ლარი გამყარებას დაიწყებს, ოღონდ ვერავინ ამბობს ეს როდის მოხდება

ლარი გამყარებას დაიწყებს, ოღონდ ვერავინ ამბობს ეს როდის მოხდება

ლარის არანორმალურმა გაუფასურებამ უკვე ყველა მწყობრიდან გამოიყვანა და ეროვნული ბანკისგან თუ მთავრობისგან პასუხს ითხოვენ. როგორც იქნა, პირველი განცხადებები გაკეთდა ოფიციალური პირებისგან, მაგრამ დიდად იმედიანი ფონი მათმა პოზიციამ ვერ შექმნა. შედარებით პოზიტიური სიგნალები გაისმა ბანკების წარმომადგენლებისგან, სადაც ახლო პერიოდში ლარის გამყარებას ელოდებიან.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე რამდენიმე ვერსიას ასახელებს, რამაც ვალუტის გაუფასურება გამოიწვია. ტურიზმის კლებასთან და უარყოფით მოლოდინთან ერთად, უარყოფით როლს თამაშაობს ვალდებულებების შესრულების პერიოდიც. საქმე ისაა, რომ თვის ბოლოსთვის დამახასიათებელია კონტრაგენტების მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვები საკუთარი ვალდებულებების დასაფარად.

„თუ ლარის გაუფასურება ინფლაციაზე აისახება, ეროვნული ბანკი ვალდებულია, ჩაერიოს და მას აქვს ინსტრუმენტები ინფლაციის დასათრგუნად, მათ შორის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის აწევის, სავალუტო ინტერვენციებისა თუ სხვა ღონისძიებების მეშვეობით. ის დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომლის დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისად, ამ ღონისძიებებს გამოიყენებს მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის. საქართველოს მონეტარულ ხელისუფლებას, ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ბერკეტი, რათა უზრუნველყოს ფინანსური სტაბილურობა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

უფრო იმედიანი განცხადება გააკეთა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, ნებისმიერი ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია.

„ეკონომიკაში იყო მოლოდინი, რომ მეტი შემოსავლის მობილიზება მოხდებოდა ტურიზმის სექტორიდან. სამწუხაროდ, იმ მოვლენების გამო, რაც მოხდა, ეს ასე არ არის, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი ფაქტორი. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. ეს არის ექსპერტების დასკვნა.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა აკონტროლოს ინფლაციის ნიშნული და აუცილებლად უნდა ჩაერიოს იმ შემთხვევაში, როდესაც პარამეტრები შეიცვლება. ბუნებრივია, მე მაქვს ეს მოლოდინი და ეროვნულმა ბანკმა ეს დაადასტურა. შემოსავლები ტურიზმიდან დაეცა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ სამოქმედო გეგმით, რომელიც წარდგენილია, იმ წინადადებებით, რომელიც მოვისმინეთ ბიზნესისგან, შევძლებთ, ეს პრობლემები გადავლახოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

პროგნოზების საკითხში უფრო კონკრეტულია „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარებას ელოდება. კითხვაზე, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები რამდენად იძლევა პოზიტიური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას, ვახტანგ ბუცხრიკიძე დამატებით კომენტარს არ აკეთებს და ამბობს მხოლოდ იმას, რომ „თიბისის“ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოლოდინი აქვთ, რომ ლარი გამყარდება.

„თიბისი კვლევებს ყოველთვის აწარმოებს და ბოლო 2 თვის განმავლობაში რამდენიმე კვლევა დავდეთ. ყოველდღიურად ძალიან რთულია კურსის პროგნოზირება, თავისუფალი გაცვლითი კურსია მოგეხსენებათ. მოლოდინი გვაქვს, რომ საშუალო ვადიანში ლარი უნდა გამყარდეს. ბოლო კვლევა ჩვენ ჩავატარეთ, რაც რუსეთიდან ფრენა აიკრძალა. ჩვენი მოლოდინი არის, რომ ტურიზმში კლება იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ქვეყნებიდან მოხდება ამის კომპენსირება, ჯამურად ტურიზმში დადებით მაჩვენებლი იქნება 2018 წელთან შედარებით, მცირედით, მაგრამ ზრდა იქნება.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ანალიზით, საშუალოვადიან პერიოდში ლარი უნდა გამყარდეს“, - აცხადებს ბუცხრიკიძე.

