გოგა ხაინდრავა: ცოცხების მთავრობასა და ცოცხების პრეზიდენტს მოეკითხება

გოგა ხაინდრავა: ცოცხების მთავრობასა და ცოცხების პრეზიდენტს მოეკითხება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნაციონალებს შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, ყოფილ ოპოზიციონრებს ქუჩაში დახვრეტდნენ, რაც  ახალაიას, სააკაშვილის თვალებშიც იკითხება. თუმცა ამ ადამიანებს შულავერის კომიტეტის შექმნა სულ სხვა ეპოქაში მოუხდათ, რასაც გვიან მიხვდნენ.

 

ქუთაისში ჩატარებულ პარლამენტის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა, დავერწმუნებინეთ, რომ ნაციონალები ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. „დაიმახსოვრეთ, ჩვენ ვართ ჯადოქრები და კიდევ ბევრი სასწაული მოხდება“,-აღნიშნა მან ჟურნალისტებთან კომენტირებისას. ამასთან, იგი მენტორული ტონით საუბრობდა და დემოკრატიული ინსტიტუტების, კონსტიტუციისა და ოპონენტთა აზრის პატივისცემისკენ მოუწოდებდა ახალ ხელისუფლებას. რას ემსახურებოდა მისი ასეთი პათოსი?
- მე ცრემლნარევი მუდარა მესმოდა მის გამოსვლაში, როდესაც იგი ითხოვდა დემოკრატიულ პირობებს თავისთვის და მისი კრიმინალური ბანდისთვის. დღეს გაახსენდა სააკაშვილს, რომ ევროპულ თანამეგობრობას წესები აქვს და ჩვენ იქითკენ მივდივართ?! ამიტომ ეს იყო ცრემლნარევი მუდარა. ყველაფერი დანარჩენი, ისტერიკაში მყოფი კაცის, მით უფრო, მისი ავადმყოფობის მქონე კაცისთვის დამახასიათებელი მანერაა, ხანდახან გადის ხოლმე საზღვრებს გარეთ და იმას იძახის, რაც საინტერესო არ არის. ეს იყო მუდარა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რომ არ დაისაჯო იმის გამო, რაც გაკეთებული აქვს. თუმცა მინდა, დავარწმუნო, რომ ეს არ არის პოლიტიკური კონიუნქტურის საკითხი. ეს არის ქართველი ხალხის ნება, ქართული საზოგადოების მოთხოვნა, ეს არის პირველი, რაც აღადგენს სამართლიანობას ამ ქვეყანაში. ამიტომ, ბუნებრივია, სააკაშვილით დაწყებული, ყველა იმ უკანასკნელი გამყალბებლით დამთავრებული, აუცილებლად წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. რას გადაწყვეტს მერე ქართველი ხალხის მიერ არჩეული მართლმსაჯულება, ეს არ ვიცი, მაგრამ, რომ წარდგებიან, ამის პირობას ვაძლევ მიხეილ სააკაშვილს თქვენი ინტერნეტგამოცემის მეშვეობით.

სააკაშვილში კვლავინდებურად არ იგრძნობოდა მონანიების ნოტები. როგორ აღიქვით მისი ნათქვამი ხელისუფლებაში დაბრუნების თაობაზე? 
- მე ვფიქრობ, როცა ხელისუფლებაში დაბრუნებაზეა საუბარი, სააკაშვილი, როგორც წესი, თვითაღიარებებს ახდენს ხოლმე. ეს მისთვის დამახასიათებელია. თუ გინდათ, იცოდეთ, რეალურად საქმე როგორ არის, უნდა მოუსმინოთ სააკაშვილს და, რასაც იგი ილაპარაკებს მოწინააღმდეგის შესახებ, სწორედ ის აქვს თავად გაკეთებული. ამიტომ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საუბარი როცა მიდიოდა, ალბათ, იგულისხმა მისი მთავრობის ის ხუთი თავდაცვის მინისტრი, რომლებიც გაქცეულნი არიან ქვეყნიდან, ორი გენერალური პროკურორი, იუსტიციის მინისტრი და კიდევ სხვა თანამდებობის პირები. ალბათ, მათ დაბრუნებას გულისხმობდა. ამ ადამიანებს ნამდვილად დავაბრუნებთ, ამას ლაპარაკიც არ უნდა. ბუნებრივია, გარკვეულ პერიოდში სააკაშვილი ამ ქვეყნიდან წასვლას აპირებს, როდესაც, თავისი ჭკუით, დაიბევებს დემოკრატიული საზოგადოების მხარდაჭერას, იგი დატოვებს ქვეყანას.

