ინფორმაციამ ყოფილი ჟურნალისტის ნანა ნადირაძის შიმშილით გარდაცვალების შესახებ ჩვენი საზოგადოება აღაშფოთა. თავის დროზე ნანა ნადირაძე თბილისში ლამაზ ქალბატონად ითვლებოდა. იგი გაზეთ „თბილისის“ კორესპონდენტი იყო. 1988 წელს სპიტაკის მიწისძვრის დროს ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. მას შემდეგ ძირითადად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ბოლო წლებში საერთოდ გაწყვიტა კავშირი გარემოსთან.
მის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკმომხმარებელმა აკა სინჯიკაშვილმა სოციალურ ქსელში 1-ელ ივლისს გაავრცელა. აკა წერდა, რომ გოგოლის ქუჩაზე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა ვიღაც ქალბატონი. მისი გადმოცემით, ნანა ნადირაძე შიმშილით გარდაიცვალა, უშუქოდ, უწყლოდ და ამაზრზენია, რომ ცალკეული უწყებები ერთმანეთს აბრალებენ მის სიკვდილს. „აირწინაღებით ვმუშაობთ სახლში, საშინელებაა“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.
აკა სინჯიკაშვილის ნათქვამს ნანა ნადირაძის შიმშილით და უშუქოდ დაღუპვის შესახებ არ ადასტურებენ ამ ქალბატონის მეზობლები გოგოლის ქუჩა №16-ში. მეზობლები აცხადებენ, რომ ისინი თბილისურ ეზოში ცხოვრობენ, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და მას შემდეგ, რაც ქალბატონი ნანას მდგომარეობა დამძიმდა, იგი სახლიდან არ გადიოდა და პენსიასაც არ იღებდა, თავად მეზობლები ინახავდნენ ავადმყოფს.
„სახლში საჭმელი არ გაგვიკეთებია ისე, რომ ნანა ნადირაძისთვის ფანჯრიდან ერთი თეფში არ მიგვეწოდებინა, რადგან სახლში არ გვიშვებდა. მისთვის ვყიდულობდით პურს, მაწონს“, - აცხადებს ნანა ნადირაძის მეზობელი.
ასევე, ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ საკუთარი სახლიდან გაუყვანა ქალბატონ ნანას სინათლე, გაუკეთა ნათურა და აღნიშნული ელექტროენერგიის საფასურსაც თავად იხდიდა, ანუ ავადმყოფს ჰქონდა დენიც და წყალიც.
მეზობლების თქმით, ისინი თავად უვლიდნენ ნანა ნადირაძეს და თუნდაც გამგეობას რა უნდა გაეკეთებინა მისთვის?! არც ნათესავები აკითხავდნენ ხშირად, მით უმეტეს, რომ ქალბატონი ნანა არავის უშვებდა სახლში.
ერთხელ სოციალურ სამსახურში დარეკეს, სოცმუშაკი მივიდა ავადმყოფ ქალბატონთან, მაგრამ ნანა ნადირაძემ სახლში არც ის შეუშვა. ამის მერე სოცმუშაკი ფანჯრიდან ერთი საათი მოლაპარაკებას აწარმოებდა, ეხვეწებოდა, პირადობა მაინც მომაწოდეთ, რომ დაგეხმაროთო. ისიც გააგდო. ამის შემდეგ სოციალური სამსახურის თანამშრომელმა თქვა, რადგან ეს კერძო საკუთრებაა, მე ვერ შევიჭრებიო. შემდეგ მეზობლებს ჰკითხა, ნათესავი ან ვინმე პატრონი თუ ჰყავსო, მათაც მიუგეს, რომ ჰყავს. როგორც ჩანს, სოცმუშაკების კომპეტენცია შეზღუდულია და, თუ ადამიანი არ გიშვებს სახლში და მომვლელიც ჰყავს, მას სოციალური მუშაკი ვერ ეხმარება. არც ადგილობრივი თვითმართველობისთვის მიუმართავს არავის რაიმე სახის განცხადებით ქალბატონი ნანას შესახებ.
როგორც ირკვევა, 2017 წლის თებერვლამდე, ნანა ნადირაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილ პენსიას იღებდა, რომელსაც სახელმწიფო უხდიდა. 2017 წლის თებერვლის შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა. საერთოდ არ გადიოდა სახლიდან.
ორი კვირის წინ, ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში პირველად შევიდა ზარი მეზობლებისგან, რომ ანტისანიტარია იყო ამ ქალის სახლში და მეზობლები სოციალური სამსახურის თანამშრომლის მისვლას ითხოვდნენ. გამგეობამ გადასცა ეს ინფორმაცია სოციალურ სააგენტოს, მაგრამ პრობლემა ის იყო, რაზეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ქალბატონი ნანა არავის უშვებდა სახლში.
ნანა ნადირაძე 2 ივლისს გარდაიცვალა, 3 ივლისს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, ხოლო 4 ივლისს 14:00 საათზე, მახათას მთაზე მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს.