„კუკავას განცხადებებზე სერიოზულ გამოხმაურებას არ ვაპირებ“

„კუკავას განცხადებებზე სერიოზულ გამოხმაურებას არ ვაპირებ“

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ საქართველოში უნდა დასრულდეს მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის სამოქალაქო საზოგადოებად წარმოჩენა და მათი აზრის მოსახლეობის აზრად გასაღება. საუბარია სახალხო დამცველის კანდიდატურებზე, რომელთაგან ერთ-ერთი, თამარ გურჩიანი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წამოაყენა. კიდევ ერთი კანდიდატი კი, რომლის სახალხო დამცველად დანიშვნასაც პატიმრების ოჯახის წევრები ითხოვენ, დიმიტრი ლორთქიფნიძეა და კუკავას განცხადებით, სწორედ ლორთქიფანიძე უნდა გახდეს სახალხო დამცველი. ამასთანავე კახა კუკავა არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ გრანტიჭამიებად მოიხსენიებს და არაკვალიფიციურობაში სდებს ბრალს.

ამ თემასთან დაკავშირებით for.ge-ს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი ესაუბრება.

თამარ ჩუგოშვილი: „პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ინფორმაცია ისე არის გავრცელებული, თითქოს თამარ გურჩიანი მხოლოდ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კანდიდატურაა, მაგრამ სინამდვილეში ეს მთლად ასე არ არის. ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების რაღაც რაოდენობა შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ და იმ რამდენიმე კანდიდატურას შორის, რომლებსაც ვიხილავდით, ამ მსჯელობაში მონაწილე ორგანიზაციების უმრავლესობამ სწორედ თამარ გურჩიანს დაუჭირა მხარი. რა თქმა უნდა, ჩვენც გავიზიარეთ ეს პოზიცია და ასე იქნა ეს კანდიდატურა შერჩეული.

პირადად ჩემი მხრიდან შემიძლია გითხრათ, რომ თამარ გურჩიანს ძალიან კარგად ვიცნობ და რამდენიმე წლის განმავლობაში ერთად მოგვიწია მუშაობა. როგორც მოგახსენეთ, ეს ინიტიატივა ჩვენგან არ მოდიოდა, მაგრამ გურჩიანის კანდიდატურას მე ვუჭერ მხარს და ამის საფუძველს რამდენიმე გარემოება მაძლევს. პირველ რიგში, ეს არის მისი პიროვნული თვისებები. თამუნა არის ძალიან პრინციპული, მებრძოლი და ძალიან ძლიერი ადამიანი. ჩემი აზრით, სახალხო დამცველისთვის ეს თვისებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ადამიანის უფლებებში თამარ გურჩიანი ძალიან კომპეტენტურია, ეს თემა კარგად იცის, მუშაობდა ამ სფეროში, სწავლობდა ამ საკითხებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ მიმაჩნია, რომ კომპეტენციისა და კვალიფიკაციის თვალსაზრისითაც ის ძალიან ძლიერი კანდიდატია. და ბოლოს, შეიძლება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არ იყოს თამუნას აქტივობები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, მაგრამ ის ყოველთვის ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ სფეროში, სხვათაშორის იგი „ეს შენ გეხება“-ს კამპანიაშიც აქტიურად მონაწილეობდა და ჩვენთვის მისი იქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველაფერი ეს ერთად აღებული მე მაფიქრებინებს, რომ თამარ გურჩიანს შეუძლია იყოს ძალიან აქტიური და პრინციპული სახალხო დამცველი. შესაბამისად, ჩვენ გავიზიარეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წაარმოდგენილი ეს კანდიდატურა.

მოგეხსენებათ, თამარ გურჩიანის გარდა კიდევ რამდენიმე კანდიდატურაა ამ პოსტზე წამოყენებული. როგორ შეაფასებდით მათ?

