რუსეთიდან მომდინარე ეკონომიკური სანქციებით გამოწვეული შოკისა და არანორმალურად დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო გამო, ლარი აგონიაში იმყოფება. უკვე რეალურია საფრთხე, რომ სულ მალე 1 დალარი 3 ლარი ეღირება. ქვეყანა ტოტალური ინფლაციის წინაშე დგას.
უარყოფით მოლოდინს არ მალავენ საბანკო სფეროს წარმომადგენლები. ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ საკმაოდ უსიამოვნო პროგნოზი აქვს „თიბისი ბანკის“ მთავარ ეკონომისტს, ოთარ ნადარაიას. რამდენადაც ლარი სანქციების დაწესებამდეც გაუფასურებული იყო, მისი აზრით, ახალი შოკის შედეგად დოლარის კურსი შესაძლოა 3.00-3.05-მდე გაიზარდოს, რასაც მერე უკვე შედარებითი გამყარება მოყვება. ასეთი გაუფასურება რასაკვირველია ფასების ზრდასაც გამოიწვევს.
„ახლა შოკი დაგვემატა. ბუნებრივია, ამ სავალუტო რეჟიმის და მცურავი კურსის პირობებში და ასევე მოლოდინის პირობებში, რომ ასეთი დანაკლისი გვექნება, შეუძლებელია ვთქვათ, რომ არ გაუფასურდება კურსი და ამას უნდა შევეგუოთ.
ჩვენი შეფასებით, ამჟამად დაახლოებით, დოლარის კურსი შეიძლება ავიდეს 3-მდე ან 3.05-მდე. ძალიან დიდი ალბათობით მას შემდეგ დაიწყებს ეტაპობრივ გამყარებას. რატომ 3.05? ეს არის ის ზღვარი, სადაც ინფლაცია 8-9%-მდე მივა. უკვე პირდაპირ ვამბობთ, ინფლაცია არ იქნება 3%, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ ორნიშნა რიცხვამდე არ გაიზრდება“, - ამბობს ნადარაია.
დაახლოებით იგივე სცენარს ვარაუდობს ეკონომიკის დოქტორი ოთარ ნადარაიაიგი ლარის რეკორდულ გაუფასურების მიზეზებს ხსნის და ეროვნულ ბანკს მიუთითებს, რომ მცირედი ინტერვენციებით უნდა იმოქმედოს. მთავრობა კი შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს თუ არ აღმოფხვრის, ლარის კურსი ახალ წონონასწორობის ნიშნულზე, 3,0-ზე დაფიქსირდება.
„ფაქტობრივად, მოლოდინი გადავიდა რეალობაში. გაჩერდა ექსპორტი, დიდი რიგებია ლარსის საზღვარზე, თითოეულ მანქანაზე დაახლოებით 20 000-30 000 ლარის საქონელია. თანხა, რომელიც უნდა შემოსულიყო ქვეყანაში, არ შემოვიდა, ტურისტები წავიდნენ ქვეყნიდან, ავიამიმოსვლა გაჩერდა. მარტო რუსეთიდან შემოსული საქონლის ღირებულება 438 მილიონი აშშ დოლარი იყო. ამას თუ დავამატებთ ტურისტებიდან დაკარგულ დაახლოებით 500 მილიონ აშშ დოლარს, გამოდის, რომ 1 მილიარდ დოლარს კარგავს ქვეყანა. ლარის კურსის გაუფასურებაც სწორედ ამ ყველაფრის შედეგია“, - აცხადებს „კომერსანტთან“ შენგელია.
ქვეყანა რამდენიმე დღეში გაძვირების მორიგ ტალღას მიიღებს. უფრო მეტიც, თუ კურსი 2.85-იან ნიშნულზე შენარჩუნდება, აგვისტო-სექტემბერში დენის და გაზის ტარიფების გადაანგარიშებები თავიდან მოხდება.
ეკონომიკის ექსპერტის აკაკი ცომაიას თქმით, ლარის გაუფასურება გამოწვეულია მოლოდინის ფაქტორით, რაც თავის მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.
„ბაზარზე ადგილი აქვს აჟიოტაჟს. შესაბამისად, ამ მომენტისათვის ეს კურსი დაიკლებს, მაგრამ თანდათანობით, სავარაუდოდ, ალბათ დაიწყებს გაუფასურებას, თუკი რუსეთის სანქციები ქმედითი გახდა. სადამდე გაუფასურდება ლარი, ამისი თქმა შეუძლებელია. სიტუაციას უნდა შევხედოთ არა ამ მომენტში ჯიხურებში რაც ხდება, არამედ უნდა შევხედოთ ისე, რომ ტრენდი იქნება გაუფასურებისაკენ“, - განაცხადა ცომაიამ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძეც ადასტურებს, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი რუსეთისგან მოსალოდნელი სანქციებით გამოწვეული პანიკაა. ამ მოცემულობაში აუცილებელია მთავრობამ სამოქმედო გეგმა წარმოადგინოს.
„ლარის კურსი გარბის მხოლოდ ერთი მიზეზით: რუსეთისგან მოსალოდნელმა სანქციებმა გამოიწვია პანიკა. თუმცა, ვინც ახლა 2.95-ად ყიდულობს, ნუ იქნება დარწმუნებული, რომ ახლო მომავალში უფრო იაფად ვერ იყიდის. ლარის კურსი არ არის დამოკიდებული მხოლოდ რუსეთიდან შემოსულ დოლარზე. შესაბამისად, რუსეთიდან მოსალოდნელ დანაკლისს თუ გადაფარავს სხვა ქვეყნიდან დოლარის შემოსვლის ზრდა (თუნდაც სესხების), ეს დანაკლისი დაბალანსდება. ამასთან, ლარის კურსის დაცემა შეამცირებს იმპორტს, ანუ ქვეყნიდან დოლარის გასვლას. ამიტომ, ახლა მთავრობის დუმილი კი არა, საჭიროა აქტიური ქმედება და საუბარიც, რას აპირებენ“, - აცხადებს ბესო ნამჩავაძე.
ამ ეტაპზე ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2,90-იან ნიშნულთან ტრიალებს, თუმცა ვითარების ოდნავ დაძაბვასაც კი მორიგი კატასტროფული ვარდნა მოჰყვება.