ვის როგორ ესმის „რუსთავი 2“-ის მნიშვნელობა?! რომან გოცირიძისთვის „რუსთავი 2“ იყო ის ვარსკვლავი, რომელიც ჩვენს თავზე ანათებდა“, ზაზა პაპუაშვილისთვის კი „რუსთავი 2“ იყო დამნაშავე ტელევიზია, პოლიტიკური მანქანა, რომელიც მხოლოდ შხამს ისროდა...
For.ge დაინტერესდა, როგორია ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის თვალით დანახული ეს ტელევიზია?! სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტის შემდეგ დაემუქრება თუ არა ჩვენს ქვეყანას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა?!
დღეს ბევრისგან ვიგებთ, რომ მიშასდროინდელი „რუსთავი 2“ მართლაც იყო სიცრუის მანქანა, მაგრამ მიშას შემდეგ ეს ტელევიზია ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ ოპოზიციურ ნიშას იკავებდა. თქვენი აზრით, როგორი იყო „რუსთავი 2“ სააკაშვილის პერიოდში და როგორია ახლა?!
- სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ამ ტელევიზიის დამოკიდებულება ყოველგვარ ზღვარს სცდება, ეთიკისა და გამოხატვის თავისუფლების საზღვარს მიღმაა მათი ქმედება, „რუსთავი 2“-ის დამოკიდებულებაში აშკარად ჩანს მათი მიზანი, შანტაჟი და დისკრედიტაცია ქართული სასამართლოსი. მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციაშია, „რუსთავი 2“-ის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ არის არა კრიტიკული, არამედ კრიტიკისა და გამოხატვის თავისუფლების მიღმა. ეს მტრული დამოკიდებულებაა. პირდაპირ ჩანს, რომ „რუსთავი 2“ უპირისპირდება სახელმწიფოს და ამისთვის ნებისმიერ საბაბს იყენებს.
მათი არგუმენტით, ისინი რეალობას ასახავენ, მაშინ, როცა სხვა ტელეარხი სიმართლეს მალავს.
- აქ დამალვაზე არ არის საუბარი. რაც უნდათ, ის გაუშვან, მაგრამ ცალმხრივი არ უნდა იყოს და არ უნდა გადადიოდეს კრიტიკის მიღმა. ინფორმაციაცაა და ინფორმაციაც. როდესაც ტელევიზია ინფორმაციას გადასცემს და ცალკეულ ფაქტს აშუქებს, ეს მისი ფუნქცია და მოვალეობაა, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი და მტრული. ამის ნაცვლად კი, ეს ტელევიზია პირდაპირ მოწოდებულია, დააზიანოს სახელმწიფო. აქ არ არის ლაპარაკი კონკრეტულ ხელისუფლებაზე, „ქართული ოცნების“ მიმართ დამოკიდებულებაზე, არამედ ზოგადად სახელმწიფოს მიმართ, პარლამენტის მიმართ, სასამართლოს მიმართ იგრძნობა მტრული დამოკიდებულება. სხვათა შორის, მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკურად უკვე შეფასდა მტრულ ძალად „ნაცმოძრაობა“ და მისი ორივე ფრთა. ზუსტად მტრული ძალის ხელში იყო ის იარაღი, რომელსაც „რუსთავი 2“ იყენებდა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხელისუფლების სამივე შტოზე თავდასხმისთვის და ეს განსაკუთრებით ყოველგვარ საზღვარს გადასცდა 20 ივნისის ამბოხების მერე. ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ყველაფერი სამართლებრივ სიბრტყეში გადაიტანონ და, როცა ამბობენ, რომ ეს არის მტრული ძალა, ამას შემდგომი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს.
გვარამიას დევნას გულისხმობთ?
- საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს იურიდიულ პირთა მიმართ სისხლის სამართლის დევნას, თუ მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი. კვალიფიციური გამოძიებით ძალიან იოლად დადასტურდება, რომ „რუსთავი 2“ პირდაპირ მონაწილეობდა ამ ამბოხებაში. არ მინდა ახლა პარალელებზე საუბარი, მაგრამ ასევე მოხდა 2003 წელსაც.
