ახალი ხელისუფლების დამტკიცების შემდეგ მთავარი პროკურატურა 2008 წლის 16 აგვისტოს ბათუმში წამებით მოკლული ჯარისკაცის როინ შავაძის საქმით დაინტერესდება. შავაძის საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურორობის კანდიდატს არჩილ კბილაშვილს კითხვა for.ge-მ 15 ოქტომბერს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ დაუსვა.
ვესაუბრეთ როინ შავაძის ქვრივს ციცინო შავაძეს და ადვოკატს რამინ პაპიძეს, რომელიც შავაძის საქმეში მისი მკვლელობის დღიდან ჩაერთო.
როინ შავაძის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე წლის 1 მაისს გაიგზავნა, რის შემდეგაც საქმეს შესაბამისი ნომერი მიენიჭა. მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩილ კბილაშვილის განმარტებით, ეს ხელს არ შეუშლის საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიების განახლებას - „მოგვმართოს ოჯახმა, ადვოკატმა და ამ საქმეს გამოვიძიებთ“.
ადვოკატ რამინ პაპიძის განმარტებით, ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ მთავარ პროკურატურას დაუყოვნებლივ მიმართავენ და როინ შავაძის საქმის გამოძიების განახლებას მოითხოვენ - „ამჟამად გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობს. ჩვენ მოვითხოვთ რეალური გამოძიების ჩატარებას, როინ შავაძის მკვლელების და მკვლელობის დამკვეთების დასჯას“.
ჯარისკაცის ქვრივს ციცინო შავაძეს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სიმართლის დადგენის იმედი აქვს - „იმის იმედით ვცოცხლობთ, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ, ყველაფერი გაირკვევა და სიმართლეს დავადგენთ. სანამ ცოცხალი ვარ და პირში სული მიდგას, მანამ არ გავჩერდები და მგონია, რომ სიმართლეს გავარკვევ, თუ რატომ, რისთვის და რა მოხდა“.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ როინ შავაძის მკვლელობის ისტორიას და ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორებთ იმას, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ასე მოვიქცევით ყოველ ჯერზე, სანამ უამრავ კითხვას პასუხი არ გაეცემა და როინ შავაძის მკვლელობის დამკვეთებსა და შემსრულებლებს სასამართლო არ დასჯის.
2008 წლის 16 აგვისტოს, ბათუმში, აგვისტოს საომარი მოქმედებებიდან ორი დღის დაბრუნებული, სენაკის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავი, როინ შავაძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს. იმავე დღიდან საზოგადოებაში შავაძის მოღალატეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს და მოგვიანებით, ამის შესახებ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მინიშნებები პარლამენტის ტრიბუნიდანაც გააკეთეს.
თუმცა, გამოძიება არა სამშობლოს ღალატის, არამედ ნარკოტიკების შეძენა-გადაზიდვის ბრალდებით დაიწყეს. ჯარისკაცის ოჯახს კი გაჩუმების სანაცვლოდ სოლიდური თანხა შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. ამას მოჰყვა მუქარა და ტერორი მთელ სანათესაოზე, რის გამოც შავაძეებთან 24 საათის განმავლობაში მორიგეობდნენ იმჟამინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, მისი წარმომადგენლები ბათუმში - გიორგი ჩარკვიანი და ლადო მგალობლიშვილი და შავაძეების ადვოკატი რამინ პაპიძე.
საფრანგეთის იმჟამინდელი ელჩი ერიკ ფურნიე როინ შავაძის საქმით დაინტერესდა, ისევე, როგორც ევროსაბჭოში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი. პარალელურად, პარლამენტის ტრიბუნიდან უმცირესობის წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს, არასაპარლამენტო ოპოზიცია ამ თემაზე ძალიან ხშირად საუბრობდა სატელევიზიო გამოსვლებში.
ამგვარი აქტიურობის შემდეგ ჯარისკაცის ქვრივს სასამართლომ დაცვა დაუნიშნა, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალურად. ხმამაღალი მუქარა და ტერორი შეწყდა და შავაძეებზე ზეწოლის ფორმა შეიცვალა.
მაგალითად, 2010 წლის დეკემბერში წამებით მოკლული როინ შავაძე სასამართლოში მოწმედ გამოიძახეს. ჯარისკაცის ქვრივს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან უწყება მიუტანეს - „6 დეკემბერს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა მოვიდნენ და მითხრეს – „როინ შავაძე სასამართლოში, ვერა დოლიძესთან არის დაბარებულიო“. კინაღამ გავგიჟდი, ჭკუიდან გადავედი, ხმამაღლა ვიკივლე – მიაკითხეთ სასაფლაოზე და გამოგყვებათ -მეთქი...“
არც მეტი, არც ნაკლები - შავაძის მკვლელობის საქმის გამოძიებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც დაინტერესდა. 2011 წლის აპრილში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში როინ შავაძის შესახებ შემდეგი რამ წერია:
„ადგილი არ ჰქონია შემდეგ წინსვლას და ის მოსალოდნელი არაა როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით. არსებული ბრალდებების თანახმად, როინ შავაძე პოლიციამ 2008 წელს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. იუსტიციის სამინისტროს განცხადების თანახმად, 2008 წელს ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად აჭარის პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფს გადასცა. წლის ბოლოს გამოძიება გრძელდებოდა“.
როინ შავაძის საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება, განზრახ მკვლელობის და ნარკოტიკების შეძენა-გადაზიდვის მუხლებით. როინ შავაძე დღემდე ითვლება ეჭვმიტანილად, ნარკოტიკების უკანონოდ შეძენასა და გადაზიდვაში.
for.ge-ს კითხვაზე - ხომ არის არის თქვენთვის ცნობილი რაიმე ახალი გარემოება? ადვოკატი რამინ პაპიძე ამბობს, რომ მოარული ხმების თანახმად, როინ შავაძის მკვლელობის საქმესთან კავშირში მყოფი კუდის თანამშრომელი გიორგი ჩიქოვანი, მეტსახელად მაიმუნა ლონდონში, ლტოლვილთა ბანაკშია და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.