კომპანია „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი და ყოფილი მესაკუთრე, მამია სანადირაძე აცხადებს, რომ კომპანიის დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს და ამასთან დაკავშირებით, 24 ოქტომბერს for.ge-ს პრეს-კლუბში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს, მანამდე კი იგი for.ge-სთან „კავკასუს ონლაინის“ მისთვის წართმევის პერიპეტიებზე საუბრობს. სანადირაძის თქმით, ხელისუფლებამ „კავკასუს ონლაინი“ იმის გამო აითვალწუნა, რომ იგი ყოფილი მმრთველი გუნდის უკანონო დავალებებს არ ასრულებდა.
მამია სანადირაძე: „2009 წლის სექტემბრიდან იმავე წლის დეკემბრის ჩათვლით კომპანიაზე რამდენიმე ფლანგიდან ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა. თავიდან დაიწყო ჩვენი კომპანიის კაბელების მიზანიმართული ჭრა. ჩვენ გვყავდა უსაფრთხოების სამსახური, რომელიც კაბელების გადამჭრელებს დასდევდა და რამდენჯერმე მათი იდენტიფიცირებაც მოახერხეს. ზოგი მათგანი იყო ყოფილი „ელექტროკავშირის“, დღევანდელი „სილქნეტის“, ზოგი კი თბილისის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი. ამ ადამიანებს ჩვენი კომპანიის კაბელების რუკები გააჩნდათ, რაც ჩვენი კომპანიის საიდუმლო იყო და რაც მათ მოპარული ან ნაყიდი ჰქონდათ.
როდესაც ამ ადამიანებს ვაკავებდით, ვიძახებდით პატრულს და მათ ვაბარებდით დამნაშავეებს, მაგრამ საპატრულო პოლიცია შემდეგ მათ ათავისუფლებდა. ეს ყველაფერი ვიდეო-ფირებზეა აღბეჭდილი და მთელი ეს მასალა ჩვენ გაგვაჩნია, რასაც მოგვიანებით გამოძიებას აუცილებლად წარვუდგენთ.
ამის პარალელურად კომპანიაში შემოვიდა საგადასახადო ინსპექცია, რომელმაც ჩვენი კომპანიის ხუთწლიანი მუშაობა შეამოწმა. ვინაიდან ვერანაირი კანონდარღვევა ვერ აღმოგვიჩინეს, ბრალი დაგვდეს იმაში, რომ ინტერნეტს ძალიან იაფად ვყიდიდით და ამით მხოლოდ დღგ-ს სახით სახელმწიფო ბიუჯეტი 11 მილიონი ლარით დავაზარალეთ. ამასთანავე, ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით „კავკასუს ონლაინი“ ოთხჯერ დააჯარიმა, რამაც ჯამში 660 ათასი ლარი შეადგინა. თითოეული ჯარიმა იყო ისეთ უმნიშვნელო რაღაცეებზე, რაზეც სხვა კომპანიებს მხოლოდ გაფრთხილებები ჰქონდათ მიღებული. ამ დაჯარიმებების სერიის შემდეგ, დაგვემუქრნენ, რომ შემდეგ ჯერზე ლიცენზიას ჩამოგვართმევდნენ.
გარდა ამისა, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური მასიურად ჭრიდა ჩვენს კაბელებს, რის შემდეგაც მათი აღდგენის უფლებას არ გვაძლევდნენ. რა თქმა უნდა, ეს არაოფიციალურად ხდებოდა. ყველაფერ ამას დაემატა ისიც, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა წერილი გაუგზავნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (რომელთანაც 35 მილიონიანი კრედიტის მიღებაზე გვქონდა ხელშეკრულება გაფორმებული), რომ ჩვენ ვართ დამრღვევი კომპანია, რომ ჩვენ კაბელები ისეთ ადგილებზე გვაქვს, სადაც არ გვეკუთვნის და ა.შ. და ამიტომ ჩვენზე კრედიტის გაცემა არ შეიძლებოდა.
ანუ თქვენზე მიზანმიმართული შეტევა ხორციელდებოდა?
- დიახ, ამას დაემატა ისიც, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურამ, რომელიც ჩვენს ქსელში იყო ჩართული, 2009 წლის სექტემბერში ერთდროულად უარი განაცხადა ჩვენი სერვისით სარგებლობაზე, მათ მოგვწერეს, რომ ჩვენი ქსელიდან ითიშებოდნენ და ასეც გააკეთეს. აქ საუბარია, თითქმის ყველა სამინისტროზე, პარლამენტზე და კიდევ უამრავ სახელმწიფო დაწესებულებაზე.
თქვენ ახსენეთ, რომ საგადასახადო ინსპექციამ დაგადანაშაულათ იმაში, რომ ინტერნეტს იაფად ყიდდით და ამით სახელმწიფო ბიუჯეტს 11 მილიონის ზარალი მიადგა. ეს თანხაც თქვენ დაგეკისრათ?
