დიტო გელოვანი: მოდით, ვნახოთ ვენახი...

დიტო გელოვანი: მოდით, ვნახოთ ვენახი...

...ხომ იცნობ ბებერი მისტერ ბრედიშის ცალფეხა ზანგს? აი,იმ ზანგმა ბანკი დააარსა და გამოაცხადა, ყველა, ვინც ამ ბანკში ერთ დოლარს შეიტანს, წლის ბოლოს ოთხ დოლარს მიიღებსო. ზანგებმა თავი მოიყარეს, მაგრამ ბევრი არაფერი გააჩნდათ. ფული ბლომად მე მქონდა. მე ოთხ დოლარზე მეტი მოვითხოვე და დავემუქრე, თუ არ მომცემ, მაშინ ბანკს მე თვითონ დავაარსებ–მეთქი. ზანგს, ცხადია, ამის სურვილი არ ჰქონდა და თქვა, აბა, ეს ფული ორ ბანკს როგორ გაწვდებაო. თანაც დამპირდა, თუ ხუთ დოლარს შემოიტან, წლის ბოლოს ოცდათხუთმეტს მიიღებო.

ასეც მოვიქეცი, გადავწყვიტე, ოცდათხუთმეტ დოლარს რომ მივიღებ, ისევ უკან შევიტან და საქმე ჩინებულად წავა–მეთქი. ერთი ზანგი იყო, სახელად ბობი ერქვა; ერთხელ ტივი დაიჭირა.მის პატრონს არც კი გაუგია.ის ტივი მე შევისყიდე და ვუთხარი: ოცდათხუთმეტ დოლარი,რომელიც წლის დამლევს ბანკიდან მეკუთვნის, სენი იყოს–მეთქი,მაგრამ ტივი იმ ღამესვე მოიპარეს.მეორე დღეს კი, ცალფეხა ზანგმა გამოაცხადა, გავკოტრდიო, და ფული ვერც ერთმა ვერ მივიღეთ.

(მარკ ტვენი, “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“)

 

რა თქმა უნდა – ქუთაისი, პარლამენტი, სხდომა და ა.შ. რა თქმა უნდა – სააკაშვილის ცოფიანი ტყუილები; რა თქმა უნდა – „იმედი“, გიორგი არველაძის „ვაჟკაცობა“ და გიორგი თარგამაძის „არის, აღსრულდა; რა თქმა უნდა ბევრი რამ, მაგრამ ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო – სად წავიდოდა? სად წავიდოდნენ? ჰქონდათ რომ სხვა გზა და სად მიდის მათი გზები?

ახლა, როდესაც მე კომპიუტერს ვუზივარ და კლავიატურას ვაწვალებ, სააკაშვილი პარლამენტის ტრიბუნაზე დგას, აწვალებს მიკროფონს, აწვალებს პარლამენტის წევრებს და, პირველ რიგში, აწვალებს საკუთარ თავს, რადგან საუბრობს იმ ფასეულობებზე (სამშობლო, თანხმობა, დემოკრატია, ერთმანეთის მოსმენა...), რომლებთანაც არასოდეს არაფერი ჰქონია საერთო. ამაზე – ქვემოთ. მანამდე კი ერთ–ერთი ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში და რატომაც გავიხსენე მოხუცი სამუელ კლემენსის მიერ გამოგონილი ორი კეთილი პერსონაჟი – ჰეკი და ჯიმი.

ჯიმი ზანგი იყო. აი, ვთქვი ეს სიტყვა – ზანგი – და უკვე ზუსტად ვიცი, რომ ერთბაშად ამიმხედრდებიან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი ყოვლად უვიცი და უსაქმური აქტივისტები. ისიც ვიცი, რომ გულის სიღრმეში მადლობებად დაიღვრებიან და ეს მადლიერება არაფერი იქნება იმ მადლიერებასთან შედარებით, რასაც ისინი ლტოლვილთა და განსახლების მომავალი მინისტრის, დავით დარახველიძის მიმართ გასულ კვირაში განიცდიდნენ.

