საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ განახორციელა პროექტი „მშრომელთა უფლებებისა და შრომის სტანდარტების გაუმჯობესების ხელშეწყობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციების მიერ გამოყოფილი სესხის საფუძველზე“. პროექტის მთავარი მიზანი იყო იმ კომპანიებში, რომლებმაც მსოფლიო ბანკისა (WB) და ევროპული რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისაგან მიიღეს შეღავათიანი და მომგებიანი სესხები, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს დასაქმებულთა შრომით უფლებებს, გარანტირებულს, როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საქართველოს მიერ უკვე რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზციის N29; N87; N98; N100; N105; N111; N138; N182 კონვენციებითა და სხვა საერთაშორისო შრომითი სტანდარტებით. პროექტი მხარდაჭერილ იქნა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამის (MATRA) მიერ.
პროექტის ფარგლებში შეირჩა ბენეფიციარი კომპანიები რომლებსაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან შეღავათიანი და გრძელვადიანი მიმდინარე სესხები აქვთ აღებული. აღნიშნული კომპანიები არიან: „თბილღვინო“, „ურბან ენერჯი-ფარავანი“, „აფთაუნ რაკიინ ჯორჯია“, „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“ და „სინოჰიდრო“.
პროექტი მიმდინარეობდა, როგორ დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა.
ევროპული და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაცემული სესხები საქართველოს ეკონომიკის კერძო სექტორის განვითარებას ემსახურება, მაგრამ მას ახლავს ისეთი ვალდებულებები, რომელიც იცავს კომპანიებში დასაქმებული ადამიანების სოციალურ შრომით უფლებებს. დღეისათვის შემუშავებულია რვა სტანდარტი, რომლის დაცვაც სავალდებულოა მსესხებელი კომპანიისათვის საინვესტიციო პროექტის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში. აღნიშნული სტანდატებიდან უმნიშვნელოვანესი არის სტანდარტი 2 (Performance standart-2), რომელიც დასაქმებულთა სხვა უფლებებთან ერთად ასევე იცავს სამუშაო ადგილზე პროფკავშირული ორგანიზაციის ჩამოყალიბების უფლებას. ამ უფლების რეალური განხორციელება არის ყველაზე მყარი ბაზისი ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის კულტურის გასავითარებლად.
პროექტის დაიგეგმა და განხორციელდა რამდენიმე ეტაპად. დადგინდა მსესხებელი კომპანიების ერთიანი სია, მოხდა ამ ორგანიზაციების ტერიტორიული დაჯგუფება. შემუშავდა კითხვარები, როგორც დამსაქმებელთათვის ასევე დასაქმებულთათვის. მოხდა კომპანიების ადმინისტრაციების ინფორმირება პროექტის თაობაზე. კომპანიების შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა მათი საქმიანობის სფერო და დასაქმებული მუშაკების რაოდენობა. პროექტის განხორციელებისას სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირებიდან შეირჩა 12 ადგილობრივი კოორდინატორი. 2012 წლის 24-25 აპრილს მიზნობრივად დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი კოორდინატორთათვის. იგი წარიმართა ბატონ პიტერ ბაკვისის (ITUC/GLOBAL UNIONS WASHINGTON OFFICE) ხელმძღვანელობით. ტრენინგში მონაწილეობა ასევე მიიღეს პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების „კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლებმა. კოორდინატორებმა დამატებით გაიარეს სპეციალური ტრენინგი კერძო კომპანიებში ორგანაიზინგის შესახებ ამერიკის შრომის ფედერაცია-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესის (AFL-CIO, ამერიკის პროფკავშირების კონფედერაცია) „სოლიდარობის ცენტრის“ თბილისის ოფისში ბატონ რობერტ ფილდინგის ხელმძღვანელობით.
პროექტის საველე სამუშაოები განხორციელდა 2012 წლის ივნისი-სექტემბერში. საველე სამუშაოების დასრულებისთანავე განხორციელდა ჩატარებული საუშაოს ანალიზი და დასკვნის შემუშავება.
