სექტემბრიდან დღემდე, 351 ჰექტარის მოცულობის ტყე და საძოვრები დაიწვა

სექტემბრიდან დღემდე, 351 ჰექტარის მოცულობის ტყე და საძოვრები დაიწვა

ბოლო სამი თვის განმავლობაში გახშირებული ხანძრების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით პრესა.გე ტელეფონით ესაუბრა: საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსს, თემურ გიორგაძეს; მცხეთა–მთიანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის პირველ მოადგილეს, გივი ამირხანაშვილს და გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ეკა ბენდელიანს;

გარემოს დაცვის სამინისტროში, ჩვენთან საუბრისას განმარტეს, რომ 2010 წლის განმავლობაში 500 ჰექტარი ფართობი დაუდევრობის შედეგად დაიწვა. პრესა.გე–მ სააგენტო “პირველზე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით გამოითვალა დამწვარი ტყის და საძოვრების მოცულობა – ამ მონაცემებით სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე 351 ჰექტარი დაიწვა, რაზეც ოდნავ ქვემოთ დეტალურად გიამბობთ.

სხვადასხვა რაიონებში გახშირებული ხანძრების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით კომენტარის ჩასაწერად პირველად საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსს, თემურ გიორგაძეს შევეხმიანეთ, რომელმაც გვირჩია კონკრეტული რაიონების მერიაში, ან სამხარეო ადმინისტრაციაში დაგვერეკა, რადგან მას რეგიონებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა – “მათ ექნებათ ინფორმაცია სამართალდამცავებმა რა დაადგინეს“.

სამხარეო ადმინისტრაციებიდან მცხეთა–მთიანეთი შევარჩიეთ და ამ მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან, ნატო მაისურაძესთან დავრეკეთ. მან მცხეთა–მთიანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, გივი ამირხანაშვილთან გადაგვამისამართა.

ამირხანაშვილის თქმით, ვერავინ და მათ შორის, ვერც სამართალდამცავები გაარკვევდნენ მაგალითად, ცხვარიჭამიაში ცეცხლი მონადირეების დატოვებული კოცონის შედეგად გაჩნდა, თუ ხანძარი სოკოზე ნამყოფი მოსახლეობის დაუდევრობამ გამოიწვია. 

გივი ამირხანაშვილი: “მაღალ მთაში, სადაც ალპური ზონაა, ტყეს ხანძარი აუცილებლად მეცხვარეების დატოვებული ცეცხლის გამო მოედო – მეცხვარე რომ მოდის, იქ ცეცხლს ანთებს, საძოვარი, რომ დაიწვას და მეორე წელს კარგი მოვიდეს. აი, ეს ხანძარი ტყეზე გადავიდა. ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის ვარაუდი. გამოძიება ჩვენ არაფერს გვეუბნება. ვფიქრობ, ამაზე არც აღძრულა სისხლის სამართლის საქმე. 5 წუთში შემეხმიანეთ და უფრო ზუსტ ინფორმაციას მოგცემთ“.

5 წუთის შემდეგ გივი ამირხანაშვილმა გვითხრა, რომ ხანძრების აღრიცხვა გარემოს დაცვის ინსპექციამ მოახდინა, ხოლო გამოძიებას გარემოს დაცვის სამინისტროში არსებული საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს, მაგრამ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა ბენდელიანმა განგვიმარტა, 2010 წლის 1 იანვრიდან დღემდე, “ტურისტული აქტივობის პერიოდში 500 ჰექტარის ფართობია დამწვარი“.

ეკა ბენდელიანი: “მინისტრის და სამინისტროს მხრიდან განცხადება არაერთხელ გაკეთდა, იმის შესახებ, რომ ტყეში ხანძრები ადამიანების დაუდევრობით ჩნდება, რადგან ახლა ხანძრების სეზონი არ არის, მაგრამ ვხედავთ, რომ რამდენიმე რაიონში ხანძარი ერთმანეთის მიყოლებით იყო. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას ყოველთვის მოვუწოდებთ გონიერებისკენ, რომ გაუფრთხილდნენ გარემოს და ტყეებს“.