სხვათა შორის, ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ მსგავსი განცხადება გააკეთა, რომ სააკაშვილმა დასავლეთისგან გარკვეული გარანტიები მიიღო. თქვენი მონაცემები როგორია, როდისთვის ვარაუდობთ მის მიერ ქვეყნის დატოვებას?
- ბატონი რამაზი რას გულისხმობდა დასავლეთის გარანტიების შესახებ, ვერ მოგახსენებთ, რადგან დასავლეთის ზრახვები ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ მთავარია ქართველი ხალხი, ჩვენი კანონმდებლობა და კონსტიტუცია. ეს არის განმსაზღვრელი. ყველაფერი დანარჩენი, არის ემოციები, სურვილები, ხშირ შემთხვევაში, - რჩევები. თუმცა ისევე, როგორც ამ არჩევნების ბედი გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა და არა ვაშინგტონმა, ნიუ-იორკმა, მოსკოვმა, პეკინმა, ზუსტად ასევე გადაწყდება იმ ადამიანების საკითხები, ვისაც სახელმწიფო დანაშული აქვს ჩადენილი და კრიმინალი ჩაუდენია, ვისაც ხალხი ჰყავს გამწარებული, დაყაჩაღებული, ღირსება აყრილი. ეს ჩვენი შიდა საკითხია, ჩვენი საზოგადოების, და არა მგონია, აქ მაინცდამაინც ვინმეს დიდი სიტყვა ეთქმოდეს, გინდა დასავლეთით და, გინდა, ჩრდილოეთით.

ფაქტია, რომ მაღალჩინოსნები მაინც გარბიან. ყოფილი უმრავლესობის წევრები კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში ახლად მოსულ ძალებში იგრძნობა ორგვარი დამოკიდებულება- ერთნი რევანშისტული განწყობის მომხრენი არიან და მეორენი-შემწყნარებლურის.
- ძალიან ეშლებათ გაბაშვილებს, წიკლაურებს და ყველა დანარჩენს, თითქოს საკუთარი ღიმილით და მათთვის დამახასიათებელი მლიქვნელობით შეძლებენ პოლიტიკური გუნდის გულის მოლბობას. ამას მათზე განრისხებული ქართული საზოგადოება არ დაუშვებს და მათ უსაქციელობას, აღვირახსნილობას განაჩენს გამოუტანს. ამ შემთხვევაში, ქართული საზოგადოებისთვის ახალი პოლიტიკური გადაწყვეტილება მეორე ხარისხოვანი იქნება. ამის პირობას გაძლევთ. პოლიტიკოსებმა აკეთონ თავიანთი საქმე იმ კანონმდებლობისა და უფლებამოსილების ფარგლებში, რასაც მათ ხალხი მისცემს; ხოლო სამართლიანობის აღსადგენად საზოგადოების მოთხოვნა და ყველა იმ პირის უმკაცრესად დასჯა აუცილებელია, რათა მეორედ ასეთი კოშმარი საქართველოში აღარ განმეორდეს, ცოცხების მთავრობას ნამდვილად მოეკითხება. ასევე, მოეკითხება - ცოცხების პრეზიდენტს-სააკაშვილს. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში სამუდამოდ შავ ლაქად შევა ეს პარტია, როგორც ცოცხების პარტია.

შაშკინი ამერიკაში თავდაცვის სისტემაში დასაქმდა, ასევე, ადეიშვილი ავსტრიაშია. ეს ადამიანები მაინცდამაინც დასავლეთში ეძებენ თავშესაფარს. ეს ხომ არ გამოიწვევს საქართველოში ანტიდასავლურ განწყობას, რადგან ეს ქვეყნები მათი თავშესაფარი ხდება?
- ანტიდასავლური განწყობა არ უნდა გამოიწვიოს. მე ვფიქრობ, ყველა შეგნებულ ადამიანს ესმის, რომ დასავლეთის სამყარო ისეთი სამყაროა, სადაც ადამიანს ჩაესვლება და შესაძლებლობა ეძლევა, საკუთარი თავი დაიცვას. ის ჯოჯოხეთი, რომელიც ადეიშვილმა მოუწყო ქართულ საზოგადოებას და ქართველ ხალხს, უპრეცენდენტოა. მისი მოქმედების შედეგად 300 ათასმა კაცმა გაიარა ქართული ციხე, აქედან უმეტესობამ - უსამართლოდ. ამიტომ, კი ბატონო, გინდა ფრანკფურტში წავიდეს, გინდა, მელბურნში და გინდა, იაკუტსკში ან ვლადიმირში, რადგან მისი ადგილი, პრინციპში, იქ არის. ყველა მხრიდან ჩამოიყვანენ და პასუხს აგებინებენ ქართველი ხალხის წინაშე. ორი აზრი არ არსებობს. დღეს მსოფლიო იმდენად პატარაა, განსაკუთრებით, - ევროპა, საქართველომ კი ამ არჩევნებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ, უდიდესი ნაბიჯი. ამდენად, ყველაფერ დანარჩენს კანონმდებლობა და დიპლომატია გადაწყვეტს.

