„გიორგი ღვინიაშვილს იმუნიტეტს მოუხსნიან და დააკავებენ“

„გიორგი ღვინიაშვილს იმუნიტეტს მოუხსნიან და დააკავებენ“

გურჯაანის სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანცის დახრჩობის ფაქტის გამოძიება ახალი შს მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის უწყებას მოუწევს. იმთავითვე „ქართული ოცნების“ წევრები უშუალოდ არჩევნების დღის წინ ჩვილის დაღუპვას პოლიტიკურ ანგარშსწორებად აფასებდნენ და საქმის გამოძიებას ითხოვდნენ.

მაშინდელი შსს-ს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ საქმე პირად კონტროლზე აიყვანა, თუმცა გამოძიება ფერხდებოდა. უფრო მეტიც, თბილისიდან ჩასული პირები დაზარალებულებისგან ჩვენების შეცვლას ითხოვდნენ. 

ამ საქმეზე დღეს უკვე ახალი გარემოებები გამოვლინდა. კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, ქვევრში ჩაგდებამდე ჩვილი ცოცხალი იყო. თუმცა მოგვიანებით სასუნთქი მილების წყლით გავსებით მოხდა ბავშვის გარდაცვალება და იგი ასფიქსიით დაიღუპა.

For.ge  კოალიცია „ქართული ოცნების“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრს ინგა ბერიკაშვილს ესაუბრა.

სასამართლო ექსპერტიზით ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რომ ჩვილი ცოცხლად ჩაუგდიათ ქვევრში და იგი ასფიქსიით დაღუპულა. ეჭვმიტანილები აქამდეც არსებობდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, გამოძიება ჭიანურდებოდა. ამჯერად რა ახალ დეტალებზეა საუბარი?

- იმ პირობებში, როცა ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების გადმონაშთები არიან სამართალდამცავ სტრუქტურებში, საქმის გამოძოება ფერხდება. საინტერესო ის არის, რომ პირადად მე სწორედ გურჯაანის პოლიციის უფროსის გოჩა სიბაშვილის ერთ-ერთმა შვილმა - გიორგი სიბაშვილმა მცემა 30 სექტემბერს. ამის მიზეზი ის იყო, თუ რატომ ჩავედი თბილისიდან ადვოკატად, როცა ადგილობრივი ადვოკატიც ჰყავდათ. იმ ღამით საავადმყოფოს ეზოდან გაგვიტყუეს, ირაკლი ალასანიაც იქ იყო და მანანა ბერიკაშვილიც. მე მომატყუეს, თითქოს ჩვენი კოორდინატორი დააკავესო. მეც დავუჯერე და ახალშენში შეგვიტყუეს. ათი მანქანით იყვნენ, ორი მანქანის ნომერი ვიცით და ძიებაში ჩვენება უკვე მიცემული მაქვს. იქ იყო სიბაშვილის შვილი, გიორგი სიბაშვილი, რომელიც ამავე დროს, არის პოლიციელი, რომელიც იძიებს ამ ბავშვის საქმეს. ეს მარაზმია და რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში არავინ დაიჭერს დამნაშვეს. არადა, უშუალოდ უკვე მოწმეები იკვეთება. ისინი პირდაპირ კახეთის ყოფილ გუბერნატორს ღვინიაშვილს ადებენ ხელს, რადგან ღვინიაშვილის ღვიძლმა დეიდაშვილმა გაიყვანა ეს ბავშვი. ახლა უკვე ჩვენი მინისტრები დამტკიცდნენ და მალე გაიცემა ბრძანებები, ღვინიაშვილს მოუხსნიან იმუნიტეტს და დააკავებენ. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა მისცემს ჩვენებას. ამ ეტაპზე იქაურებს ეშინიათ. სხვათა შორის, ახლახანს, 25 ოქტომბერს მიუცვივდნენ და ქვები დაუშინეს იმ ბავშვის სახლს. ამაში მონაწილეობდა ღვინიაშვილის ღვიძლი დეიდაშვილი - გიორგი მექერიშვილი, რადგან უკვე ძალიან ბევრმა მისცა ჩვენება მის წინააღმდეგ.

ეჭვმიტანილების შესახებ რას გვეტყვით?

- ესენი არიან გიორგი მექერიშვილი და მისი ბიძაშვილი ზურაბ მექერიშვილი, მესამის ვინაობა აღარ მახსოვს. ეს სამი პირი მოკლული ბავშვის დედამ პირველსავე დღეს დაასახელა.

ბავშვის დედამ საიდან იცოდა, რომ დამნაშავეები ზუსტად ისინი იყვნენ?

