იჩქერიის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის დისშვილი უმარ იდიგოვი "რეზონანსთან" საუბრისას ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ ალაპარაკდა. მართალია, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, უმარ იდიგოვს ყველაფერ ამის შესახებ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებამდე ეთქვა, მაგრამ სჯობს გვინ, ვიდრე არასდროს.
უმარ იდიგოვის თქმით, სპეცოპერაცია სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დადგმული ფარსი იყო და მხოლოდ და მხოლოდ მის პიარს ემსახურებოდა -თუ როგორ დაიცვა სააკაშვილმა ხეობა „ტერორისტებისგან“. საქართველოს ხელისუფლებას რატომღაც ეგონა, რომ პანკისში მომხდარი ტრაგედია ვერ გამჟღავნდებოდა. კერძოდ, ავსტრიიდან შეგნებულად ჩამოყვანილ ბიჭებს აეროპორტში ბაჩო ახალაია დახვდა და მანვე მისცა იარაღი. მათ ჩეჩნეთში გადაყვანას დაჰპირდნენ, შემდეგ კი ადრევე დაუნაღმეს გზა და ალყაში მოაქციეს. ამასთან, სროლაც აუტეხეს, რასაც ქართული მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის, ექიმისა და მეგზური ოფიცრის, რომლებიც ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა თვითონვე მოკლეს, რომ მოწმე არ დარჩენილიყო. ასეთია ამ ფაქტის უმარ იდიგოვისეული შეფასება.
ამასთან, იდიგოვი დარწმუნებულია, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პიარისთვის ასეთ რამეს არ გააკეთებდა; სამაგიეროდ, ბაჩო და დათა ახალაიებმა იკადრეს ასეთი რამ.
ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ უმარ იდიგოვის ვერსიასთან დაკავშირებით For.ge-ს კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი ესაუბრა.
თქვენ ლაფანყურის ოპერაციაში დამნაშავე ყველა პირის დასჯას ითხოვთ და მოუწოდებთ საზღვარგარეთ გაქცეულ ადამიანებს, საქართველოში დაბრუნდნენ, რადგან ისინი ქართულ ციხეებში უფრო უსაფრთხოდ იქნებიან და ცოცხლები მაინც დარჩებიან.
- ქართული ციხეები აკმაყოფილებს თანამედროვე პირობებს და ქართულ ციხეებში არის კარგი საკვები. ახალი ხელისუფლების ხელში, მათთვის უსაფრთხო გარემო იქნება. ასე რომ, ეს ადამიანები არჩევანის წინაშე დგანან ან შურისძიების მსხვერპლნი გახდნენ და ფიზიკურად აღარ იყვნენ, ან მეორე ალტერნატივა - ჩამოვიდნენ აქ, აღიარონ დანაშაული და ციხეში ჩასხდნენ. თქვენ თვითონ როგორ ფიქრობთ, მათთვის რომელი არჩევანი აჯობებს?!
თქვენი მიმართვის ადრესატები ახალაიები არიან? ასევე, თქვენ ახსენეთ, რომ ლაფანყურის ოპერაციაში დამნაშავეთა ფოტოები ევროპულ და აზიურ დიასპორაში უკვე გავრცელდა.
- ჩემი მიმართვის ადრესატები არ არიან მარტო ახალაიები. ჩემი განცხადების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ შემთხვევაში, ახალაიები მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ და ისინი მიიღებენ იმ სასჯელს, რა სასჯელიც შემსრულებელს ეკუთვნის. მაგრამ არიან იდეის ავტორებიც, სულის ჩამდგმელები, ამ საქმის დამფინანსებლები. პირდაპირ გეუბნებით, ახალაიებს არანაირი კავშირი იმ ხალხთან არ ჰქონდათ და მათზე ვერც გავიდოდნენ; მათთან კავშირზე რომც გასულიყვნენ, ისინი ამათ არ დაელაპარაკებოდნენ და არ ენდობოდნენ. ე.ი. ვიღაც უფრო მაღალი რანგის ჩინოსნები არიან ამ საქმეში ჩარეულნი.
პეტრე ცისკარიშვილის დასახელება შეგიძლიათ?
- არა, ნამდვილად ვერ დავასახელებ პეტრე ცისკარიშვილს. ჩვენ გვაქვს სავარაუდო სახელები და გვარები, მაგრამ არ დავასახელებთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გვინდა, ჩეჩნეთის დაზარალებულმა მხარემ გამოაცხადოს მათი სახელები და გვარები ისევე, როგორც გამოცხადდა ახალაიების გვარი. მათ კეთილი ინებეს და თქვეს, რომ, ბოლოს და ბოლოს, ამ ადამიანებს გადაადგილებაში ტექნიკურად ეს ძმები ეხმარებოდნენ…
და იარაღიც მათ დაურიგეს.
