საბანკო რეგულაციების უარყოფითი შედეგების გამოსწორება სავაჭრო მიმართულებით ვერაფრით ხერხდება. ავეჯისა და ტექნიკის გაყიდვის სფეროში დასაქმებულები ამბობენ, რომ ვითარება კვლავაც უმძიმესია.
ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით რთული სიტუაციაა საავაჯეო ბიზნესიში. პოლონური სამზარეულოს ავეჯის იმპორტიორი კომპანიის შპს „გალანტის“ მოიჯარე ლია ჯანეზაშვილის თქმით, ბოლო 6 თვის განმავლობაში კომპანიის განვადებების გაყიდვების კლება დაახლოებით 50%-ზე მეტია.
„ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს, საშინელი. ფაქტობრივად გაჩერებულები ვართ. მას შემდეგ, რაც განვადებები აღარ გვაქვს, ფაქტობრივად გავჩერდით და ვეღარ ვმუშაობთ. ხალხი აღარ დადის, რადგან იციან, განვადება აღარ არის. ჩვენ 80% განვადებაზე ვმუშაობდით, დანარჩენი ხელზე გაყიდვა იყო. ის დარჩენილი 20% რასაც ხელზე ვყიდდით, ისიც აღარ დარჩა.
ნამდვილად მინდა საბანკო სისტემაში ვითარება შეიცვალოს იმიტომ, რომ ხალხს იმის საშუალება არ აქვს, მოვიდეს და პირდაპირ თანხა გადაგიხადოს. თუ განვადების სისტემა ძველ სახეს დაიბრუნებს, ეს ბიზნესის განვითარებისთვის კარგი იქნება.
ქირას დოლარის ექვივალენტში ვიხდით და შესაბამისად, ლარის კურსის მერყეობა ჩვენზე გავლენას ახდენს. ფასებს არ ვზრდით და ვეღარც გავზრდით იმიტომ, რომ მინიმუმზე ვმუშაობთ“, - განაცხადა ლია ჯანეზაშვილმა.
ფრანგული ავეჯის იმპორტიორი კომპანიის მოიჯარე განმარტავს, რომ იჯარის თანხა 1200–1500 დოლარამდე გაუძვირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მისი პროდუქციის ფასმა დაიკლო. მოიჯარე ჩვენთან შიდა განვადებების სისტემაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მან ამ სისტემით 12 ათასი ლარის ზარალი ნახა.
„ხალხი არ შემოდის და ვერაფერს ვყიდით, ვერც განვადებით და ვერც – ხელზე. გაყიდვები ძალიან შეგვიმცირდა, რადგან მომხმარებლებს სესხს არ უმტკიცებენ. კვირა ისე გავა, რომ ვერაფერს ვყიდით და თვეში ერთ დივანს თუ გავყიდით. განვადებების ძველი სისტემა რომ დაბრუნდეს, კარგი იქნება. მაშინ ზოგ მომხარებელს ხელფასი დაფიქსირებული არ ჰქონდა, თუმცა განვადებებს იხდიდნენ. ჩვენ შიდა განვადება გავაკეთეთ და პიროვნებამ 12 ათასი ლარის დავალიანება დაგვიტოვა და თანხა არ გადაგვიხადა. ანუ, ბანკის ჩართულობის გარეშე ჩვენ დავზარალდით. ლარის კურსი ჩვენზე ძალიან მოქმედებს. ჩათვალეთ, რომ რაც აქ დევს, დაკარგული გვაქვს უკვე“ – აცხადებს „ბიემთან“ მოიჯარე.
საქართველოში წარმოებული ავეჯის კომპანიის მოიჯარე ლილი ბერაძეს განვადებებით გაყიდვები 99%-ით შეუმცირდა, ხოლო ხელზე გაყიდვები – 40%-ით. იგი იჯარაში თვის განმავლობაში დოლარის ექვივალენტში საშუალოდ 1350 ლარს იხდის და ლარის გაუფასურება მის კომპანიაზე გავლენას პირდაპირ ახდენს.
მოიჯარე ეროვნულ ბანკს განვადებების სისტემის ძველი ფორმით დაბრუნების თხოვნით მიმართავს.
„საერთოდ აღარ კეთდება განვადება და ქვეყანაში რთული ეკონომიკური სიტუაციის გამო მომხმარებელი ზოგადად შემცირებულია. მომხმარებელი განვადებას როდესაც აკეთებდა, მას პროდუქცია მიჰქონდა, ახლა ესეც აღარ არის. ჩვენ ფაქტობრივად მომხმარებელი არ გვყავს და ვინც არის, ისინი შედარებით შეღავათიან ფასებში ითხოვენ პროდუქციას. ავეჯის 80%–ს განვადებებით გავცემდით. გუშინ, დღის განმავლობაში 3 ადამიანი მოვიდა, რომელმაც მხოლოდ ფასები დააკონკრეტა და წავიდა. ადრე კი დღის განმავლობაში დაახლოებით 10-დან 7 მყიდველი შემოდიოდა. შიდა განვადებას ვერ გავაკეთებთ, რადგან მომხარებელს გადახდა გაუჭირდება. ჩვენ იმხელა ბერკეტები არ გვაქვს, როგორიც ბანკს“, - განმარტა ლილი ბერაძემ.
სავაჭრო ცენტრ დასაქმებული მოვაჭრეების თქმით, სესხების გაცემაზე რეგულაციების შემოღების შემდეგ, გაყიდვების რიცხვი 70-80%-ით შეუმცირდათ, რადგან პროდუქტს ძირითადად განვადებებით ყიდდნენ, ახლა კი ბანკები გავნადებას საშუალოდ 10 მყიდველიდან, მხოლოდ ერთს უმტკიცებენ.
„არასდროს რომ არ ვყოფილვართ, ისეთ მდგომარეობაში ვართ. დღეები და კვირები გადის ისე, რომ ერთი ნივთი არ იყიდება. 10 გაყიდულიდან 7 განვადება იყო. ადამიანი თუ შემოვიდა და რამე იკითხა მაინც, ეგეც გვიხარია. იციან, რომ აღარ დაუმტკიცდებათ განვადება და აღარც დადიან. სული კბილით გვიჭირავს, რომ როგორმე ქირა მაინც გადავიხადოთ. ქირასაც ვეღარ ვიხდით, სახლიდან ვამატებთ ფულს. ბევრი მაღაზია დაიხურა უკვე“, - აცხადებს მეწარმე.
სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თვეში თუ იყიდებოდა 10 ნივთი, ახლა ერთი შეიძლება გაიყიდოს მხოლოდ.
„რამე თუ არ შეიცვალა დაღუპულები ვართ. უამრავი ადამიანი მუშაობს აქ და ყველას კატასტროფული მდგომარეობა აქვს. ვფიქრობ სად გავიქცე, დიდი ხარჯი გვაქვს. როგორც კი რეგულაციები ძალაში შევიდა მომენტალურად შემცირდა გაყიდვები, ასეთი ცოტა გაყიდვა არ გვახსოვს. ყველა ასეთ დღეშია აქ“, - ამბობს „კიდობანში“ დასაქმებული მოვაჭრე.