„ოქროს სიის“ საკითხი აღდგენის უკვე არათუ განხილვას, უბრლო საუბარსაც აღარ ექვემდებარება. მის დაბრუნებაზე ხელი ჩაიქნია ბიზნესომბუდსმენმა და ბიზნეს ასოციაციამაც.
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე პირდაპირ აცხადებს, რომ „ოქროს სია“ არის მიმართულება, სადაც ბიზნესომბუდსმენის ოფისს შედეგი არ აქვს. ამ საკითხზე ოფისს ბევრი კონსულტაცია ჰქონდა ყველა ბიზნესასოციაციასთან, ფინანსთა სამინისტროსთან, მაგრამ შედეგი არ არის.
„მივმართეთ ასევე პრემიერ-მინისტრს, თუმცა ამ ეტაპზე, ეს საკითხი არის დახურული და გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ეს იქნა გაცხადებული და ახსნილი შესაბამისი უწყების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადაზე შეღავათი გაუქმდა. 217-ვე კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობდნენ, ძალ-ღონე არ დაიშურეს მთავრობის გადასარწმუნებლად, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა.
ამიტომ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ თემა დღესდღეობით დახურულია, ხოლო იმ შემთხვევში, თუ ხელისუფლება შეიცვლის აზრს და დაბრუნდებით იმ რეჟიმზე, რომელიც აქამდე არსებობდა, ეს სწორი იქნება.
„ოქროს სიასთან“ დაკავშირებით ჩვენ ხელისუფლებასთან მათ შორის ფინანსთა სამინისტროსთან შეხვედრა ბევრჯერ გვქონდა. იყო გაფართოებულ ფორმატში დისკუსია. ამ ეტაპზე ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ის გადაწყვეტილება, რომელიც მაისის ბოლოს ამოქმედდა, ძალაში რჩება. რასაკვირველია, ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს შეცვლილიყო, მაგრამ ამ ეტაპზე არის ის სტატუსი, რაც არის,“ - განაცხადა ფხაკაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე - ამ ეტაპზე „ოქროს სიის“ თემაზე ორ მხარეს შორის მუშაობა გრძელდება თუ არა, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ეფექტური კომუნიკაციის არხების საშუალებით, ურთიერთობა და კომუნიკაცია ხელისუფლებასთან აქვს, თუმცა ამ ეტაპზე „ოქროს სიის“ თემა ამოწურულია.
„ყოველთვის ვცდილობთ, ლობირება გავუწიოთ იმ აზრებს და ხედვებს, რომლებიც იბადება ბიზნესში, ამიტომაც არსებობს ბიზნეს ასოციაცია. არის საკითხები, რაზეც შევთანხმდებით და არის საკითხები, რაზეც ვერ შევთანხმდებით. თუ ისინი მომავალში შეიცვლიან აზრს და დავბრუნდებით იმ რეჟიმზე, რომელიც აქამდე არსებობდა, ვფიქრობ, რომ იქნება სწორი.
ჩვენ ყოველთვის დიალოგის რეჟიმში ვსაუბრობთ და ვცდილობთ ჩვენი არგუმენტაცია ჩამოვაყალიბოთ და წარვუდგინოთ ხელისუფლებას და მოვისმინოთ მათი არგუმენტაცია. ამიტომ ვამბობ, რომ ამ ეტაპზე ეს თემა ამოიწურა“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
მთავრობა კი ამ მიმრთულებით არაფრის შცვლას არ აპირებს. ცოტა ხნის წინ ფინანსთა მინისტრმა გარკვევით თქვა, რომ ეს საკითხი განხილვას აღარ ექვემდებარება.