ბენეფიციარ კომპანიებში საველე სამუშაოების ჩატარებისას გამოიკვეთა შემდეგი სურათი:
„თბილღვინო“
შპს „თბილღვინოს“ სათაო ოფისი და ქარხანა დედაქალაქში მდებარეობს. ადმინისტრაციამ უარი განაცხადა ესაუბრა პროფკავშირის წარმომადგენლებთან. კოორდინატორებმა დასაქმებულებთან შეხვედრა მოახერხეს მხოლოდ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ათიოდე მუშასთან. მათთვის მთავარ პრობლემას დაბალი ხელფასი წარმოადგენს, რომელიც წლიდან წლამდე არ იზრდება (არც ინფლაციის ინდექსის გათვალისწინებით) და რომლის მომატების პერპექტივა არ ჩანს. მუშების სამართლიანი მოთხოვნები იგნორირებულია. 9 საათიანი სამუშაო დღის პირობებში მათი ხელფასი არ აღემატებოდა 400 ლარს. ხშირად მათ მუშაობა შაბათობითაც უწევთ, იყო შემთხვევები როდესაც კვირასაც ამუშავეს. შრომითი უსაფრთხოების საკითხებში ინსტრუქტაჟი უტარდებათ, ქიმიური უსაფრთხოების დონე ნორმის ფარგლებშია, თუმც ეს საკითხი დამატებით სპეციალურ კვლევას საჭიროებს.
„თბილღვინო“ ქ. ყვარელში საკუთარ ობიექტს აშენებს, რომელიც სადღეისოდ 3 დიდ და 2 პატარა შენობის შავ კარკასს წარმოადგენს. მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი მერყევია სამუშაო დღე 11 საათი გრძელდება. დასაქმებულთა ხელფასი დამოკიდებულია ჩაბარებული ობიექტის ხარჯთაღრიცხვაზე. მუშებს არ აქვთ სპეცტანსაცმელი და არც სასადილო, გადაადგილებს ახდენენ საკუთარი ხარჯით. შრომის პირობები არის უაღრესად მძიმე - მტვერი, ხმაური, სიცხე, სიცივე.
მდგომარეობის შესწავლამ დაადასტურა, რომ შპს „თბილღვინოში“ დასაქმებულთა შრომის უფლებები შელახულია. მუშები დაინტერესებული არიან პროფკავშირებთან ურთიერთობით.
„ურბან ენერჯი-ფარავანი“
აღნიშნულ მშენებარე ჰიდროელექტრო სადგურზე მდგომარეობის გასაცნობად პრეოქტის სამუშაო ჯგუფი რამდენჯერმე იმყოფებოდა. ჯგუფის ვიზიტის შესახებ ინფორმირებული იყო მმართველი დირექტორი. მდგომარეობის შესწავალამ აჩვენა, რომ სამუშაო დღე გრძელდება 12 საათი 1 საათიანი შესვენებით. ობიექტზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების ხელფასი არ აღემატება 600 ლარს, მაშინ როცა თურქეთის მოქალაქეების ხელფასი 2000 დოლარამდე აღწევს. საქართველოს მოქალაქეებისათვის უცნობი იყო შრომითი კონტრაქტის პირობები. მთლიანობაში ობიექტზე დასაქმებული აღმოჩნდა თურქეთის 240 მოქალაქე და საქართველოს 320 მოქალაქე. თურქები სერტიფიცირებული სპეციალისტები არიან. მხოლოდ ისინი აწარმოებენ სამუშაოებს გვირაბებში და არიან ოპერატორები. ქართველები მხოლოდ დამხმარე სამუშაოებს ასრულებენ, როგორიცაა შედუღება, ბეტონის ჩასხმა და არ დაიშვებიან გვირაბში მიმდინარე სამუშაოებზე. ობიექტზე მოქმედებს შრომის უსაფრთხოების სისტემა, მუშებს უტარდებათ სათანადო ინსტრუქტაჟი, შესაბამისად არ ხდება რაიმე სერიოზული სამუშაო ტრამვა. მუშებს აქვთ სპეცტანსაცმელი და ინვეტარი, მოწესრიგებული სასადილო და საცხოვრებელი ყაზარმები. მოწესრიგებულია კომუნიკაცია მუშებსა და ადმინისტრაციას შორის. შრომითი დისციპლინის დარღვევაზე მოქმედებს სათანადო მორალურ-მატერიალური და ადმინისტრაციული ზომები. ობიექტზე იყო გაფიცვაც ხელფასის 2 თვის დაგვიანების გამო. პროფკავშირების ჩარევის შემდეგ საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდა. თუმც ამის შედეგად ადმინისტრაციამ პროფკავშირებთან კონტაქტი გაწყვიტა. სამედიცინო პუნქტის გარდა ობიექტზე დასაქმებული მუშების ნაწილი სარგებლობს GPI ჰოლდინგის დაზღვევის C პაკეტით. საერთო ჯამში გამოიკვეთა არაერთმნიშვნელოვანი სურათი, რაც გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ, რომ ბენეფიციარი კომპანია სრულად არ ასრულებს შეღავათიანი სესხის პირობებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა EBRD წარმომადგენლობას.
