მიუხედავად მთავრობის წევრთა და ეროვნული ბანკის არაერთგზის პირობისა, რომ ლარის კურსი დასტაბილურდებოდა, ყველაფერი პირიქით მოხდა. ეროვნულმა ვალუტამ კვლავ დიდი სისწრაფით დაიწყო გაუფასურება და სულ რაღაც 2-3 დღეში ისევ 2,80-იან ნიშნულამდე ავიდა. დაპირების ავტორები ამჯერადაც იმალებიან, ხოლო ფინანსისტები ხელს პირდაპირ ეროვნული ბანკისკენ იშვერენ.
ყველამ იცის, რომ დღესდღეობით ლარის კურსს ქვეყანაში ორი-სამი მსხვილი ბანკი განსზღვრავს. ამას ემატება ისიც, რომ ეროვნული ბანკი ბაზრიდან გამალებით იღებს დოლარებს და ამას სავალუტო რეზერვების შევსებით ამართლებს. შესაბამისად,
სავალუტო ბაზარზე მუდმივი რყევაა. ფინანისტ ვახტანგ ხომიზურაშვილის განცხადექით, კურსის ასეთი ცვალებადობით კომერციული ბანკები დიდად ხეირობენ.
„ბანკი არის კომერციული სტრუქტურა და როდესაც ის ხედავს შესაძლებლობას, რომ საკონვერსიო ოპერაციებიდან დამატებითი მოგება მიიღოს, ასე აკეთებს, ამაში არანორმალური არაფერია. მთავარია, რომ მარეგულირებელმა მაქსიმალურად შეზღუდოს სპეკულაციური ოპერაციების შესაძლებლობა“, - აცხადებს ხომიზურაშვილი.
ფაქტია, რომ ამ მომენტს ეროვნული ბანკი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. ექსპერტის აზრით, სავარაუდოდ, ეროვნული ბანკი გამოდის კომერციული ბანკების პროვაიდერის როლში.
„ეროვნული ბანკი როდესაც ამბობს, რომ ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ და მხოლოდ ინფლაციაზე, ფასებს აკვირდება და შესაბამისად, საერთოდ არ აინტერსებს ფულის მასის რეგულირება, ასეთი სავალუტო პოლიტიკის გატარება, არის არასწორი. გამოცალკევება არ შეიძლება, ეს არის ერთიანი რეგულირების სისტემა, სადაც ეროვნული ბანკი უნდა მონაწილეობდეს. ის, რომ თითქოს არ ეხება, ესაა სირაქლემას პოზიცია, რომელშიც ახლა ეროვნული ბანკი იმყოფება. დღეს აბსოლუტურად არაპროდუქტიულია მისი როგორც ფულად-საკრედიტო, ისე სავალუტო პოლიტიკა“, - აცხადებს „კომერსანტთან“ ხომიზურაშვილი.
სებ-ი არათუ ბაზრის სტაბილურობისკენ არ ისწრაფვის, პირიქით, თავისი ქმედებით ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უწყობს ხელს. მაგალითად, როგორც კი რამდენიმე დღის წინ ლარმა გამყარება დაიწყო, ეროვნული ბანკი მაშინვე შეუდგა კურსის დასტაბილურების საწინააღმდეგო ქმედებას. 7 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. 6 ივნისს კი - 10 მლნ. ამას მყისვე მოჰყვა გაუფასურება.
„ადმირალ მარკეტსის“ დირექტორი, დავით წიქარიძე დარწმუნებულია, რომ გაცვლითი კურსი რამდენიმე ადამიანის ნების მიხედვით განისაზღვრება და არა ფუნდამენტური ფაქტორებით.
„ზაფხულში ლარზე მოთხოვნა იზრდება. გარდა იმისა, რომ უცხოეული ტურისტები ჩამოდიან, შიდა ტურიზმიც აქტიურდება. ამ პერიოდში კურსი ყველაზე მეტად უნდა იყოს სტაბილური, თუმცა რეალურად რა ხდება სავალუტო ბაზარზე, ამის პროგნოზი თითქმის შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ადამიანი ზის და კურსს ისე ადგენს, როგორც მათ აწყობთ. რასაკვირველია, ლარი სპეკულაციური მომენტების გამო უფასურდება, ეროვნული ბანკი კი ავსებს რეზერვებს.
არავითარი ფუნდამენტური ფაქტორი ქვეყნის შიგინით არ არსებობს. ამასთანავე თურქეთს, ავღანეთს და მოზამბიკსაც ვერ დააბრალეებნ, რომ იქ ცუდი მდგომარეობა. ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ დიდი ხარჯების დასაფარად ხდება ხოლმე სავალუტო რყევა. 2-3 პროცენტი ინფლაცია ქვეყნისათვის კარგიცაა. აქ ეს ნიშნული მხოლოდ იმის წყალობით ნარჩუნდება, რომ ხალხს, არ აქვს მსყიდველუნარიანობა, თორემ ინფლაცია იქნებოდა ორნიშნა და ეს სრულად ამ პოლიტიკის გავლენაა, რომელიც სავალუტო ბაზარზე არსებობს“, - აღნიშნა წიქარიძემ.