„ქართულ ოცნებაში“ სურთ, თან საროსკიპოში შევიდნენ, თან ქალწულებად დარჩნენ“

„ქართულ ოცნებაში“ სურთ, თან საროსკიპოში შევიდნენ, თან ქალწულებად დარჩნენ“

რუსები საქართველოს ოკუპაციას და ქართველი ბიჭების უსამართლოდ დაღვრილ სისხლს არ ინანიებენ, სამაგიეროდ, ბოდიშს ისევ საქართველოსგან ითხოვენ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო აცხადებს, „საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ ბოდიში მოიხადოს იმაზე, რაც მოხდა, მერე კი შესაძლოა დიალოგი“.

მატვიენკოს მტკიცებით, რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი არ არსებობს, ეს საქართველოს შიდა პრობლემაა, ამ ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რუსეთთან ურთიერთობის გასაწყვეტად, ისინი არ არიან დამოუკიდებელნი და ამას კარნახით აკეთებენ.

ამდენად, ვალენტინა მატვიენკო კატეგორიულია და აცხადებს, ვიდრე არ შეწყდება რუსოფობიური ტალღა, რომელიც რადიკალებმა წამოსწიეს, რუსეთს საქართველოსთან სალაპარაკო არაფერი აქვს; ჯერ დაამყარონ წესრიგი ქვეყანაში და მერე ბოდიში მოიხადონ. მატვიენკოს განცხადება პირველი არ არის, მსგავსი მოწოდებით მანამდე გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სწორედ ეს არის რუსული პოლიტიკა, რუსეთის მეფეებიდან დაწყებული, რომ რუსები თვლიან, ისინი ყოველთვის მართლები არიან. ასე გრძელდება დღესაც და ისინი გავრილოვის შემთხვევას არ გვპატიობენ.

„ისე, კლასიკური დიპლომატიით გავრილოვის შემთხვევა ჩვენი მხრიდან გაუგებარი საქციელი, ნონსენსი იყო. ამას ვერ გაიგებს ვერც ერთი ადამიანი, თუნდაც იგი მარსიდან, მთვარიდან ჩამოვიყვანოთ და ვუთხრათ, ორი წლის წინ შევთანხმდით, რომ დელეგაცია უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, შემდეგ გავრილოვი დაჯდა იქ, სადაც უთხრეს, დაჯექიო, შემდეგ ლამის პანჩურით გავაგდეთ გავრილოვი... ხომ ყველა იტყვის, რომ ეს არ არის დიპლომატია, ეს დიპლომატიური ნონსენსია. გავრილოვი მუშტების ქნევით ხომ არ მივიდა და ძალით ხომ არ ჩაჯდა იმ სავარძელში? უბრალოდ, დილეტანტიზმი იყო გავრილოვის ჩამოყვანა. ამის მიუხედავად, ამისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა მიუღებელი და გაუმართლებელია. ასე თუ ისე, ქართველებმა ხომ კარგად იცოდნენ, რომ დელეგაციის თავმჯდომარე იყო რუსი“,-აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისივე განმარტებით, როცა ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს იმის გამო, რომ ის სახელმწიფო შეიჭრა მის ტერიტორიაზე, დაბომბა, აგრესია გამოავლინა, ნახევარი საქართველო დაანგრია, ტერიტორიების 20% წაართვა, კიდევ ამ ქვეყნის დელეგაციას ვუშვებთ ჩვენთან? ეს ხომ დიპლომატიის ისტორიაში არარსებული პრეცედენტია?!

პოლიტოლოგის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ უნდათ, თან საროსკიპოში შევიდნენ, თან ქალწულებად დარჩნენ, თან უნდათ რუსეთთან ურთიერთობა, რუსის ჩამოყვანა, სავარძელში მისი წამოსკუპება, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას რუსეთთან ვერ ბედავენ. ახლა ევროსაბჭოშიც რუსეთს ხმა აღუდგინეს მხოლოდ ფულის გულისთვის, რადგან რუსებს საწევრო შეაქვთ და ევროპელ „ხალიავშჩიკებს“ ფული მოაკლდათ.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ბოდიშის მოთხოვნა ეს არის ცინიკური დამოკიდებულება სუვერენული სახელმწიფოს მიმართ, რომლის ტერიტორიის 20%-იც მათ ოკუპირებული აქვთ.

„ასეთ დროს ჩვენ რუსეთს კიდევ ბოდიში მოვუხადოთ? რა თქმა უნდა, მე რუსეთთან დიალოგის მომხრე ვარ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს რაღაც წინაპირობით, ბოდიში უნდა მოიხადონ თავად რუსებმა, გაიყვანონ სამხედრო ბაზები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. მე ყოველთვის დავუჭერ მხარს რუსეთთან დიალოგს, თუკი გაიყვანენ სამხედრო ბაზებს, თუკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემას გამოაცოცხლებენ და ხელს შეუწყობენ ამ ტერიტორიების მთლიანობის აღდგენას საქართველოსთან. პირადად მეც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ყველანაირ მოლაპარაკებაში, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსის შესახებ მომავალი საქართველოს სახელმწიფოში“, - აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

 

უ ც ხ ო :
მდგომარეობის აბსოლუტურად ზუსტი შეფასებაა გაკეთებული ბ-ნი ცინცაძის მიერ.
რუსები რაც არიან - ვიცით. ოკუპანტი იმის ოკუპანტია, რომ მისი ხელისუფლების ყველა შტო აზროვნებს, როგორც ოკუპანტს შეეფერება. მაგრამ რაც ჩვენებმა გააკეთეს, ეს არ ჯდება საერთოდ არანაირ ნორმაში!
ამასა აქვს ერთადერთი სახელი - სიბრიყვე!
სრულიად ცარიელ, მოწმენდილ-მოსუფთავებულ ადგილზე ჯადოქარივით უცებ ამოზარდეს უზარმაზარი, ბაობაბივით განშტოებული პრობლემა!
5 წლის უკან
უ ც ხ ო :
გრიგორი კარასინიც ძალიან გაბრაზებულია ჩვენს პრეზიდენტზე: პირდაპირ, ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს -- რუსეთი საქართველოს მტერიაო!..
არა გრცხვენიათო?! მაშ, ამის ღირსები ვართ თქვენგანაო?!. რაღაცა 20% გვაქვს ოკუპირებული, ისიც მეგობრულად და სიყვარულობითა და აბა, თქვენ ამაი მტობას ეძახითო? მა, თურქეთს რო ჩვენზე ორჯერ მეტი ტერიტორია აქვ მითვისებული თქვენი და სუ პარტნიორსა და ისტორიულ მეგობარს ეძახით, ეს როგორღა არიო?!
(არა, მთლად ასე არ უთქვამს, მაგრამ მე ვიგულისხმე).
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com აუ რა მაგარი ფუჩურია ტოოოოო////
5 წლის უკან
უ ც ხ ო :
მეგონა, რაღაც წარმოდგენა მქონდა ამ ამბავზე. ირმას გამოსვლის შემდეგ სრულიად დაბნეული დავრჩი...
ბმული
5 წლის უკან