ბენდელიანის თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება – “გარემოს დაცვის მინისტრმა არაერთი განცხადება გააკეთა, რომ ხანძრები დაუდევრობის შედეგად გაჩნდა. მიზეზების გამოძიება სამართალდამცავების პრეროგატივაა, რომლებიც იგივეს ამბობენ – ხანძრები დაუდევრობის შედეგად გაჩნდა. 500 ჰექტარია დამწვარი და შესაბამისად, ზარალიც დიდია, რისი ასახვაც ციფრებში ცოტა რთულია“.

ხანძრების ქრონიკა

1 სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე მომხდარი ხანძრების ქრონიკა, სააგენტო “პირველზე“ დაყრდნობით, ასეთია:

1 სექტემბერს რაჭის ტყე იწვოდა –  “ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სოფელ გლოლაში ხანძარი 5 ჰექტარზეა გავრცელებული, მაგრამ ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ლოკალიზება მეორე დღეა ვერ ხერხდება“.

1 სექტემბერს ჩოხატაურშიც ხანძარი იყო, ჩაის პლანტაცია დაიწვა – “ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუაგანახლებაში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ცეცხლის ჩაქრობისთვის ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სახანძრო ბრიგადები მუშაობდნენ. ხანძარი ჩაის პლანტაციას გაუჩდა. დამწვარია 20 ჰექტარამდე მიწა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია“.

2 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სამ სოფელში ვენახები დაიწვა – “შაშიანში, კარდენახსა და გურჯაანში ჯამში დაახლოებით 2 ჰექტარი ვენახი დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი და ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია“.

5 სექტემბერს ხანძარი მცხეთაში გაჩნდა – “მცხეთის სასაფლაოზე გაჩენილ ხანძარს სამაშველო ბრიგადები ებრძვიან. მცხეთის სასაფლაოს ტერიტორიაზე დაახლოებით 4-5 ჰექტარი მიწის ფართობი იწვის. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, გამოძიება დაადგენს; თუმცა შესაძლოა, ეს სიცხის, ან თუნდაც დაუდევრობის ბრალიც იყოს“.

6 სექტემბერს ხანძარი ყვარლის ტყეს მოედო –  “ადგილობრვი სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან 5 კილომეტრში 20 ჰექტარ ტყეს უკიდია. მათივე თქმით, ამ დროისთვის ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ ხანძარი ლაგოდეხის ნაკრძალსაც გადაედოს, რადგან რთული რელიეფის გამო ცეცხლის ლოკალიზება გართულებულია“.

7 სექტემბერს რაჭაში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ჩააქრეს – “ხანძრის საბოლოოდ ჩასაქრობად რეგიონში მაშველები და ვერტმფრენი არიან მობილიზებული. ბოლო დღეების განმავლობაში ხანძარმა წიწვოვანი ტყის 15 ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ცეცხლი სოფელ ჭიორის მიმდებარე ტერიტორიას გაუჩნდა, რომელიც დასახლებული პუნქტიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს“.

7 სექტემბერს ყვარელში ხანძარი ისევ მძვინვარებდა – “ყვარლის ტყეში გაჩენილმა ხანძარმა 40 ჰექტრამდე ტყის მასივი გაანადგურა. მეხანძრეებმა სამუშაოები 07:00  სათიდან განაახლეს. მათი მონაცემებით, ამ დროისთვის ძირითადი კერები ლოკალიზებულია; თუმცა ტყე გამომშრალია და არსებობს ხელახალი აალების საშიშროება“.

9 სექტემბერს ხანძარი პანკისის ხეობაში გაჩნდა – “ცეცხლი 20 ჰექტარ ტყის მასივზე გავრცელდა. როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა განაცხადა, ხანძარი ხევისჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი კვირის წინ გაჩნდა, მისი ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ორი დღის შემდეგ ნაკვერჩხალი კვლავ გაღვივდა და ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა“.

14 ნოემბერს ხანძარი მცხეთა–მთიანეთში გაჩნდა – “ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტყის მასივი იწვის. ხანძარი ტყის მასივში გუშინ გაჩნდა და რთული რელიეფიდან გამომდინარე სახანძრო მანქანების საშუალებით მისი ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი გავრცელებულია ყაზბეგში, თიანეთში, ცხვარიჭამიასა და ახალგორში. ამ დროისთვის ტყის მასივის 20 ჰექტარია დამწვარი, ხოლო სნოს მთაზე 60 ჰექტარამდე საძოვარი განადგურებული. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება“.

