ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემ სუბიექტებს გადაუვადა რეგულაცია, რომელიც კრძალავდა მსესხებლის მიერ სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების ბანკში გადაგირავებას. რეგულაცია მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, პირველ ნოემბრამდე გადავადდა. რა გახდა გადავადების მიზეზი ჯერჯორებით უცნობია.
აღნიშნული რეგულაციის შესახებ ივნისის დასაწყისში გახდა ცნობილი, რასაც სესხის გამცემი სუბიექტების მხრიდან დაბნეულობა მოჰყვა. ისინი რეგულაციის გადავადებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს ლომბარდების ბაზრიდან გაქრობას გამოიწვევდა.
მოგვიანებით შედგა რამდენიმე შეხვედრა სესხის გამცემ სუბიექტებსა და ეროვნულ ბანკს შორის, სადაც მათ რეგულაციები განუმარტეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლომბარდების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ცვლილებები არასწორად გაიგეს, რასაც ხელი შეუწყო სხვადასხვა ტიპის განცხადებებმა, რომ ლომბარდებს სესხის გადაგირავებისთვის უზრუნველყოფის სახით საკუთარი ქონების ჩადება მოუწევდათ.
არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის დამფუძნებელი გივი კორინთელი აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, სესხის გამცემ ყველა სუბიექტს ერთი და იგივე, უნიფიცირებულ წესში მოექცევა ეს იქნება ლომბარდი, ავტოლომბარდი თუ სხვა.
„ეს თავისთავად კარგი არ არის იმიტომ, რომ ბევრი მცირე ზომის ლომბარდი დაიხურება. არც ერთ ქვეყანაში, არსად, ლომბარდი არ მუშაობს ასეთი სქემით, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ სწრაფი ფული. ამისთვის კი კონკრეტულ ნივთს დებენ. ჩვენ თუ რეგულაციის ეფექტს განვიხილავთ, არა მარტო ის ადამიანები დაიჩაგრებიან, ვინც იქ მუშაობენ და შეიძლება რეგულაციების გამო სამსახური დაკარგონ, არამედ ადამიანები, რომლებსაც 200 დოლარის მიღება უნდათ, ოქრო აქვთ და შემოსავლის შესწავლის გარეშე სესხს ვერ აიღებენ. ეს რეგულაცია თუ ნამდვილად დაწესდა, დაზარალებულების უამრავი არმია იქნება.
1000 დოლარზე მეტს თუ იღებს ადამიანი, გასაგებია, შეიძლება შევისწავლოთ მონაცემები იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი თანხაა, მაგრამ, ადამიანი, რომელსაც 50 დოლარი უნდა, მისი შემოსავლის შესწავლა არ მგონია სწორი იყოს. საერთაშორისო გამოცდილებით, არსად არაფერს არ ითხოვენ. იქ არავინ იწყებს იმის გარკვევას შემოსავალი გაქვს თუ არ გაქვს“ - ამბობს კორინთელი.
კომპანია „სწრაფი კრედიტის“ ხელმძღვანელი ვახტანგ გრიგალაშვილი აცხადებდა, რომ რეგულაციის გაცხადებამ გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია ბაზარზე.
„მივმართეთ ჩვენს პარტნიორ ბანკებს, მათაც არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული პასუხი. მოხდა სამუშაო შეხვედრა ეროვნულ ბანკთან და ეს საკითხები ჩავშალეთ. მარეგულირებლის მხრიდან მოხდა არგუმენტების წარდგენა და ვერ დავინახეთ ისეთი გამოკვეთილი პრობლემები, როგორზეც აპელირება ხდებოდა განვლილი დღეების მანძილზე, რომ ლომბარდების 80% ამას ვერ აიტანდა და დაიხურებოდა და ა.შ.
ახალი რეგულაციით, მოხდება სესხების გადაგირავება, მიბმული უზრუნველყოფასთან ერთად და არა უზრუნველყოფის ცალკე გადაგირავება, რაც აქამდე ხდებოდა“, - აცხადებდა „ბიემთან“ ვახტანგ გრიგალაშვილი.