- ის მოწმეებიც არსებობენ, რომლებმაც ისინი ეზოდან გასულები დაინახეს, მაგრამ ალბათ, ახლა მისცემენ ჩვენებას. დედამ კი იმიტომ მისცა ჩვენება, რომ ესენი თავიდანვე ემუქრებოდნენ, რომ შვილს მოგიკლავთო. ამის შემდეგ მანქანა იდგა იქ, სანამ ბავშვს მოკლავდნენ. მანქანაში ისხდნენ ეს ეჭვმიტანილები. ბავშვის დედამ თქვა, როცა გავიარე, მათ თქვეს, მოდის, გაჩუმდითო. მექერიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიცემული აქვს ბავშვის დედასაც და ბებიასაც. დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით გამომძიებელი უნდა დაიკითხოს, რომელმაც უკვე აღიარა, რომ იტყოდა სიმართლეს, რადგან მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა ღვინიაშვილისა და სიბაშვილისგან.

 გამომძიებელი დააშინეს, რომ საქმე რეალურად არ გამოეძიებინა?

- დიახ, ააცილეს საქმეს და ახლა ეს გამომძიებელი ამხილეს ოჯახის წევრებმა და მის დაკითხვას ვაპირებთ.

ერთ-ერთ ადვოკატი ლოლა ტუსაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ დაუჯერებელი იყო, ბავშვი შეგნებულად მოეკლათ. ამიტომ იგი ვარაუდობდა, შესაძლოა, ხელი პირზე დააფარეს, რომ არ ეყვირა და ბავშვი ამ მომენტში შემთხვევით გაიგუდა, შემდეგ კი უკვე გარდაცვლილი ქვევრში ჩააგდესო.

- ეს ვერსია ახლა გამოირიცხა, რადგან ექსპერტიზის დასკვნით, ბავშვი ცოცხლად არის ჩაგდებული და ამის შემდეგ დაღუპულა. თანაც, რა ხდება, იცით? ოთახის იქით კიდევ ერთი ოთახია და მერეა მარანი. ფიზიკურად გასასვლელი არ არის, ამიტომ რა მიზნით ჩააგდეს, არ ვიცით. რომ დავაკავებთ, ალბათ, შემდეგ იტყვიან.

ეს ჯგუფური დანაშაულია და რას ითვალისწინებს?

- რა თქმა უნდა, ჯგუფური დანაშაულია, რომელიც ღვინიაშვილის დაკვეთით განხორციელდა. მასში მონაწილეობა აქვს მიღებული სიბაშვილს, რომელიც უკვე ძალიან ცუდ დღეშია და იძახის, ჩვენებებსაც მოგცემთო. ვნახოთ, მართლა მოგვცემს თუ არა, კარგი იქნება, გამოძიებასთან ითანამშრომლოს, რადგან სასჯელი შეუმსუბუქდება. თუმცა უკვე რამდენიმე კაცი ღვიანიაშვილს პირდაპირ ადებს ხელს.

უშუალოდ თქვენს წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაში ვინ მონაწილეობდა?

- რაც შეეხება ჩვენზე თავდასხმასა და ჩვენს ცემას, ე.წ. „ძმები ყვავები“ არიან გარეულნი, შავკაციშვილები. ერთ-ერთი მათგანი ჩვენთან ოფისშიც მოვიდა და მისი აღიარებითი ჩანაწერი მაქვს. უბრალოდ, ფურცელზე არ დაგვიწერა. რაც მკვლელობებია ჩადენილი კახეთში, სწორედ „ძმები ყვავების“ უშუალო მონაწილეობითაა.

შავკაციშვილებიც ღვინიაშვილის დავალებით მოქმედებდნენ?              

- დიახ, ჯგუფი იყო და, როცა გვირტყამდნენ, პირდაპირ გვითხრეს კიდეც, იქ, სადაც ღვინიაშვილია, თქვენ ვერ იქნებითო.

თქვენს გარდა ვის ურტყამდნენ?

- ჩემს გარდა, მეორე იურისტი იყო, შოთა ჯოხაძე. მას ქვები დაუშინეს. ორივეს ტვინის შერყევა გვქონდა, რეანომობილით ჩამოგვიყვანეს, მას უფრო მეტი დაზიანება ჰქონდა.

თქვენთან მოსვლისას დამნაშავემ როგორ აღიარა, რომ დანაშული სწორედ მან ჩაიდინა?

- ახლა საკუთარი თავის გადარჩენა უნდა და უკვე 34 კაცი ჩაუშვა. არადა, 40-მდე მაინც იყვნენ, ვინც ჩვენ გვცემა.

