საკურორტო ზონებში უკვე უჩვეულო სიხალვათეა. 20 ივნისიდან დაწყებული ტურისტული შოკი, კვირას ახალი ძალით გაგრძელდა და საბოლოოდ ყველაფერი რუსეთის მხრიდან სანქციებში აისახა. საქართველოში უკვე ტურიზმის სფეროში მოსალოდნელი უზარმაზარ ზარალს ითვლიან.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი რუსი ტურისტების მიერ ჯავშნების გაუქმების ტალღაზე წერს. შალვა ალავერდაშვილი მთავრობას და ოპოზიციას მიმართავს და ითხოვს ბიზნესს საქმის კეთება აცადონ.
„ყველას კარგად გვახსოვს როგორ დაიწყო 2019 წელი. ჯერ იყო ვირუსების გამო საკმაოდ დიდი ზარალი ნახა ტურიზმის სექტორმა, მერე თითქოს ფეხზე წამოდგომა დავიწყეთ და მაისმა იანვარი დააბალანსა, ივნისი უკვე თებერვალს ავსებდა და მერე მოხდა გავრილოვი. ეს ის თემაა როცა მტყუან-მართალი ისტორიამ უნდა გამოაჩინოს.
ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ 24-საათიანი მუშაობა, რომ ერთად არ მივსულიყავით იმ შედეგამდე, რაც ციფრებით მინუს 2 მილიარდ ლარს უდრის. ცოტა რაღაცეები გამოვასწორეთ, ცოტა მეტი ადამიანი დავარწმუნეთ იმაში, რომ მაინც საქართველოში დაესვენათ. ყველამ ერთად დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია არ დავნებდეთ და ჩვენი შრომა შედეგს გამოიღებს და მერე იყო გაბუნიას გუშინდელი განცხადება. დღეს დილიდან უკვე აღარც გვეკონტაქტებიან, უბრალოდ, გვიუქმებენ ჯავშნებს“, - აცხადებს ალავერდაშვილი.
ეკონომიკის მინისტრს ჯერ კიდევ ეიმედება, რომ საქართველოში რუსული ტურისტული ნაკადი არ შეწყდება და მისგან მისაღები შემოსავალი არ დაიკარგება. თავი მხრივ, მთავრობა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის განმტკიცებისთვის მარკეტინგულ კამპანიას დაიწყებს.
„საკმაოდ აგრესიული მარკეტინგული სტრატეგია გვექნება იმისთვის, რათა ქვეყნის უსაფრთხო იმიჯი კვლავ განმტკიცდეს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტრადიციული ბაზრები იყოს შენარჩუნებული.
მილიონამდე ადამიანი ვინც უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, მათგან მისაღები შემოსავალი უკვე არის დათვლილი. ესაა 750 მილიონი დოლარი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ნაკადი არ შეწყდება და შემოსავალი არ დაიკარგება, მაგრამ რასაც ვისმენთ, ტურიზმის ინდუსტრიიდან არის ის, რომ ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა. მნიშვნელოვანი ზარალი, რა თქმა უნდა, იქნება“, - ამბობს ნათია თურნავა.
მთავრობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო მცირე ზომის სასტუმროებისთვის სესხების თანადაფინანსების პროგრამას დაიწყებს:
„ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ ბიზნესასოციაციაში იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რასაც აპირებს ხელისუფლება იმისთვის, რათა შეუმსუბუქოს ტურისტულ ბიზნესს ის შესაძლო ზიანი, რაც მათ დაუდგებათ რუსეთის გადაწყვეტილების გამო. პირველი და მთავარი - ჩვენ შევისწავლეთ, რა გასაჭირი უდგას მცირე სასტუმროებს, ეს არის ყველაზე უფრო მოწყვლადი ფენა, რაც დარტყმის ქვეშ დგება. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება საბანკო სესხების თანადაფინანსებაზე. ჩვენი საკრედიტო საგარანტიო სქემა მთლიანად გადაერთვება ტურიზმის ინდუსტრიაზე“, - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი უკმაყოფილოა იმ განცხადებებით, რასაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა ექსპერტი აკეთებს.
„ადამიანები, რომლებიც გამოდიან და საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლებელია ტურიზმის სექტორზე ძალიან მცირედი ზიანი იყოს, ამათ ჩვენ ფსევდო ექსპერტებს ვუწოდებთ“, - განაცხადა ქვრივიშვილმა და იქვე დასძინა, რომ ეს არასერიოზული განცხადებაა.
რეალობა არის ის, რომ ფაქტიდან გამომდინარე, ქართული ტურისტული სექტორი საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დადგა.
„2019 წლის ბოლოს მოლოდინი გვქონდა, რომ საქართველოში რუსეთის 1 700 000-მდე მოქალაქე, როგორც ტურისტი ისე ჩამოვიდოდა. პირველი 6 თვის განმავლობაში საქართველოში უკვე 700 000-მდე რუსი ტურისტი შემოვიდა და დღეს ჩვენ მილიონი ტურისტი კითხვის ნიშნის ქვეშ გვყავს“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის გათვლებით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას წლის დარჩენილ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა დაახლოებით, 200-300 მლნ აშშ დოლარამდე იქნება.