გასულ კვირაში დარახველიძემ ორი აღმაშფოთებელი და გაუგონარი რამ თქვა. ერთი იყო „რაჭველი რძალი“, ხოლო მეორე – „ზანგი“. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, რა კონტექსტში თქვა, თუმცა შემდეგ, როდესაც „მაესტროს“ „პოლიტსანტიმეტრს“ ვუცქერდი, სადაც ბ–ნი დარახველიძე სამი უზრდელისა და უწიგნურის წინაშე თავს იმართლებდა, ცხოვრებაში პირველად მომინდა, რომ სულ ხუთი წუთით მაინც, მე არ ვყოფილიყავი მე, არამედ ვყოფილიყავი დავით დარახველიძე და იმ სამისთვისაც მიმეჩინა კუთვნილი ადგილი და მათთვისაც, ვისაც ისინი წარმოადგენდნენ, რადგან დღეს თუ მათთვის სალანძღავი სიტყვა არის „ზანგი“, ხვალ გახდება სიტყვა „ადამიანი“, რადგან ადამი ბიბლიურია და რა დააშავეს მათ, ვისთვისაც არც ღმერთია და არც სანთელი? შევცვალოთ „ადამიანი“ „სუბიექტით“, ხოლო „ადამიანის უფლებები“ – „სუბიექტთა უფლებებით“.

აბა, ყმაწვილებო, აიტაცეთ იდეა, იშოვნეთ ფული, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ადამიანად დარჩენის შანსი ადამიანს მხოლოდ ერთხელ ეძლევა – დაბადებიდან სიკვდილამდე.

ისე, იმ ენჯეოშნიკებს და ენჯეოშნიცებს რომ ვუცქერ, სულ იმას ვფიქრობ, სად პოულობენ ასეთ მახინჯებს და ეს მახინჯები როგორ პოულობენ ერთმანეთს? აი, ახლა კი მართლაც არაკორექტული ვარ, მაგრამ კორექტულობისკენ იმან მომიწოდოს, ვისაც ერთხელაც არ დაურღვევია ეთიკის ნორმები.

ფუი ეშმაკს და არასამთავრობო სექტორს – სიტყვითაც გამოვედი...

...აჰა, აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც ჰქვია დავითი, უმრავლესობის ლიდერიც დავითია და უმცირესობის ლიდერიც ამ სახელს ატარებს. ანუ, დავით ულუ და დავით ნარინი. სადღაც და როგორღაც, მიშაც დავითია, რადგან პირველი ფიცი იქ დადო, სადაც ყველა ქართველს ფეხი უნდა დაებიჯებინა და ფიცი იმით აღასრულა, რომ ყველა ქართველს დააბიჯა ფეხი.

...აჰა, ვიცე–სპიკერებიც აირჩიეს და ყველაფერი გასაგებია, თუმცა მაინც ვერ ვხვდები, რატომ იღრიჭება გიგი წერეთელი, რატომ იჯღანება ხათუნა გოგორიშვილი და ერთი ახალგაზრდა ნაციონალი პარლამენტში გამომსვლელებს უსმენს თუ ძველებურად შეყვარებულისა და იმისი ოჯახის წევრების ტელეფონებზე აქვს გართულება?

მორჩა, პირველი სხდომის შესახებ აღარაფერს ვიტყვი. სხვაც ბევრი იყო, მანამდე, ანუ ის რაც ხდებოდა წინა კვირაში, პარლამენტის პირველი პლენარული სხდომის დაწყებამდე.

გასული კვირის ერთ–ერთი მთავარი მოვლენა, უდავოდ, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება იყო. „საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის I პუნქტის, ბ, ც პუნქტის და 33-ე მუხლის შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო“ – აღნიშნა მანანამ, რომლისთვისაც ალბათ უკეთესი იქნებოდა, მშობლებს მისთვის ეროსი რომ დაერქმიათ.

რა თქმა უნდა, მანანას ასეც უნდა ეთქვა – ის მუხლი, ეს პუნქტი. სინამდვილეში კი, სააკაშვილმა ივანიშვილს მოქალაქეობა მადლობის ნიშნად მიანიჭა. როგორ გითხრათ... თქვენთვის სიკეთე ხომ გაუკეთებიათ და მადლობა ხომ გადაგიხდიათ? ჰოდა, აი სააკაშვილის სიტყვებიც: „განახლებისთვის გარკვეული პერიოდი ოპოზიციაში ყოფნა ჩვენი პარტიისთვის ძალიან სასარგებლოა და ამაში ვარ დარწმუნებული არა როგორც ამ პარტიის ერთ-ერთი შემქმნელი, არამედ როგორც მაქსიმალურად ობიექტური გულშემატკივარი“.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ათეული წევრის მიერ ვირის აბანოს ხეხვა ერთობ სასარგებლო იქნება როგორც ნაციონალური მოძრაობისთვის, ასევე – ვირის აბანოს სხვა ბინადრებისთვისაც, პირველ რიგში კი – ქვეყნისთვის. ერთ–ერთი ნიუსის გაცნობისას დავრწმუნდი, რომ ამ მოსაზრებას თავად ნაცმოძრაობის წევრებიც იზიარებენ. თუ ჩემი არ გჯერათ, ჩემს უახლოეს მეგობარს, საინფორმაციო სააგენტოს მაინც დაუჯერეთ: „...ამასთან, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საორგანიზაციო ცვლილებები არჩევნების შემდგომ პარტიაში საჭირო იყო და პარტია ახალ სისხლს და გამოწვევების გადალახვას საჭიროებს“.

უსისხლოდ ვერაფერს აკეთებენ და რადგან „ვანო მერაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ თანამედროვე ტიპის პარტიად ჩამოყალიბების პირობას იძლევა“, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ პროცესებში აქტიურად იქნებიან ჩაბმულები ისეთი ცნობილი ჰუმანისტები, როგორებიც არიან ახალაიები, კოდუები, ბასიშვილი, დონაძე და ალისტრახო, რომელიც არის როხვაძე.

აქვე, ასეთი სათაურიც – „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, ხელისუფლების ქვეყნისთვის სასარგებლო ინიციატივებს მხარი დაუჭიროს“. მოკლედ, ჰა ბურთი და ჰა მოედანი, ანუ ჰა ციხე და ჰა საკანი. „ჩვენ არ გვახსოვს ოპოზიცია, რომელიც თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან, თუ ჩათვლიდა, რომ ესა თუ ის საკითხი ქვეყნისთვის მიზანშეწონილი იყო. ერთის მხრივ ოპოზიციური პარტია ასეთ შემთხვევაში უნდა თანამშრომლობდეს უმრავლესობასთან და მეორეს მხრივ უნდა აკონტროლებდეს მთავრობას და სთავაზობდეს საზოგადოებასა და ხელისუფლებას ალტერნატიურ წინადადებებს“ – უთქვამს პეტრე ცისკარიშვილს და, მართლაც ვერ ვიხსენებ,რომ როდესაც ცისკარიშვილი ღვინოს კანალიზაციაში უშვებდა, ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს იგი შეძახილით – „აბა ჰე, აბა ჰო – გაემხნევებინოს. არც ის მახსოვს, რომ როდესაც ახალგორის რაიონი სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში შეჰყავდათ, რომელიმე ოპოზიციონერს რჩევა მიეცეს – ბარემ ბორჯომიც შეიყვანეთ და სადაც ბორჯომი, იქვე – საჩხერე და ზემო რაჭაცო.

ასეა თუ ისე, პოლიტიკური პროცესი გრძელდება, მაგრამ როგორც აკაკი მინაშვილი (ანუ აკაკი მინაშვილის სიდედრი) ირწმუნება, „საქართველომ ჯერ მხოლოდ დემოკრატიულობის ტესტის პირველი ნაწილი ჩააბარა“. რა იქნება შემდეგი ტესტი და როგორ უნდა მოხდეს მისი ჩაბარება? აკაკი მინაშვილს (ანუ აკაკი მინაშვილის სიდედრს) დამაჯერებელი პასუხი და მზა რეცეპტი ამ შემთხვევაშიც აქვს – „ახლა მოქმედმა ხელისუფლებამ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააგრძელოს დაწყებული რეფორმები. დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაცია თეორიაში ხდება მაშინ, როცა ორჯერ იცვლება ხელისუფლება, ასე რომ დაველოდოთ მოვლენებს“.

ისე... რატომ უნდა დაველოდოთ? მოდით, ვიყოთ ყველაზე სწრაფად მზარდი დემოკრატია მსოფლიოში. ნუღარ გადავდებთ, მომავალ კვირაშივე ჩავატაროთ ახალი არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვებს ნაციონალური მოძრაობა. გამოცდა იქნება ჩაბარებული სრულად და, ახლა, მთელი ცხოვრება ჩაბარებ–გადაბარებაში ხომ არ ვიქნებით? ორჯერ შეიცვლება და ვსო!!! იქნებიან მიშას გველები ხელისუფლებაში და თარგამაძის ხვლიკები – ოპოზიციაში? სად ვიქნებით ჩვენ? ჩვენ ვიქნებით ემიგრაციაში, მაგრამ... მაგრამ როგორც ბაბუაჩემი იტყოდა – ბებიათქვენისამ!