- დიახ, ჩვენ ეს თანხა თვენახევრის განმავლობაში უნდა გადაგვეხადა. ამასთანავე, როდესაც ჩვენ გავაპროტესტეთ ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან ინტერნეტის ძვირად გაყიდვა ყველაზე მეტად ჩვენს ინტერესში შედიოდა, ჩვენ ხომ კომერციული კომპანია ვიყავით, მაგრამ ინტერნეტზე გვქონდა ოპტიმალური ფასი დაწესებული. ამის საპასუხოდ, ცინიკურად გამოგვიცხადეს - თქვენ ეს თანხა გადაიხადეთ და მერე შესაბამის ორგანოებში იდავეთო. მოგეხსენებათ, ამ დავას არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა.
ყველაფერ ამის შემდეგ კომპანია ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდა. ამ ფონზე გამოჩნდნენ შარანგიები, რომელთა წარმომადგენელი იყო ხვიჩა მაქაცარია, შემოგვთავაზეს, რომ მათთვის კომპანია შეღავათიან ფასად მიგვეყიდა და ყველა ეს პრობლემა გაქრებოდა. იძულებული ვიყავი, კომპანია ვიღაცისთვის მიმეყიდა, რადგან ეს რომ არ გამეკეთებინა, არ ვიცი ეს ყველაფერი რით დასრულდებოდა. საქმე ისაა, რომ „კავკასუს ონლაინი“ ათი წლის განმავლობაში ფაქტობრივად შვილივით გამოვზარდე და თუ მას არ დავთმობდი, კომპანია უბრალოდ გადანდგურდებოდა. ასევე გავითვალისწინე ის 700 თანამშრომელი, რომელიც ჩემს კომპანიაში მუშაობდა და რომლის უკანაც 700 ოჯახი იდგა და ვიფიქრე, რომ კომპანიის სრულად განადგურებას სჯობდა, ის გაყიდულიყო.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „კავკასუს ონლაინი“ ძალიან მზარდი და პერსპექტიული კომპანია იყო. ჩვენ შავ ზღვაში ჩავდეთ კაბელი, რომელმაც ქართული ინტერნეტსივცრე პირდაპირ ევროპის ერთიან ქსელს დაუკავშირა. ამ პროექტში 40 მილიონი დოლარი გადავიხადეთ. ამასთანავე, დაგეგმილი გვქონდა კასპიის ზღვაში კაბელის ჩადება, რომლის მეშვეობითაც უკვე აზიასაც მივაწვდიდით ინტერნეტს. ამდენად, ძალიან სერიოზული გეგმები გვქონდა და მათ განსახორციელებლად შესაბამის მხარეებთან გარკვეული მოლაპარაკებებიც იყო უკვე დაწყებული, მაგრამ ამის გაკეთების საშუალება უბრალოდ არ მოგვეცა, დღის წესრიგში კომპანიის გადარჩენის საკითხი დადგა.
ჩამოვედი იმისთვის, რომ გამოძიებულ იქნას ყველა ის უკანონობა, რაც ჩვენს წინააღმდეგ იყო ჩადენილი და რაშიც კერძო კომპანია „სილქნეტი“ სახელმწიფო უწყებებთან ერთად მონაწილეობდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მე ვერ დავადებ ხელს შარანგიებს და ვერ ვიტყვი, რომ კომპანიის მყიდველები და მისი მნგრეველები ერთი და იგივე ხალხი იყო, ალბათ, ამას გამოძიება დაადგენს. მე კი ჩემი მხრივ, ყველა შესაბამის მტკიცებულებას წარმოვადგენ, რაც როგორც მოგახსენეთ, მრავლად გამაჩნია.
თუ შეგიძლიათ გვითხრათ, კომპანიის ღირებულებასთან მიმართებაში რამდენად ხელსაყრელად გაიყიდა „კავკასუს ონლაინი“?
- ის, რაც მე შარანგიებმა გადამიხადეს, მიზერული თანხა იყო. ამასთანავე, როგორც მოგახსენეთ, იმ პროექტების განხორციელების შემდეგ, რაც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი, „კავკასუს ონლაინი“ ხუთ წელიწადში მილიარდიანი კომპანია უნდა გამხდარიყო.
უფლებას ვიტოვებ ახლა ამ ინფორმაციით შემოვიფარგლო, ხოლო ბრიფინგზე შევეცდები უფრო დაწვრილებით მოვახსენო საზოგადოებას „კავკასუს ონლაინის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, როგორ იბრძოდა სახელმწიფო სტრუქტურები, კერძო კომპანიებთან ერთად თავისუფლების შეზღუდვისათვის ინტერნეტ სივრცეში.
5154
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85