გამყარების კონკრეტულ ნიშნულს ასახელებს საინვესტიციო ბანკის „გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსი. ევა ბოჭორიშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურების მიზეზი ნეგატიური მოლოდინია, რომელიც თავის მხრივ განაპირობა რუსეთიდან პირდაპირი ფრენის აკრძალვამ და მინერალურ წყალსა და ღვინოზე შესაძლო ემბარგოს დაწესების მოლოდინმა.

„რასაც ვუყურებთ 10-11%-ით ზედმეტად არის გაუფასურებული ლარი. ჩვენი პროგნოზია, რომ ნეგატიური მოლოდინის მინელების ფონზე კურსი უნდა დასტაბილურდეს 2.80-ის ნიშნულთან ახლოს.

მოველით, რომ ტურისტული ნაკადი შენელდება და ამას შეიძლება გარკვეული გავლენა ჰქონდეს ლარის კურსზე. თუმცა, ამავე დროს მოხდება იმპორტის კორექტირება და ეს თავისთავად კურსის დასტაბილურებაზე დადებითად იმოქმედებს“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.

კითხვაზე, რამ გამოიწვია ლარის გაუფასურების ტენდენცია ივნისის მოვლენებამდე, როცა ეროვნული ვალუტა თებერვლიდან გაუფასურების ტრენდს აჩვენებს, ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ეროვნული ბანკის მხრიდან რეზერვების შევსება, რაც 200 მილიონი დოლარის შესყიდვით გამოიხატა ბოლო თვეებში.

„სებ-ის განმარტებით ამ ეტაპზე გაუფასურების ასახვა ფასებზე არ ჩანს, შესაბამისად, ეროვნული ბანკი თავს იკავებს ინტერვენციებისგან. ჩვენც ამას ვხედავთ და ჩვენი მოლოდინებით, მალე უნდა დასტაბილურდეს ლარი“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.

ის კი, ვისგანაც მეტ ინფორმაციას და მეტ პოზიტიურ სიგნალს მოელის საზოგადოება, კონკრეტულს ვერაფერს ამბობს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მხოლოდ ზოგადად საუბრობს შექმნილ ვითარებაზე. ერთადერთი სებ-ის ხელმძღვანელი იმას მიუთითებს, რომ გაუფასურება დიდხანს არ გაგრძელდება.

„დღეს, საქართველო გადის საგარეო შოკს, საქართველოში ტურისტული შემოდინებების მოსალოდნელი რაოდენობა არის შემცირებული და ეს ფაქტიური რიცხვებითაც დასტურდება. საქართველოში შემოვიდა იმაზე ნაკლები ტურისტი, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოვიდოდა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი, მე აბსოლუტურად მესმის ყველასი, ვინც ამის გავლენას განიცდის.

იმ შემთხვევაში, თუ დავინახეთ, რომ კურსის განვითარება გავლენას ახდენს ინფლაციაზე, ჩვენ გვაქვს სხვა და სხვა ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც მოვახდენთ გავლენას, განვახორციელებთ ამ ზომებს. ვფიქრობთ, რომ დღეს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, ანუ ის კურსი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენ სავაჭრო პარტნიორებსაც, არის იმაზე უფრო მეტად გაუფასურებული, ვიდრე ის საგარეო შოკის ზომაა, რაც დღეს გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ ასეთი განვითარება, გადაეცემა ინფლაციას, მივიღებთ ზომებს. ის, რომ ეფექტური გაცვლითი კურსი არის უფრო მეტად გაუფასურებული, შეიძლება მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება“, - ამბობს გვენეტაძე.

ასეთი დამოკიდებულება ბიზნესისთვის მიუღებელია. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ეროვნულ ბანკს არ გააჩნია კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა დაამშვიდოს ბაზარი.

„ლარის კურსზე პასუხისმგებელი მთავრობა არ არის, კურსზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი, თუმცა ბანკისგან ჩვენ რასაც ვხედავთ, არის კონკრეტული ხედვის თუ გეგმის არარსებობა.

ესეც გეგმაა თავისთავად, როცა გეგმა არ გაქვს, თუმცა მგონია, რომ როცა არის გარკვეულწილად პანიკური მოლოდინები ბაზრის მონაწილეებს შორის, სებ-ს სჭირდება მეტი ქმედითი ღონისძიება, რომ დაარწმუნოს ბაზარი, რომ არც ისე საპანიკოდ არის საქმე. ამიტომ სებ-ს უნდა ჰქონდეს კონკრეტული გეგმა, რომელიც ჯერ არ ჩანს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.