- გასაგებია, ჩემო კარგო, ჩვენ ეს ვიცოდით, მაგრამ არ ვამბობდით, რადგან არ გვინდოდა, ჩეჩნური მხარის მიერ წარმოებული გამოძიება ჩვენი ორგანიზაციის სახელსა და ავტორიტეტს გადაეფარა და ხელი შეგვეშალა. სხვათა შორის, დღემდე ამის გამოძიებით არა მარტო ჩეჩნური მხარე, არამედ მთელი ჩრდილო კავკასიაა დაინტერესებული. ახლა, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ყველას იმის იმედი აქვს, რომ სამართლიანი განაჩენი უნდა გამოუტანონ დამნაშავეებს.
მხოლოდ ეს იქნება შურისძიების ალტერნატივა.
თქვენ ბრძანეთ, რომ ახალაიები თავისას მიიღებენ. რა იგულისხმეთ ამაში და რა იქნება სამართლიანი შურისძიების ალტერნატივა?
- ამაში ვიგულისხმე, რომ გასამართლების დროს ახალიებს სხვა მუხლი ეკუთვნით; სულ სხვა მუხლი ეკუთვნით იდეურ სულის ჩამდგმელებსა და დამფინანსებლებს.
ლაფანყურის ოპერაციის კუთხით სააკაშვილის პასუხისმგებლობამდე მივდივართ?
- რა თქმა უნდა, ბრძანებას გასცემს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი. მხოლოდ პრეზიდენტი გასცემს ასეთ ბრძანებებს და, თუ ეს ასე არ არის, მაშინ კეთილი ინებოს პრეზიდენტმა, მოაწყოს საჯარო სასამართლო და საქართველოს მოსწმინდოს ნამუსი მთელი კავკასიელი ხალხის წინაშე.
რამდენად დამაჯერებლად მიგაჩნიათ უმარ იდიგოვის ნათქვამი თუნდაც ახმედ ჩატაევის კონტექსტში, ან იმ ნაწილში რომ, ახალაიებისგან განსხვავებით, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პიარისთვის ამას არ გააკეთებდა.
- ვერ გეტყვით. როცა ჩვენ განცხადება გავაკეთეთ, მაშინვე აღვნიშნეთ, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, უმარ იდიგოვს და ჩეჩენი ეროვნების სხვა ადამიანებს, ასეთი განცხადებები არჩევნებამდე გაეკეთებინათ.
როგორ გგონიათ, აქამდე რატომ შეიკავეს თავი?
- რატომ შეიკავეს და, როგორც ჩანს, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭებას მოერიდნენ, მაგრამ, რადგან გვიან გააკეთეს ეს განცხადება, მაინც არა უშავს; ეს ჩვენთვის მისაღებია, თუმცა ჩვენ უმარ იდიგოვის განცხადებას მხოლოდ იმ ნაწილში დავეთანხმეთ, რომელშიც ის აღიარებს ახალაიების პირდაპირ მონაწილეობას და მარშრუტს-თვითმფრინავი, აეროპორტი და ინსპირირება.
და ქართული სპეცსამსახურების მხრიდან იარაღის გადაცემის ფაქტიც?
- ეს თანმდევი პროცესია. ეს ისეთი რამაა, ოჯახში ადამიანს სადილზე რომ დაპატიჟებ და თეფს ან ჩანგალსა და დანას მიართმევ.
ეთანხმებით იმ ვერსიას, რომ ახმედ ჩატაევს ტყვედ აყვანისას ფეხი მოკვეთეს იმ მიზნით, რომ სიარული არ შეძლებოდა, ციხის საავადმყოფოდან არ გასულიყო და არჩევნებამდე არ ალაპარაკებულიყო?
- ჩვენ უფრო ადრე გავაკეთეთ ეს განცხადება, რომ ახმედ ჩატაევი ფეხში იყო დაჭრილი და ისე აიყვანეს. ამიტომაც გადამალეს ციხეში, რომ არჩევნებამდე ხმა არ ამოეღო და ამ ხელისუფლებისთვის ორმაგი საფრთხე არ შეექმნა. ამის მიზეზი ის იყო, რომ საერო ცნობიერების კავკასიელები არ აჯანყებულიყვნენ მისი დაკავების გამო და ასევე, - რომ ახმედ ჩატაევს პირი არ გაეღო, უცხოელი ადვოკატი არ მოეთხოვა და ყველაფერი არ მოეყოლა. რა თქმა უნდა, გადამალული ჰყავდათ ცხრაკლიტულში და ჰყავთ კიდეც.
ახლაც გადამალული ჰყავთ ეს პიროვნება? ხომ შეიძლება, მას საფრთხე დაემუქროს?
- არა, მე მგონი, ახლა აღარ ჰყავთ გადამალული. ისიც კი გავიგე, რომელ ნომერშიც ჰყავთ. ახლა საფრთხე აღარ ელის, მაგრამ წინა ხელისუფლება რომ დარჩენილიყო, ახმედ ჩატაევს ნამდვილად ფიზიკურად გაანადგურებდნენ.
დღემდე გაურკვევლად რჩება, რატომ არ აკეთებენ განცხადებას დაღუპული ქისტების ახლობლები?