- მე ამ კანდიდატებს ვიცნობ, და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მათ დიდ პატივსაც ვცემ, განსაკუთრებით ქალბატონ ლია მუხაშავრიასთან ძალიან აქტიური ერთობლივი მუშაობაც გვქონია და ამ ადამიანს განსაკუთრებით დიდ პატივს ვცემ. რაც შეეხება ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს და ბატონ გელა ნიკოლაიშვილს, მათ ძალიან აქტიურად აქვთ ნამუშევარი პატიმრების უფლებებზე, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოებას გარკვეული კითხვები და შენიშვნები ჰქონდა სხვა ჯგუფების მიმართ, რომელთა უფლებების დაცვაც სახალხო დამცველს ასევე ევალება. სახალხო დამცველი მხოლოდ პატიმრების უფლებების დამცველი არ არის. მან უნდა დაიცვას სხვადასხვა ჯგუფები, ეს არის უმცირესობები, ქალები, ბავშვები, დევნილები და ა.შ. ამიტომ, მართალია ბატონ გელასაც და ბატონ დიმიტრისაც პატიმრებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აქვთ ნამუშევარი, მაგრამ მხოლოდ ეს კრიტერიუმი ვერ იქნება საკმარისი.

ბატონი დიმიტრი სახალხო დამცველის კანდიდატურად ერთხელ უკვე განიხილებოდა და მაშინაც არასამთავრობო ორგანიზაციებს მის გამონათქვამებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ.

ქალბატონ ლიას რაც შეეხება, ნამდვილად კარგი კანდიდატია, უბრალოდ, ეს არ ყოფილა მხოლოდ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გადასაწყვეტი, ამას არასამთავრობოების გარკვეული ჯგუფი იხილავდა და ამ ჯგუფში უფრო მეტი მხარდამჭერი თამარ გურჩიანს აღმოაჩნდა. მოგატყუებთ, რომ გითხრათ, რომ აქ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, მაგრამ დაახლოებით ათი ორგანიზაცია იყო შეკრებილი, ვინც უფლებებზე აქტიურად მუშაობს და უფრო მეტი მხარდაჭერა გურჩიანის კანდიდატურამ მიიღო. ქალბატონ ლიას კი კიდევ ერთხელ მინდა ჩემი პატივისცემა დავუფიქსირო.

კახა კუკავა საკმაოდ მკვეთრ განცხადებებს აკეთებს საიას მიმართ, ფსევდოლიბერალებსა და გრანტიჭამიებს გიწოდებთ და ამბობს, რომ თქვენ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ქსენოფობიად და ჰომოფობიად ჩაუთვალეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა უნდა შეიზღუდოს. იქნებ დააკონკრეტოთ, რა შენიშვნები არსებობს ლორთქიფანიძის მიმართ, რადგან კახა კუკავა აცხადებს, რომ თამარ გურჩიანის სახალხო დამცველად დანიშვნა საზოგადოებისთვის სილის გაწვნა იქნება.

- პირველ რიგში, მე არ ვიცი ბატონი კუკავა იცნობს თუ არა თამარ გურჩიანს და მგონია, რომ არ იცნობს. ამიტომ კარგი იქნებოდა, უფრო მეტი შეხება ჰქონდეს ამ ადამიანთან და შემდეგ გააკეთოს ასეთი თამამი შეფასებები. რაც შეეხება ბატონ კუკავას, თავად მისი საარჩევნო კლიპი მთლიანად ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ განცხადებებზე იყო აგებული. სხვათაშორის, ამის გამო ჩვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მივმართეთ და კუკავას დაჯარიმება, ან მისი კლიპის მოხსნა ან შეცვლა მოვითხოვეთ. მე მგონი ეს ყველასათვის ცნობილია და სამწუხაროდ, თვითონ ბატონი კახას ქმედებებსა და გამონათქვამებში არის ეს პრობლემები და როგორც მოგახსენეთ, მის კლიპშიც. ამიტომ საერთოდ არ ვიცი, რამდენად უნდა გავაკეთო მის ასეთ ნათქვამებზე კომენტარები.

გრანტიჭამიობას რაც შეეხება, მე მგონი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რა საქმეს აკეთებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, ასე ხელაღებით ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები აკეთონ. ეს ძალიან ცუდია, რადგან ორგანიზაციაზე, რომელიც ამხელა ენერგიას დებს პატიოსან შრომაში, არ შეიძლება ასე ხელაღებით ამგვარი განცხადებები აკეთო, მაგრამ ყველას პასუხისმგებლობის თავისი ხარისხი აქვს და ალბათ, ასეთ ადამიანებს მეტი არ აქვთ.

კახა კუკავამ არაპროფესიონალები გიწოდათ, რადგან მისი განცხადებით, მას ქსენოფობიად ჩაუთვალეთ სარეკლამო წარწერების ქართულ ენაზე გაკეთების მოთხოვნა.