ის, რომ ძველი გენპროკურატურა აჭიანურებდა საქმის გამოძიებას, ღვინიაშვილის გამო ხდებოდა?

- დიახ, ღვინიაშვილის გამო. ღვინიაშვილის უშუალო დაკვეთაა და ეს, ალბათ, მომავალ კვირას უკვე გახმიანდება.

 ეკა ზღულაძემ ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. ამის მიუხედავად, გამოძიებას არაფერი დასტყობია.

- ზღულაძის შესახებ გეტყვით, რომ მან გაუშვა ხუთკაციანი დეტექტივების ჯგუფი, მათი სახელები ცნობილი გახდება დაკავებისთანავე, რომლებიც შეუვარდნენ ჩვილის დედასა და დეიდას მეორე სართულზე და საშინელ დღეში ჩაყარეს, სანამ ჩვენმა ადვოკატებმა არ მიუსწრეს. ამის შესახებ ჩვენებას იძლევა თვითონ სიბაშვილი, პოლიციის უფროსი, გვარები და სახელები სწორედ მან გვითხრა, შეგიძლიათ, ეს პირდაპირ დაწეროთ.

ზღულაძემ რატომ გაგზავნა ეს ხალხი?

- რომ ჩვენებები გადაეკეთებინათ და თავის თავზე აეღოთ, თითქოს დეიდას („ქართული ოცნების“ წარმომადგენელს) ჩვილი თავად შემოაკვდა. ნათესავებს აიძულებდნენ, თავის თავზე აეღოთ დანაშაული. ისინი უყვიროდნენ და მუშტებს უბრახუნებდნენ, რომ ცრუ ჩვენება მიეცათ.

ქართულმა ოცნებამამ საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა.

- დიახ, ჩვენმა კომიტეტმა აიღო საკუთარ თავზე, თედო კობახიძე ხელმძღვანელობს ამ საკითხს და ჩვენი თავმჯდომარე სწორედ თედო კობახიძეა.

ცნობილია, რომ თავიდან ფულს სთავაზობდნენ ოჯახის წევრებს, რათა მათ  „ქართულ ოცნებასთანარ ეთანამშრომლათ, მაგრამ, როცა ისინი არ დათანხმდნენ, ბავშვი მოკლეს. რა იყო ამის მოტივი?

- მათ სურდათ, კოორდინატორის შვილი მოეკლათ და შემდეგ ეს დაებრალებინათ, თითქოს ეს მანანა ბერიკაშვილმა დაუკვეთა. ღვინიაშვილის დაკვეთა სწორედ ასეთი იყო, რომ, თუ მკვლელობას მანანასა და ბიძინა ივანიშვილის ხალხს დააბრალებდნენ, საარჩევნო კამპანიიდან „ქართული ოცნება“ მთლიანად მოიხსნებოდა. ასე რომ, არჩევნებს შესწირეს ის უბედური ბავშვი.

მაინც ხომ წააგო მანანა ბერიკაშვილმა გურჯაანში?

- წააგო, მაგრამ თავიდან ჩატარდება არჩევნები, როცა ღვინიაშვილს დააკავებენ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რადგან უკვე ძალიან ბევრი მოწმე გვყავს. ეს მოწმეები ალაპარაკდებიან, როგორც კი ჩვენები დაინიშნებიან. ხვალიდან, მე მგონი, ჩვენები შევლენ თავიანთ უწყებებში და პირველი საქმე დღის წესრიგში ეს იქნება.

განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში ჩვილის მკვლელობა რას ითვალისწინებს?

- ეს არის 109-ე მუხლი, რაც სისასტიკეს გულისხმობს ჩვილ ბავშვთან მიმართებით. ძალიან ბევრი პუნქტია, ამას ემატება თანამდებობის ბოროტად გამოყენება. ამიტომ გამორიცხული არ არის, სამუდამო პატიმრობაც მისცენ. ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ღვინიაშვილის, როგორც ორგანიზატორის, ბრალი აუცილებლად დადგება. თავისთავად ცხადია, ამის შემდეგ ღვინიაშვილი ზემდგომებს დაასახელებს. ზოგადად, ეს ძალიან დიდი ორგანიზებული ჯგუფი იქნება, რადგან ახლა ყველა ერთმანეთს ადებს ხელს.

*  *  *

უკვე ცნობილი გახდა, რომ კახეთის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ახალ შს მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დედოფლისწყაროდან სტუმრად მყოფი 10 თვის ჩვილის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმის გამოძიების პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს.

თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი დაჰპირდა უმცირესობის წარმომადგენლებს, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს.

ცნობისთვის, 30 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ჩვილი წყლით სავსე ქვევრში იპოვეს. არსებული ცნობით, ის მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ.