20 ივნისის შემდეგ მიმდინარე აქციები მზესუმზირითაც გახდა დასამახსოვრებელი. „მაკნატუნას“ სპეციალურმა შეფუთვამ საზოგადოების მოწონება და კომპანიის ფინანსური შემოწმება დაიმსახურა. რამდენად უკავშირდება ეს ფაქტები ერთმანეთს, ახლა რთული დასადგენია, მაგრამ „მაკნატუნას“ დამფუძნებელი დავით ფხაკაძე კომპანიის საგადასახადო შემოწმებას უშუალოდ ანტისაოკუპაციო აქციაზე მზესუმზირის დარიგებას უკავშირებს.
ფხაკაძის აზრით, საგადასახადო შემოწმების მიზნით, კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესვლა ბრენდის ანტისაოკუპაციო შეფუთვას უკავშირდება, რომელიც მათ მიერ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებისთვის გაიგზავნა.
„შემოსავლების სამსახურს შემოწმების მიზეზი არ უთქვამს, უბრალოდ, ჩვენ ვაკავშირებთ ფაქტებს ერთმანეთთან, რადგან „მაკნატუნას“ შეფუთვები რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს დავურიგეთ და ის ჩემს ძმას თორნიკე ცერცვაძეს გავატანე. მივიღეთ ის, რომ ჩემს ძმას გუნდში ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს და გამოუშვეს. იმისათვის, რომ ოკუპაცია გააპროტესტა გუნდიდან გამოუშვეს. ვივარაუდეთ, რომ ეს ყველაფერი ამასთან არის კავშირში. პირდაპირ ჩვენთვის არავის უთქვამს, ამ მიზნით გამოწმებთო. რა თქმა უნდა, შემოსავლების სამსახურს კანონით უფლება აქვს შემოწმების და იმისაც, რომ აუდიტი მოითხოვონ“, - განაცხადა ფხაკაძემ.
კომპანია „მაკნატუნაში“ საგადასახადო შემოწმების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. მომხმარებლები წერდნენ, რომ აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი „მაკნატუნას“ ახალი შეფუთვა იყო, რომელზეც დატანილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
„ბიზნეს მედია“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შემოსავლების სამსახურსაც დაუკავშირდა, რომელმაც საგადასახადო შემოწმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა ირწმუნებიან, რომ აღნიშნული პოლიტიკურ თემებს არ უკავშირდება.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შპს „მაკნატუნას“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია დაიწყო გასული წლის 26 ნოემბერს და ამჟამად კი, მიმდინარეობს შპს „მაკნატუნას“ მიერ წარმოდგენილი მასალების დამუშავება და შესწავლა.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ყოველდღიურად ხდება ათეულობით კომპანიის შემოწმება და ეს ჩვეულებრივი პროცესია, შესაბამისად, შპს „მაკნატუნაში“ მიმდინარე საგადასახადო შემოწმების მიბმა პოლიტიკური პროცესებისათვის არის მოსახლეობისთვის შეგნებულად არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და ცალკეული ჯგუფების მიერ ამ ინფორმაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მცდელობა“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
კომპანია „მაკნატუნაში“ კი ირწმუნებიან, რომ ანტისაოკუპაციო შეფუთვაში მზესუმზირას ორმაგი ძალებით გამოუშვებენ.
„თბილისში პირველი პარტია უკვე ჩაეშვება, ხოლო ერთ კვირაში სავაჭრო ქსელები ამ შეფუთვით სრულად შეივსება“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
მზესუმზირის მწარმოებელი კომპანია „მაკნატუნა“ 2007 წელს დაარსდა. დღეის მდგომარეობით, კომპანია მზესუმზირას, მიწის თხილს, გოგრის მარცვლებს, სიმინდის ბურბუშელასა და ორცხობილას აწარმოებს.
რეესტრის ბოლო, 2019 წლის 25 თებერვლის ამონაწერით, „მაკნატუნას“ 25%-25%-იან წილებს ქრისტინა ხურციძე, თათია იმედაძე, დავით ფხაკაძე და გრიგოლ გუმბერიძე ფლობენ. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ერთ-ერთი მფლობელს 2013 წელს „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ჯამში, 6200 ლარი აქვს შეწირული.