- დაღუპულის ახლობლები და გულშემატკივრები, მებრძოლები, მშვიდობის მომხრე თუ საერო ცნობიერების კავკასიელები, ფუნდამენტური რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები - ყველანი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან. ისინი გაგებით მოეკიდნენ ჩვენს არჩევნებს და ხელი არ შეგვიშალეს. ამის შესახებ ერთხმად იყო გაცხადებული, რომ მათ არ სურდათ, საქართველოში არჩევნების ჩაშლა და არეულობის მოწყობა დაბრალებოდათ, რაც საქართველოს ხელისუფლებას აწყობდა. ახლა კი კავკასიელები ახალი მთავრობის დაკომპლექტებას ელოდებიან. ამის შემდეგ გაირკვევა, როგორი მიმართულება მიეცემა. შურისძიების ალტერნატივა არის სამართლიანი სასამართლოს განაჩენი. ამას ელოდება სუყველა და ამიტომ არ აკეთებენ წინასწარ განცხადებებს.
თქვენ კავკასიელებს კარგად იცნობთ. აქედან გამომდინარე, მათი შურისძიებისთვის საკმარისი იქნება, რომ დამნაშავეები ციხეში ჩასხდებიან და სხვა ფორმით შურისძიებას არ მოითხოვენ? კავკასიურ ვენდეტას ვგულისხმობ.
- იცით, როგორი სიტუაციაა?! კავკასიური წესითაც და კაცური წესითაც ბრძოლაში დაიხოცნენ ეს ადამიანები. ისე ხომ არ ყოფილა, რომ ისინი უიარაღოდ იყვნენ და ესენი იარაღით დაესხნენ თავს?! ისინი ბრძოლაში დაიხოცნენ, ამიტომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ახლა ინდივიდუალურად ვისი ძმა, ვისი მამა და ვისი შვილი რას გადაწყვეტს, ეს მათი პრობლემაა; მე ვლაპარაკობ კავკასიაში საერთო განწყობაზე. საქართველომ და ქართველმა კაცმა, ბოლოს და ბოლოს, პირი უნდა მოიწმინდოს, რადგან ასეთი მუხანათობა არსად გაგონილა.
ამ საქმის გამოძიებას, ალბათ, წაადგება ახმედ ზაკაევის საგამოძიებო მასალები?
- რა თქმა უნდა, სიმართლე გითხრათ, არც მეგონა, რომ ზაკაევი ასეთი კატეგორიული და სამართლიანი იქნებოდა. მეგონა, რომ ზაკაევი მაინც ამ ხელისუფლების პოზიციას დაიჭერდა, მაგრამ ზაკაევმა მაშინვე განაცხადა, რომ მუხანათური ღალატი მოხდა. მოგეხსენებათ, ჩვენს ორგანიზაციას ჩემი სახით ქართველი ხელმძღვანელი ჰყავს და ჩვენ რომ დაგვეწყო აქტიურობა, ჩვენზე მეტის გაკეთების სურვილით აგვყვებოდნენ, ხელი შეეშლებოდა ყველაფერში, გადაიფარებოდა გამოძიება და მერე ბოროტი ენები იტყოდნენ, რომ ჩვენ ეს სპეციალურად გავაკეთეთ, რადგან თურმე სიმართლის მიჩქმალვა გვინდოდა.
ჯოხარ დუდაევის დისშვილს, უმარ იდიგოვს ლაფანყურის ოპერაციის მასალებზე ხელი მიუწვდებოდა?
- მე გეტყვით, რომ უმარ იდიგოვი კარგი ბიჭია. იგი ნატანჯი კაცია და საკუთარ ქვეყანაში სიკვდილის პირას მიიყვანეს რუსებმა; უკვე გარდაცვლილი გადააგდეს ტრასაზე და შემთხვევით წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა იპოვეს, თორემ ცოცხალი არ იქნებოდა.
იგი ძალიან კარგი ექიმია და ყოველივე ამის შემდეგ არ გაბოროტებულა და წლების მანძილზე საერთაშორისო ორგანიზაციაში, თუ არ ვცდები, წითელ ჯვარში ექიმად მუშაობდა. არის ინტელიგენტი, წესიერი და თავისი ქვეყნის წინაშე ვალმოხდილი პიროვნება. წამებისას ღვიძლი ჰქონდა გახეთქილი და, როცა რუსებს ხელში ჩააკვდათ, იგი გადააგდეს და შემთხვევით გადაარჩინეს უცხოელებმა. ამდენად, მატყუარა კაცი არ არის, ღირსეული ადამიანია და პოლიტიკურ თამაშებს არ თამაშობს, არც კერძო ინტერესით ხელმძღვანელობს. ამდენად, მისი ნათქვამი დამაჯერებელია. რაც მან განაცხადა, ის ჩვენ მანამდეც ვიცოდით და, რადგან სიმართლე გაიმეორა, რა თქმა უნდა, მას ვეთანხმებით განცხადების ამ ნაწილში.