2003 წლის ვარდების რევოლუცია პროგრესულ მოვლენად მიიჩნეოდა, რომელმაც შევარდნაძის დამყაყებული პერიოდი შეცვალა სააკაშვილის მმართველობით და „რუსთავი 2“-იც მაშინ გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად ითვლებოდა.
- აქ საუბარია ლიბერასტულ რევოლუციაზე, თორემ ლიბერალი ილია ჭავჭავაძეც იყო. კლასიკური ლიბერალიზმი სულ სხვა რამეა. ლიბერალი, კლასიკური გაგებით, იყო ილია ჭავჭავაძე, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ბურჯი. ილია იყო აბსოლუტურად დაუნდობელი ოპორტუნიზმის მიმართ და ამბობდა, მერყეობა ლიბერალიზმისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ილია ჭეშმარიტ ლიბერალობას სწორედ უკომპრომისობაში ხედავდა, რადგან ჭეშმარიტება ბოლომდე უნდა დაიცვას ლიბერალმა. ჯერ კიდევ 2000 წელსაა გაცხადებული „ნაციონალების“ მიზანი, კერძოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილის სტატიიდან ირკვევა, რომ მათ არ უნდათ ამ ტერიტორიაზე ერი, სახელმწიფო, თავისი ინსტიტუციებით, კონსტიტუციით, ადამიანის უფლებებით, სამართლის უზენაესობით, მათ უნდათ თავიანთი კორპორაცია, მოგებაზე ორიენტირებულ ოლიგარქთა კორპორაცია. ეს პირდაპირაა გაცხადებული. ეს მოდის სკეფსისიდან, ეჭვიდან იმის გამო, რომ საქართველოში თურმე სახელმწიფო ვერ აშენდება, რადგან ქართველი ხალხი ჩამორჩენილი და ბნელია, რადგან ჩვენმა ერმა თავის დროზე გამოტოვა ერის, სახელმწიფოს ისტორიული შანსი და ახლა, თუ გვინდა, გლობალისტური სამყაროს პროგრესს ფეხი ავუწყოთ, პოლიტიკურ და ეკონომოკურ მოგებაზე აგებული კორპორაცია უნდა შევქმნათ.
ანუ „ნაციონალები“ მიიჩნევენ, რომ ამ ტერიტორიაზე არსებობის უფლება მარტო თვითონ აქვთ, თავიანთი კორპორაციით, დანარჩენი ადამიანები კი ვართ ზედმეტები და ბნელები. დღესაც ოპოზიციაში ყოფისას ისინი ამავე დამოკიდებულებას ინარჩუნებენ. ეგენი პირდაპირ არიან მოწოდებულნი, სახელმწიფოს არსებობა არ დაუშვან, ამიტომაცაა, რომ გახარიას ებრძვიან. პასუხისმგებლობა სწორედ ის არის, ასეთ მტრულ მოქმედებას ადეკვატური პასუხი უნდა გასცე.
„რუსთავი 2“ ამ ბრძოლაში მარტო არ არის, მას მხარს უჭერენ ინტელექტუალებიც. ამას რით ახსნით?
- დათო უსუფაშვილი და სხვები... ისინი ლიბერასტები არიან, მაგრამ ოპორტუნისტები, როგორც იოანე საბანისძე იტყოდა, „ირხევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“. ეს ხალხი კომპრომისების მოყვარულია.
სხვათა შორის, უსუფაშვილმა თქვა, რომ სულ რაღაც 15-ჯერაა ნამყოფი „რუსთავი 2-ზე“ და პირად ინტერესს გამორიცხავს ამ ტელევიზიის მიმართ.