ის როგორ იყო? აი, ხელისუფლების დემოკრატიულად გადაბარებაო და, ამბავი რომ ატყდა, მინაშვილი რომ ირწმუნებოდა, გადაბარება სულაც არ ნიშნავს ხელისუფლებაში ახალი ძალის მოსვლასო!

„ის, ვინც ოპოზიცია იყო, დღეს მთავრობაშია და ვინც დღეს ოპოზიციაშია, შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს“ – ირწმუნება სააკაშვილი, მაგრამ მინაშვილის სიდედრის რეცეპტის კონტრრეცეპტიც არსებობს: ჯერ ხელისუფლებაში, შემდეგ ოპოზიციაში, შემდეგ ციხეში, შემდეგ ისევ ოპოზიციაში და ბოლოს, თუ მაგის ოფსილა ექნებათ – ისევ ხელისუფლებაში.

ამ რეცეპტის ავტორი არის ზვიად ძიძიგური – სამტრედიის ამაყი შვილი, რუსთავის მაჟორიტარი.

ხოლო ბათუმის მაჟორიტარობაზე ამაოდ მეოცნებე გია ბარამიძემ, რომელიც ციხის კადრების შემდეგ უფრო ამაყი იყო, ვიდრე ციხის კადრებამდე, ბიძინა ივანიშვილს უსაყვედურა... ნიუსი უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ჩემი ტკბილი მოგონებები: “გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, როცა პრეზიდენტის სასახლის ეზოში იდგა, ვერ მოახერხა, გამოსულიყო საარჩევნო ემოციებიდან, საქართველოს პრეზიდენტი გვარით მოიხსენია, რაც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოში არც თუ კარგ ტონად ითვლება“.

ისე, ბარამიძე მართალია – პოლიტიკოსს უნდა შეეძლოს საარჩევნო ემოციებიდან კი არა და, ნებისმიერი ემოციებიდან გამოსვლა. რაც შემეხება მე, არც პოლიტიკოსი ვარ და მით უმეტეს არც „ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის“ ხელმომწერი, ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ, რომ არ დავივიწყო ის, რაც ხდებოდა ყველა კვირაში და მთელი ნაცები, თავის ექსპერტ–ჟურნალისტებიანად მოვიხსენიო არა გვარებით ან ტიტულებით, არამედ კარგებით, კეთილებით და ოჯახში გასათხოვრებით.

„დაიმახსოვრეთ, ჩვენ ვართ ჯადოქრები და კიდევ ბევრი სასწაული მოხდება,

ერთი კვირის წინ იყვნენ აქ და თქვეს, დაუმთავრებელია, წყალი ჩამოდისო. მუშებს უთქვამთ, დავამთავრებთო. ესენი შემოუტრიალდნენ და უთხრეს, თქვენ ჯადოქრები ხართ თუ ვინა ხართო?!“, - განაცხადა სააკაშვილმა გასულ კვირაში, როდესაც ქუთაისის პარლამენტის შენობის შესახებ საუბრობდა.

ჯადოქრები არა, მაგრამ ბაბა–იაგებზე ბაზარი არ არის – ნოუ მარკეტ. ჰოდა, მე ბაბა–იაგები ცოცხებზე გამიგია. „ფარით ან ფარზე“ სპარტანელების ფრაზა იყო, ნაციონალებს „ცოცხით ან ცოცხზე“ უფრო მოუხდებათ.

ამავე სიმღერიდან არის მიხეილ მაჭავარიანის სიტყვები – „მიხეილ სააკაშვილი მთელი საქართველოს პრეზიდენტია.  5 წლითაა არჩეული და მას ყველა უნდა შეხვდეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს“.

ფეხზე რატომ არ აუდექითო – მაჭავარიანი „ოცნებაზე“ განაწყენებული ჩანდა.

ჯერ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიები გამოვიძიოთ და მერე ვილაპარაკოთ, ვისი პრეზიდენტია და რამდენი ხნით არის არჩეული. და, ეგეც არ იყოს, მაჭავარიანის წუწუნზე ის ტიპი მახსენდება „შურიკას ახალი თავგადასავლებიდან“, შურიკას რომ ეუბნება: „ესლი ია ვსტანუ, ტი უ მინია ლიაჟეშ“.