- მიმაჩნია, რომ კახა კუკავას პარტიის წინასაარჩევნო კლიპი ერთი მხრივ, არაპროფესიონალიზმის, მეორე მხრივ კი, სიძულვილის ენის მატარებელი იყო. საიას იურისტების კომპეტენციასა და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით მე კომენტარებს არ გავაკეთებ, რადგან თუ ვინმეს კვალიფიციური იურისტები ჰყავს, ერთ-ერთი პირველი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა. ამიტომ, ვიდრე ასეთ განცხადებებს გააკეთებს ნებისმიერი ადამიანი, უკეთესი იქნება თუკი ცოტა უფრო კარგად დაასაბუთებს, რადგან ძალიან უპასუხისმგებლო იყო კახა კუკავას განცხადებები, მაგრამ მე ამაზე სერიოზულ გამოხმაურებას არც ვაპირებ. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ისედაც ყველაფერი ცხადია.

უპასუხისმგებლო და სიძულვილის ენის მატარებელი იყო ის კლიპი, რადგან ის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით იყო მომზადებული. საარჩევნო კანონმდებლობაში პირდაპირ წერია, რომ საარჩევნო პროგრამა არ შეიძლება მოიცავდეს ეთნიკური, რელიგიური შუღლის გაღვივებას. მიუხედავად ამისა, მისი კლიპი არასასურველ კონტექსტში მოიხსენიებდა სხვადასხვა ჯგუფებს. ეს არა მხოლოდ სიძულვილის ენის მატარებელი, არამედ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების პირდაპირი დარღვევა იყო. ამიტომაც მას დაეკისრა პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ასეთი კლიპი მოამზადა.

და ბოლოს, კახა კუკავა ასევე ბრალს გდებთ იმაში, რომ პოლიტპატიმრების საკითხის განხილვისას თქვენ ყოველთვის თავს იკავებდით პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისგან.

- ამაზე ნამდვილად მინდა სერიოზული პასუხის გაცემა, რადგან უკანასკნელ პერიოდში ამ თემამ სოციალურ ქსელებშიც იტრიალა. ეს ძალიან სამწუხაროა და არ მესმის, ვის და რაში სჭირდება ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება. თუკი საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაკავებებზე ვინმეს რაიმე ხმამაღლა უთქვამს, ან რაიმე კვალიფიციური ანგარიში მოუმზადებია, პირველი ეს გახლდათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ჯერ კიდევ 2010 წელს გავაკეთეთ ანგარიშის პრეზენტაცია (მაშინ მე თვითონ ვიყავი ასოციაციის თავმჯდომარე) და ეს იყო ერთ-ერთი პირველი ანგარიში, რაც ჩემი თვამჯდომარეობის პერიოდში გაკეთდა. ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეების შესახებ და ძალიან დიდი შრომა ჩაიდო იმ საქმეების შესწავლაში, რომელშიც პოლიტიკური მოტივაცია აშკარად იკვეთებოდა.

გარდა ამისა, ჩვენ მუმდივად ვსაუბრობდით პოლიტიკური ნიშნით დევნაზე წინასაარჩევნო პერიოდში და პოლიტიკური ნიშნით დაკავებებზე არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, როდესაც დაახლოებით 60 ადამიანი პოლიტიკური ნიშნით იქნა დაკავებული. ამიტომ, ამის დაბრალება, მე მგონი თეთრზე შავის თქმაა, რადგან თუკი ვინმე ჩვენი საქმიანობით ოდნავ მაინც დაინტერესებულა და თვალი უდევნებია, საკითხი, რომელზეც ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი განცხადებები გაკეთებულა, სწორედ ეს თემა იყო. უბრალოდ ვერ ვხდები, ეს თემა რატომ განიხილება. შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე შეხვიდეთ და ნახოთ ის ანგარიშიც, ჩვენი სხვადასხვა პრესკონფერენციები და წინასაარჩევნო ანგარიშებიც, სადაც მუდმივად არის საუბარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებებზე, დევნაზე და შევიწროვებაზე. შესაძლოა, ეს ადამიანები, ვინც ამგვარ ინფორმაციებს ავრცელებენ, ჩვენს საქმიანობას არ იცნობენ და ეს ყველაფერი უბრალოდ შავი პიარისთვის სჭირდებათ, ამას არ გამოვრიცხავ. ალბათ, მედიის მხრიდანაც ამაზე აყოლა ცოტა უცნაურია, რადგან მედია ჩვენს საქმიანობას აქტიურად ადევნებს თვალს.