საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულების გამწვავების საკუთარი ახსნა აქვს ვლადიმერ ჟირინოვსკის. იგი ყველაფერს ამერიკის ინტერესით ხსნის და ავიწყდება, რომ რუსეთი ოკუპანტია და სწორედ ამის გამო გაუჩნდათ ქართველებს გავრილოვისნაირი პერსონების მიმართ ანტაგონისტური დამოკიდებულება.
ჟირინოვსკის ინტერპრეტაციით, საქართველოში სიტუაციის გამწვავების ერთ-ერთი მიზანია საბოლოოდ გამოდევნონ რუსები, უკიდურეს ზღვრამდე გაართულონ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობა, რათა ნიადაგი მოამზადონ საქართველოში ამერიკული სამხედრო ავიაციის განლაგებისთვის.
რუსეთის ლიბერალ-დემოკრტიული პარტიის ლიდერის მოსაზრებით, ეს ავიაცია ამერიკელებმა შეიძლება შემდგომში ირანის დასაბომბად გამოიყენონ.
შესაძლოა, ოდიოზურად ცნობილ ჟირინოვსკის ნათქვამს ბევრი ადამიანი რეალისტურად არც აღიქვამს, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მას სხვაგვარად კრემლის „რუპორსაც“ უწოდებენ, მაშინ დავრწმუნდებით, რომ მისი პირით თვით კრემლი ღაღადებს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჟირინოვსკის ვერსია უსაფუძვლოა.
პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, ნებისმიერ რუკას რომ დავხედოთ, დავინახავთ, რომ ნატოს წევრ თურქეთში ყველანაირი სამხედრო ინფრასტრუქტურა განლაგებულია ზედმიწევნით კარგად, ამ დროს კი საქართველოში არ არსებობს არც გამოყოფილი ტერიტორია და არც ინფრასტრუქტურა, რათა აქ ამერიკული ბაზები განთავსდეს. უფრო მეტიც, ვიდრე საქართველო არ გახდება ნატოს წევრი, ზღაპარია ეს ყველაფერი.
„არანაირი საფუძველი არ არსებობს ამერიკული სამხედრო ავიაციის განთავსების არათუ რეალიზაციისთვის, არამედ ამ თემაზე ლაპარაკისთვისაც კი. თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა და ვიდრე ვინმე დასკვნას გააკეთებს, შეხედოს კავკასიის რუკას და ნახოს, რამდენად შემოჭრილია სტრატეგიულად თურქეთის ტერიტორია პირდაპირ შუაგულ კავკასიაში. ყველა მიმართულებით ნატო აკონტროლებს სიტუაციას კავკასიაში. ასე რომ, არანაირი დამატებითი რესურსები არ სჭირდება ნატოს, განალაგოს ნატოს გარეთ, ანუ ნატოს არაწევრ სახელმწიფოში სერიოზული სამხედრო ინფრასტრუქტურა. ამერიკას ირანის ან თუნდაც სხვა მიმართულებით თავისი გეგმების განსახორციელებლად არანაირი დამატებითი რესურსი არ სჭირდება. თურქეთი მისთვის ჩაუძირავი ავიახომალდია, თუკი შეიძლება ასე ითქვას. თურქეთში ყველგან ნატოს ინფრასტრუქტურაა“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
ასე რომ, ჟირინოვსკის ნათქვამი იმ ადამიანის მოსაზრებად მიიჩნია, ვისაც გეოპოლიტიკაზე წარმოდგენა არ აქვს.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამერიკული სამხედრო ავიაციის განთავსების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ჩვენთან საუბრისას პოლიტოლოგი განმარტავს, რომ რუსეთი ყოველთვის ახალ რამეს იგონებს, სად იყო ნატოზე ლაპარაკი, როცა რუსებმა კონფლიქტები გააჩაღეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
„თავისი პოლიტიკის გასამართლებლად რუსეთი მიზეზებს გამუდმებით ეძებს. მე არ ვიცი, რა შეთანხმება იყო და რამდენად იქნება ქართული აეროდრომები იმისთვის გამოყენებული, რომ აქედან ირანზე განხორციელდეს შეტევა, მაგრამ ეს უფრო პროპაგანდის თემა მგონია, რომელიც მიმართულია არა საქართველოსკენ, არამედ რუსეთის მოსახლეობისკენ. ესეც ემსახურება იმ მიზანს, თითქოს საქართველოში რუსეთის მოძულეები, რუსოფობები არიან. სწორედ ამის გაღვივება უნდათ კრემლში, რათა ტურისტული სეზონი რამენაირად ჩააგდონ საქართველოში“,-აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.