ამერიკაში დოლარის გასაუფასურებლად ემზადებიან, რას მოუტანს ეს ლარს?

ამერიკაში დოლარის გასაუფასურებლად ემზადებიან, რას მოუტანს ეს ლარს?

ვაშინგტონში ამერიკული დოლარის გაუფასურებისთვის ემზადებიან. როგორც ჩანს, მსოფლიოში უმთავრესი ვალუტის გამყარების რამდენიმეწლიანი ხანა დასრულდა და ახლა აშშ საპირისპირო გზას დაადგება. რა შეიცვლება დოლარის დევალვაციის შედეგად ლარის კურსთან მიმართებით?

აშშ-ს პრეზიდენტს აწუხებს ის, რომ დოლარის გაძლიერება საფრთხეს უქმნის მის ეკონომიკურ გეგმებს. ეს თემა განიხილებოდა ტრამპის ფედერალური სარეზერვო სისტემის ორ ახალ მაღალჩინოსანთან შეხვედრის დროს - ჯუდი შელტონთან და კრისტოფერ უოლერთან. პრეზიდენტი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ძლიერი დოლარი აფერხებს ეკონომიკურ ბუმს, რომელიც, მისი გათვლებით, უნდა დაეხმაროს მას საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

თუმცა, საკითხი ჯერ არაა ბოლომდე გადაწყვეტილი, რადგან პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ლარი კადლოუ და ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი არ ემხრობიან რაიმე ხელოვნურ ჩარევას დოლარის კურსში.

არავისთვის არაა საიდუმლო და არც თავად პრეზიდენტი მალავს, რომ იგი მიიჩნევს აუცილებლად დოლარის კურსის შემცირებას. თუმცა, ამერიკულ ვალუტაზე მოთხოვნა კვლავ განაგრძობს ზრდას და ამის წინააღმდეგ ტრამპი ვერაფერს აკეთებს.

უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ, ტრამპი დაიწყებს პრაქტიკულ მოქმედებებს დოლარის კურსის შემცირების მიზნით. პრეზიდენტის აზრით, სუსტი ვალუტები ახალისებენ სხვა ქვეყნების ექსპორტიორებს, ხოლო ძლიერი დოლარი ხელს უწყობს შტატებში იმპორტის ზრდას.

ქართველი ანალიტიკოსების შეფასებით, არასტაბილური დოლარი გამოიწვევს გაურკვევლობას, შიშს და უნდობლობას აშშ-ს მიერ გატარებული პოლიტიკისადმი. რაც შეეხება ამ პროცესის ლარზე გავლენას, ბაზრის მკვლევარის ნიკა შენგელიას აზრით, ქართული ვალუტისთვის გამყარების ახალი შესაძლებლობა გაჩნდება.

ქართველი ფინანსისტები ერთი ნაწლი მიიჩნევს, რომ დოლარის გაუფასურებით ლარი ცოტათი ამოისუნთქავს, თუმცა არსობობს სხვაგვარი მოსაზრებაც. საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს გენერალური დირექტორი ლექსო ალექსიშვილის აზრით, იმ შემთხვევაში თუ დოლართან მიმართებით ამერიკის ადმინისტრაცია დევალვაციის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს პროცესი ლარზე არ აისახება - არც ნეგატიურად და არც პოზიტიურად. ამის მიზეზად იგი საქართველოს მცირე ეკონომიკას ასახელებს.

„საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები არ არის ამერიკასთან უშუალო კავშირში. მისი სავაჭრო ურთიერთობები არის აშშ-ს სავაჭრო პარტნიორებთან კავშირში და, ბუნებრივია, როცა სავალუტო კურსს უყურებ უნდა შევხედოთ არა ნომინალურ კურსს, არამედ რეალურ გაცვლით კურსს. რეალური გაცვლითი კურსის თვალსაზრისით ყალიბდება საბოლოო ჯამში ეს მდგომარეობა. ჩვენი რეალური გაცვლით კურსის შემხედვარე, არ გვაქვს გაუფასურებული ვალუტა. ჩვენ ვუყურებთ დოლართან მიმართებაში ნომინალურ კურსს, მაგრამ, თუ შევხედავთ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორიც არის მაგალით თურქეთი, რუსეთი და სხვები, ამ ვითარებაში ლარი გაუფასურებული არ არის.

ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თუ დოლარის დევალვაცია მოხდება, ეს კარდინალურად შეცვლის მის სავალუტო კურსს სხვა ვალუტებთან მიმართებაში - ეს ესე არ მოხდება. ამის მოლოდინები არ უნდა გვქონდეს. საქართველომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი: ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ძლიერი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ფუნდამენტური ეკონომიკური საფუძვლები როგორიც არის ექსპორტის მდგომარეობა, ეკონომიკური სტაბილურობის მდგომარეობა, წარმოების დონე და ა.შ. იყოს მაქსიმალურად გაზრდილი. ამას უნდა მივაქციოთ არსებითი ყურადღება. ის რომ ამერიკა შეცვლის თავის სავალუტო გაცვლით კურსს ჩინეთის იუანთან მიმართებაში, ეს ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ იძენს“, - განუცხადა „კომერსანტს“ ალექსიშვილმა.

ქართველი ანალიტიკოსების მეორე ნაწილი შეფასებით, ქართული ვალუტისთვის გამყარების ახალი შესაძლებლობა გაჩნდება. „ფინექს 1970“-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ამბობს, რომ თუკი დოლარის დევალვაცია მოხდება, ეს სხვა ქვეყნების ვალუტებს, მათ შორის, ლარს გაამყარებს.

„ამ ნაბიჯით აშშ მნიშვნელოვნად წაახალისებს ექსპორტს, ქვეყანაში ჩინეთიდან დიდი რაოდენობის იმპორტი შედიოდა, რომელსაც გარკვეული სანქციები დაუწესეს. ამ შემთხვევაში დევალვაცია გამოსავალი იქნება, ხოლო ჩვენი ქვეყნის ვალუტა ამით შვებას იგრძნობს. სავარაუდოდ, აშშ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არის მცდელობა, ჰქონდეს სუსტი ვალუტა და გაზარდოს ექსპორტი, რათა მსოფლიოში, ძირითადად, ამერიკული საქონელი იყიდებოდეს. ტრამპის გადაწყვეტილების მოტივია, რომ ქვეყანამ საექსპორტო ნიშა არ დაკარგოს და მაქსიმალურად შეინარჩუნოს“, - აცხადებს შენგელია.

რაც შეეხება საქართველოში მოქმედ ლარის კურსს, ანალიტიკოსის შეფასებით, მან დაკარგა სტაბილურობის იმიჯი, რითაც საბოლოოდ მოსახლეობა და მცირე ბიზნესი ზარალდება.