სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის გაძვირება დაიწყო. ამის მიზეზი ისაა, რა თქმა უნდა, ლარის დევალვაციაა. ბოლო 1 თვეში და განსაკუთრებით მიმდინარე კვირაში კურსის თავბრუდამხვევმა დაცემამ სავაჭრო სფერში მოქმედ კომპანიებს ყველა იმედი გადაუწურა. რამდენდაც სავალუტო ბაზარზე დასტაბილურების ნიშნები არ ჩანს, მეწარმეები იძულებულნი არიან თადარიგი დაიჭირონ და საქონელი გააძვირონ.
იმპორტიორები ამბობენ, რომ შემოტანილ პროდუქციაზე ფასების ზრდა გარდაუვალია. საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასის კიდევ უფრო მატებას.
ივა ჭყონიას განმარტებით, ბოლო პერიოდმა დაადასტურა, რომ ლარი ძალიან არასტაბილურია. ამიტომ, ის მოსაზრება, რომ ეროვნული ვალუტა მოკლევადიან პერიოდში შეიძლება დასტაბილურდეს, სწორი არ არის. როგორც ჭყონია აცხადებს, მნიშვნელოვანია ის, თუ რა ახალ ნიშნულზე გაჩერდება ლარი, რომ აქედან მოხდეს ფასების ათვლა. დღევანდელი მოცემულობით ფასების ზრდა რომ გარდაუვალია, ეს აშკარაა.
„უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირებას. ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიას, რომელსაც ნედლეული შემოაქვს, ძალიან მძიმედ ურტყამს არსებული კურსი. იმ კომპანიებს, რომლებმაც უკვე გააძვირეს პროდუქცია, დაახლოებითი ნიშნული 2.90 ჰქონდათ აღებული, თუ ამასაც ასცდა, მაშინ პროდუქცია კიდევ უფრო გაძვირდება. 2.92-2.95-იანი ნიშნული თუ დაფიქსირდა, კომპანიები უკვე ახალ ნიშნულზე დაიწყებენ ფიქრს, რაც იქნება 3,0. აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ პარალელურად ძვირდება საწვავიც“, - აცხადებს ჭყონია.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემაა და ლარს მსყიდველობითუნარიანობა არ აქვს.
„იმის გამო, რომ ადგილობრივ ბაზარზე ექსპორტის მაჩვენებელი იმპორტისას რამდენჯერმე აღემატება, გავლითი კურსის ვარდნას ბაზარზე მყისიერი რეაგირება მოჰყვება ხოლმე.
ძალიან რთული სიტუაციაა. ეკონომიკურმა გუნდმა და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად უნდა იმოქმედონ. სადისტრიბუციო კომპანიები არიან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მოგებაზე საუბარი არ არის, საუბარია იმაზე, რომ ისეთი ზარალი არ მიიღონ, რომ ფატალურ შედეგებამდე მივიდეთ“ - განუცხადა „კომერსანტს“ ჭყონიამ.
სამომხმარებლო ბაზარზე მართლაც რთული ვითარებაა. ამას მომხამრებლებიც თვალნათლივ ხედავენ და არც იმპორტიორი კომპანიები უარყოფენ. სადისტრიბუციო კომპანია „დუს“ დამფუძნებელი დავით გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ გაძვირება უკვე დაწყებულია და გარდაუვალად გაგრძელდება მომავალშიც.
„უკვე ყველაფერი გაძვირებულია და კიდევ მეტად გაძვირდება. ქვეყანას ყოფა აქვს ნატირები, მეტი რაღა უნდა მოხდეს? ყოველდღე, როცა განბაჟებას ვაკეთებთ, დოლარს ვყიდულობთ და ვრციხავთ, ეს ავტომატურად ხვალინდელი გაძვირებული პროდუქციაა. დღეს, მაგალითად, 2.86-ზე გადავრიცხე. ხვალ რა იქნება კაცმა არ იცის განბაჟება პირდაპირ კურსზეა მიბმული და რასაკვირველია მყისიერ ასახვას ჰპოვებს ბაზარზე“, - აცხადებს "რეზონანსთან“ გოგოიჩაიშვილი.