 ასეთი მოსაზრებაცაა, რომ თეორიულად, ამ ადამიანებმა, შესაძლოა, უცხოეთში დევნილი მთავრობა შექმნან. ამ ყველაფერს თქვენ როგორ უყურებთ?
- ეს შულავერის კომიტეტის დონის არგუმენტია, რომლითაც ცოცხების პარტია აპელირებდა თავისი მმართველობის დასაწყისში. რა მთავრობა უნდა შექმნან. ეს სასაცილოა, სისხლის სამართლის დამნაშავეები, როგორც წესი, მთავრობებს ვერ ქმნიან. ახლა გიჟები ქმნიან და, სამწუხაროდ, ერთ-ერთ მათგანს ჩვენ იმის შესაძლებლობა მივეცით, რომ საქართველოში მთავრობა შეექმნა და რვა წელიწადის განმავლობაში ემართა, მაგრამ ეს ისეთი გამონაკლისია... საერთოდ, საქართველო  ორიგინალობით ყოველთვის გამოირჩეოდა. ქართულ საზოგადოებას უყვარს ორიგინალობა. ჩავთვალოთ, რომ ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა იყო.

ფაქტობრივად, პარლამენტის პირველ სხდომაზე ჩვენ ვიხილეთ უმცირესობის წევრების შეწუხებული სახეები. ამის მიუხედავად, ისინი აქეთ გვამადლიან თავს, რომ თურმე ევროპულ ალიანსთან ისედაც ახლოს ვიყავით, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მათ ყველაფერი გააკეთეს...
- ეს არის მათი ყველაზე დიდი უბედურება და ყველაზე დიდი სიბნელე. ისინი ღმერთს დაუპირისპირდნენ და ღვთის რისხვა მიიღეს. ახლა კიდევ უფრო მეტად მიიღებენ ამ რისხვას. რაზეა საუბარი? ამ ადამიანების უტიფრობასა და შუბლის ტყავის სიგანესა და სიმკვრივეს საზღვარი არ აქვს, მაგრამ შეწუხებულები ნამდვილად უნდა იყვნენ. ისევ ვპირდები მათ, მე არ ვიცი, ახლა საპარლამენტო ურთიერთობა როგორ წარიმართება, მაგრამ საზოგადოებრივი დამოკიდებულება გადამწყვეტია ამ ქვეყანაში. იმედია, ჩვენ ისეთ ქვეყანას ვაშენებთ, რომელშიც მუდამ ასე იქნება, რომ ხალხის გადაწყვეტილება იქნება მთავარი და არა ცალკეული პირების, როგორი მაღალი თანამდებობისაც არ უნდა იყვნენ ისინი. ვფიქრობ, კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, თუ რას იმსახურებს სააკაშვილის ხელისუფლება და რას ფიქრობს ამაზე ქართული საზოგადოება, არ უნდა იყოს. თუ არადა, ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ ქართული საზოგადოების მოთხოვნა ყველა საქმის გამოძიება იქნება; 20 ათასი საქმე იქნება? 20 ათასივე უნდა იყოს გამოძიებული. 80 ათასი საქმე იქნება? 80 ათასივე უნდა გამოიძიონ. ყველას რომ დაგვჭირდეს სათითაოდ დასხდომა და ამ საქმეების გადაკითხვა, ყველანი დავსხდებით და გადავიკითხავთ და იმ სირცხვილს, უღირსობას, ძალადობას არავის შევარჩენთ.

 ყოფილი ხელისუფლების სიჩუმის მიღმა ვერანაირ რევანშისტულ განწყობას ვერ ხედავთ?
- რევანშისტული განწყობა რამდენიც უნდათ, იმდენი ჰქონდეთ და მწვანე ჩაი დააყოლონ ზედ. რა თქმა უნდა, რევანშისტული განწყობა ექნებათ და შავი ჭირივით ვერ გვიტანენ ვერც ერთს. შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, ქუჩაში დაგვხვრეტდნენ, ამას ლაპარაკი რად უნდა? ახალაიას შეხედეთ თვალებში, სააკაშვილს და ამაში იმ წუთში დარწმუნდებით. უბრალოდ, ახლა სხვა ეპოქაა. სულ სხვა დროს მოუხდათ შულავერის კომიტეტის შექმნა, სხვა ეპოქაში არიან და ამას ვერ მიხვდნენ. ამაშია ჩვენი უბედურება, რომ აბსოლუტურად უგვანო, უნიჭო ხალხი, ადრეც მაქვს ნათქვამი_გადიდკაცებული ბოგანოები საქართველოს თავში მოექცნენ. რვა წლის განმავლობაში აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ამ ქვეყანას და ახლა პასუხიც არ მოეთხოვოთ?! ბებია მაგათი, ვინც ასე ფიქრობს, გინდ, დასავლეთში, გინდაც-  ჩრდილოეთში.