„აფთაუნ რაკია ჯორჯია“
აღნიშნულ სავაჭრო კომპლექსს ძირითადად აშენებს ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია „პრემიერ ქატარი“.
პროფკავშირების კოორდინატორთა შეხვედრებმა მუშებთან ნორმალურ ატმოსფეროში ჩაიარა. ობიექტზე დასაქმებულნი აღმოჩნდენენ როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მოქალაქეები. ანაზღაურება სპეციალიზირებული მიმართულებით დასაქმებული თურქი მუშაკებისა მეტია. ობიექტზე მაღალია ხმაურისა და მტვრის მოცულობა. მექანიზმების ნაკლებობის გამო დიდია ფიზიკური დატვირთვა, შრომით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მენეჯერი, რეგულარულია ინსტრუქტაჟი მუშებთან ამ საკითხზე. მუშების ხელფასი არ ინდექსირდება და მათ არ უნაზღაურდებათ სატრასპორტო ხარჯები, არ აქვთ სასადილო, არ გააჩნიათ სამედიცინო დაზღვევა, ობიექტზე არაა მუშათათვის მოსასვენებელი ოთახი და არც საშხაპე კაბინები. არ ხდება მათი შრომითი კვალიფიკაციის ზრდა. არ არის მოსაწესრიგებელი სამუშაო პირობების თაობაზე ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია. მუშების აზრით მათი შრომითი ინტერსების დასაცავად სასარგებლოა პროფკავშირთან თანამშრომლობა.
„საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“
ორივე ბანკის ფილიალებში პროფკავშირების კოორდინატორებს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები შეხვდათ. პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოიცვეს როგორც დედაქალაქში არსებული ფილიალები, ასევე რუსთავში, ქუთაისში და ბათუმში მდებარე ბანკის ფილიალები. ბანკების ადმინისტრაციამ არ მისცა საშუალება თანამშრომლებს შეევსოთ კითხვარები. მხოლოდ სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ, ზოგიერთმა მუშაკმა ანონიმურად შეავსო კითხვარი. მენეჯერები მოითხოვდენენ, რომ კითხვარები არ შევსებულიყო, ან თუ შეივსებოდა მხოლოდ მათი მეთვალყურეობის ქვეშ. ასეთმა ვითარებამ ნათლად აჩვენა, რომ ამ მიმართულებით ბანკებში დიდი პრობლემებია, ისევე როგორც თავად შრომის ორგანიზებაში, რადგან ნორმად არის ქცეული ზეგანაკვეთური მუშაობა. მუშაკებს არ გააჩნიათ ადმინისტრაციასთან შრომით საკითხებზე ურთიერთობის მექანიზმი. სესხის პირობები ბანკებში დაცული არაა.
„სინოჰიდრო“
შპს „სინოჰიდროს“ სათაო ოფისი მდებარეობს აჭარაში, ჩოლოქის მეურნეობის მიმდინარე ტერიტორიაზე. ჩინურმა კომპანიამ პროექტის განხორციელება ერთი წლის წინ დაიწყო. დაქირავებული ჰყავდა რამდენიმე ათეული მუშაკი, რომლებიც არ იცნობდნენ საკუთარ შრომით კონტრაქტს, მუშაობა კი უაღრესად მძიმე პირობებში უხდებოდათ. პროფკავშირების კოორდინატორთა ჩარევის შემდეგ მუშებმა მიიღეს შრომითი კონტრაქტების ასლები. ოდნავ მოემატათ ხელფასი და დაიწყო მუშაკთა გაწევრიანება ადგილობრივ პროფკავშირულ ორგანიზაციაში. სამუშაო დრო 9 საათსა და 30 წუთს შეადგენს, ხოლო შრომა თვეში 28 დღე უწვეთ. შპს „სინოჰიდროში“ მოხდა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის თამაზ დოლაბერიძისა და ქიმიური მრეწველობისა და ენერგეტიკის საერთაშორისო პროფკავშირების წარმომადგენლის ფი ჯანგ სანის ვიზიტი. ადგილობრივმა პროფორგანიზაციამ დამსაქმებელთან დაიწყო მოლაპარაკება კოლექტიურ შრომით ხელშეკრულებაზე.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ განხორციელებულმა ამ პროექტმა ნათლად აჩვენა, რომ არაა დაცული მშრომელთა უფლებები, ხოლო შრომითი სტანდარტები გაუმჯობესებას საჭიროებს. აუცილებელია სოციალური პარტნიორობის პრინციპის ამუშავება და სახელმწიფოსა და დამსაქმელთა თანამშრომლობა პროფკავშირებთან.