„ჩვენთვის, როგორც პარტიისთვის, ეს უნდა იყოს გაწმენდის, განახლების, ახალი ეტაპის დაწყების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი“ – ჯერ კიდევ შუა კვირაში ამ სიტყვებით მიმართა სააკაშვილმა თვალებდაქაჩულ გოკა გაბაშვილს, გაბერილ ნუგზარ წიკლაურს, დამუნჯებულ კობა ხაბაზს და თვითმკვლელობას ბეწვზე გადარჩენილ ნინა წკრიალაშვილს.

ოეჰჰ... რით ვერ განიწმინდეთ, თქვე კეთილმოწყობილებო? აღარც ბესო ჯუღელი, აღარც კობა ბექაური, აღარც მაია ნადირაძე, აღარც ბიძინა ბრეგაძე, აღარც ზაზა ბეგაშვილი... მე თუ მკითხავ, ნაციონალურ მოძრაობას ის უშველის, რაც ბავშვობაში ყველას წაგვიკითხავს. „კუზიან კვიცს“ ვგულისხმობ – ბებერმა ნამეძავარმა გაახალგაზრდავება რომ გადაწყვიტა, ადუღებულ წყალში რომ ჩახტა და რომ დაიფუფქა. თუმცა, ეგ ნებაყოფლობითია. რაც შეეხება გამოძიებას და სასამართლოს, ეგ სხვა საქმეა და მერე, როდესაც შუშაბანდებიან დაწესებულებაში აღმოჩნდებიან, დადგნენ და იყრანტალონ, გალიაში ბულბულები ვსხედვართო.

მედიის გათავისუფლება, უდანაშაულოების გამოშვება და დამნაშავეების შეშვება – ეს არის სამი მთავარი რამ, რის გარეშეც ყველაფერს აზრი ეკარგება.

ყრანტალი და ბულბულის შტვენა მერე იქნება. მანამდე იყო „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ და გასულ კვირაში სწორედ ამას გამოეხმაურა ჩოყლაყად წოდებული მავანთმავანი: „პირველი ეს არის ის, რომ ჩვენ ვლაპარაკობდით ბევრად მეტს, ვიდრე ვისმენდით პრობლემებს. მეორე პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ბევრად მეტად ვიყავით კონცენტრირებული პროგრესზე, ვიდრე არსებულ პრობლემებზე. ჩვენ ძალიან სწრაფი რეფორმები განვახორციელეთ. მთელი მსოფლიო ტაშს უკრავს ამ რეფორმებს, რამაც საქართველო რეგიონში სანიმუშო ქვეყნად აქცია“.

დიახ – მთელი მსოფლიო ტაშს უკრავს და – ზანგებიც, რასაკვირველია.

ზანგიო – ეს რა წამოცდა ხუტა უფროსს!.. და მეც რომ წამომცდა?!

მთელი მსოფლიო ტაშს უკრავსო, და იქვე ისიც დაამატა, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგით პუტინია გახარებულიო.

შეუძლებელია, რადგან ჩემი და პუტინის აზრები არასოდეს ემთხვეოდა ერთმანეთს და არც აწი დაემთხვევა. გახარებული ვარ მე, ანუ დამწუხრებულია პუტინი. კიდევ ვინ არის დამწუხრებული? რომელი ერთი ჩამოვთვალო?!

მაგალითად – დარჩიაშვილი

„დარჩიაშვილის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუკი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ახალაიას სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ცნობენ, ამ შემთხვევაში ე.წ. მონღოლურ სამართალს ექნება ადგილი, თუმცა დარჩიაშვილს იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნება“ „მონღოლური სამართლის“ გზით არ წავა:
„XII-XIII საუკუნის მონღოლეთში იყო წესი - როცა ოჯახში რომელიმე წევრი არ მოსწონდათ, მთელ ოჯახს უსწორდებოდნენ...“

მონღოლური სამართალი და ორი ძმა კუბლაშვილი იქით იყოს. მოდით ვნახოთ ვენახი...

მ.ვ.ზ. (მოდი ვნახოთ ზანგი) – იმ ათ ცენტს რაღა უყავი, ჯიმ?

– დახარჯვას ვაპირებდი, მაგრამ სიზმარში მითხრეს, ეს ფული იმ ზანგს მიეცი, ვარლაამი რომ ქვიაო; იმას ვარლაამის ჯორს ეძახდნენ. ძალიან სულელი იყო, მაგრამ ამბობდნენ, კარგი ბედი აქვსო; მე კი არა მაქვს კარგი ბედი...

(მარკ ტვენი, “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“)