მომხმარებელთა ინტერესებს მომხმარებელთა ომბუდსმენის ნაცვლად, კონკურენციის სააგენტო დაიცავს. პარალელურად მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი მომზადდა, რომელიც მეწარმეებისთვის მიუღებელია.
ახალ სტრუქტურაში 20 ადამიანი დასაქმდება. 2021-2022 წლებში დეპარტამენტის ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება წელიწადში საშუალოდ 550 000 ლარი. ახალი კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემური საკითხია ჯარიმის ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შეთხვევაში.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. ასევე, დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება უკვე დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობა.
დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტი ნიკა აბუთიძე პარალელურად რამდენიმე სიახლეზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის ჩანაწერზე, რომლის თანახმად, მომხმარებელს, პროდუქციის შეძენიდან ორი კვირის ვადაში, მისი უკან დაბრუნება შეეძლება, თუნდაც მარტივი მიზეზით - თუ სახლში მიტანისას ჩათვალა, რომ აღარ მოსწონს. ეს ეხება დისტანციურ და სავაჭრო ობიექტს გარეთ დადებული ხელშეკრულებით შეძენილ პროდუქციასაც.
„რას გულისხმობს ეს 2-კვირიანი ვადა? ამ დროის განმავლობაში მომხმარებელს უფლება აქვს დააბრუნოს შეძენილი პროდუქცია, ხოლო მოვაჭრე ან პირი, რომელმაც მოახდინა პროდუქციის რელიზაცია, ვალდებულია მიიღოს ისე, რომ მას არ აქვს რამე ზიანის მოთხოვნის შესაძლებლობა მომხმარებლისათვის. ამიტომ ვფიქრობთ, ეს დაამძიმებს განსაკუთრებით მცირე ბიზნესის მდგომარეობას, რადგან დაბრუნებული ნივთი უკვე მეორად პროდუქტად ჩაითვლება, თუნდაც ორკვირიანი გამოყენების შემთხვევაში. მცირე მეწარმე ვეღარ გაყიდის მას, როგორც ახალ პროდუქტს“, - აღნიშნა „ბიემთან“ იურისტმა და დასძინა, რომ ამ კანონმა სამოქალაქო კოდექსის დანიშნულებაც შეიძინა, რადგან პირდაპირ ეხება ხელშეკრულების დადებისა და ხელშეკრულებიდან გასვლის ფორმას, რაც სამოქალაქო კოდექსის რეგულირების საგანია.
რაც შეეხება პროდუქციის გაძვირების რისკს, ნიკა აბუთიძის თქმით, ამას სხვადასხვა პროდუქციით მოვაჭრეთა ვალდებულებები განაპირობებს.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი ბექა კემულარია. ის ფიქრობს, რომ ახალი კანონი მომხმარებელს უხარისხო, ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციისგან დაიცავს და ძირითადი აქცენტი ხარისხზე გაკეთდება.
„ყველა ნორმალურ ქვეყანაში კონტროლდება პროდუქცია, რამაც ადამიანზე შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ეს ეხება როგორც საკვებს, ასევე არასასურსათო პროდუქციასაც. ისეთი პროდუქტები კი, როგორიცაა საწვავი, თამბაქო, ბუნებრივი აირი და სხვა, მავნე გავლენით ხასიათდება და მისი აღმოფხვრა შეუძლებელია, ამიტომ მსგავსი ტიპის საქონელი აქციზით იბეგრება.
არ უნდა გვეშინოდეს, რომ კანონის შემოღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფასების ზრდა და მეწარმე დაზარალდეს. ეს არის თემით მანიპულირება. მართალია, უხარისხო ნედლეული გაცილებით იაფია, მაგრამ ჩვენ სიცოცხლის ხარჯზე არ უნდა გავწიოთ რისკი, ამიტომ მიუღებელია პოზიცია, რომ კანონი პრობლემას შექმნის“, - აცხადებს კემულარია.