- აქეთ-იქით ქანაობა „რესპუბლიკელებისთვის“ დამახასიათებელი თვისებაა. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ დათო უსუფაშვილის და ამ ლიბერალებისა ზუსტად ეგ მოსწონთ, რომ ისინი ვითომც ინტელექტუალები არიან. სინამდვილეში, ამ ადამიანებს რატომღაც მუდმივი მერყეობა ჰგონიათ პოლიტიკური მოქნილობის საშუალება.
ნიკა გვარამია „ახალი იარაღის შექმნაზე“ საუბრობს... პარალელურად, ზაზა ოქუაშვილმა გვარამიასა და მის გუნდს „იბერიაზე“ მუშაობა შესთავაზა. რა იქნება ახალი იარაღი მათ ხელში, ახალი არხის შექმნა?
- ალბათ, ახალი არხის შექმნას აპირებენ, შეიძლება, აქ საუბარი იყოს ფეისბუქის გამოყენებაზე, სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზეც, საიდანაც სახელმწიფოზე თავდასხმები გაგრძელდება. შესაძლებელია, მათ „იბერიაც“ დაუთმონ, ან ერთ-ერთი ალტერნატივა იყოს ტელეკომპანია „მესამე“. ბევრი ვარიანტი განიხილება. მთავარი ის არის, რომ 20 ივნისი წყალგამყოფია, მათ ყველა საზღვარი გადალახეს, გადმოვიდნენ შტურმზე. გარდა ამისა, აქ მთავარი ფაქტია, რომ „რუსთავი 2“ არის ნაყაჩაღარი. აქიმიძემდე, დვალამდე და ეროსიმდე ეს კომპანია იყო სხვისი - თედო ისაკაძე, ფიქრია ჩიხრაძე და იყვნენ კიდევ სხვა ადამიანები. მაშინ რა მოხდა, როგორ აახიეს მათ „რუსთავი 2“ და ეროსიმ რა გაკეთა, ეგ კიდევ სხვა თემაა.
კიდევ ერთ ფაქტს გაგახსენებთ, პირველი პოლიტიკური კრიზისი, რამაც მერე ვარდების რევოლუციამდე მიგვიყვანა, ეს იყო „რუსთავი 2“-ის გარშემო დაწყებული პროცესები. პროკურატურა შევიდა „რუსთავი 2“-ში დოკუმენტაციის სანახავად, რადგან ამ კომპანიას სახელმწიფოს უზარმაზარი ვალი ჰქონდა და არ იხდიდა ამ ვალს, ფული თეთრდებოდა და მთელი ამბები იყო. ამას მოჰყვა მაშინდელი გენერალური პროკურორისა და შს მინისტრის გადადგომა, ბალანსი რომ ყოფილიყო, ჟვანიაც გადადგა. მერე საბოლოოდ „რუსთავი 2“-მა დაიწყო კონფრონტაცია საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ და დაანგრიეს ისედაც სუსტი სახელმწიფოს ყველანაირი ეროვნული ინსტიტუტი, მაშინაც ამის საწყისი „რუსთავი 2“ იყო.
ეს არ ნიშნავს, ქვეყანაში არ არსებობდეს თავისუფალი მედია.
- სიტყვის თავისუფლება ყველაზე მეტად შელახული იყო სააკაშვილის პერიოდში. არც შევარდნაძის დროს, მით უმეტეს, არც ახლა სიტყვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება. ჯერ ერთი, იმდენს ბედავს „რუსთავი 2“, როგორ შეიძლება აქ ლაპარაკი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე? მსოფლიოში ვერ ნახავთ ვერც ერთ ტელევიზიას, რომელიც პირდაპირ ეთერში არ გაითიშებოდა გაბუნიას გამოსვლის გამო. იმ წუთასვე გამორთავდა მას მარეგულირებელი. ჩვენთან ვითომ ეთიკის კომისია არსებობს, მაგრამ რეაგირება არ ხდება. ასევე, არსებობს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, რომელსაც ევალება სტანდარტების დაცვა. ეს სტანდარტი უსაფრთხოების სტანდარტია, რადგან არ შეიძლება ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ყველა თვალსაზრისით საშიშროებას წარმოადგენს.