14 ნოემბერს ხანძარი იმერეთშიც იყო – “ბაღდათის რაიონში 17 ჰექტარი ტყის მასივი იწვის. რთული რელიეფიდან გამომდინარე ხანძრის ლოკალიზება სახანძრო მანქანების გამოყენებით ვერ ხერხდება. ხანძარი დასახლებულ პუნქტებს ამ დროისთვის საფრთხეს არ უქმნის. ცეცხლის გავრცელების მიზეზები უცნობია“.

14 ნოემბერს ხანძარი მძვინვარებდა თელავშიც – “ცეცხლი თელავის რაიონის სოფელ ართანას ტყეს მოედო და 10 ჰექტარზე გავრცელდა“.

15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა მცხეთა–მთიანეთში, იმერეთსა და კახეთში – “ბაღდათის სატყეო უბანში 20-25 ჰექტარი ტყის მასივი იწვის; ანალოგიურ ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი თიანეთში; თელავის რაიონში კი ხანძარმა ტყის 30-35 ჰექტარი მოიცვა. ცეცხლის გაჩენის კონკრეტული მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მაგრამ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება“.

15 ნოემბერს ხანძარი ილტოს ხეობასაც მოედო – “ახმეტა-თიანეთის საზღვარზე, ილტოს ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივი იწვის. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ განუცხადა, ხანძარი სავარაუდოდ, გუშინ გაჩნდა და ამ დროისთვის ცეცხლი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული. შეგახსენებთ, რომ ახმეტის გარდა, ხანძარს ყაზბეგში, ბაღდათში, თელავსა და ცხვარიჭამიასთანაც ებრძვიან. ხანძრების გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება“.

16 ნოემბერს ხანძარი გუდამაყრის ხეობაშიც გაჩნდა – “საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დამწვარია 10 ჰექტარი მიწა. ცეცხლს საჩხერისა და ბაღდათის რაიონებში ებრძვიან. რაც შეეხება ყაზბეგს, ხანძარი აქ უკვე ლიკვიდირებულია“.

17 ნოემბერს ჩააქრეს თელავში 14 ნოემბერს გაჩენილი ხანძარი – “თელავის რაიონში გავრცელებული ხანძრის შედეგად 50 ჰექტარი ტყის ფართობი განადგურდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდრებულია. შეგახსენებთ, რომ თელავის რაიონის სოფელ ართანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში ხანძარი 14 ნოემბერს გაჩნდა. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება. მომხდართან დაავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიებას შს თელავის რაიონული სამმართველო აწარმოებს“.

17 ნოემბერს ხანძარი ყვარელში ისევ გაჩნდა – “ყვარლის რაიონში 15 ჰექტარი ტყის ფართობი იწვის. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ხანძარი ყვარლის რაიონის სოფელ შილდის ტყეში გაჩნდა. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან გამსახურდიას განცხადებით, ცეცხლი ტყეში დაახლოებით 15 ჰექტარზეა გავრცელებული და ჯერჯერობით ჩამოცვენილი ფოთოლი იწვის“.

18 ნოემბერს ყვარლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ავიაცია გამოიძახეს – “ადგილზეა გასულია ადგილობრივი მოსახლეობა, სამაშველო ჯგუფები და სახანძრო ტექნიკა, მაგრამ რელიეფის სირთულისა და ადგილების მიუვალობის გამო ხანძრის ლოკალიზება სახანძრო მანქანების დახმარებით ვერ ხერხდება. შეგახსენებთ, რომ ყვარლის რაიონის სოფელ შილდას ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა. მის გამომწვევ სავარაუდო მიზაზად მონადირეთა დაუდევრობა სახელდება; ზუსტი მიზეზების დასადგენად კი გამოძიებაა დაწყებული“.

19 ნოემბერს ტყე ლაგოდეხშიც დაიწვა – “როგორც რადიო “ჰერეთი“ იუწყება, ხანძარი კაბალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაში გაჩნდა და 7 ჰექტარ ფართობს მოედო.

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მონადირეების ან შეშისმჭრელების დაუდევრობა სახელდება. შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხანძარი ახმეტა-საგარეჯოს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდას ტყეებში და თელავის რაიონის სოფელ ართანას მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა“.