ლარი უფსკრულში მიფრინავს და ეკონომიკასაც ჩაიყოლებს

ლარი უფსკრულში მიფრინავს და ეკონომიკასაც ჩაიყოლებს

ლარი უკვე ისეთ უფსკრულში ეშვება, რომ მისი იქედან ამოყვანა უკვე შეუძლებელი ხდება. მალე ეროვნულ ვალუტას მიჰყვება საქართველოს ეკონომიკაც, რომელიც რუსეთის მხრიდან ემბარგოს მოლოდინში ისედაც კრიზისში შევიდა. როგორც იქნა საბანკო სფეროს ანალიტიკოსებმა ხელი ეროვნული ბანკისკენ გაიშვირეს და სებ-ი პირდაპირ დაადანაშაულეს დევალვაციაში. ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად ეროვნული ბანკისგან სავალუტო შესყიდვებს მიიჩნევს საინვესტიციო ბანკი „გალთ ენდ თაგარტი“, რომლის ანაგარიშის მიხედვითაც, „ლარის სისუტე“, ძირითადად, სწორედ სებ-ის ნაბიჯებთან არის დაკავშირებული. როგორც მათ ანგარიშშია აღნიშნული, ეროვნული ვალუტა წლის პირველ ნახევარში დაახლოებით, 7%-ით გაუფასურდა, მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო სალდოში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნებოდა.

„ლარის სისუსტე წლის პირველ ნახევარში, ძირითადად, დაკავშირებული იყო ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების შესყიდვებთან (216 მილიონი დოლარი წლის პირველ ნახევარში), ასევე სხვა ფაქტორებთან (უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდა, ნეგატიური მოლოდინები თურქული ლირის მერყეობის გამო და ა.შ.)“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ითვლის, რა გავლენა ექნება რუსეთის ე.წ. ტურისტულ ემბარგოსა და სხვა პროდუქციაზე შესაძლო ემბარგოს ქართულ ეკონომიკაზე.

„ველოდებით, რომ ლარის საშუალო შეწონილი კურსი დოლართან მიმართებით 2.70-2.75-ის ფარგლებში იქნება წლის მეორე ნახევარში, ხოლო 2020 წლისთვის 2.6-ზე დაფიქსირდება, რამდენადაც დამატებით ზეწოლას რუსეთის სანქციების გამო მოსალოდნელი არ არის“, - ნათქვამია კვლევაში.

ექსპერტები კი ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარ მიზეზად (სხვა პრობლემებთან ერთად) საზოგადოებაში გაჩენილ მოლოდინს ასახელებენ. ამ ფონზე კი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი დუმს და განმარტების გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევენ.

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი აღნიშნავს, რომ გაუფასურება ნაწილობრივ, შესაძლოა, საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც უკავშირდებოდეს, განსაკუთრებით კი რუსეთის მხრიდან ტურისტების შემოსვლის აკრძალვას. ამ ფაქტორმა შექმნა გარკვეული მოლოდინი იმისა, რომ საქართველოში მომავალში ნაკლები დოლარი შემოვა. ამიტომაც დღეს კერძო და საფინანსო სექტორმა მოთხოვნა დოლარზე გაზარდა, რასაც შეიძლება გაუფასურება გამოეწვია.

„მე თუ ველოდები, რომ ტელევიზორი გაძვირდება, ამ ტელევიზორს დღეს ვიყიდი და არა მომავალში, ეს კი ნიშნავს, რომ ტელევიზორზე მოთხოვნა გაიზრდება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოთხოვნის ზრდა იწვევს ფასების ზრდას. იგივე ხდება დოლარზეც, მე თუ ველოდები, რომ დოლარით უფრო მეტი ლარი მომივა მომავალში, ახლა ვიყიდი დოლარს და ამ ჩემი ახლა ნაყიდი დოლარით მოთხოვნა გავზარდე, რაც ფასის ზრდას იწვევს.

როცა ნაკლები დოლარი შემოდის, ლარზე მოთხოვნა მცირდება და იზრდება სხვა ვალუტაზე მოთხოვნა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მოლოდინი, რაც ყოველთვის მოქმედებს სავალუტო ბაზარზე. ვინმე რამე კონკრეტულს თუ დაუკავშირებს დოლარის ფასის დღევანდელ ისტორიულ მაქსიმუმს, ის უბრალოდ, მკითხაობის ტოლფასი იქნება იმიტომ, რომ ეს მარტო მოლოდინით არ არის გამოწვეული. აქ არის ჩართული ინვესტიცვიები, ექსპორტი, გადმორიცხვები სხვა ქვეყნებიდან, ბევრი კრიტერიუმია, რომელიც მოქმედებს გაცვლით კურსზე“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბრისას ხორგუაშვილმა.

ექსპერტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ კურსი 3,0-ის ნიშნულამდე დაეცეს. ამის მიზეზად საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებს მიიჩნევს და დასძენს, რომ შექმნილ სიტუაციაში სებ-ის მიერ ვალუტის კურსის ფორმირების პრინციპი და მისი პოზიცია გაუგებარია.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლარის გაუფასურება არის შეუქცევადი, მისი მცირეოდენი გამყარებები ძალიან მოკლევადიან ხასიათს ატარებს. გაცვლითი კურსის ტენდენცია ძირითადად ვარდნისკენაა მიმართული. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ 1 კვირაში დოლარი 3,0 ლარი და მეტიც ღირდეს. ამას უნდა ვუმადლოდეთ ეროვნულ ბანკს, რომლის მიერაც ხდება ლარის გაცვლითი კურსის წესების შემუშავება“, - ამბობს ელიავა.