტრატეგიების ამოქმედებას. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიმე ძალის როლი არ ჩანს გამოკვეთილად. ნებისმიერ შემთხვევაში, სამსახურის თაობაზე არსებულ პრობლემას თავად მომუშავე წყვეტს. სავსებით ლოგიკურია და დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელია, როცა ნებისმიერი პოლიტიკური პარტია საკუთარი გავლენის გაძლიერებას ცდილობს სხვადასხვა სფეროში, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს თავად მომუშავე. გაიფიცება თუ არა, სამსახურიდან წამოვა თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია და მე პირადად ამაში რომელიმე პოლიტიკური ძალის როლს ნაკლებად ვხედავ.

სხვადასხვა მთავრობის დროს ლარის კურსი რადიკალურ ცვლილებას განიცდის. არსებობს თუ არა ისეთი ოქროს შუალედი, რომელიც არც უტოპიური იქნება, როგორიც 1.65 იყო და არც ისეთი ასტრონომიული, როგორიც 2.93 არის?

- მაშინ იყო ასეთი წონასწორული მდგომარეობა, ახლა - ასეთი. ჩემი პირადი მოსაზრებით 2.93 პირობებში მეტი შანსი გვაქვს ექსპორტის უცხოურ ბაზრებზე და შესაბამისად, ის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რომელიც ქრონიკულად თან გვზდევს, შეიძლება შევამციროთ სწორედ ასეთ პირობებში - ბევრი ფაქტორია, გინდ შიდა ფაქტორი და გინდ საგარეო ფაქტორი. რეგიონში არსებული მდგომარეობაც დიდ გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა. ელემენტარული რომ ვთქვათ, მსოფლიო მასშტაბით დოლარი რომ გამყარდეს, ლარი კიდევ უფრო დაეცემა. ეს არის იმდენად მასშტაბურ ფაქტორებზე დამოკიდებული, რომ შეუძლებელია ვისაუბროთ მხოლოდ ერთი ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციაზე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერ ქვეყანაში ბაზრის წინააღმდეგ წასვლა უფრო ცუდ შედეგებს მოიტანს. რთულია ჩემთვის ზღვარის გავლება ან ცალსახად იმის შეფასება, რომ სააკაშვილის დროს არსებული კურსი ცუდი იყო და ახლა კარგია, ან, პირიქით. ნებისმიერ მოცემულობაში, როგროც ზემოთ აღვნიშნე გვყავს ორი საზოგადოება. ერთი, რომელიც მოგებული რჩება არსებული კურსით, მეორე რომელიც წაგებულია, რადგან ვერ გათვალა სამომავლო რისკები. თუნდაც საფონდო ბაზრები რომ ავიღოთ, Apple-ს კურსზე ვერ ვიტყვით, კარგია თუ ცუდი, რადგან აქაც, ზოგისთვის კარგია და ზოგისთვის მიუღებელი. ბაზარი როგორც აღიქვამს სიტუაციას, ისე არეგულირებს კურსს. მაგრამ, სამწუხაროდ, მოსახლეობა ამას რაციონალურად ვერ აღიქვამს. კიდევ იმ პრობლემას ვაწყდებით, რასაც ეკონომიკური გაუნათლებლობა ჰქვია. რა გასაკვირია, რომ მოსახლეობა არ იწუხებს თავს ეკონომიკური საკითხების შესწავლით.

ისტორიას რომ გადავხედოთ, საბჭოთა კავშირი როცა დაიშალა, პირველი საბანკო სექტორი შექმნეს ფიზიკოსებმა და მათემატიკოსებმა. იმ პერიოდში იმდენად არ იყო საჭირო რაიმეს ცოდნა, მით უმეტეს ეკონომიკური საკითხების, რომ ნაკლებადაა გასაკვირი დღევანდელ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ძველ თაობაში ეკონომიკის ცოდნის დაბალი დონე. ახლაც, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იწუხებს თავს, რომ თავისი ეკონომიკური რისკები თავად შეაფასოს და არ გადააბრალოს სხვას.

საბოლოოდ მაინც იმისკენ მივდივართ, რომ არსებული სიტუაციის სწორად შეფასების უნარი უნდა გვქონდეს და გავიაზროთ, რომ ყველასთვის მისაღები და მომგებიანი სიტუაცია არ არსებობს. სიტუაციის დაძაბვა სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს, საჭიროა, ყველაფერი რაციონალური თვალით გავიაზროთ და თითოეულმა ჩვენგანმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღოთ.

არაგველი641 ძალიან კარგი და მაღალი დონის ანალიზია. მადლობა ბ-ნ ნიკოლოზ მჭედლიშვილს.
მე ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ მაღალი ტემპებით უფასურდება დოლარი და მასზე მიბმული ჩვენი ლარი რატომ არ უნდა გაუფასურდეს?
--ავტოსადგომების აშენებაზე უარი თქვეს ინვესტორებმა იმიტომ, რომ ავტომანქანის დგომის ღირებულება ძალიან დაბალია და მშენებლობის ღირებულების ამოღება ვერ მოხდება ძალიან დიდი დროის განმავლობაში.
--ძალიან დაბალია სოფლის მეურნეობის პროდუქტების ღირებულებაც და მაგიტომ ვერ ვითარდება ჩვენში სოფლის მეურნეობა.
ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, როცა ავტოსადგომის ფასიც გაიზრდება საკმაოდ და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასიც (და სხვა პროდუქციისაც) გაიზრდება და ხელფასები კი უფრო მეტად გაიზრდება. ასე რომ ბევრი სამუშაო აქვთ ეკონომისტებს.
5 წლის უკან
ანდრია არაგველი641 - რომელი ვალუტების მიმართ უფასურდება დოლარი, ხომ ვერ დააზუსტებთ?
5 წლის უკან
ანდრია დოლარის მიმართ სომხური დრამის კურსი 2014 წლის ბოლოს კი დაეცა დაახლოებით 15-17 პროცენტით, მაგრამ იმის შემდეგ, 4 წელიწადზე მეტი ხანია, ინარჩუნებს სტაბილურობას. ეგებ დავინტერესდეთ, როგორ ახერხებენ ამას?
5 წლის უკან
არაგველი641 ანდრია ვალუტის გაუფასიურება არ არის მხოლოდ დაგასაცვლელ ჯიხურებზე გამოკრული აბრებით მანიპულირება. ბაზარში რომ მიხვალ და იმდენ საქონელს რომ ვეღარ იყიდი იმდენივე ფულით რაც ადრე იყიდე, უკვე გაუფასიურებას ნიშნავს. ამ დღეში არის არის დოლარი მაგალითად ამერიკაში: პირადად დავაფიქსირე: ორი წლის წინანდელთან შედარებით ბენზინი გაძვირდა 25%-ით. პროდუქტი მაღაზიებში კიდევ უფრო მეტით გაძვირდა.
ჩვენი ლარი აუცილებლად იქნება ყოველთვის მერყევი, რადგანაც დოლარზე ვართ მიბმული.
რასაც ჩვენს გაზეთებში წერენ ლარის კურსის ცვლილებებზე, ეგ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოოსების ზეპირი თამაშებია და ვერავინ ვერ დაიჭერს ლარის კურსს მუდმივად.
5 წლის უკან